დიპლომატი ბალერინა - გოგონათა კორპუსის მისია საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

დიპლომატი ბალერინა - გოგონათა კორპუსის მისია საქართველოსთვის

"ამერიკაში, საბალეტო სკოლაში სწავლის პარალელურად, დასშიც ვცეკვავდი და მომავლისკენ გზას ვიკაფავდი. ამასთან, ალაბამის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავამთავრე"

ამას წინათ ვზივარ ტელევიზორთან და რას ვხედავ - დიასპორის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო ახალგაზრდა ელჩების კორპუსს ხვდება, სულ 8 ელჩია, რვავე გოგონა! ბევრს აღარ გავაგრძელებ და მხოლოდ იმას გავიხსენებ, რაშიც ვერავინ შემეკამათება, - ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა ელჩობის ისეთი მისია, როგორიც სწორედ ქალმა ელჩებმა, კრავაი ჯაყელმა და ხუაშაქ ცოქალმა შეასრულეს, რომლებიც ასევე ქალმა, მეფე თამარმა გაგზავნა აჯანყებული ფეოდალების დასამშვიდებლად!.. აი, ამ განწყობითა და სურვილით ამ რვა გოგონაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკაში, ანა ლეჟავა მოვძებნე და დაწვრილებით გამოვკითხე, რა მისიას ასრულებს ჩვენი ქვეყნისთვის. აქვე უნდა ვთქვა, რომ ანამ, რომელიც ჩემდა გასაკვირად, ბალეტის მოცეკვავე აღმოჩნდა, მომავლის იმედი გამიჩინა...

ახალგაზრდა ელჩები საქართველოდან - 7 ევროპაში, 1 - ამერიკაში!

- ანა, მოულოდნელი იყო გოგონას ელჩის რანგში ხილვა. ვინ დაგაკისრათ ეს მისია?

- ეს ინიციატივა ეკუთვნის ჰამბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ რატი ბრეგაძეს. მან ჩაუყარა საფუძველი მსოფლიოში უპრეცედენტო ახალგაზრდა ელჩების კორპუსის ჩამოყალიბებას, რაშიც საქართველოში სხვადასხვა სამინისტრო დაეხმარა. ჩვენი მისიაა, ქართული საქმე ვაკეთოთ და იმ ქვეყნებში, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ.

- ამერიკაში როდის წახვედით?

- თბილისში, ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში ვსწავლობდი. დილით რომ შევდიოდით გოგონები, გვიან საღამოს გამოვდიოდით შენობიდან - მთელი დრო ბალეტს ეთმობოდა, ამით ვცხოვრობდით. ასე რომ, ბალეტის შესწავლა აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა უცხოეთში. ვოცნებობდი, რომ ეს ქვეყანა ამერიკა ყოფილიყო... სურვილი ამიხდა - 15 წლისა ცნობილმა მოცეკვავემ, ოლეგ ვინოგრადოვმა ვაშინგტონში, თავის საბალეტო სკოლაში მიმიწვია. ეს ძალიან მაღალი დონის რუსულ-ამერიკული საბალეტო სასწავლებელია, რომლის გახსნაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამერიკის პრეზიდენტს, უფროს ბუშს. სწავლის პერიოდში გოგონათა საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, დღეში 9 საათს ვცეკვავდი და იმდენად ვიღლებოდი, სულ ვტიროდი, თან ახლობლები მენატრებოდა. ამიტომაც, როცა თბილისში პირველად ჩამოვედი, წასვლა აღარ მინდოდა, მაგრამ თავს ვძლიე და უკან დავბრუნდი. ეს ჩემი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო... ახლა კარგად ვხვდები, თუკი სისუსტეს დანებდი, მიზანს ვერასდროს მიაღწევ. საბალეტო სკოლაში სწავლის პარალელურად, დასშიც ვცეკვავდი და მომავლისკენ გზას ვიკაფავდი. დღეს უკვე თავად ვასწავლი გოგონებს ცეკვას. მათთან მუშაობა ძალიან მახალისებს. ამასთან, ალაბამის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავამთავრე. ასე გავიდა 11 წელიწადი. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული ადამიანი ვარ. თუმცა ამ წლების განმავლობაში არ მქონია არც ერთი დღე, ჩემს ოჯახზე რომ არ მეფიქრა. მენატრებოდა ბებო, მშობლები, მეგობრები, ჩემი თბილისი. ამაზე ფიქრი სულ დამყვება.

