"ბედნიერები ვიყავით. მერე... 16 წლის ქალიშვილი დამეღუპა" - გოგონა ფილმიდან "როცა აყვავდა ნუში" და ტკივილიანი ცხოვრების დასასრული
"ბედნიერები ვიყავით. მერე... 16 წლის ქალიშვილი დამეღუპა" - გოგონა ფილმიდან "როცა აყვავდა ნუში" და ტკივილიანი ცხოვრების დასასრული
"სამოცს რომ გადავაბიჯებ, ახალ ცხოვრებას დავიწყებ..." - მაშინ, როცა ნუში აყვავდა...

"შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა"

რამდენიმე წლის წინ გავიცანი. შინ ვეწვიე. დაახლოებით, ისეთი იყო, როგორიც "გამომყვა" ბავშვობიდან და როგორიც წარმომედგინა დიდობაში - ძალიან ლამაზი და ღიმილიანი თინა ვარდანაშვილი. უბრალოდ ღიმილიანი კი არა, მომაჯადოებელი ღიმილით. განა, თქვენც ასე არ ჩაგებეჭდათ მეხსიერებაში?! უბრალოდ, გამიხარდა, რომ "ნამდვილიც" ისეთივე იყო, როგორც დიდი ხნის წინ, უფრო სწორად - ყოველთვის, გაზაფხულზე,
"ნუშის ყვავილობისას"...

"ადრე გავთხოვდიო, - მიყვებოდა, - 20 წლისა მხატვარ სერგო ქობულაძის რძალი გავხდი და ჩემი ხელოვნებაც მთლიანად დაიჩრდილა... სერგო საოცარი ადამიანი იყო, თავისებური. პირველი შეხვედრისთანავე პატივისცემასა და მოწიწებას იმსახურებდა. სულ სახელოსნოში მუშაობდა. მთელ დღეს ყავასა და ჩაის სმას ჯერდებოდა, მხოლოდ ერთხელ სადილობდა. ბავშვებზე კი
გიჟდებოდა. დედამთილი მყავდა ანგელოზი, არაჩვეულებრივი ადამიანი. ჩემი მეუღლე - მერაბ ქობულაძე მხატვარია, კერამიკოსი. ორი შვილი შეგვეძინა. ბედნიერები ვიყავით. მერე... 16 წლის ქალიშვილი - სალომე დამეღუპა ავარიაში. ახლა ერთი ქალიშვილი დამრჩა, ლიზა. კარგი მეუღლე ჰყავს და ორი არაჩვეულებრივი შვილი. შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა. სულ ვიწექი, არაფერი მინდოდა. ამ პატარებმა - შვილიშვილი კი სიცოცხლე დამიბრუნეს, ფეხზე წამომაყენეს და სულ სხვა ადამიანად ვიქეციო".

მერე დაიჩივლასავით: რაც ასაკში შევედი, წონაში მოვიმატე და არ მომწონს. ვფიქრობ, სამოცს რომ გადავაბიჯებ, ახალ ცხოვრებას დავიწყებ და უფრო მივხედავ თავსო... სამოცს გადააბიჯა ცოტათი და... შარშან მეუღლე გარდაეცვალა, წლევანდელი გაზაფხულის მაისში უკვე 64 წლის გახდა, ივნისიდან კი... მართლაც ახალი ცხოვრება დაიწყო... ოღონდ ის არა, რასაც გულისხმობდა. სულ სხვა, მე და თქვენ რომ არ ვიცით, ისეთი - მარადიული რომ ჰქვია.

მე კი ისევ მასთან შეხვედრას დავუბრუნდები, ერთადერთს და ჩემთვის საოცრად შთამბეჭდავ შეხვედრას ქალბატონ თინა ვარდანაშვილთან, რომელსაც თვალები უბრწყინავდა, თავის ბედნიერ და უდარდელ ახალგაზრდობასა და იმ ამბებს რომ იხსენებდა, რომელმაც ადამიანებს მისი სახე დღემდე არ დაავიწყა.

"როცა აყვავდა ნუში"

- ისეთ ასაკში ვიყავი, ყველა რომ ოცნებობს კინოში გადაღებას. ფილმისთვის სკოლებში დაეძებდნენ ახალგაზრდებს. მეც დამიბარეს სინჯებზე და მალევე დამამტკიცეს მთავარ - ხათუნას როლზე. ძალიან გამიხარდა, თუმცა მეშინოდა... კამერა რომ ირთვებოდა, ვიბნეოდი, გული მიფართხალებდა, ვაითუ, რაღაც ვერ გამომივიდეს-მეთქი. საერთოდ, რთულია მსახიობობა, მით უმეტეს, პატარა და გამოუცდელი გოგონასთვის. მერე კი ნელ-ნელა მომეხსნა დაძაბულობა.

ფილმს საფუძვლად თბილისში რეალურად მომხდარი ორი ამბავი დაედო.
პირველი შეჯიბრების ამბავი იყო - სინამდვილეშიც ასე მოხდა, რომ ვიღაცამ სხვის მაგივრად აიღო პირველი ადგილი, მეორე იყო - ავარიის. სულ ახალგაზრდები ვმონაწილეობდით და შესანიშნავი ჯგუფი შეიკრა.
არაჩვეულებრივ მოგონებად დამრჩა ბიჭვინთაში გატარებული 24 დღე. პირველად ვიყავი უფროსების - ოჯახის წევრების გარეშე, რასაც გვინდოდა, იმას ვაკეთებდით. ცუდს კი არაფერს, მაგრამ გადაღების შემდეგ შინ რომ ვბრუნდებოდით, ხელოვანთა დასასვენებელ სახლში, ცოტას მართლაც ვისვენებდით და მერე ბოლო სართულზე, ბარში ავდიოდით, ვცეკვავდით, "ვიკლავდით" თავს, ღამეებს ვათენებდით და მაგრად ვერთობოდით. მთავარი იყო, მეორე დღეს ფორმაში ვყოფილიყავით, თუ არადა, დაგვსჯიდნენ ალბათ. მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და ყველაფერს ვუძლებდით. ერთი-ორჯერ იყო, რომ ბიჭებმა დალიეს და ცოტა "აურიეს", რის გამოც შენიშვნა მივიღეთ, თორემ უპრობლემო ბავშვები ვიყავით.
გოგონებიც კარგად ვიქცეოდით, პრინციპში მარტო მე და ეკა მაღალაშვილი ვიყავით იქ, გადაღებაზე და რა უნდა დაგვეშავებინა? ბიჭები მეტნი იყვნენ: ზურა, გოგა ფიფია, დიმა ვანიშვილი, მიშა აბრამიშვილი... პრინციპში, ყველას ვიცნობდი: გოგა ფიფია ჩემს სკოლაში სწვლობდა; ზურა მომღერალ ნუგზარ კვაშალის და დათო აბულაძის მეგობარი იყო, რომლებთანაც მეც ვმეგობრობდი, ასე რომ, არც ზურა იყო უცხო. ისე, ნუგზარი და დათო ჩვენს ფილმშიც გადაიღეს: გახსოვთ ეპიზოდი, პლაჟზე რომ ვცეკვავთ? - მომღერალ-მუსიკოსები სწორედ ისინი არიან. ფილმში გამოცდილი მსახიობებიც არიან. მაგალითად, დოდო აბაშიძე მხოლოდ ორი დღით ჩამოვიდა ბიჭვინთაში და ძალიან გაგვახალისა. რეზინის ქუდი მქონდა, რომელსაც ზემოდან თმასავით ჰქონდა ამოშვერილი. განსაკუთრებული ქუდი იყო, ჰოდა, დოდომ ჩამოიცვა ეს ქუდი თავზე და გამიხია. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ბუზღუნი არ დამიწყია, ისეთი საყვარელი ადამიანი იყო...

ერთი ამბავიც გამახსენდა: ლანა ღოღობერიძის მეუღლემ, ლადო მესხიშვილმა ბავშვები რესტორანში სავახშმოდ წაგვიყვანა. იქ აფხაზები რაღაცაზე ახტნენ-დახტნენ, არ მახსოვს, რა უნდოდათ. ჩვენი ბიჭებიც ყოყლოჩინობდნენ, მაგრამ ლადომ განმუხტა სიტუაცია. საერთოდ, ძალიან გვიხაროდა ხოლმე ლადოს ჩამოსვლა, მასთან ურთიერთობა, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო.

"ჩარი-რამა"


- აქ უკვე გამიზნულად მიმიწვია რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა. "ჩარი-რამაში" სხვა სიტუაცია იყო: ერთადერთი ახალგაზრდა მე ვიყავი, "ჩემი შეყვარებული" გოგი ქავთარაძეც საკმაოდ დიდი იყო ჩემზე, დანარჩენები კი - სულ ასაკოვნები. გოგი იმ პერიოდში ბათუმში მუშაობდა. ჩვენ ვცხოვრობდით ქობულეთში, გადაღებები კი ოზურგეთში მიმდინარეობდა. ამიტომ ის ჩამოდიოდა გადაღებაზე და იმ საღამოსვე ბრუნდებოდა ხოლმე ბათუმში... მოკლედ, ცოტათი მოვიწყინე. თან ოთახში დუდუხანა წეროძესთან ერთად ვცხოვრობდი. გადასარევი ქალი იყო, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ - ძალიან მხიარული. რძლად მოვწონდი, ოღონდ არ მახსოვს შვილისთვის თუ დისშვილისთვის. მოკლედ, ტვინს მიბურღავდა... ყველანი საინტერესო ადამიანები იყვნენ, მაგრამ ურთიერთობის დამყარება მიჭირდა. მერე საცხოვრებლად ლენა ყიფშიძესთან გადავედი. აი, მაშინ კი მოვილხინე... რესტორანშიც დავდიოდით, ცოტა შამპანურსაც ვსვამდით, თავისი მეგობარიც გამაცნო და ძალიან გამახალისა. თქვენ წარმოიდგინეთ, "როცა აყვავდა ნუშის" შემდეგ იმ ჩემს თანატოლებთან არ გამიგრძელებია ისეთი მეგობრობა, მე და ლენა კი დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით. არაჩვეულებრივი ქალი იყო...

ნიკოლოზ სანიშვილი უთენია წამოგვყრიდა ხოლმე და გაგვაქანებდა ოზურგეთში გადაღებაზე, წესიერად ჭამას ვერ ვასწრებდით. იღებდნენ ქორწილის ეპიზოდებს, სადაც ნაირ-ნაირი კერძები გამოჰქონდათ, მაგრამ ჩვენ მისი ჭამის უფლება არ გვქონდა, რადგან სხვა დღეებშიც სჭირდებოდათ - ზედმეტს არაფერს ყიდულობდნენ. ერთხელ ნერწყვი გადავყლაპე და ხმამაღლა ვინატრე, როგორ მინდა გოჭი-მეთქი. "მოხუცებს" გაუგიათ და დიდი სუფრა გაშალეს... ისე, ძალიან კი მივლიდნენ, ეგ იყო, რომ ვერ ვერთობოდი... ამის შემდეგ ეპიზოდური როლები მქონდა "რაიკომის მდივანში" და "დონ-კიხოტში" და ამით დავასრულე მსახიობობა.

18 მაისს დაიბადა და 6 ივნისს გარდაიცვალა. ღმერთმა ნათელში ატაროს იმ ახალ ცხოვრებაში... თავის მეუღლესთან და 16 წლის შვილთან ერთად!


ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ლელა
18 აპრილი 2018 13:48
არ ვიცოდი,თუ გარდაიცვალა თინა ვარდანაშვილი.როგორ მეწყინა,ღმერთმა გაანათლოს მისი სული,რა კარგი გოგო იყო,ჩემს თაობაში მართლაც გამორჩეული და რამხელა ტკივილით წავიდა:(((
ნატალია
18 აპრილი 2018 10:07
ნათელში ამყოფოს მისი სული, ძალიან დამწდა გული
ანა
05 აპრილი 2018 14:00
ერთი თვის წინ მეც გამახსენდა,რომ არ ჩანს ნეტავ როგორ არის მეთქი.თურმე რა დიდი ტკივილი ჰქონია...ძალიან სპეტაკი დასაყვარელი ქალბატონი იყო. არ მეგონა.რომ ასე დამწყდებოდა გული.ყველა ჭეშმარიტი ქართველის გულში ის დარჩება სათნოების,სიკეთის და სიმართლის სიმბოლოდ. ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა.შვილმკვდარი დედა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა