"ფოეიში მიქელე პლაჩიდომ ხელი ჩამომართვა და მითხრა, თქვენ იყავით უძლიერესიო!" - კვირის პალიტრა

"ფოეიში მიქელე პლაჩიდომ ხელი ჩამომართვა და მითხრა, თქვენ იყავით უძლიერესიო!"

მადრიდის სამეფო თეატრი! - აქ გამოსვლა საოპერო კარიერაში ისეთ ტრამპლინად ითვლება, რომ ბევრს ეს ოცნებად რჩება, 32 წლის ქართველი მომღერალი მიხეილ შეშაბერიძე კი ახლახან სწორედ ამ თეატრში მიიწვიეს.

ახალგაზრდა მომღერალმა სახელგანთქმული მიქელე პლაჩიდოც კი აღაფრთოვანა. სპექტაკლის შემდეგ ფოიეში გადაღებული ქართველი მომღერლისა და მსოფლიო ტენორის ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიარა, თუმცა ჩვენ მიხეილის შესახებ არცთუ ბევრი ვიცით. ის ლუჩანო პავაროტის ფონდის ერთადერთი ქართველი სტიპენდიანტია და 2015 წელს დასახელებულ მსოფლიოს საუკეთესო სოლისტთა შორის აღმოჩნდა.

მიშა შეშაბერიძეს იტალიაში დავუკავშირდი, მაგრამ საუბარი უცნაურად გაწყდა... მალე თვითონ დამირეკა, როცა გელაპარაკებოდით, მატარებელში უნდა ჩავმჯდარიყავი, ტელეფონი ხელიდან გამივარდა და ლიანდაგებს დაენარცხაო. ძალიან საწყენია-მეთქი. დამამშვიდა, სამშობლოსთან ურთიერთობისას ჩემი ტელეფონი რა სახსენებელიაო!

- გავიგე, რომ კასპიდან ხართ და იქ ამაყობენ თქვენით.

- დიახ, კასპში დღესაც გვაქვს ბებიის სახლი. ამჟამად, მთელი ოჯახი უცხოეთში ვართ: დედა, მე და ჩემი და, რომელიც ამერიკაში სწავლობს. როცა მამა გარდამეცვალა, მამის მაგივრობაც დედამ გაგვიწია და ყველაფერი გააკეთა, რომ გზაზე დავმდგარიყავით. ხშირად მეკითხებიან, მომღერალთა ოჯახიდან ხომ არ ხარო. არა, მამა ფილოლოგი იყო, მაგრამ ოჯახში სიმღერა ყველას გვიყვარდა. 20 წლის ვიყავი, იტალიაში რომ ჩამოვედი სასწავლებლად. ენა სამ თვეში ვისწავლე, ხუთი წელიწადი ვოკალის პედაგოგთან დავდიოდი, რომ პროფესიონალი მომღერალი გავმხდარიყავი. ჯერ სიცილიაში ვიმღერე, მერე - ხორვატიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, გერმანიაში... და უკვე მადრიდის სამეფო თეატრშიც. ამისთვის ვშრომობდი და დარწმუნებული ვიყავი, აქამდე მოვიდოდი, თუმცა ამ წარმატებას ასე ადრე არ ველოდი.

- როგორ გახდით ლუჩანო პავაროტის ფონდის ერთადერთი ქართველი სტიპენდიანტი?

- ამ ფონდს ლუჩანო პავაროტის ცოლი, ნიკოლეტა ხელმძღვანელობს. მან გამართა ახალგაზრდა მომღერლების მოსმენა. 120 მომღერალი ვიყავით და 8 აგვირჩიეს, მათ შორის, ნიკოლეტამ მე გამომარჩია.

- ქართველობა დაგეხმარა?

- როცა ჩემმა მეგობარმა, მსოფლიოს პირველმა ბანმა, ბულგარელმა ორლინ ანასტასოვმა გამიცნო, მითხრა, თუ ქართველი ხარ, ესე იგი, ჩემი ძმა ხარო. ძალიან უყვარს ქართველები და ბევრ ჩვენს თანამემამულესთან ერთადაც უმღერია. ჩემი ქართველობა და გენეტიკური ნიჭი ნამდვილად მეხმარება, რომ განსხვავებული მომღერალი ვიყო, თუმცა, თუ დაქანცვამდე არ იშრომე, უცხოეთში წარმატებაში ვერაფერი დაგეხმარება. ახლა მადრიდის თეატრზეც ვთქვათ... ხორვატიაში ვიყავი, როცა აგენტმა დამირეკა და მითხრა, მადრიდის თეატრში უნდა იმღეროო. ეს თეატრი მსოფლიოს 6 უდიდეს თეატრს შორის მოიხსენიება და იქ მოხვედრა ყველა მომღერლის ოცნებაა. ჰოდა, მე მოვხვდი. ბევრს არ ვილაპარაკებ, მხოლოდ გეტყვით, რომ თეატრის ფოიეში მიქელე პლაჩიდო მელოდებოდა. მან ხელი ჩამომართა და მითხრა, მომილოცავს, თქვენ იყავით საუკეთესო და უძლიერესიო!

არავინ მეგულება ისეთი, ვინც არ დამეთანხმება, როგორი სიამაყეა ეს ხელოვანისთვის!

ეთერ ერაძე