ის, რასაც­ საბჭოთა ცენზურა ებრძოდა, როგორ მოხვდა "არაჩვეულებრივ გამოფენაში"?
06-06-2016
ის, რასაც­ საბჭოთა ცენზურა ებრძოდა, როგორ მოხვდა "არაჩვეულებრივ გამოფენაში"?
ცხვირი გავს? გავს!..ვის ეკუთვნის ბიუსტი

გურამ ნიკოლაძემ, ბაბუის, იაკობ ნიკოლაძის სახელოსნოს­ სხვენში ამ ქანდაკების­ კიდევ ერთ ასლს მიაგნო...


1968 წელს გადაღებულ ელდარ შენგელ­აიას­­ ფილმში "არაჩვეულებრივი გამოფენა",­ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის, მტრად მიჩნეული ნოე ჟორდანიას თაბაშირის ბიუსტი რეკვიზიტად გამ­ოიყენეს. ბედის ირონიით, ის, რასაც­ საბჭოთა ცენზურა ებრძოდა, ფილმში მოხვდა. ამ საიდუმლოს საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ირაკლი ხვადაგიანის მახვილმა თვალმა 48 წლის შემდეგ­ მოჰფინა­ ნათელი. დღეს ამ არაჩვეულებრივი­ ექსპონ­ატისა (ასლი) და ორიგინალის ადგილსამყოფელიც
უცნობია. მოქანდაკის შვილიშვილმა, გურამ ნიკოლაძემ, ბაბუის სახელოსნოს სხვენში ფილმში გამოყენებულის გარდა, ამ ქანდაკების კიდევ ერთ სამუშაო ვარიანტს მიაგნო.

ქუჩის სახელი...

ერთ დღეს იაკობ ნიკოლაძის კარზე კაკ­უნი გაისმა. ცნობილ მოქანდაკეს ლავრენტი ბერიას მიერ გამოგზავნილმა ცილინდრიან­ებმა მოაკითხეს - "გვინდა, ამ ქუჩას თქვენი­ სახელი დავარქვათ"... "კი ბატონო, -
პასუხობს გაკვირვებული ნიკოლაძე, - მაგრამ... ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ამ ქუჩას არა ჩემს, არამედ ჩემი მასწავლებლის, ოგიუსტ როდენის სახელს დაარქმევთ", - ეუბნება უკვე გონს მოსული. მართლაც მალე იმ ქუჩას როდენის სახელი­ უწოდეს, პარალელურს კი იაკობ ნიკოლაძისა. ეს ამბავი ბერიას საქართველოს ცეკას მდივნობის პერიოდში (1934-38წწ., მეორე ვადით) მოხდა.

ლამის ემიგრირებული

იფიქრებთ, რითი დაიმსახურა მსოფ­ლიო­ დონის მოქანდაკემ საბჭოთა მთავრობისგან ასეთი კეთილგანწყობაო?.. საქმე­ ის არის, რომ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ნოე ჟორდანიასა და მის მიმდევრებთან ერთად, იაკობ ნიკოლაძემაც დატოვა საქართ­ველო. იგი პარიზში დაბინავებასა და შემდეგ­ ცოლ-შვილის წაყვანას გეგმავდა. ემიგრანტ­ები საქართველოს საზღვრებს გასცილდნენ თუ არა, სტამბოლში შეიკრიბნენ. ამ შეკრებას­ იაკობ ნიკოლაძეც დაესწრო. ნოე ჟორდანიას მისი დანახვა გაჰკვირვებია, შენ რატომღა დატოვე სამშობლოო? ჩემიანები ყველა წამოხვედით, მეც წამოგყევით, რადგან­ რა ვიცი, ხელისუფლებ­აში ვინ მოვაო, უთქვამს იაკობს. თურმე, საქართველოდან გამგზავრებამდე, როდესაც ზარბაზნების გუგუნით მომავალი წითლების ხმა ესმოდა, მწარედ ხუმრობდა, ნეტავ რომელ ხეზე დამკიდებენო?.. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ემიგრაციაში წავიდა. ნოე ჟორდანიას იაკობისთვის საგაზეთო სტატია უჩვენებია, სადაც სერგო ორჯონიკიძე იუწყებოდა: ვისაც კავშირი არა გაქვთ პოლიტიკასთან, დაბრუნდით საქართველოში და ყველანაირად ხელს შეგიწყობთო.

იაკობ ნიკოლაძე საქართველოში დაბრუ­ნდა და ახალი ხელისუფლება, სხვების გას­აგონად, ხაზგასმით აღნიშნავდა:­ აი, იაკობ ნიკოლაძე დაბრუნდა, ევროპელებისა და ამე­რიკელების შემოთავაზებების მიუხედავად, სამშობლოში მოღვაწეობა არჩია და ახალმა ხელისუფლებამაც ყველანაირად ხელი შეუწყოო. მისცეს დაკვეთები, ტელეფონი დაუდგეს... 1922 წელს შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლის იუბილეც გადაუხადეს.

