"იყავით ლაღები, არ იჩქაროთ გაზრდა" - კვირის პალიტრა

"იყავით ლაღები, არ იჩქაროთ გაზრდა"

"17 წლის გავთხოვდი. ბექა 21 წლის იყო. ყველაფერი თავისთავად აეწყო. ძალიან ღირსეულად ეჭირა თავი. სწორედ ამით მომხიბლა. ჩემს გრძნობებში ეჭვი არ მეპარებოდა. ქმარი ყოველთვის ხელს მიწყობდა და დღესაც გვერდში მიდგას"

მოდელი და ჟურნალისტი მანიკა ასათიანი ერთი იმ იშვიათთაგანია, რომლის სახელსაც სკანდალები არ უკავშირდება, თუმცა პოპულარობა არ აკლია...

- თავდაპირველად მომღერლობაზე ვოცნებობდი. დედამ ვოკალის პედაგოგთან მიმიყვანა. ცეკვაზეც დავდიოდი, მაგრამ ჩემი დის ხათრით. თითქმის ტოლები ვართ, ამიტომ ორივეს ერთად გვატარებდნენ სიმღერაზეც და ცეკვაზეც.

მე და ჩემს უახლოეს მეგობარს და მერე - მეჯვარეს, ერთად უამრავი სახალისო ამბავი გადაგვხდენია. მოწაფეობისას მაღალკლასელი ბიჭები მოგვწონდა. სკოლის დერეფნებში დავსეირნობდით ხოლმე, რომ ჩვენი მოწონებული ბიჭისთვის მოგვეკრა თვალი. ახლა რომ ვიხსენებ მაშინდელ საქციელს, მეცინება.

- როგორც მახსოვს, "ჯეოსტარში" გამოხვედი...

- პროექტში 16 წლიდან შეეძლოთ მონაწილეობის მიღება, მე 12 წლისამ გავრისკე და კასტინგზე გავედი. 1.75 მ სიმაღლისა ვიყავი და 20 წლის გოგოს ვგავდი. დუტა სხირტლაძე იქ გავიცანი. მითხრა, შენხელა შვილი მყავსო და ძალიან მგულშემატკივრობდა. ჟიურის წევრები დათო დოიაშვილი, ნატო მეტონიძე და ნიკა მემანიშვილი იყვნენ. მესამე ტურში გადავედი. შემდეგ კრება ჩატარდა, სადაც გამონაკლისის დაშვებაზე მსჯელობდნენ. გადაწყვიტეს, მხოლოდ დასკვნით კონცერტზე მემღერა, როგორც ჟიურის სიმპათიას. ამასობაში გიორგი ოვაშვილმა გადამიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში "კავშირი". პირველი ჰონორარით მუსიკალური ცენტრი შევიძინე.

- ტელევიზიაში როდის და როგორ მოხვდი?

- დილის პროგრამის წამყვანმა გვანცა დარასელიამ დამირეკა - მითხრა, ამინდის პროგნოზის წამყვანს ვეძებთო. მთხოვა, მივსულიყავი. შემამოწმეს და ამიყვანეს. მაშინ 15 წლის ვიყავი.

- პირველად კამერის წინ ალბათ ღელავდი...

- სიმართლე გითხრათ, არა. ალბათ ბავშვი რომ ვიყავი, ამიტომაც არ მეშინოდა და ბუნებრივად მეჭირა თავი.Y ისე, დღემდე ასეა - პირდაპირი ეთერისას არასოდეს ვნერვიულობ.

- პროფესია როგორ აირჩიე?

- ვფიქრობდი, რომ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარებდი, მაგრამ ტელევიზიაში გამოჩენის დღიდან მივხვდი, რომ ჩემი სფერო ვიპოვე.

- მოდელიც თინეიჯერობისას გახდი?

- 14 წლის ასაკში ბებიას თხოვნით "ელიტ მოდელ ლუქში" მივედი. პრანჭია მოზარდი არ ვყოფილვარ. რეზინობანას და წრეში ბურთს დიდხანს ვთამაშობდი. მაკიაჟს არ ვიკეთებდი და დედაჩემის შერჩეულ სამოსს ვიცვამდი. ქუსლიანი ფეხსაცმელი სპეციალურად კასტინგისთვის შევიძინე. პოდიუმზე ერთხელაც არ წავბორძიკებულვარ. 800 გოგონადან ტოპ-ოცეულში მოვხვდი.

- პირადი ცხოვრებისთვის დრო გრჩებოდა?

- 17 წლის გავთხოვდი. ბექა 21 წლის იყო. პირველად "ჯეოსტარის" სცენაზე მნახა, შემდეგ გადაღებებზე შევხვდით. საბოლოოდ, საერთო ნაცნობებმა დაგვაახლოეს. ერთხელ "ელიტ მოდელ ლუქის" ჩვენება მიმყავდა და იქ მომაკითხა. მალევე გორში ჩვენება გაიმართა და ბექამ წამიყვანა. მოკლედ, ყველაფერი თავისთავად აეწყო. ძალიან ღირსეულად ეჭირა თავი. სწორედ ამით მომხიბლა. ჩემს გრძნობებში ეჭვი არ მეპარებოდა. ქმარი ყოველთვის ხელს მიწყობდა და დღესაც გვერდში მიდგას.

- მშობლებმა შენი ნაადრევი გათხოვება არ გააპროტესტეს?

- როცა ბექა მშობლებს გავაცანი, მისი თვისებების გამო შეიყვარეს. მოზარდობისას და ახლაც დედ-მამასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ჩემი მესაიდუმლეები არიან. 43-44 წლისანი არიან - ჩემზე ბევრად უფროსები.

პირადულ საკითხებზე საჯაროდ არ ვლაპარაკობ. არა მგონია, ჩემი პირადი ცხოვრება ვინმესთვის საინტერესო იყოს - ისეთი მრავალფეროვანი არ არის, რომ ვიღაცას ჭორაობის საბაბი მივცე. ჩვეულებრივი ქართული ოჯახი და სამსახური მაქვს. მგონი, თვალში ზედმეტად არავის ვეჩხირები.

- თინეიჯერ გოგონებს რას ურჩევდი?

- არ დაკარგოთ ინდივიდუალურობა. იყავით ლაღები, არ იჩქაროთ გაზრდა. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

თათული ღვინიანიძე