- ახლა მივხვდი, რატომ მიიღეთ საქართველოს ახალგაზრდა ელჩების კონკურსში მონაწილეობა...

- რთული კონკურსი იყო და რამდენიმე ეტაპი გავიარეთ. ბოლო კითხვა ასეთი იყო: რას გავაკეთებდი ამერიკაში საქართველოსთვის? ვუპასუხე, რომ ყველაფერს! მე ქორეოგრაფი და ბალერინა ვარ. ამერიკელებისთვის ჩვენი ქვეყნის გასაცნობად, ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური მაინც ქართული ცეკვაა - შეიძლება ქართველმა კაცმა ინგლისური არ იცოდეს და საქართველოზე ამერიკელებს სიტყვით ვერაფერი მოუთხროს, მაგრამ სხეულის ენით ყველაფერს გააგებინებს - ჩვენს ცეკვაში გამოხატული ქართული სული, კულტურა ნებისმიერ ადამიანს აღაფრთოვანებს...

ერთი ასეთი საღამო უკვე ჩავატარე. იქაურმა მეგობარმა უფასოდ დამითმო საცეკვაო დარბაზი, სადაც ამერიკელი და ქართველი ბავშვები მივიწვიე ქართული ცეკვის შესასწავლად. პატარებს ისე მოეწონათ, სცენიდან ვეღარ ჩამოვიყვანე. ამერიკელებს ჩვენი ცეკვების შესწავლა თუნდაც იმიტომ აინტერესებთ, რომ ეს სხვადასხვა ეთნოსისგან შემდგარი ხალხია და ყველა კულტურა აინტერესებთ. იქაური ქართველი ბავშვების ცეკვებში კი გენეტიკა ჩანს. ერთი გოგონას დედა ამბობდა, არასოდეს უცეკვია ქართული, მაგრამ ახლა ხელი გაშალა და რაღა გააჩერებსო... სხვათა შორის, "ხორუმის" დადგმას ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, მოეწონებათ... სხვა რომ ვერაფერი გაიგონ საქართველოზე, ამ ცეკვაშიც იკითხება ჩვენი ქვეყნის ისტორია.

- ოცნებების ამსრულებელი ამერიკიდან როგორ მოჩანს ჩვენი ქვეყანა?

- ამერიკა მართლაც ოცნებების სამყაროა, მაგრამ აქ ურთიერთობები განსხვავებულია - შეიძლება ერთ შტატში დაიბადო და მეორე შტატში წახვიდე სამუშაოდ, მთელი ცხოვრება მოწყვეტილი იყო ოჯახსა და ახლობლებს... ჩვენი სამშობლო კი იმდენად მყუდროა, იმდენად პატარა, რომ დედას, მამას, დას, ბებიას შეიძლება ყოველდღე შეხვდე და ამით ბედნიერი იყო... ასე რომ, ქართველებსაც გვაქვს ჩვენებური ბედნიერება...

- თუმცა აქ წარმატების მიღწევა ჭირს.

- ასე არ არის! თუ მიზანს დაისახავ და იშრომებ, წარმატებას ყველგან მიაღწევ! მაგალითად ჩემს დას მოვიყვან - თბილისში ცხოვრობს, კონსერვატორია დაამთავრა და იმდენად წარმატებული მუსიკოსია, რომ ახლა კარნეგი-ჰოლში უნდა დაუკრას! ასე რომ, მომავალი ჩვენშია - თუ მოვინდომებთ, უსათუოდ ვიქნებით წარმატებული. ამისთვის ყოველი დღე დაქანცვამდე უნდა იშრომო. მე მჯერა ჩემი თაობის. მოვა დრო, როცა ყველა ანგარიშს გაგვიწევს!

ეთერ ერაძე