1924 წელს იაკობ ნიკოლაძემ თავისივე­ სახლის ეზოში არქიტექტორ კალგინის მიერ დაპროექტებული სახელოსნო აიშენა.

"ერთი მენშევიკისგან, ორი ბოლშევიკი..."

ნოე ჟორდანიას 10-11 წლის ბიჭი, ანდრეიკა გარდაცვლილი ჰყავდა. ბავშვმა­ სახლის ფანჯრიდან ხის ტოტი მოქაჩა­, ტო­ტმა გარეთ გადაითრია და მიწაზე დასცა...­ ამ ტრაგედიიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ნოე ჟორდანიამ იაკობ ნიკოლაძეს შვილის­ ბიუსტის გაკეთება სთხოვა. როგორც ჩანს, მაშინდ­ელმა მთავრობამ გადაწყვიტა მთავრობის თავმჯდომარის ქან­დაკებაც შეეკვეთა ხელოვანისთვის. ანდრ­ეიკას ბიუსტი 1916 წელს არის შექმნილი, ის ნამუშევართა ნუსხაში "გიმნაზ­ი­სტის" სახელ­წოდებით აქვს ავტორს შეტ­ან­­ილი, ნოე ჟორდანიას ბიუსტი კი 1919 წელს დაუმთავრებია. 1921 წელს მთავრობის დაკვეთით ბიუსტი­ იტალიიდან ჩამოტანილ მარმარილოს ქვაში­ გადაუტანია. მოგვიანებით,
როდესაც, ემიგრირებული იაკობი თუ­რქეთიდან დაბრუნდა,­ ნოეს ბიუსტისთვის თავი მოუტეხია და სარდაფში ჩაუფლავს. ეს ამბავი მისი მო­სწავლის, დავით ურუშაძისგან ვიცი, რომელიც მიყვებოდა, როდესაც იაკობი თავს ფლავდა, მეუბ­ნებოდა, რა კაცი გყავდათ გურულ­ებს, მერე გაიგებთო. ტანისგან კი მოქანდაკეს ალექსანდრე წულუკიძისა და ფილიპე მახარაძის ბიუსტები გაუკეთებია მთავრობის დაკვეთით. ამაზე თურმე ხუმრობდა, ერთი მენშევიკისგან ორი ბოლშევიკი გამომივიდაო.

"არაჩვეულებრივი" რეკვიზიტი

ნოე ჟორდანიას ბიუსტის ამბავი კარგად მოეხსენებოდათ პარლამენტის საარქივო­ განყოფილების უფროს ირაკლი იაკობაშვ­ილსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის უფროსს, ირაკლი ხვადაგიანს. როგორც ჩანს, ბევრს ფიქრობდნენ ამ თემაზე და ერთხელაც "არაჩვეულებრივი გამ­ოფენის" ყურებისას ერთ-ერთ ფრაგმენტში ამ ბიუსტის თაბაშირის პირი ამოიცნეს.

იაკობმა, როგორც ჩანს, თავისი ნამუშე­ვარი­­ ვითარებას გაარიდა და ერთ-ერთ სტუ­დენტს­ ქუთაისში გაატანა... მე რომ დავიწყე ბაბუას გადამალული ბიუსტების მოძიება, ლენინის ბიუსტსაც წავაწყდი. მოკ­ლედ, პოლიტიკურ ამინდს არ უყურებდა,­ ვერ იმეტებდა თავის ნამუშევრებს დასამტვ­რევად. მხოლოდ ბერიას ქანდაკება დაუმტვრევია ბებიაჩემს, ამ დროისთვის იაკობი უკვე გა­რდაცვლილი ყოფილა. ჟორდანიას ბიუსტის სამუშაო ვარიანტს, რომელიც ფილმში გამოჩნდა, დღემდე ვერ მივაკვლიეთ. მისი ბიუსტის კიდევ ერთი სამუშაო პირი სახელოსნოს სარდაფში აღმოვაჩინე, მას ზემოდან­ სხვა ბიუსტები ეწყო.

და ბოლოს...

ახლო მომავალში გეომაგნიტური რადარით იაკობ ნიკოლაძის სახლის სარდაფში­ ნოე ჟორდანიას ბიუსტის თავის ძებნას ვგეგმავთ. ვინ იცის, კიდევ რას ვიპოვით...

იაკობ ნიკოლაძე 1951 წელს გარდაიცვალა. მე 3 წლის შემდეგ მოვევლინე ქვეყანას. გარემო, სადაც ვიზრდებოდი, გაჟღენთილი იყო იაკობის სიყვარულით, მის შესახებ მოყოლილი ისტორიებით... ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მე მისი პროფესია ავირჩიე. დღეს იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმსაც ვხელმძღვანელობ.

ეკა სალაღაია
შელამაზებული წარსული
18 ივნისი 2016 23:07
"საქმე­ ის არის, რომ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ" ... საბჭოთა კი არა რუსული ოკუპაციის(დაპყრობის) შემდეგ!- ყაზახებს,ტოჯიკებს,ბელორუსებს არ დავუპყრივართ ჩვენ..

რედაქტორის რჩევით