ცალფეხა მთამსვლელი მსოფლიოს გაოცებას აპირებს
25-06-2016
ცალფეხა მთამსვლელი მსოფლიოს გაოცებას აპირებს
"რამდენიმე ამპუტანტს გვინდა, მთამსვლელობა ვცადოთ, მსოფლიოში ცალფეხა ალპინისტი არავის უნახავს, თუ დაგვაფინანსეს, ავალთ"

გუნდში 74 წლის ბაბუც თამაშობს, პოეტი, გიორგი ლეონიძის პრემიის ლაურეატი ზურაბ მამულაშვილი. გვინდა, გინესის წიგნში შევიყვანოთ - მსოფლიოს არ ახსოვს, მოქმედ გუნდში ამ ხნის მოთამაშე ყოფილიყოს


19 წელი აფხაზეთის ომში შეუსრულდა - ბატალიონ "ავაზაში". მამუკა გელაშვილმა, რომელსაც ომმა ვერაფერი დააკლო, რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში ცალი ფეხი დაკარგა. დღეს ვაზისუბანში, ერთ სადურგლოში მარტო ცხოვრობს. ომის ვეტერანი წარმატებული ფეხბურთელია,
ჯომარდობითაცაა გატაცებული და მალე ცალფეხა მთამსვლელი მსოფლიოს გაოცებას აპირებს.

- სურამში დავიბადე. 18 წლის ვიყავი, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო. ჯარში ვმს­ა­ხურობდი, ნაწილი მივატოვე და სოხუმში­ გადავფრინდი. ჩემი ბიძაშვილი, თემურ გელ­აშვილი, ბატალიონ "ავაზას" მეთაური იყო, რომელიც გია ყარყარაშვილს ექვემდებარებოდა. ომი დიდი საშინელებაა, თვალწინ მეგობრები და ტერიტორიები
გეკარგება. მიჭირს ამაზე საუბარი... ორი კონტუზია მივიღე, ბევრჯერ გადავურჩი სიკვდილს. ომიდან ასე თუ ისე, მრთელი ჩამოვედი, მაგრამ 1996 წელს ავტოკატასტროფაში ფეხი დავკარგე.

ვერ ვიტყვი, რომ ამაო იყო ჩვენი ბრძოლა. პოლიტიკოსებმა უღალატეს სამშობლოს, თორემ ჩვენი ვალი პირნათლად მოვიხადეთ. გია ყარყარაშვილი ხელისგულზე სატარებელი ადამიანია, მაგრამ ვინ დაუფასა გმირობა? ეს უფეხო კაცი აგვისტოს ომშიც ვაპირებდი წასვლას. გიამ არ გამიშვა - ფიცხი ხარ, ომში აღარ გამოდგებიო.

- თქვენ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ­ ვერეს ხეობის გაწმენდით სამუშაოებშიც მონაწილეობდით.

- ვეტერანები რამდენიმე დღე მიწას და ლამს ვყრიდით, ვერეს ხეობას ვასუფთავებდით. ისეთი ერთსულოვნება და შემართება იყო, დაღლა არავის გვიგრძნია.

- თქვენს სპორტულ ცხოვრებასა და მიღწევებზეც გვესაუბრეთ...

- სპორტი ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი გახდა. ამპუტანტ ფეხბურთელთა თბილისის გუნდში ვთამაშობ. არასოდეს წაგვიგია. დროდადრო ვმონაწილეობ მარათონში - კილომეტრებს­ დავრბივარ. შარშან მონაწილეობა მივიღე ბორჯომში, ჯომარდელთა შშმ პირების გუნდების შეჯიბრებაში. 6 გუნდი იყო, ჩვენ გავიმარჯვეთ. 26 ივნისს კვლავ მივდივარ ჯომარდობაზე. რამდენიმე ამპუტანტს გვინდა, მთამსვლელობა ვცადოთ, მსოფლიოში ცალფეხა ალპინისტი არავის უნახავს, თუ დაგვაფინანსეს, ავალთ. გარდა ამისა, ვარ საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობაში, ასე რომ, აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ. 2000 წელს ორ მეგობართან ერთად ხის დამმუშავებელი საამქრო გავხსენი - ფირმა "არგო". საბავშვო ბაღისთვის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს, ასაწყობ დეტალებს ვამზადებდით. ახლა უსახსრობის გამო ვერ ვამუშავებთ.

არც სახლი მაქვს, არც კარი, არც ოჯახი. სადურგლოში ვცხოვრობ. მაინც არ ვემდური ბედს, საუკეთესო მეგობრები მყავს, რომლებიც სიცოცხლის სტიმულს მაძლევენ.

მამუკას მეგობარი და ამპუტანტ ფეხბურთელთა თბილისის გუნდის კაპიტანი გიორგი­ ხვედელიძე შემოგვიერთდა:
- ფეხის დაკარგვამდე (ფეხი ლიანდაგში ჩამყვა და მატარებელმა მომაწყვიტა), სპორტსმენი ვიყავი.­ მამუკა გუნდის მცველია და ცნობილი ფილმის პერსონაჟისა არ იყოს, მეხუმრებიან ხოლმე, - ხვედელიძე, დაცვას მიხედეო. ჩვენი გუნდის მწვრთნელი თამაზ შამუგიაა. გუნდში თამაშობენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანები, შშმ პირები. სიმონ შამანაური გაეროს ეგიდით იმყოფებოდა ჰაიტიზე სამუშაოდ. მიწისძვრის დროს ნანგრევებში მოყვა და ფეხი დაკარგა.­ გუნდში 74 წლის ბაბუც თამაშობს, პოეტი,­ გიორგი ლეონიძის პრემიის ლაურეატი ზურაბ მამულაშვილი. გვინდა, გინესის წიგნში შევიყვანოთ - მსოფლიოს არ ახსოვს მოქმედ გუნდში ამ ხნის მოთამაშე ყოფილიყოს. შარშან მოსკოვში მსოფლიო შესარჩევ ტურნირზე ვიყავით და ბაბუმ გოლით გაგვახარა. ისეთი პირობები გვაქვს, შეიძლება უმაღლესი ლიგის გუნდებს არ ჰქონდეთ - ახალი დარბაზი, ტრენაჟორები, საშხაპეები.

სპორტის გამოისობით ბევრი ცხოვრებაზე ხელჩაქნეული გამოგვიყვანია დეპრესიიდან. თეა სამხარაძეს განგრენა დაემართა, სამჯერ გაუკეთეს ოპერაცია, ბოლოს ფეხი ფოსოდან ამოუღეს... ხმას არავის სცემდა, ოჯახის წევრებსაც კი არ ეკონტაქტებოდა. ქმარმა საავადმყოფოშივე­ მიატოვა. ჩვენთან ურთიერთობის მერე გამოვიდა მდგომარეობიდან, აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა, დაიწყო მუშაობა, გათხოვდა, ბავშვიც ეყოლა. დღეს ჯომარდობაში საქართველოს ჩემპიონია.

2015 წლის დეკემბერში მექსიკაში უნდა წავსულიყავით, ჩემპიონატზე, მაგრამ ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგის პრეზიდენტმა უარი გვითხრა - თანხები ვერ მოვიძიეთო.­ იმ პერიოდში ჩატარდა საქართველოს თასის­ გათამაშება და ჩვენმა გუნდმა, რომელიც ორგზის საქართველოს ჩემპიონია და ორგზის სუპერთასის მფლობელი, გაიმარჯვა. ლიგის პრეზიდენტი თურმე ჩვენი საპრიზო ფონდის ფულით (3.000 ლარი) მექსიკაში წავიდა ჩემპიონატზე.

ახლა ჩამოვაყალიბეთ ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაცია და ფეხბურთის ფედერაციაში შეტანილი გვაქვს განაცხადი. როგორც კი ფედერაციის წევრი გავხდებით, ჩემპიონატსაც დაგვიფინანსებენ. ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრების მერე დამოუკიდებლადაც შევძლებთ თანხების მოძიებას.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით