"ახლა სულ მარტო ვარ, არც აღარავის ვახსოვარ..."
06-06-2016
"ახლა სულ მარტო ვარ, არც აღარავის ვახსოვარ..."
"რამდენ ფილმში მივიღე მონაწილეობა და დღესაც რომ დამინახავენ - გერასიმე მოდისო... საოცარია, ამდენი წელი გავიდა. რა მიგავს ახლა მე გერასიმეს..."

გრიგოლ წიტაიშვილს
კინოში ოცდახუთზე მეტი როლი აქვს ნათამაშები, მაგრამ დღემდე ყველა გერასიმეს ეძახის - ეს ერქვა მის მიერ განსახიერებულ პერსონაჟს ფილმში "სინათლე ჩვენს ფანჯრებში". ფილმი 1969 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. მას შემდეგ 45 წელზე მეტი გავიდა.

- ბათუმში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე. ახლა 79 წლის ვარ, ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა პენსიონერი.
ვზივარ მარტო და ვიხსენებ განვლილ წლებს. მშობლები რომ გაიყარნენ, ძალიან პატარა ვიყავი. მერე დედა დაიჭირეს, მამა მეორედ დაქორწინდა და ჩემი ცხოვრებაც გართულდა... ერთხანს მახინჯაურის უპატრონო ბავშვთა სახლში ვიყავი. დიდი სამამულო ომი იყო და მთელი ქვეყნის ქუჩაში დარჩენილი ბავშვები იქ იყვნენ თავმოყრილი. მამაჩემი მაშინ ბათუმში მუშაობდა,
თანამდებობის პირი იყო. ყველა იცნობდა და ესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ მის ზურგს უკან: როგორ შეიძლება, ამ კაცის შვილი "პრიუტში" იყოსო. მახსოვს, მახინჯაურში მამიდაჩემმა მომაკითხა. ბებიას დაუჩივლია - ან მე მომცენ ბავშვი გასაზრდელად, ან მამამისმა წაიყვანოსო. ამოვიდა მამაჩემიც, ცოლთან ერთად. დირექტორმა მკითხა, - ვისთან გინდა ცხოვრება, მამასთან თუ ბებიასთანო. მამაჩემთან-მეთქი. მამამ მაინც დამტოვა იქ... მეორე დღეს მოვიდა დედაჩემის დედა, მომკიდა ხელი და წამომიყვანა. მამაჩემის სახლის წინ უნდა გაგვევლო. დაუძახა მამას, მასთან დამტოვა, თვითონ კი წავიდა.

დედინაცვალს ვერ ვეგუებოდი. სულ ვეჩხუბებოდი, - თავი დამანებე, შენ არ ხარ დედაჩემი-მეთქი... არადა, კარგი ქალი იყო, ძალიან ვუყვარდით ბავშვები - ჩემს დედინაცვალს გოგონა ჰყავდა. არც ის იყო მისი - იმ ბავშვის დედა მშობიარობას გადაჰყვა. ის კი ორივეს ღვიძლი შვილებივით გვიყურებდა. ჩემმა დამ ძალიან დიდხანს არ იცოდა, რომ ის მისი ნამდვილი დედა არ იყო... მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მაშინ გაიგო.

სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, თანაც შემთხვევით. მეგობარი აბარებდა და - მოდი, შენც სცადეო.
სტუდენტობისას ისე გამიტაცა თეატრმა, რომ კინოსკენ არც ვიხედებოდი. ჩემი ჯგუფელები - ბელა მირიანაშვილი, იმედო კახიანი, მალხაზ გორგილაძე, თენგიზ დაუშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი... სტუდენტობიდანვე თამაშობდნენ ფილმებში და გახდნენ კიდეც ვარსკვლავები. სულ კინოსკენ მექაჩებოდნენ, მაგრამ ფეხს ვითრევდი. მერე შემთხვევით მოვხვდი კინოში და შევრჩი და შევრჩი.

პირველი როლი, რომელმაც პოპულარობა მომიტანა, "ცისკრის ზარები""იყო. ვასახიერებდი ახალგაზრდა მასწავლებლის, ლადო იაშვილის როლს, რომელიც მთაში მიდის სამუშაოდ და იქ მისი სიყვარულის ისტორია ვითარდება. ეს ფილმი გუგული მგელაძის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო, 1967 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ყაზბეგში ვიღებდით, სოფელ სნოში, ჩვენი პატრიარქის სოფელში. კარგი მოგონებები დამიტოვა, მახსენდება ის დრო, ახალგაზრდობა, მაშინდელი შემართება და ახლაც, როდესაც ტელევიზიით აჩვენებენ, სიამოვნებით ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ეკრანზე ჩემი ფილმების და ჩემი თავის ნახვა....

შემდეგ იყო "სინათლე ჩვენს ფანჯრებში". ისიც გუგული მგელაძემ გადაიღო. არადა, არ მინდოდა ამ ფილმში გერასიმეს თამაში, რომელიც მერე ძალიან შეიყვარა ხალხმა, ახლა მეც მიყვარს. მე ალექსანდრეს როლი მომწონდა, დოდო აბაშიძე ვისაც ასახიერებს.­ ეს გუგული მგელაძესაც ვუთხარი. არა, შენ გერასიმე იქნებიო, - მიპასუხა. გავბრაზდი და წამოვედი. მერე ასისტენტი გამომიგზავნა. უარით გავისტუმრე. რომ ვერაფერს გახდა, წერილი მომწერა, - სინჯებზე მაინც მომეხმარეო. დახმარებაში რა იგულისხმებოდა, - სხვა მსახიობთან, რომელსაც სინჯს უღებდნენ, კადრსგარედან უნდა გამება დიალოგი, სცენარის მიხედვით. კადრსგარე გერასიმე ვიყავი, თუმცა, როგორც ჩანს, მეც მსინჯავდა ბატონი გუგული. მოკლედ, ყველა მსახიობი რომ შეარჩია, მომიბრუნდა - რას აკეთებ ამ ზაფხულს, თეატრი მიდის გასტროლებზეო, - იმხანად გრიბოედოვის თეატრში ვმუშაობდი - არა-მეთქი. მაშინ თბილისში ბინა არ მქონდა, ხან ვქირაობდი, ხან მეგობრებთან ვცხოვრობდი, ასე დავწოწიალებდი. გუგულიმ იცოდა ჩემი მდგომარეობა. მერე რას აპირებ, ჩვენ ჯერ ერთი თვით ჯვარზენში მივდივართ, მერე ორი თვით - სოხუმში. წამოდი, ჩვენთან ერთად იცხოვრებ, ხელფასიც გექნება, დაისვენებ და თან როლსაც ითამაშებო. ჭკუაში დამიჯდა.

ფილმის გამოსვლის მერე ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ გადაიღეთ ხარაჩოდან გადმოვარდნის, ანუ გერასიმეს დაღუპვის სცენაო. ადამიანის წარმოსახვა რა არის, იქ სულაც არ არის ნაჩვენები, როგორ მოფრინავს სიმაღლიდან გერასიმე, ჩანს მხოლოდ აყირავებული ხარაჩო, გერასიმეს ხელები და ტატას კივილი. რეჟისორმა და ოპერატორმა ისე გამოთვალეს კადრი, რომ მაყურებელი თავისი წარმოსახვით ავსებს სცენას.

"ცოლმა მჭადის გამოცხობა მაინც უნდა იცოდეს" - ამ ფილმიდან ყველაზე მეტად ეს ფრაზა შეიყვარა მაყურებელმა.
რამდენ ფილმში მივიღე მონაწილეობა და დღესაც რომ დამინახავენ - გერასიმე მოდისო... საოცარია, ამდენი წელი გავიდა. რა მიგავს ახლა მე გერასიმეს...

- თქვენს ცხოვრებაში თუ იყო ტატა?

- როგორ არ იყო... ყველაფერი იყო - ცუდიც, კარგიც.

- კინოში მოსვლაზე ფეხს ვითრევდიო, არადა, წლების შემდეგ კინოსტუდიის თანამშრომელთა სახლში მიიღეთ ბინა.

- დავბერდი ამ ერთოთახიანში. ბევრი ცნობილი და კარგი ადამიანი ცხოვრობდა ამ კორპუსში - მე, ზურა ქაფიანიძე და სულიკო ჟღენტი ერთ სართულზე ვცხოვრობდით. სადაც ახლა ვარ, ჩემამდე რეზო გაბრიაძე ბინადრობდა. მთელი დღე ხომ კინოსტუდიაში ერთად ვიყავით, საღამოს, მთელი სამეზობლო ეზოში ვიყრიდით თავს. ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. ამ ჩემი კარგი მეზობლებიდან ბევრი გარდაიცვალა, ბევრი წავიდა, ბინა გაყიდა ან გადაცვალა. ახლაც არ ვკეტავ კარს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ფანჯრებში დღესაც სინათლეა, კარს აღარავინ არ შემომიღებს... კინოში უფრო მეტის გაკეთებაც შემეძლო. ესეც ჩემი ბრალია. არ ვიყავი აქტიური, სხვისთვის, შეიძლება, თავიც დამედო, მაგრამ თავის გასატანად არასდროს მიბრძოლია. ასეთი ადამიანი ხელოვნებაში იჩაგრება. უნდა შეგეძლოს ბრძო­ლა როლისთვის... რაც ვითამაშე, არც ერთი როლისთვის არ მიბრძოლია. თუ დამიძახებდნენ, მივდიოდი.

- დღეს ვისთან ურთიერთობთ?

- დღეს? არც არავისთან... ახლა ძირითადად ექიმებთან მაქვს ურთიერთობა და პოლიკლინიკებსა და აფთიაქებში დავდივარ...
ახლა სულ მარტო ვარ, არც აღარავის ვახსოვვარ... ვნანობ, რომ ბევრი რამის გაკეთება შემეძლო და არ გავაკეთე. არასდროს არაფერზე მიზრუნია, არც ქონებასა და ცხოვრებაზე ვყოფილვარ დახარბებული... მაშინ, როცა ბევრს დავხმარებივარ, ბევრისთვის ხელი გამიმართავს...

"სინათლე ჩვენს ფანჯრებში"

ფილმი "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" პოპულარული იყო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ საზღვარგარეთაც. 1972 წელს ლონდონში, ქართული ფილმების რეტროსპექტულ ჩვენებაზეც წარადგინეს. ფილმების შესარჩევად საქართველოში ჩამოვიდა ცნობილი ბრიტანელი კინომცოდნე გილეტი, რომელმაც თანამედროვეობის ამსახველი კინოსურათის ნახვა მოითხოვა. ბედად, კინომექანიკოსს აღმოაჩნდა ფირი "სინათლე ჩვენს ფანჯრებში". აჩვენეს. მოეწონა. შერჩეულ ფილმებს­ თან გაჰყვა დელეგაცია გუგული მგელაძის, რეზო ჩხეიძისა და მიხეილ კობახიძის შემადგენლობით.

ლონდონში ფილმის" ჩვენებას 600 ლორდი ესწრებოდა. გუგული მგელაძე ამბობდა ხოლმე, სიტყვით გამოსვლა მიჭირსო და ამას ყოველთვის თავს არიდებდა, თუმცა ამჯერად სხვა გზა არ ჰქონდა და სცენაზე ავიდა. როგორც შემდეგ ჰყვებოდა, მაშინ ორმოცს გადაცილებული, გამელოტებული"გახლდათ. დამსწრე საზოგადოებას თავი ისე დაუხარა, რომ მისი სიმელოტე არ გამორჩენოდათ და მიმართა: "არ გეგონოთ, ჩემი ფილმები ისეთივეა, როგორიც ჩემი თავი. ფილმები ბევრად უკეთესია"."დარბაზში სიცილი და ტაში ატყდა...
ინგლისელებს მართლაც მოეწონათ "სინათლე ჩვენს ფანჯრებში".

ეკა სალაღაია
ტასო
22 ივნისი 2016 23:03
ჯაოფმრტელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ,ფილმი წუთისოფელი ძალიან მიყვარს
natia
17 ივნისი 2016 11:29
marto tqven ar xart davicyebuli chemo batono ufali mocyalea didxans sicocxles da uflis mfarvelobas gisurvebt
MEDEIA
16 ივნისი 2016 16:45
გრიშა წითაიშვილი ცხოვრობს დიხმის მასივში 6 კორპუსში მისი. მეზობელი იყო
ქაფიანიძე.

რედაქტორის რჩევით