ის, რასაც­ საბჭოთა ცენზურა ებრძოდა, როგორ მოხვდა "არაჩვეულებრივ გამოფენაში"? - კვირის პალიტრა

ის, რასაც­ საბჭოთა ცენზურა ებრძოდა, როგორ მოხვდა "არაჩვეულებრივ გამოფენაში"?

ცხვირი გავს? გავს!..ვის ეკუთვნის ბიუსტი

გურამ ნიკოლაძემ, ბაბუის, იაკობ ნიკოლაძის სახელოსნოს სხვენში ამ ქანდაკების კიდევ ერთ ასლს მიაგნო...

1968 წელს გადაღებულ ელდარ შენგელაიას ფილმში "არაჩვეულებრივი გამოფენა", დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის, მტრად მიჩნეული ნოე ჟორდანიას თაბაშირის ბიუსტი რეკვიზიტად გამოიყენეს. ბედის ირონიით, ის, რასაც საბჭოთა ცენზურა ებრძოდა, ფილმში მოხვდა. ამ საიდუმლოს საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ირაკლი ხვადაგიანის მახვილმა თვალმა 48 წლის შემდეგ მოჰფინა ნათელი. დღეს ამ არაჩვეულებრივი ექსპონატისა (ასლი) და ორიგინალის ადგილსამყოფელიც უცნობია. მოქანდაკის შვილიშვილმა, გურამ ნიკოლაძემ, ბაბუის სახელოსნოს სხვენში ფილმში გამოყენებულის გარდა, ამ ქანდაკების კიდევ ერთ სამუშაო ვარიანტს მიაგნო.

ქუჩის სახელი...

ერთ დღეს იაკობ ნიკოლაძის კარზე კაკუნი გაისმა. ცნობილ მოქანდაკეს ლავრენტი ბერიას მიერ გამოგზავნილმა ცილინდრიანებმა მოაკითხეს - "გვინდა, ამ ქუჩას თქვენი სახელი დავარქვათ"... "კი ბატონო, - პასუხობს გაკვირვებული ნიკოლაძე, - მაგრამ... ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ამ ქუჩას არა ჩემს, არამედ ჩემი მასწავლებლის, ოგიუსტ როდენის სახელს დაარქმევთ", - ეუბნება უკვე გონს მოსული. მართლაც მალე იმ ქუჩას როდენის სახელი უწოდეს, პარალელურს კი იაკობ ნიკოლაძისა. ეს ამბავი ბერიას საქართველოს ცეკას მდივნობის პერიოდში (1934-38წწ., მეორე ვადით) მოხდა.

ლამის ემიგრირებული

იფიქრებთ, რითი დაიმსახურა მსოფლიო დონის მოქანდაკემ საბჭოთა მთავრობისგან ასეთი კეთილგანწყობაო?.. საქმე ის არის, რომ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ნოე ჟორდანიასა და მის მიმდევრებთან ერთად, იაკობ ნიკოლაძემაც დატოვა საქართველო. იგი პარიზში დაბინავებასა და შემდეგ ცოლ-შვილის წაყვანას გეგმავდა. ემიგრანტები საქართველოს საზღვრებს გასცილდნენ თუ არა, სტამბოლში შეიკრიბნენ. ამ შეკრებას იაკობ ნიკოლაძეც დაესწრო. ნოე ჟორდანიას მისი დანახვა გაჰკვირვებია, შენ რატომღა დატოვე სამშობლოო? ჩემიანები ყველა წამოხვედით, მეც წამოგყევით, რადგან რა ვიცი, ხელისუფლებაში ვინ მოვაო, უთქვამს იაკობს. თურმე, საქართველოდან გამგზავრებამდე, როდესაც ზარბაზნების გუგუნით მომავალი წითლების ხმა ესმოდა, მწარედ ხუმრობდა, ნეტავ რომელ ხეზე დამკიდებენო?.. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ემიგრაციაში წავიდა. ნოე ჟორდანიას იაკობისთვის საგაზეთო სტატია უჩვენებია, სადაც სერგო ორჯონიკიძე იუწყებოდა: ვისაც კავშირი არა გაქვთ პოლიტიკასთან, დაბრუნდით საქართველოში და ყველანაირად ხელს შეგიწყობთო.

იაკობ ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა და ახალი ხელისუფლება, სხვების გასაგონად, ხაზგასმით აღნიშნავდა: აი, იაკობ ნიკოლაძე დაბრუნდა, ევროპელებისა და ამერიკელების შემოთავაზებების მიუხედავად, სამშობლოში მოღვაწეობა არჩია და ახალმა ხელისუფლებამაც ყველანაირად ხელი შეუწყოო. მისცეს დაკვეთები, ტელეფონი დაუდგეს... 1922 წელს შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლის იუბილეც გადაუხადეს.

1924 წელს იაკობ ნიკოლაძემ თავისივე სახლის ეზოში არქიტექტორ კალგინის მიერ დაპროექტებული სახელოსნო აიშენა.

"ერთი მენშევიკისგან, ორი ბოლშევიკი..."

ნოე ჟორდანიას 10-11 წლის ბიჭი, ანდრეიკა გარდაცვლილი ჰყავდა. ბავშვმა სახლის ფანჯრიდან ხის ტოტი მოქაჩა, ტოტმა გარეთ გადაითრია და მიწაზე დასცა... ამ ტრაგედიიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ნოე ჟორდანიამ იაკობ ნიკოლაძეს შვილის ბიუსტის გაკეთება სთხოვა. როგორც ჩანს, მაშინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა მთავრობის თავმჯდომარის ქანდაკებაც შეეკვეთა ხელოვანისთვის. ანდრეიკას ბიუსტი 1916 წელს არის შექმნილი, ის ნამუშევართა ნუსხაში "გიმნაზისტის" სახელწოდებით აქვს ავტორს შეტანილი, ნოე ჟორდანიას ბიუსტი კი 1919 წელს დაუმთავრებია. 1921 წელს მთავრობის დაკვეთით ბიუსტი იტალიიდან ჩამოტანილ მარმარილოს ქვაში გადაუტანია. მოგვიანებით,

როდესაც, ემიგრირებული იაკობი თურქეთიდან დაბრუნდა, ნოეს ბიუსტისთვის თავი მოუტეხია და სარდაფში ჩაუფლავს. ეს ამბავი მისი მოსწავლის, დავით ურუშაძისგან ვიცი, რომელიც მიყვებოდა, როდესაც იაკობი თავს ფლავდა, მეუბნებოდა, რა კაცი გყავდათ გურულებს, მერე გაიგებთო. ტანისგან კი მოქანდაკეს ალექსანდრე წულუკიძისა და ფილიპე მახარაძის ბიუსტები გაუკეთებია მთავრობის დაკვეთით. ამაზე თურმე ხუმრობდა, ერთი მენშევიკისგან ორი ბოლშევიკი გამომივიდაო.

"არაჩვეულებრივი" რეკვიზიტი

ნოე ჟორდანიას ბიუსტის ამბავი კარგად მოეხსენებოდათ პარლამენტის საარქივო განყოფილების უფროს ირაკლი იაკობაშვილსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის უფროსს, ირაკლი ხვადაგიანს. როგორც ჩანს, ბევრს ფიქრობდნენ ამ თემაზე და ერთხელაც "არაჩვეულებრივი გამოფენის" ყურებისას ერთ-ერთ ფრაგმენტში ამ ბიუსტის თაბაშირის პირი ამოიცნეს.

იაკობმა, როგორც ჩანს, თავისი ნამუშევარი ვითარებას გაარიდა და ერთ-ერთ სტუდენტს ქუთაისში გაატანა... მე რომ დავიწყე ბაბუას გადამალული ბიუსტების მოძიება, ლენინის ბიუსტსაც წავაწყდი. მოკლედ, პოლიტიკურ ამინდს არ უყურებდა, ვერ იმეტებდა თავის ნამუშევრებს დასამტვრევად. მხოლოდ ბერიას ქანდაკება დაუმტვრევია ბებიაჩემს, ამ დროისთვის იაკობი უკვე გარდაცვლილი ყოფილა. ჟორდანიას ბიუსტის სამუშაო ვარიანტს, რომელიც ფილმში გამოჩნდა, დღემდე ვერ მივაკვლიეთ. მისი ბიუსტის კიდევ ერთი სამუშაო პირი სახელოსნოს სარდაფში აღმოვაჩინე, მას ზემოდან სხვა ბიუსტები ეწყო.

და ბოლოს...

ახლო მომავალში გეომაგნიტური რადარით იაკობ ნიკოლაძის სახლის სარდაფში ნოე ჟორდანიას ბიუსტის თავის ძებნას ვგეგმავთ. ვინ იცის, კიდევ რას ვიპოვით...

იაკობ ნიკოლაძე 1951 წელს გარდაიცვალა. მე 3 წლის შემდეგ მოვევლინე ქვეყანას. გარემო, სადაც ვიზრდებოდი, გაჟღენთილი იყო იაკობის სიყვარულით, მის შესახებ მოყოლილი ისტორიებით... ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მე მისი პროფესია ავირჩიე. დღეს იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმსაც ვხელმძღვანელობ.

ეკა სალაღაია