"ვსწავლობ იქ, სადაც აშშ-ის დეკლარაცია იქმნებოდა"
ჩემი სტუმარი, ქეთი აბუთიძე პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, იქ, სადაც თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე პრეზიდენტმა მიიღო განათლება, სადაც დიპლომატიის უმაღლეს საფეხურზე მდგომ ადამიანებს უსმენენ და თავადაც სერიოზული კარიერისთვის ემზადებიან, ვინ იცის, იქნებ პრეზიდენტობისთვისაც კი.

ქეთი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. შემდეგ გადაწყვიტა, საფუძვლიანად მომზადებულიყო და სწავლა უცხოეთში გაეგრძელებინა. ალბათ იმიტომ, რომ თუ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობ, საერთაშორისო გამოცდილებაც გჭირდება. ის ერთადერთი ქართველია, რომელსაც წილად ხვდა აშშ-ის ყველაზე
პრესტიჟულ პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლის ბედნიერება.

- მამა შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მუშაობს, გადავწყვიტე, მეც აშშ-ში გამეგრძელებინა სწავლა. პენსილვანიის უნივერსიტეტი ჩემი ოცნება იყო. 6 თვე ვემზადებოდი ამ უნივერსიტეტში მოსახვედრად. თუ რომელიმე კორპორაციის ან სახელმწიფო მოღვაწის სარეკომენდაციო წერილი არა გაქვს, ითვლება, რომ შენი ფაილი არასრულყოფილია.

პირველი ქართველი
სტუდენტი ვარ, რომელიც ამ სკოლაში ბაკალავრიატის ბაზაზე სწავლობს. როგორც წესი, უნივერსიტეტი ტრადიციულად გაცნობს შენი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ იქ, ასეთი რამ ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა.

- დიდია სხვაობა საქართველოში მიღებულ განათლებასა და ამერიკულ სკოლას შორის?
- იმდენად დიდი, რომ შეუძლებელია ეს არ აღიარო. თუმცა არაფრით ჩამოვუვარდებოდი პრესტიჟული ევროპული უნივერსიტეტებიდან ჩამოსულ ნებისმიერ სტუდენტს.

- სწავლა ძვირი იქნება...
- წელიწადში დაახლოებით ორმოცდახუთი ათასი დოლარი ჯდება. პლუს ბორდინგი, რომელიც 15-20 ათასი დოლარი ღირს და წიგნების ხარჯები, ძალიან დიდ თანხამდე ადის. პირველ წელს დაფინანსებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მხოლოდ მეორე კურსიდან შეგიძლია შენი რეიტინგის მიხედვით დაფინანსების მიღება.

იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტის ფისკალური ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდურია, რამდენიმე სტუდენტის დაფინანსება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ელოდებიან, რომ ღირსეულები გამოავლინონ. მესამე კურსზე ვარ და დღემდე ასპროცენტიანი დაფინანსება მაქვს.

- თუ შეიცვალა თქვენი მენტალიტეტი?
- ალბათ შეიცვალა... თუმცა ის ფუნდამენტალური ღირებულებები, რაც ოჯახმა ჩამინერგა, არ დამიკარგავს. მენტალიტეტი შემეცვალა, რადგან ამერიკაში სხვანაირი დამოკიდებულებები და აზროვნებაა. სხვანაირად აღიქვამენ ცნებებს - "დემოკრატია", "ლიბერალიზმი". ამ მხრივ იქაურმა გარემომ შემცვალა.A ზოგიერთი ასპექტი, ცხადია, გავიზიარე...

- რა ვერ გაიზიარეთ?
- მაგალითად, კატეგორიულად ვერ გავიზიარე დისტანცია ადამიანებს შორის, მეგობრობა იქნება ეს, ოჯახი თუ პროფესიული ურთიერთობა. ქართული გარემო, სითბო, გულისხმიერება უბადლოა.

- გყავთ თუ არა სტუდენტებში მეგობარი და როგორ აღიქვამენ ისინი კონკურენციის ფაქტორს?
- ზუსტად ეს დისტანცია და სიცივე, რაც ვახსენე, გამოწვეულია კონკურენციით... კონკურენცია ყველაზე მეტად უშლის ხელს სტუდენტებს იმ ურთიერთობაში, რაც საქართველოში მოგვდგამს. ამ მენტალიტეტით ჩავედი და სულ სხვა გარემო დამხვდა. თუ არ იქნები ღირსეული კონკურენტი, არც იქნები ღირსეული კანდიდატი რაიმე კონფერენციისთვის, დელეგაციისთვის... ეს ხელს უშლის ადამიანებს ნდობასა და სიყვარულში, მაგრამ ხელს უწყობს მათ კარიერას. თუმცა არაერთი სტუდენტი გადმოვარჯულე... როცა ისტორიაში პირველად დავეხმარე გამოცდის მომზადებაში, გაუკვირდათ, გულუბრყვილობად ჩამითვალეს. მერე თავადაც გაიზიარეს ეს და ახლა ერთმანეთს ვეხმარებით.

- დაბოლოს, არაერთხელ გაიგონებთ თბილისში, ჩამოდიან უცხოეთში განათლებამიღებულნი და უცხოური სტანდარტების აქ დანერგვას ცდილობენ,. დიდი ქვეყნების გამოცდილება და მაგალითი ჩვენს პატარა ქვეყანას ვერ შველისო... თქვენ რომ დაბრუნდებით, იქნებ თქვენზეც იგივე თქვან. ან იქნებ არც ბრუნდებით?
- არა მგონია, ნებისმიერმა ქართველმა გულით ინატროს სადმე დარჩენა. არც ის მგონია, რომ დასავლური განათლება უნდა წარუდგინო შენს ქვეყანას იმ ფორმით, როგორც შენ მიიღე. ახლის ათვისება საჭიროა ისე, რომ არ გახდე ჰიბრიდი.

კარგი იყო ის, რომ ამერიკაში არ წავედი 13 წლისა, წავედი 18 წლის, გარკვეულწილად ჩამოყალიბებული აზროვნებით, ზნეობით, ეროვნული თვითშეგნებით და მართლმადიდებლური სარწმუნოებით... მე შევისწავლი ყველაფერს, რაც საჭიროა წარმატებული საგარეო ურთიერთობებისათვის და ამას ჩვენი, ქართული რეალობის შესაბამისად მოვახმარ ჩვენს ქვეყანას.


პენსილვანიის უნივერსიტეტი
პენსილვანიის უნივერსიტეტი კერძო, არასექტორული კვლევითი უნივერსიტეტია ფილადელფიაში. დაარსდა ბენჯამინ ფრანკლინის მიერ 1749 წელს. ამ უნივერსიტეტთან ასოცირდება ჯორჯ ვაშინგტონი, ალექსანდერ ჰამილტონი და უილიამ ჰენრი ჰარისონი. ფაქტობრივად, დამფუძნებელი მამებიდან არაერთი ადამიანი ქმნიდა უნივერსიტეტის კედლებში ამერიკის დეკლარაციას. სიძველით აშშ-ის მეოთხე უმაღლესი განათლების დაწესებულება და პირველი უნივერსიტეტია.
პენსილვანიის უნივერსიტეტს ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევითი პროგრამების ბაზა გააჩნია, ხარჯავს 700 მილიონ ამერიკულ დოლარს ყოველწლიურად.
me
02 აპრილი 2010 19:09
ქეტი როდესაც უნივერსიტეტს დაამტავრებ აუცილებლად დაბრუნდი საქარტველოში.შენნაირე3ბი სჭირდება დღეს საქართველოს
ucxo
01 აპრილი 2010 02:19
ქეთი აბუთიძე- ჩემთვის ძალიან ახლობელი მგონია, დედით აბუთიძეს... გისურვებ ოცნებების ასრულებას და იმ გულწრფელობის შენარჩუნებას, რაც დღეს გაქვს! და იცოდე, ჭეშმარიტი მამულიშვილობა ყველა სხვა დიდებაზე უაღრესია!
kukusha
31 მარტი 2010 01:06
ქეთი შენზე ვაფანატებ

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები