პატარა საქართველო ბრუკლინში - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ამერიკული დღიურები
13-06-2016
პატარა საქართველო ბრუკლინში - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ამერიკული დღიურები
შეკითხვაზე: როდის აპირებთ საქართველოში დაბრუნებას? თითქმის ყველასგან ერთი და იგივე პასუხი მივიღე: - არ ვიცი!..

ყველაფერი მოულოდნელად მოხდა - "პალიტრანიუსის" სამონტაჟო ოთახში შესულს პროდიუსერმა­ მითხრა: მოემზადე, ამერიკაში მიდიხარ რეპორტაჟების მოსამზადებლადო. უეც­რად თავდაყირა დადგა ჩემი, მანამდე გავლილი 29 წელი. შემდეგ იყო საბუთების შეგროვება, საელჩოში ვიზის მოცემა-არმოცემის მოლოდინი... საელჩოდან მეორე დღესვე მოვიდა თანხმობა...

22 მაისი, თბილისი-სტამბოლი-ნიუ-იორკი. ავფრინდით! თვალები მოვიფშვნიტე. ილუმინატორიდან უსასრულო ქათქათა ღრუბლებს გავყურებ... უნდა ვაღიარო, სიმაღლის მეშინია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა,
როცა ისე გადავუფრინეთ ოკეანეს, რომ ტურბულენტურ ზონაშიც კი რამდენიმე ძლიერ რხევას არ შევუშინებივარ. ან სად არის შიშის დრო, ოცნების ქალაქისაკენ გრძელი გზა სულ უფრო მოკლდება.

13-საათიანი მგზავრობის შემდეგ ნიუ-იორკში, ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში ვარ. ქართველი ბიჭისა და შუახნის მამაკაცის საოცრად ემოციურ შეხვედრას შევესწარი - მამა-შვილი
12 წლის შემდეგ პირველად შეხვდა ერთმანეთს. აეროპორტიდან გზას სახლამდე მასპინძლის ავტომობილით ვაგრძელებ. ათი დღე ბრუკლინში ვიცხოვრებ...

ქართული გადაძახილები...

მასპინძელმა იმავე დღეს შემომატარა­ ბრუკლინის ცენტრალური ქუჩა, ბრაიტონ ბიჩზე (ბრუკლინის სამხრეთით) ოკეანის სან­აპიროზე გავისეირნეთ. გზად პატარა თით­ქმის ერთმანეთის მსგავს აგურის სახლებს ვაკვირდები, პატარა ეზოები ხე-ბუჩქნარითა­ და ყვავილებით არის აბრიალებული. ასეთი სახლები მანამდე ფილმებში მინ­ახავს და ყოველთვის ბუტაფორია მეგონა. მასპინძელი­ მიხსნის, - მთელ ამერიკაში ბრუკლინში­ ყველაზე მეტი ქართველი­ ცხოვრობსო.­ საქართველოდან დროებით წასული ემიგრა­ციის დიდი ნაწილი სწორედ ბრუკლინსა­ და ბრაიტონ­ ბიჩზე­ სახლდება. როგორც აქაური ქართველები მეუბნებიან, თავიდან ყველას უჭირს სამსახურის შოვნა, იშვიათია, ვინმემ ჩასვ­ლისთანავე დაიწყოს მუშაობა, მაგრამ მაინც ფიქრობენ, რომ სწორედ აქ არის ამერიკული ოცნების ახდენის­ დას­აწყისი. მასპინძელი, ვახო ბიძია, მეუბნება,­ რომ ყველაზე მძიმე დღეში მაინც არალეგალები­ არიან, რომლებსაც საქართველოში მიმოსვლის უფლება არა აქვთ... სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ახალგაზრდა წყვილის ქართულ საუბარს მოვკარი ყური, გამეღიმა.

პროდუქტების მაღაზიიდან შუახნის ქალბატონი და პატარა გოგონა გამოდიან. ისევ ქართული საუბარი: - ბები, ნახე, რა ცოტა დაგრჩა ბანანი, ესეც შეჭამე და დიდი გოგო გაიზრდები..."ეს პატარა ამერიკაში დაიბადა და საქართველოს წლების წინ ჩამოსული მშობლებისა და პაპა-ბებიების მონაყოლით იცნობს. ბავშვს ქართულად საუბარი უჭირს... კიდევ რამდენიმე ქართველი ვიცანი იერით, ხშირად - შეწუხებული­ სახეებით. ერთი სიტყვით, ბრუკლინიდან ბრაიტონ ბიჩამდე, გზის ორივე მხრიდან ქართული გადაძახილ-მოკითხვები მესმოდა.
სანაპიროს დათვალიერების შემდეგ, შინ ტაქსით დავბრუნდით. გაგიკვირდებათ­ და, ტაქსის მძღოლიც ქართველი აღმოჩნდა.­ 3 წლის წინ ცხოვრების პირობების გასაუ­მ­ჯობესებლად ჩამოსული, მშენებლობაზე მუშაობდა, ეს ერთი წელია, ტაქსის მძღოლია.
ემოციებით დატვირთულმა პირველმა­ დღემ ჩაიარა. წინ კიდევ 9 დღეა. მანჰეტენი, ბროდვეი, ცათამბჯენები...

"გემო საქართველოდან"

ქუჩაში უამრავი ავტომობილი, სატვ­ი­რთო, ტაქსი და ავტობუსი მოძრაობს. გას­ა­კვირი თითქოს არაფერია, მაგრამ ასეთი გადატვირთული მოძრაობის მიუხედავად, თბილისურ საცობს ვერსად გადავაწყდი. გზას მეტროსკენ მივუყვები."კინგს ჰაი­ვეის"გაჩერებაზე მისვლამდე კვლავ ქართველების დიალოგი მესმის. ფერადკანიანებს და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს თუ არ ჩავთლით და კიდევ ინგლისურენოვან ბანერებს, სულ ვერ ვგრძნობ, რომ ამერიკაში ვარ. გზას ვაგრძელებ. შინდისფერ ბანერზე თეთრი ასოებით აწერია Taste Of Georgia. მის ქვემოთ ქართული წარწერაა - "თონე". შესასვლელთან ორი ქალბატონი ზის. ერთ-ერთი კამერასთან საუბარს ერიდება მხოლოდ იმას გვიმხელს, რომ ძიძად მუშაობს და ყველაზე მეტად საქართველოში დარჩენილი შვილი ენატრება.
მეორე კი მეუბნება, რომ ხაჭაპურს, რაჭულ ლობიანსა და ტორტებს აცხობს..

- ჩურჩხელა, საცივი, მწვადი, ტყემალი,­ აჯიკა - ყველაფერი გვაქვს... ქართველები ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან აქ ხშირად­ მოდიან. ჩვენი ძირითადი მუშტარი ქართველები და რუსები არიან. რამდენიმე­ ერთგ­ული­ ამერი­კელიც გვყავს - ყოველდღე მიაქვთ­ ნიგვზიანი კერძები და სალათები.

რაჭველი ქალბატონი შიგნით მეპატიჟება... ორი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. რასაც­ ველოდი, ის არ დამხვდა, მაგრამ ანაზღაურებით უკმაყოფილო მაინც არ ვარო, - მეუბნება.

ხაშურელი ანა გელაშვილი ოთხი წელია,­ ბრუკლინში ოჯახთან ერთად დასახლდა.­ თონეში მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. თონეში, რომელიც უკვე თითქმის ათი წელია არსებობს, ქართველები მუშაობენ. ერთი პური 2 დოლარი და 50 ცენტი ღირს. გამყიდველის თქმით, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ დღეში 300 პურის გამოცხობა უწევს. წამოსვლისას პური გამ­ომატანეს. გემოთი ჩვენებურისგან დიდად არ განსხვავდება...

"აქ ხეებს დოლარები არ ასხია..."

თონის პირდაპირ ქართული მინერალ­ური წყლის სადისტრიბუციო სატვირთო შევნიშნე. მძღოლი, 26 წლის რუსთაველი ნუგზარ მაჩხაშვილი, დედასთან ერთად­ 7 წელია ბრუკლინში ცხოვრობს. მანამდე სხვა შტატებში ცხოვრობდა. არაერთი სამსახური გამოუცვლია. საქართველოში­ უკანასკნელად ორი წლის წინ ვიყავიო, - მითხრა.

- ეს ქვეყანაც მიყვარს, აუცილებლად დავბრუნდები შინ, მაგრამ აქაურობასაც ვერ მივატოვებ. არ ეგონოს ვინმეს, რომ აქ ხეებს დოლარები ასხია. ათმაგი შრომა და წვალება გვიწვევს ლუკმაპურის მოსაპოვებლად. აქ მარტო ხარ, არავის ძმისშვილი და დისშვილი არ ხარ. არავინ დაგიდგება­ მხარში. ყველაფერში ფულია საჭირო...

აქვეა მარკეტი "დედა ზოია". დახლებზე ქართულ მინერალურ წყლებთან ერთად ქარ­თული გამაგრილებელი სასმელებიც­ ვნახე. ერთგან სწრაფი კვების კუთხეა მოწყობილი - მზარეულები მომხმარებლის თვალწინ ამზადებდნენ კერძებს. თეთრწინსაფრიან მამაკაცს ეტყობა, რომ ქართველია. უხერხულობა რომ თავიდან ავიცილო, ვუახლოვდები და ინგლისურად ვესალმები. გაგიმარჯოსო, - ქართულად მიპასუხა... ავთანდილ აბესაძეც წლების წინ საშოვარზე დროებით ჩამოსულა, მაგრამ უცხო ქვეყანას დიდი ხნით შემორჩენია. შვიდი წელია, ამ მარკეტში მუშაობს. უცხოელ მომხმარებელს ქართულ ხორციან კერძებს უმზადებს. 17 წელია ბრუკლინში ცხოვრობს და მოქალაქეობა მხოლოდ წელს მიიღო, საქა­რთველოსაც სწორედ წელს ნახავს. გული სწყდება, რომ მშობლების და ძმის დაკრძალვას ვერ დაესწრო. მეუღლე ნიუჯერსიში, ერთ ოჯახში მუშაობს, ამიტომ თვეში ერთხელ ახერხებს მის ნახვას - ძალიან მენატრება საქართველო, ჩემი სახლი, შვილები, შვილიშვილები. ადრე აქ უკეთესი სიტუაცია იყო, ახლა ძალიან გაჭირდა, ისე აღარ არის, როგორც ადრე. თუ არ იშრომე, მშიერი მოკვდები."
ისევ ბრუკლინის ცენტრალური ქუჩა. ერთ-ერთ ორსართულიან შენობაზე ინგლისურ წერწერებს შორის ქართულიცაა - "გზავნილი". ბანერზე დატანილი ისრით ვხვდები, რომ კიბეზე უნდა ავიდე. მეორე სართულზე, ოთახში, მაგიდებთან ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა სხედან. მამაკაცი ტელეფონზე ინგლისურად საუბრობს, თუმცა ეტყობა, რომ ქართველია და ქართულად ვესალმები. გოგონა გვერდით მდგარ 60 წლამდე ქალბატონს ქართულად ესაუბრება. ეს ახალგაზრდები ნატო მგელაძე და კოტე მაღლაკელიძე არიან. 2009 წელს ქართული კომპანია "გზავნილი" ჩამოაყალიბეს და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში ფულისა და ნივთების გაგზავნაში ეხმარებიან.

ნატო მგელაძე:
- 2007 წლიდან აქ ვარ. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი აქ გავიცანით და დავქორწინდით. ორი შვილი­ გვყავს და ვცდილობთ, ყოველ წელს ჩამოვიდეთ სამშობლოში. მანამდე ბრიტანეთში ვცხოვრობდი. მერე მწვანე ბარათი მოვიგე­ და წამოსვლა გადავწყვიტე. ასე შემოვრჩი ამერიკას.

- დღეში რა რაოდენობის ამანათს გზავნით საქართველოში?

- ერთ რეისზე 500-დან 700-მდე, კვირაში ძირითადად სამი რეისია.

საუბარში ნატოს მეუღლე, კოტე მაღლაკელიძე ჩაგვერთო:
- სისტემაში 47 ათასი ადამიანი გვყავს. თვეში ერთხელ მაინც მოდიან ოფისში. თუ ადრე ყველა ფულს გზავნიდა, რომ საქართველოში შეეძინათ ბინა და დაეგროვებინათ კაპიტალი, ახლა პირიქით, იქ ყიდიან სახლებს და აქ მოდიან... სამწუხაროა, მაგრამ დღე არ გადის, რომ ვინმე არ შემოვიდეს და არ თქვას, - მომილოცეთ, ბრუკლინში ბინა ვიყიდეო...

ცოტა უცნაურია, მაგრამ ასეა... მინდა საქართველოში იმ ადამიანებს მივმართო, ვისაც აქ ჰყავთ ოჯახის წევრები და ახლობლები - დაზოგეთ თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა, ერთით ნაკლები სამოსელი იყიდეთ, რესტორანში ნუ გაფლანგავთ­ თქვენი მშობლების აქ სიმწრით ნაშოვნ ფულს... ყოველდღიურად უამრავი მძიმე ამბავი მესმის... არიან ქალბატონები, რომლებიც აერ­ოპორტიდან პირდაპირ მოხუცების მომვლელებად მიჰყავთ და ისეთ მძიმე სამუშაოს ასრულებენ, რომ ხშირად გარეთ გამოსვლასაც ვერ ახერხებენ...

- ძირითადად რას გზავნიან საქართველოში?

- ტანსაცმელს, ფულს, საოჯახო თუ სხვა ნივთებს. ბოლო ხანს საკვების გაგზავნაც დაიწყეს. მზა საჭმელებსაც გზავნიან, რომ იქ მის მომზადებაში არ დაიღალონ...

- როდის აპირებთ დაბრუნებას?

- იმედია, ფილმ "ფესვების" ფინალივით არ დასრულდება ჩვენი ცხოვრება. თითოეული აქაური ქართველის უკან ბევრი ადამიანი დგას, რომლებსაც ჩვენი იმედი აქვთ და ჩვენ მათთვის ვმუშაობთ. ამერიკა ჩემი სახლი არ არის და საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები...
იმ დღეს კიდევ ბევრ ქართველს შევხვდი. ბევრი გადაძახილი მომესმა ქართულად, ზოგიც უცენზურო და ზოგიც გულის გამათბობელი... ეს სულ რამდენიმე ისტორიაა ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით გადახვეწილი ქართველებისა. ზოგი კამერებს ემალება, ზოგს არ უნდა საუბარი, ზოგსაც, ვინ იცის, რამდენი აქვს მოსაყოლი, მაგრამ ყველასთან შეხვედრა და გასაუბრება ხომ შეუძლებელია ერთ დღეში. შინ გულდაწყვეტილი ვბრუნდები. ერთ ბანალურ შეკითხვაზე: როდის აპირებთ დაბრუნებას? თითქმის ყველასგან ერთი და იგივე პასუხი მივიღე: - არ ვიცი!..
ამერიკულ დღიურებში, რომელსაც შემდეგ ნომერშიც შემოგთავაზებთ, არაერთ წარმატებულ ქართველზეც მოგითხრობთ.

თორნიკე ყაჯრიშვილი
გაგრძელება შემდეგ ნომერში

ლეილა
08 ოქტომბერი 2016 17:42
აეროპორტიდან თუ პირდაპირ მოხუცთან წაგიყვანენ სამუშაოდ დიდი გამართლებაა და იშვიათობა.
თამარი
21 ივნისი 2016 23:31
ნამდვილად იოლი არ არის უცხო ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა, სამუშაო იმდენად არგვტანჯავს(ისე ძალიან ძნელია, ათასნაირ მიხუცს უხასიათოს, მძიმეს, ეჭვიანს უნდა მოერგო და შეაყვარო თავი,არის შემთხვევა შეუყვარდები, კარგად გექცევა და უცებ ჰოსპიტალში მოხვდება და გარდაიცვლება
Chkareuli nanuli
20 ივნისი 2016 06:33
Tqven gagaxarat ufalma Minda eswerili yvelam waikitxos da gaufrtxildnen axlobebis shromas aq martlac dolari xes ar asxia .

რედაქტორის რჩევით