"მიხარია, როცა მეუბნებიან, ყოჩაღ, ასეთი ახალგაზრდა არანაირ შრომას რომ არ თაკილობო"
06-06-2016
"მიხარია, როცა მეუბნებიან, ყოჩაღ, ასეთი ახალგაზრდა არანაირ შრომას რომ არ თაკილობო"
ჩემი სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება. ჩვენი ბრიგადის ბიჭებს გოგოლის, სურამისა და ჯავახიშვილის ქუჩების დასუფთავება გვევალება. ამ ქუჩებს რომ დავალაგებთ, მერე პლეხანოვზე გავდივართ, სადმე რამე რომ არ ეყაროს, ყველაფერი რიგზე რომ იყოს. ამ პროსპექტზე ბევრი ტურისტი დადის და თავს ხომ არ შევირცხვენთ

"რომ გითხრათ, ბავშვობიდან ამ სამსახურზე ვოცნებობდი-მეთქი, გაგეცინებათ, მეც სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ ცხოვრება თავად გვიჩვენებს, როდის რა სჯობს"


17 წლის დავით ერაძე დასუფთავების სამსახურის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელია.
სიტყვაძუნწია, თუმცა, როგორც ამბობენ, საქმეში ბადალი არა ჰყავს.

- გორის რაიონ სოფელ ექცეულიდან ვარ. 16 წლის მოვედი სამუშაოდ, ახლა ჩვიდმეტის გავხდი, მაგ
რამ მაინც ამ სამსახურის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომლად ვითვლები. რომ გითხრათ, ბავშვობიდან ამ სამსახურზე ვოცნებობდი-მეთქი, გაგეცინებათ, მეც სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ ცხოვრება თავად გვიჩვენებს, როდის რა სჯობს.

კონფლიქტის ზონიდან ვარ, ჩემი სოფლიდან 3 კილომეტრში სეპარატისტები დგანან. ნახირში ყოფნისას მეც ხშირად გადავყრივარ მათ. 2008 წლის ომის დროს ჩვენი სოფლის სახლები გაიძარცვა ბევრიც დაწვეს, ჩემი სახლი გადარჩა. ასე რომ, ჭერი გვქონდა, სხვა ყველაფერი თავიდან შევიძინეთ.

სკოლა მეცხრე კლასიდან მივატოვე და რამდენიმე ხანში თურქეთში წავედი სამუშაოდ. იქ ჯინსის ქარხანაში მკერავად ვმუშაობდი. შინ რომ დავბრუნდი, ჩემებმა ვერ მიცნეს, ისეთი გამხდარი ვიყავი და დამიჟინეს, აღარ წახვიდეო. მეც დავრჩი, თბილისში ჩამოვედი და დასუფთავების სამსახურში მოვედი.

- როგორ გადის შენი სამუშაო დღე?

- ბრიგადაში სამნი ვართ. სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება. ჩვენი ბრიგადის ბიჭებს გოგოლის, სურამისა და ჯავახიშვილის ქუჩების დასუფთავება გვევალება. ამ ქუჩებს რომ დავალაგებთ, მერე პლეხანოვზე გავდივართ, სადმე რამე რომ არ ეყაროს, ყველაფერი რიგზე რომ იყოს. ამ პროსპექტზე ბევრი ტურისტი დადის და თავს ხომ არ შევირცხვენთ.

მუშაობის დროს ზოგი პატივისცემით და სიყვარულით გვეპყრობა. მეუბნებიან ხოლმე, ყოჩაღ, შვილო, ასეთი ახალგაზრდა ხარ და არანაირ შრომას რომ არ თაკილობო. ერთხელ, მუშაობის დროს, მამა-შვილმა ჩამიარა. მამა აღშფოთებული ამბობდა, რა ბინძური საქმეა, აქ რა მამუშავებსო. გული მეტკინა, მაგრამ რა უნდა მეთქვა? ხანდახან ისეც ხდება, ფეხებში ისე მოგვაყრიან სიგარეტის ნამწვავს ან კანფეტის ქაღალდს, ან ბოთლს, ვითომც არაფერი. კარგია, რომ ასეთი ადამიანები ერთეულები არიან და მეტწილად სითბოსა და პატივისცემას ვგრძნობთ თბილისელებისგან.

