"ჯერ ბავშვი უნდა გადაგვერჩინა..." - სტიქია, ადამიანები, გმირები - კვირის პალიტრა

"ჯერ ბავშვი უნდა გადაგვერჩინა..." - სტიქია, ადამიანები, გმირები

უბედურების ზონა სიყვარულის, თანადგომისა და ერთობის შუქმა დაჩრდილა

(ფოტოგალერეა)

2015 წლის 13 ივნისის ღამეს კოკისპირულმა წვიმამ მდინარე ვერე აადიდა და ხეობაში ერთბაშად 60 ადგილას მეწყერი ჩამოწვა. წყნეთი-ბეთანიისა და ბეთანია-ახალდაბის გზაზე 32 ჰა ტყიანი მასივი ჩამოშვავდა, რომელიც ჯერ ღვარცოფს შეერია, 3,8 კმ-ის შემდეგ კი მდინარე ვერეს შეუერთდა.

იმ ღამით ერთ პატარა უბანზე ერთდროულად განვითარდა მეწყერი, კლდეზვავი, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, მდინარის ეროზია, უხვი ატმოსფერული ნალექი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა და დატბორვა, სეტყვაც კი მოვიდა. ხეტყის ნაშალი ჩაიხერგა ხეობაში გამავალ გვირაბებში და კალაპოტიდან გადმოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა. თუმცა, გვირაბების ჩახერგვამდე ქალაქში მოვარდნილმა მდინარემ დაანგრია და დატბორა სვანიძის ქუჩის დასახლება. იყო მსხვერპლი - 23 კაციდან 2 დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ზოოპარკის დატბორვის შედეგად გაქცეულმა ვეფხვმა, სტიქიიდან ორი დღის შემდეგ, მხეცის სამალავში შესული მამაკაცი დაგლიჯა, დაინგრა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ქალაქ "მზიურის" დიდი ნაწილი, ზოოპარკის ვოლიერები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმა დაამტვრია და წაიღო კერძო ავტომობილები. სტიქიამ 160 ოჯახი დააზარალა, წყალდიდობის შედეგად მიღებულმა ფინანსურმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია.

უპრეცედენტო სოლიდარობა...

ტრაგედიის ზონა უპრეცედენტო სამოქალაქო თანადგომისა და სოლიდარობის ეპიცენტრი გახდა. ახალგაზრდები, თინეიჯერები, ბავშვები შიშველი ხელებით შრომობდნენ სტიქიის ზონაში იმ იმედით, რომ დაკარგულთაგან რომელიმეს ჯერ კიდევ ცოცხალს მიაგნებდნენ. ზოგს ხელებდაკაპიწებული ენთუზიასტების დასახმარებლად საკვები, პირბადეები, მედიკამენტები, სამუშაო ხელსაწყოები მიჰქონდა. გაიხსნა სპეციალური ანგარიში, სადაც ფიზიკური პირები დაზარალებულებს თანხას ურიცხავდნენ და კერძო კომპანიებს მაგალითს აძლევდნენ. უბედურების ზონა სიყვარულის, თანადგომისა და ერთობის შუქმა დაჩრდილა. არავის უცდია, დრო მომხდარის გაანალიზებასა და ხელისუფლების კრიტიკაში დაეკარგა, ხალხმა ვერეს ხეობაში გაბატონებული სიკვდილი პირად ტრაგედიად მიიჩნია და სტიქიას სტიქიურად შეუტია. იმ უმძიმეს დღეებში ხელისუფლებაც და საზოგადოებაც საერთო ტკივილმა გააერთიანა. ქართველებს მხარში ედგნენ უცხოელებიც - ტურისტებმაც ნიჩბები მოიმარჯვეს...

იმ დღეებში უამრავ მოხალისესთან ერთად ხალხს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ახალგაზრდა ტაქსის მძღოლი გიორგი ლომიძე, რომელიც იმის გამო, რომ ცალი თირკმელი არა აქვს, ფიზიკურად ვერ იმუშავებდა. ამიტომაც გიორგიმ თავის მანქანას ტაქსის ფუნქცია მიანიჭა და უფასოდ ემსახურებოდა ყველას, ვინც ტრაგედიის ზონაში თავდაუზოგავად შრომობდა. (იხილეთ ასევე: "ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ სხვისი გასაკეთებელია, ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება" - ბიჭი, რომელმაც უფასო ტაქსით ქვეყანა აალაპარაკა)

გმირები

რომ არა ისინი, მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა. მაშველებმა განსაცდელში მყოფთა გადასარჩენად თავიც კი გაწირეს. დაიღუპა ერთ-ერთი მათგანი - ზურაბ მუზაშვილი (იხილეთ: "ჩუმი, უთქმელი ზურაბ მუზაშვილი თავის სათქმელს საქმით ამბობდა").

მაშველები ერიდებიან საკუთარ სიმამაცეზე ლაპარაკს - ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და უხერხულია გმირობა ეწოდოსო. თუმცა, სხვანაირად ფიქრობენ გადარჩენილები და ისინიც, ვინც მაშველებისგან თავგანწირვის მაგალითი მიიღო... გამოძახებაზე მისული თორნიკე ხუციშვილი, სანდრო არეშიძე და ირაკლი მაისურაძე რას იფიქრებდნენ, თუ იქ ჯოჯოხეთი დახვდებოდათ. მათ სვანიძის 45-ში მყოფი ყველა ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ძაღლიც კი გამოიყვანეს სამშვიდობოს.

ირაკლი მაისურაძე: - წყალში რომ გადავეშვი, ტალახი თვალებს მწვავდა, ვერაფერს ვხედავდი. მეორე სართულის სანახევროდ ჩაძირულ ოთახში სინათლე შევნიშნე. მივცურდი. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პატარა სანდროსთან ერთად სხვენში ამძვრალიყო. ჯერ ბავშვი უნდა გადაგვერჩინა, მერე - სხვები. თოკი გავჭიმეთ. მე, თორნიკე და სანდრო წყალში ვიყავით, ნაპირზეც ორი ჩვენიანი იდგა და გადარჩენილებს იბარებდა. ბოლოს ძაღლი დარჩა.

ოჯახის უფროსი მიყვიროდა, შეეშვი, არ წაგიღოს წყალმაო. ცუგა ვეღარაფერს ხედავდა და საცოდავად ებღაუჭებოდა ყველაფერს. წყალში მოტივტივე ფარდა ამოვიღე, ძაღლი გავახვიე და გამოვიყვანე.

სანდრო არეშიძე: - თვალებში შემომხედე, მე ხომ არ გაგწირავ-მეთქი, ვეუბნებოდი ქალს, რომელიც ლამის უკვე ჩაძირული იყო. ისიც მენდო... ის ხალხი გამოვიყვანეთ თუ არა, ვერეს გზაზე გავიქეცით. იქ კაცი შუა წყალში ბოძზე იყო მიბმული და მხსნელს უხმობდა... მიცვალებულების ძებნა მაშველისთვის ყველაზე მძიმე პროცესია. სანამ სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვი, აზარტში ხარ, საფრთხეს ვერ გრძნობ.

ბეგი

საერთაშორისო საზოგადოებას განსაკუთრებით დაამახსოვრდა გმირთა მოედანზე მოხეტიალე ბეჰემოთი "ბეგლარი", რომლის ფოტომაც უცხოური მედია მოიარა და ცოტა ხნის წინ BBC-ის 2015 წლის 8 საუკეთესო ფოტოს შორისაც აღმოჩნდა წარწერით: "დღესდღეობით ბეგი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჰიპოპოტამია". რამდენიმე დღის წინ ბესო გულაშვილის ეს ცნობილი ფოტო Bუსინესს Iნსიდერ-ის 2015 წლის ცხოველების 49 საუკეთესო ფოტოს შორისაც დასახელდა...

ზოოპარკმა დიდი დანაკლისი განიცადა. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის, ცხოველების ძიძა გულიკო ჭიტაძე, რომელიც ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ვეფხვების თავდასხმას კინაღამ ემსხვერპლა - ხელი ისე დაუზიანდა, რომ მოჰკვეთეს... წყალდიდობამ დაახრჩო ზოოპარკის ბინადართა ნაწილი, მტაცებლები კი, რომლებიც წყალმა ვოლიერებიდან ამოყარა, სპეცრაზმმა დახოცა...

იხილეთ ფოტოგალერეა: 13 ივნისი 2015 - #PrayforTbilisi