"ქმარს ახალი ცხვირით დავხვდი" - რომელი პლასტიკური ოპერაციებია მოდაში - კვირის პალიტრა

"ქმარს ახალი ცხვირით დავხვდი" - რომელი პლასტიკური ოპერაციებია მოდაში

"გამარჯობა, მკერდის გადიდება მსურს, როდის შეიძლება ჩავეწერო კონსულტაციაზე?" - ამ კითხვით აკითხავს თვეში უამრავი ქალი პლასტიკურ ქირურგებს.

მკერდის გადიდება

საქართველოში ყველაზე პოპულარულ ქირურგიულ პროცედურად მკერდის პლასტიკური ოპერაცია ითვლება. მან ცხვირის ოპერაციასაც გადაასწრო და პირველ ადგილზეა. თუ მკერდის გაზრდა გნებავთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ, სულ მცირე, 5.000 ლარი. მკერდი იმპლანტის მეშვეობით დიდდება. ამ ოპერაციას ხშირად ის ქალებიც მიმართავენ, რომლებსაც მშობიარობისა და ლაქტაციის შედეგად მკერდის დეფორმაცია ან თანდაყოლილი ასიმეტრია აქვთ.

ლიპოსაქცია

ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციების სიაში მეორე ადგილზე სხეულის ლიპოსაქციაა. მსოფლიოში პირველი ლიპოსაქცია 1974 წელს იტალიელმა გინეკოლოგმა ფიშერმა ჩაატარა - პაციენტი მისი მეუღლე იყო. საქართველოში სხეულის კორექციის ეს მეთოდი 90-იან წლებში დაინერგა - სხეულის განაკვეთებიდან ვაკუუმური საქაჩით ცხიმების ამოტუმბვა ხდება. ლიპოსაქცია კეთდება სახეზე, ზურგზე, მხრებზე, მუცელზე, თეძოებზე, ბარძაყებზე, წვივებზე და ა.შ. თანამედროვე აპარატურა საშუალებას იძლევა, პროცედურა ჩატარდეს უმტკივნეულოდ, ადგილობრივი ანესთეზიით. ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტი მეორე დღიდანვე შრომისუნარიანია. ოპერაციის ფასი მის სირთულეზეა დამოკიდებული...

ცხვირის პლასტიკა

გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველაზე პოპულარული ქირურგიული პროცედურა დღეს მესამე ადგილზეა. საქართველოში ცხვირის პლასტიკა ვახტანგ ხუციძეს, იმავე"წოპეს უკავშირდება. მან პირველი ოპერაცია 1956 წელს გააკეთა. დღეს პლასტიკური ქირურგები გვთავაზობენ ცხვირის ზომის, ნესტოების ფორმის შეცვლას, ძგიდის გასწორებას და ა.შ., ღირებულება სირთულის მიხედვით იცვლება.

პოპულარული ტუჩები

არაქირურგიული პროცედურებიდან ძალიან პოპულარულია ტუჩების ფორმის შეცვლა, ნაოჭების გასწორება, ბოტოქსის ინიექცია, ჰიალურონით ტუჩების შევსება. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მასალა დაიხარჯება. არსებობს ტუჩების გაკეთების დროებითი და მუდმივი მეთოდი. ქალების უმეტესობა დროებითს ამჯობინებს, რომლის ეფექტი დაახლოებით 6-8 თვეა, მერე ხდება გაწოვა. ფასი 400-დან 1.200 ლარამდე მერყეობს.

"ქმარს ახალი ცხვირით დავხვდი"

ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 1998 წელს გაიკეთა. თვლის, რომ ქალისთვის ამგვარი ოპერაციები თვითშეფასების ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაა.

პიარმენეჯერი ხატია ბაკურაძე: - ოპერაცია 25 წლისამ გავიკეთე. წინასწარ დავგეგმე ყველაფერი. ქმარი მივლინებაში მიდიოდა და წავიდა თუ არა, გავიკეთე... რომ ჩამოვიდა, ახალი ცხვირით დავხვდი. 450 დოლარი გადავიხადე, ეს იმ დროს პატარა თანხა არ იყო.

"ვერ ვეგუებოდი სხვა ცხვირს"

საქართველოს პირველი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული ნუკა კაციტაძე იტარებს ყველა იმ პროცედურას, რომლებიც მის კანს სჭირდება. "მის საქართველოს" აზრით, პლასტიკურ ოპერაციას ქალმა 30 წლამდე უნდა მიმართოს, უარი უნდა თქვას სიგარეტზე და თავს მიხედოს ყველაზე მცირე ფინანსური რესურსითაც კი, რათა ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს.

- თუ ქალს სურს, რომ ასაკი არ შეეტყოს, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ყველა პროცედურა. თუმცა ზომიერებაც უნდა დაიცვას. როცა ქმარს გავშორდი, დეპრესიული პერიოდი მქონდა და რაღაც რომ შემეცვალა, ცხვირის ოპერაცია გავიკეთე (35 წლის ასაკში), მაგრამ დიდი სტრესი მივიღე, თითქოს ვერ ვეგუებოდი სხვა ცხვირს...

ადრე მეზოთერაპიას ვიკეთებდი, ახლა მხოლოდ ბოტოქსს ვიკეთებ 8 თვეში ერთხელ. როგორც კი გავიკეთებ, მაშინვე ვგრძნობ, რომ ძალიან კარგად გამოვიყურები.

"რაც ვარ, აი, ეს ვარ"

პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია და თვლის, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს ქალისთვის ზედმეტია. მას ახალგაზრდობისა და სილამაზის თავისი საიდუმლო აქვს. როგორ მოახერხა ყველასათვის საყვარელმა ტელეწამყვანმა დონარა კინწურაშვილმა 77 წლის ასაკშიც მიმზიდველIIი იყოს, ამას თავად მოგიყვებათ:

- პლასტიკური ოპერაცია არასოდეს გამიკეთებია. ერთადერთი, რასაც ვხმარობ, რუსული მკვებავი კრემია. კოსმეტოლოგთან არასოდეს ვყოფილვარ. არც ნიღბები გამიკეთებია. არც მჭირდებოდა. რაც ვარ, აი, ეს ვარ. ახალგაზრდებს ვურჩევ, თუ სჭირდებათ რაღაცის შეცვლა სახეზე ან სხეულზე, შეიცვალონ, მაგრამ მეტისმეტიც არ ვარგა, ზოგი ამით თავს იმახინჯებს.

"მომწონს ბოტოქსის ინიექციები"

ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 4 წლის წინ გაიკეთა. ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ეს დამალოს და ამ საკითხზე იუმორით ლაპარაკობს. ახალი ცხვირით უფრო თავდაჯერებული და ლამაზია.

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი: - მხოლოდ ცხვირის წვერი მაქვს გაკეთებული. არ მომწონს, როცა სათვალავი ეკარგებათ და ვეღარ ხვდებიან, სჭირდებათ თუ არა პლასტიკური ოპერაციები. თუმცა ყველას როგორც უნდა, ისე მიხედავს თავის სხეულს. მეზოთერაპია არა, მაგრამ ბიორევიტალიზაცია კი გამიკეთებია. ეს არის კანის დატენიანება ჰიალურონით. მომწონს ბოტოქსის ინიექციებით ნაოჭების გასწორებაც. Yთუკი ადამიანს სურს, გაიხანგრძლივოს ახალგაზრდობა, ნაოჭები მოიშოროს, რატომაც არა. მე, მაგალითად, წარბებს შორის 18 წლიდან მაქვს მიმიკური ნაოჭი, მზისგან დამრჩა და ბოტოქსი გავიკეთე. ახლა აღარ ვირუჯები და უკვე ძალიან იშვიათად შეიძლება გავიკეთო ბოტოქსი. სხვანაირად ვისწავლე კანის მოვლა.

(მთავარ ფოტოზე: ნუკა კაციტაძე)