"იქნებ ვინმემ ითავოს ქართული ალპინიზმის ისტორიის შექმნა-გამოცემა"
13-06-2016
"იქნებ ვინმემ ითავოს ქართული ალპინიზმის ისტორიის შექმნა-გამოცემა"
ამ ულამაზესი და სარისკო სპორტის სათავე შორეულ წარსულში უნდა ვეძიოთ. ის ვაჟკაცობის, გულადობის საჯილდაო ქვა იყო. იოანე ბაგრატიონის წიგნში, "კალმასობა", ნახსენებია, რომ ერეკლე მეფის დროს ვინმე იოსებ მოხევემ რომელიღაც მწვერვალი დაიპყრო. სავარაუდოდ, ეს მწვერვალი იალბუზია.

ოფიციალური წყაროებით, მსოფლიოში ალპინიზმის ისტორია იწყება 1786 წლიდან, როდესაც ალპების უმაღლეს, 4810 მ-იან მწვერვალ მონ-ბლანზე ავიდნენ ჟაკ-ზალმა და ექიმი პიკარი.

საბჭოთა მთამსვლელობა კავკასიონის პირმშოა და მას აღიარება ქართველ მთამსვლელთა ოსტატობამ და ენთუზიაზმმა მოუპოვა. 1923 წელს
ქართველ მთამსვლელთა ორი ჯგუფი ავიდა "მყინვარწვერზე". პირველს ხელმძღვანელობდა ქართული სპორტის დიდი მოამაგე გიორგი ნიკოლაძე, მეორეს - პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე. ამ ჯგუფების 18-კაციან ექსპედიციაში 5 ქალი მონაწილეობდა. ამ საშვილიშვილო საქმეს სათავეში ედგნენ სასიქადულო მამულიშვილები - მწერლები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები. მათ ყველაფერი გააკეთეს ქართული ალპინიზმის მომავლისათვის,
რასაც ადასტურებს შემდგომ მრავალი მიღწევა.
თუ 1923 წელს მყინვარწვერის დაპყრობას პირველ ოფიციალურ ასვლად მივიჩნევთ, მაშინ ქართული ალპინიზმი 90 წელზე მეტს ითვლის, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა.

30-იანი წლებიდან ქართულ ალპინიზმს სათავეში ჩაუდგა ლეგენდარული მთამსვლელი ალექსანდრე ჯაფარიძე. 1934 წელს მისი ხელმძღვანელობით ავიდნენ ტექნიკურად ურთულეს მწვერვალ უშბაზე, რაც საბჭოთა ალპინიზმის მნიშვნელოვან გამარჯვებად შეფასდა. 1950 წელს ერთობლივი ტრავერსები განხორციელდა უშბისა და შხელდის მასივებზე ვანო (კაკო) მარის ხელმძღვანელობით.
ქართული ალპინისტური სკოლა, სადაც წამყვან რგოლს სვანი ალპინისტები წარმოადგენენ, იპყრობენ კავკასიონის, პამირისა და ტიან-შანის უმაღლეს მწვერვალებს. უამრავმა მთამსვლელმა, უდიდესი თავგანწირვის წყალობით, სახელი გაუთქვა ქართულ ალპინიზმს. მათ შორის იყვნენ ალექსანდრე ჯაფარიძე, გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებისა და ჭიჭიკო ჩართოლანის ჯგუფები, ტექნიკური ასვლების დიდოსტატი, "კლდის ვეფხვი" მიხეილ ხერგიანი, სიმაღლოვან ასვლათა ინიციატორი ჯუმბერ მეძმარიაშვილი...
ქართველ მთამსვლელთა მონაწილეობითა და დახმარებით მოეწყო არაერთი სამეცნიერო ექსპედიცია საქართველოს მთიანეთის შესასწავლად. მათი დამსახურებაა კლდეზე ცოცვის დაფუძნება საქართველოში.

ჩვენმა მთამსვლელებმა გაჭირვებისას მრავალი ალპინისტი გადაარჩინეს. გულსატკენია, რომ დღეს აღარავის ახსოვს II მსოფლიო ომის ვეტერანები - გაბრიელ და ბექნუ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართოლანი, გოჯი ზურებიანი, მაქსიმე გვარლიანი, ალმაცგირ კვიციანი... ისინი იცავდნენ კავკასიონის უღელტეხილებს, მათ ჩამოხსნეს იალბუზიდან ნაცისტური დროშა და განდევნეს გერმანული სამთო ნაწილები.
სამწუხაროდ, მთებთან ჭიდილს ბევრი შეეწირა. ტიან-შანიდან დაშვებისას დაიღუპნენ ილია გაბლიანი, ჯუმბერ მეძმარიაშვილი და თეიმურაზ კუხიანიძე, 1969 წლის ივლისში იტალიაში, "სუალტოს" მწვერვალიდან ქვათაცვენისას დაიღუპა მიხეილ ხერგიანი. ამის გამო იტალიაში ეროვნული დროშაც კი დაუშვეს.