- რას შეცვლიდი თბილისში?

- კარგი იქნება, ნაგვის დაყრაზე ჯარიმა რომ დაწესდეს.

- დაწესებულია, კარგა ხანია.

- რა ვიცი, მე ჯერ არავინ მინახავს­ ნაგვის დაყრის გამო დაჯარიმებული.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- ჩემებთან გავრბივარ სოფელში, ათასი საქმე აქვთ და მინდა, შევეშველო. ხან ბაღში ვარ, ხან ბოსტანში, ხანაც ნახირში. პამიდორი მოგვყავს, კომბოსტო, ვაშლს ვუვლით, 4 სული საქონელი გვყავს, ქათმები... შემოსავლისთვის ჩვენს ჭირნახულს ვყიდით.
ჩემი ხელფასით სახლის გაფართოება მოვინდომე, 2 ოთახის მოშენება. მე აქედან ვეხმარები ჩემი ხელფასით, თანასოფლელები მამაჩემთან ერთად მუშაობენ და მიხარია, შრომის შედეგს რომ ვხედავ. ყოველდღე ვრეკავ, სულ მაინტერესებს, დღეს რა გააკეთეს, კიდევ რა არის საყიდელი, რომ აქედან გავუგზავნო.…

- შეყვარებული ხომ არა ხარ, სახლის გაფართოებაზე რომ დაიწყე ფიქრი?

- ჯერ არა, მაგრამ ხომ ვიქნები?

- რაზე ოცნებობ?

- გული მწყდება, რომ ჩემს მშობლიურ ადგილებში ისე გვიწევს სიარული, ნაბიჯებს ვითვლით, რათა თავი საფრთხეში არ ჩავიგდოთ.

- რა გეგმები გაქვს?

- მინდა, რაიმე ხელობა შევისწავლო, რომ დღის მეორე ნახევარში ვიმუშაო. ფეხბურთი მიყვარს განსაკუთრებით. არ ვიცი, როდის შევძლებ, მაგრამ მჯერა, რომ ოდესმე აუცილებლად წავალ მადრიდში და ჩემპიონთა ლიგის თამაშს დავესწრები.
დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი წინსვლა მელოდება. მჯერა, თუ კაცს მუშაობა არ ეზარება, ყველაფერს მიაღწევს.

ეკა სალაღაია
ბელა
20 ივნისი 2016 03:23
მთელი გულით მინდა აგიხდეს ყველა ოცნება... სანამ შენნაირი ვაჯკაცები არსებობენ გადაშენება არ გვიწერია... გფარავდეს უფალი....ოცნებების ასრულებასთან ერთდ გისურვებ მალე ნაბიჯების დაუთვლელად, თავისუფლად გაგევლოს შენს სოფელში , გფარავდეს უფალი.
mariami
18 ივნისი 2016 10:25
Mixaria rom aseti kargi axalgazrda xar, netav shensavit mshromeli da mizandasaxuli axalgazrda bevri iyos. Dghes iseti cxovreba movida gogoebi upro metad dganan sigaretit, pivit xelshi amayad da damcinavad uyureben garshemo myopebs titqos chven vart aq magari gogoebi shen vinxaro, magram sabolood roca mixvdebian ra xdeba amqveynad da dediko_ mamikos pulebi aghar eqnebat, cxovrebidan nulze darchebian ra saqmesac ar unda aketebde arasodes ipiqro sxva tanatolebis azrze. Me mjera rom dasaxul mizans miaghwev. Warmatebebs gisurveb.
nino
10 ივნისი 2016 10:56
რა კარგი ახალგაზრდა ხარ, მიხარია ასეთ სტატიებს რომ ვკითხულობ, იმ ვაი "ჩემი დედის" მძახებლებს, დედას თან სიგარეტის ფულს რომ სთხოვენ რამდენით ჯობიხარ ხომ არც იცი. ვისაც შრომა არ ეზარება ყველაფერს მიაღწევს, ყველაფერს კარგს გისურვებ ცხოვრებაში.

რედაქტორის რჩევით