"მაყურებლები მეკითხებოდნენ, რატომ არ გადმოხტი მატარებლიდანო" - ნიკა ფილმიდან "ჩიორა" - კვირის პალიტრა

"მაყურებლები მეკითხებოდნენ, რატომ არ გადმოხტი მატარებლიდანო" - ნიკა ფილმიდან "ჩიორა"

"ეს იყო ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელმაც აფხაზეთი ფირზე შემოგვინახა"

"ნიკა ჩემთვის დადებითი გმირია. ადამიანები არ უნდა იჭრებოდნენ ცოლ-ქმრის ცხოვრებაში. ნიკა ყველას ენდობა, ვერ დაუშვებდა, რატომ უნდა შეეხედა მეგობარს მისი მეუღლისთვის"

ის დღეს რუსთაველის თეატრის დასის წევრია. ნიკას როლი ფილმიდან "ჩიორა" მისი პირველი კინოროლია. თენგიზ გიორგაძე მაშინ 25 წლის იყო, ახლა 58 წლისაა.

- მინდოდა, არქიტექტორი გამოვსულიყავი, თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანე. მოგვიანებით სარეჟისორო ფაკულტეტიც დავამთავრე.

(იხილეთ: ბურნუთა, მაყვალა, ბოლოკა, აკიმი, ჩიორა და სხვანი - როგორ გამოიყურებიან ცნობილი კინოგმირები დღეს)

- თქვენი ხმა ტელეეკრანიდან ხშირად მაქვს მოსმენილი.

- ერთხანს უცხოური ფილმების გახმოვანებაზეც ვმუშაობდი, მაგრამ რობერტ სტურუამ მირჩია, გახმოვანებას თავი დაანებე, სასცენო მეტყველებას ვნებსო. ჰოდა, წარსულს ჩავაბარე.

- მიუხედავად იმისა, რომ არაერთი როლი გითამაშიათ თეატრსა თუ კინოში, კინომოყვარულთა მეხსიერებაში თქვენი პირველი კინოროლით დაიმკვიდრეთ ადგილი.

- თავდაპირველად, მე უნდა მეთამაშა ჩიორა, ლევან უჩანეიშვილს - ნიკა და ნინო ბურდულს - მარი. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქუჩაში გოჩა აფციაური აღმოაჩინეს, რომელმაც ჩიორა განასახიერა, მერე ხათუნა ჩაგელიშვილი იპოვეს, მე კი ნიკას როლი მერგო. ხასიათით ჩიორას მეტად ვგავდი, თუმცა ჩემს გარეგნობაში პროვინციაში გაზრდილი ბიჭის იერს ვერ ხედავდნენ. ნიკა ჩემთვის დადებითი გმირია. ადამიანები არ უნდა იჭრებოდნენ ცოლ-ქმრის ცხოვრებაში. ნიკა ყველას ენდობა, ვერ დაუშვებდა, რატომ უნდა შეეხედა მეგობარს მისი მეუღლისთვის... ჩიორაა უარყოფითი გმირი და არა ნიკა - მე ასე ვკითხულობ ამ ფილმს. გადაღებები აფხაზეთში მიმდინარეობდა. ეს იყო ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელმაც აფხაზეთი ფირზე შემოგვინახა. როდესაც სოხუმი დავკარგეთ, თითქმის ყოველ მეორე დღეს გადიოდა "ჩიორა" ტელევიზიით. რამდენიმე ბიჭი, სოხუმელები, რომლებიც ფილმში მოხვდნენ, შემდეგში სოხუმის მიწაზე დაეცნენ. დიდი სინანულით მინდა მოვიგონო ისინი. გადაღებისას ყველა შინ გვეპატიჟებოდა. სადაც ჩიორას ველოსიპედით ავარიის სცენას ვიღებდით, იმ უბანში გიორგაძეებს უცხოვრიათ და ჩემი გვარი რომ შეიტყვეს, მთელი გადამღები ჯგუფი დაგვპატიჟეს და ერთი დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს.

- როლზე მუშაობა ხომ არ გაგიჭირდათ?

- როლზე მუშაობისა რა გითხრათ, მხოლოდ ის ართულებდა საქმეს, რომ ორ არაპროფესიონალ მსახიობთან ვთამაშობდი. მათ ყველა ნიუანსის ახსნა სჭირდებოდათ, მე სულ მეორე პლანზე ვიყავი. ერთადერთი დირექტივა მომცეს, შენ არ უნდა მოეწონო მაყურებელსო. მერე ხუმრობდნენ, მთელი ფილმი ისე ითამაშა, ერთი კითხვაც არ დაუსვამს რეჟისორისთვისო. რა კითხვა უნდა დამესვა, რას ვთამაშობდი, მე თვითონაც არ ვიცოდი, თავიდან ბოლომდე იმპროვიზაციაზე ვიყავი გადართული და მარისა და ჩიორას თამაშზე ვეწყობოდი. საოცარი სიყვარული დაიმსახურა ამ ფილმმა. დღემდე ეს როლი ჩემი სავიზიტო ბარათია. ფილმის გამოსვლის შემდეგ ახლობლები მეხუმრებოდნენ, იმ გოგოს შენარჩუნება თუ არ შეგეძლო, რას მიგყავდა, შე გაჭირვებულოო... მაყურებლები მეკითხებოდნენ, რატომ არ გადმოხტი მატარებლიდანო? მეც სიცილით ვპასუხობდი, გინდოდათ, ხეიბარი დავრჩენილიყავი, რომ სხვა როლები ვეღარ მეთამაშა-მეთქი?

- როგორც ვიცი, "ჩიორას" შემდეგ კიდევ 4 ფილმში ითამაშეთ. ახლა რაზე მუშაობთ?

- ახლახან მეხუთე ფილმში გადამიღო გიორგი ოვაშვილმა. ოჯახის უფროსს ვასახიერებ, ვისთანაც პრეზიდენტი უსაფრთხოდ გრძნობს თავს. აღფრთოვანებული ვარ გიორგი ოვაშვილით - როგორ მუშაობს, როგორ ეფერება ამხელა კოლექტივს. ძალიან საგულისხმო მინიშნებები მომცა როლზე მუშაობისას.

- თეატრში ნათამაშები როლებიდან რომელია განსაკუთრებულად საყვარელი?

- ალბათ, "მეფე ლირში" ედგარი. სხვათა შორის, ეს სპექტაკლი ამერიკაში რომ ჩავიტანეთ, იქაც აღნიშნეს.

- კინო უფრო ახლობელია თუ თეატრი?

- თუ წარმატებებზე ვისაუბრებთ, ვერც თეატრში და ვერც კინოში ვარსკვლავები ვერ მოვწყვიტე. ასაკის მატებასთან ერთად ვრწმუნდები, რომ არქიტექტურაში მეტ წარმატებას მივაღწევდი. კრწანისში მაქვს აგარაკი. სახლი ჩემი ხელით ავაშენე. შენებაში თუ ყველაფერს ვართმევ თავს, სამსახიობო პროფესიაში, ალბათ, ასეთი ვერ ვარ.

- ოჯახზე მიამბობთ?

- გვიან დავოჯახდი. ჩემი მეუღლე კორნელი კეკელიძის შვილთაშვილია - ირმა კეკელიძე. პროფესიით ექიმი გახლავთ. მამა 44 წლის ასაკში გავხდი. ერთი ვაჟი გვყავს. ვცხოვრობ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. დავდივარ ბაზარში, მშობელთა კრებებზე, შეძლებისდაგვარად ვეფერები სამეგობროს, ქვეყანას, ვუვლი ცოლ-შვილს და არ ვღალატობ რუსთაველის თეატრს.

იხილეთ ასევე: "ჩიორა" მე მგავს, სულაც არ მითამაშია"

ეკა სალაღაია