პატივი უნდა მიეგოს ჩვენი მთამსვლელების სიმამაცეს, მომზადდეს მათი გარჯის ამსახველი წიგნი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უთუოდ უნდა ითავოს ქართული ალპინიზმის ისტორიის შექმნა-გამოცემა. მართალია, ეს შრომატევადი საქმეა, მაგრამ, ვფიქრობთ, ბიზნესმენები, მთამსვლელები, მეცნიერები, ჟურნალისტები, მწერლები - საერთო საქმისათვის ხელს გამოიღებენ.

შოთა ჩართოლანი

ჩვენი ალპინისტების პირველი ტრაგედია უცხოეთის მთებში


1961 წლის აგვისტოში, ტიან-შანზე, 7-ათასმეტრიან მწვერვალ "პობედაზე" სამი ქართველი მთამსვლელი დაიღუპა: ილია გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი. ილია გაბლიანმა და თემურ კუხიანიძემ 25 აგვისტოს ღამე მწვერვალის წვერზე, ყინულში წვალებით გაჭრილ პატარა ბაქანზე, საძილე ტომრებისა და კარვის გარეშე გაატარეს. ხელ-ფეხი მოეყინათ, ილიას სხეული გადაუცივდა. მეორე დილით გაჭირვებით შეძლო კუზმინთან და მეძმარიაშვილთან ჩასვლა, მეორე დილით დაიჩივლა, ღვიძლი მაწუხებსო. კარვის წინ ჩამოჯდა და გარდაიცვალა. ჯუმბერ მეძმარიაშვილმა, თეიმურაზ კუხიანიძემ და კირილ კუზმინმა საძილე ტომარაში ჩასვენებული გაბლიანი კარავში გაახვიეს, კლდეზე მიაბეს და ჯუმბერის წერილი დატოვეს: "ილია გაბლიანი 1961 წლის 27 აგვისტოს, დილით, მწვერვალ "პობედას" ქედზე, თითქმის 7 ათას მეტრზე, მზეზე გასათბობად ჩამომჯდარი გარდაიცვალა." თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი ალბათ ვერც იფიქრებდნენ, რომ თავადაც "პობედას" პიკის ფერდობებზე დაასრულებდნენ სიცოცხლეს, ისინი ერთმანეთის მიყოლებით დიდი სიმაღლიდან მოწყდნენ. მეგობრებმა ორივე თბილისში, ერთმანეთის გვერდით მიაბარეს დიდუბის პანთეონის მიწას (19 წლის მერე მამის, ჯუმბერ მეძმარიაშვილის გვერდით დაკრძალეს მისი ვაჟიშვილი დავითი, რომელიც პამირზე, მწვერვალ "როსიას" ფერდობზე ჩამოსვლისას დაიღუპა). ილიკო გაბლიანის ცხედრის ჩამოსვენება კი ვერაფრით მოხერხდა და იგი "პობედას" ფერდობზე, 7000 მეტრის სიმაღლეზე განისვენებს.

2 500 წლის წინანდელი წერაყინი

ქართულ ალპინიზმს სატრაბახო ნამდვილად აქვს - სპორტის ოსტატმა, არქეოლოგოსმა შოთა ჩართოლანმა, სვანეთში 2500 წლის წინანდელი წერაყინის ანალოგი, მთასა და ყინულზე სასიარულო იარაღი აღმოაჩინა, რომელიც ტექნიკურად ძალიან დახვეწილი იყო. ამიტომ ნაკლებად გასაზიარებელია აზრი, რომ ალპინიზმს საფუძველი საქართველოში ერეკლეს მეფობისას ჩაეყარა ("ვინმე მღვდელი იოსებ მოხევე ავიდა მყინვარსა მწვერვალსა ზედა, ნახა იქ კარავი მამამთავრისა აბრაამისა და ნაჭერი კარვისა მიართო ერეკლე მეფეს", - იოანე ბატონიშვილი, "კალმასობა"). 1929 წელს დიმიტრი გიორგიძის, ალექსანდრე ჯაფარიძისა და ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით, სპეციალისტების ჯგუფმა სამაჩაბლოში, იალბუზად წოდებულ მწვერვალზე ძელებით ნაგები სალოცავი და საფლავი ნახეს, რაც ნიშნავს, რომ იქ დიდი ხნის წინ ადიოდნენ ადამიანები... მყინვარწვერის კალთაზე აღმოჩენილია ბეთლემის მეუდაბნოე განდეგილ მამათა ქვაბულები.

თამაზ არეშიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით