ვარძია აღარ დაინგრევა! - კვირის პალიტრა

ვარძია აღარ დაინგრევა!

"ბილიკები, მოაჯირები, სხვადასხვა ტიპის აპარატურა ახლდება. ვიდეოთვალის მეშვეობით რამდენიმე პასუხისმგებელ პირს სააგენტოდანვე შეგვიძლია ძეგლის გაკონტროლება, საგანგებოდ მომზადებული პირი კი ადგილზე აკონტროლებს გამოქვაბულებს, რათა დროულად აღიკვეთოს გამოქვაბულების დაბინძურების მცდელობა"

"მუშაობისას ორიარუსიანი ახალი სოფელი გამოჩნდა. მეცნიერების თქმით, ეს ნაწილი უფრო ადრეულია, ვიდრე ვარძიის აქამდე ცნობილი კომპლექსი. აქ არის უძველესი ეკლესია, აფთიაქი, საწნახელი და კიდევ ბევრი საინტერესო მასალა"

"კვირის პალიტრა" წლების განმავლობაში, პერიოდულად, წერდა იმ საფრთხის შესახებ, რომელიც უძველეს კულტურულ ძეგლს, ვარძიას ემუქრებოდა. მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ სპეციალისტები ძეგლის დანგრევის საშიშროებაზე ლაპარაკობდნენ. კლდე, რომელშიც ქალაქია გამოკვეთილი, მილიონობით წლის არის, შესაბამისად, ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად ქანები იფიტება, ილევა და უძველეს გამოქვაბულებს განადგურებას უქადის. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2012 წელს კლდის მასის სკანერი შეიძინა. ამ უახლესი კომპიუტერული ხელსაწყოს საშუალებით შეიძლება ყოველ ხუთ წუთში დადგინდეს კლდის ფენაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება. მიუხედავად ასეთი აღჭურვილობისა, რატომღაც 2014 წლამდე ხელსაწყო უქმად იდო, ვარძია კი დაშლას განაგრძობდა.

ნიკა ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: - 2014 წელს ამ თანამდებობაზე მოსვლისა და ვარძიის კომპლექსის მდგომარეობის გაცნობისთანავე კონფერენცია გავმართე და ვარძიის გადარჩენის პროექტში მონაწილე ყველა კონტრაქტორი ორგანიზაცია მოვიწვიე: ილიაუნი, სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტები, გარემოს დაცვის სააგენტო, გეოფიზიკის ინსტიტუტი და სხვები. ასევე ვთანამშრომლობთ კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორ კლაუდიო მარგონტინთან, რომელთან ერთადაც დავამუშავეთ ძეგლის გადარჩენის გეგმა და კლდის მასის მონიტორინგის გასაძლიერებლად სეისმური და ჰიდროლოგიური კვლევის სადგურებიც შევიძინეთ. ძეგლს მრავალი საფრთხე ემუქრებოდა და განსაკუთრებით სახიფათო იყო გვირაბის მდგომარეობა. სკანერმა დააფიქსირა, რომ კლდის მასა ხუთ დღეში 7 მილიმეტრით დაიძრა. 2015 წელს კლდე გავამაგრეთ და სკანერმა გვამცნო, რომ ამ კლდესთან დიდ რადიუსზე კომპლექსურად დაკავშირებულმა ქანებმა მოძრაობა შეწყვიტა.

"სკანერმა დააფიქსირა, რომ კლდის მასა ხუთ დღეში 7 მილიმეტრით დაიძრა"

პროფესორმა მარგონტინმა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სეისმოლოგი და იუნესკოს ექსპერტია, მოგვამზადებინა ვარძიის 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა, რომელზეც უკვე ვმუშაობთ.

- ამჯერად რა ინფორმაციას იძლევა სკანერი?

- ხელსაწყოს მონაცემებს ვაახლებთ. მომავალი წლიდან ხელსაწყო კვლავ ჩაირთვება. ამჯერად ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ბილიკები, მოაჯირები, სხვადასხვა ტიპის აპარატურა ახლდება. ვიდეოთვალის მეშვეობით რამდენიმე პასუხისმგებელ პირს სააგენტოდანვე შეგვიძლია ძეგლის გაკონტროლება, საგანგებოდ მომზადებული პირი კი ადგილზე აკონტროლებს გამოქვაბულებს, რათა დროულად აღიკვეთოს გამოქვაბულების დაბინძურების მცდელობა. ტურისტები, მათ შორის ქართველებიც, საპირფარეშოდ იყენებდნენ კულტურული ძეგლის ტერიტორიებს, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ტუალეტიც დავამატეთ.

- კომპლექსს ახალი გამოქვაბულებიც მიემატა?

- მეცნიერებთან ერთად მოვიძიეთ და შევარჩიეთ სამრეკლომდე მისასვლელი ბილიკის ქვემო, მარჯვენა მხარე, სადაც ერთი პატარა გამოქვაბულის ნაწილი ჩანდა. მუშაობისას ორიარუსიანი ახალი სოფელი გამოჩნდა. მეცნიერების თქმით, ეს ნაწილი უფრო ადრეულია, ვიდრე ვარძიის აქამდე ცნობილი კომპლექსი. არის რამდენიმე ახალი გამოქვაბულიც, რომლებიც აქამდეც ჩანდა საპირისპირო მხრიდან, მაგრამ იმის გამო, რომ კიბეები, ბილიკები, მოაჯირები არ ჰქონდა, ვერავინ ჩადიოდა. ახლა ამ ნაწილის ნახვაც შეუძლიათ ექსკურსანტებს. აქ არის უძველესი ეკლესია, აფთიაქი, საწნახელი და კიდევ ბევრი საინტერესო მასალა.

ახლა ვარძიის დამთვალიერებელს იმ გამოქვაბულის ნახვაც შეუძლია, სადაც უძველესი აფთიაქი იყო

- ვარძია ღამით განათებულია?

- ღამით 29 პროჟექტორი მონაცვლეობით ირთვება და საოცარ ეფექტს ქმნის. სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია კომპლექსის შეუსვენებლივ მონახულება, ბევრიც ზემოთ ვერ ადის და დაბლიდან ტკბება ჩვენი კულტურული მეკვიდრეობის ძეგლით. მათთვის გვინდა ინკლუზიური განვითარების ცენტრი მოვაწყოთ, სადაც ფილმებს ვაჩვენებთ და უამრავ შემეცნებით ინფორმაციას გადავცემთ.

- როგორც ტურისტული ძეგლი, ვარძია რამდენად შემოსავლიანია?

- წლების განმავლობაში შემოსავალი 160-180 ათას ლარს არ სცდებოდა, შარშან კი 380 000 ლარი მოიტანა. მუზეუმებიდან ყოველწლიურად 460, მაქსიმუმ, 560 ათასი ლარი შემოდიოდა. შარშან სააგენტოს დაქვემდებარებული მუზეუმებიდან და მუზეუმ-ნაკრძალებიდან 800 000 ლარზე მეტი მივიღეთ, წელს მილიონს ველოდებით. მენეჯმენტი შეიცვალა, კონტროლის მექანიზმი გაუმჯობესდა, ინფრასტრუქტურა შეიცვალა და შესაბამისად, 80%-ით გაიზარდა შემოსავალი მუზეუმებში.

- ვარძიის ნგრევა შეწყდა?

- კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ იმის თქმა ზუსტად შემიძლია, რომ თუ სტიქიური უბედურება არ მოხდება, ვარძიას ვერაფერი დაემუქრება.

ლეპისის დარანის კარი, რომელსაც სათვალთვალო ჭუჭრუტანა აქვს

ლეპისის დარანი

ვარძიის მიმდებარე ტერიტორია მდიდარია კლდეში ან მიწის ქვეშ არსებული უძველესი ძეგლებით. მათ შორის არის ლეპისის შუა საუკუნეების დარანი (მიწისქვეშა სახლი), რომელიც 2006 წელს, ვარძიიდან 12 კილომეტრში, ნიალას ველებზე აღმოაჩინეს. "ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით წარმოებული გათხრების შედეგად არქეოლოგებმა მიწის ქვეშ მთელი კომპლექსი ნახეს. აქ იმალებოდნენ მტრის შემოსევის დროს. კომპლექსი მოიცავს მცირე ეკლესიას, საცხოვრისებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ანთიძის თქმით, დარანებს გასაოცარი სტრუქტურა აქვთ. ძალიან საინტერესოა ქვის კარი, რომელიც თავის "ქუსლებში" ზის და გასახედი ჭუჭრუტანაც აქვს. ჭრაქის ჩასადებიც კი კლდეშია ამოკვეთილი. ასეთი დარანი ბევრია, მათ შორის, ადიგენშიც. დარანული არქიტექტურის შესწავლას ჯერ კიდევ 1950 წელს აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ახალგაზრდა ისტორიკოსებს მოუწოდებდა.

ეკა ლომიძე