"მე თქვენ ყველანი მიყვარხართ! - ამ სიტყვებით წავიდა ირაკლი" - 13 ივნისის გმირის შეწყვეტილი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"მე თქვენ ყველანი მიყვარხართ! - ამ სიტყვებით წავიდა ირაკლი" - 13 ივნისის გმირის შეწყვეტილი სიცოცხლე

წარმოუდგენელია, 2015 წლის 13 ივნისი საქართველოს, მით უფრო - თბილისს დაავიწყდეს! ვინ რას ვაკეთებდით იმ საღამოს, ღამით, დილით! ვინ როდის გავიგეთ, როგორ, ვისგან! ვინ ვის ვეძებდით, ვპოულობდით, ვერ ვპოულობდით! ვინ ივაჟკაცა, ვინ იქალა, ვინ... ესეც ვერ მოასწრო! ეს იყო ერთ-ერთი საშინელი და სასტიკი ღამე, რაც ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის მეხსიერებაში ჩაიბეჭდა. ასე დავყავით პერიოდი - სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ...

და, საუბედუროდ, "სტიქიის შემდეგ" კიდევ ბევრჯერ დანაწევრდა... ეს შეემთხვა ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანის ოჯახსაც - ერთი ტრაგედიის გმირის ოჯახი იმავე გმირის სხვა ტრაგედიას ვერ ასცდა.

რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში დაწერეს: "13 ივნისის სტიქიის გმირი - ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა..." და ასე გადადიოდა კედლიდან კედელზე ინფორმაცია ულამაზესი ახალგაზრდა კაცის ფოტოსთან ერთად.

მაინც ვინ და როგორი იყო ადამიანი, რომელიც იმ სასტიკ დღეს გმირად იქცა და მის დაღუპვამდე ამ გმირობის შესახებ არაფერი ვიცოდით?!

ოთარ დავითიშვილი, ირაკლი იმნაძის მეგობარი:

ირაკლი და ოთარი - როგორი იყო ირაკლი? ირაკლი იყო ძალიან თბილი და უაღრესად კეთილი ადამიანი, რომელიც აღსავსე იყო სიყვარულით - მის ირგვლივ მყოფი, ყველა უყვარდა. ჩემთვის ძალიან ძნელია მასზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ ჩემი სისხლი და ხორცი იყო, ძმად მიმაჩნდა; რადგან უმისოდ, ბავშვობიდან მოყოლებული, ცხოვრების ერთი პერიოდიც არ მახსენდება. ცუდი არასდროს არავისთვის გაუკეთებია, დახმარებით კი... ბევრს დახმარებია, გაჭირვებისასაც ჩემს გვერდით იყო, ყოველ წუთს და ყოველ წამს. ყველა მეგობრისთვის ასეთი იყო... მხიარული და სიცოცხლით სავსე... მეტი რა გითხრათ?! 13 ივნისის ღამეს მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ადამიანებისა და ცხოველების გადარჩენაში.

- იმ ღამეს ერთად იყავით?

- ღამით ერთად არ ვყოფილვართ, ირაკლი სხვა მეგობართან ერთად აღმოჩნდა ეპიცენტრში და როგორც ვიცი, ვიღაც გოგონები გამოიყვანა სამშვიდობოს. მე თბილისში არ ვიყავი, მეორე დილით დავბრუნდი. გახსოვთ ალბათ, რომ იმ ღამეს წყალდიდობამ ცხოველთა თავშესაფარიც მთლიანად გაანადგურა. ამიტომ დაფანტული ძაღლების მოძიება-შეფარება მეორეს - საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების (GSPSA) თავშესაფარს მოუხდა. იქ მე ირაკლის ინიციატივით მოვხვდი. ვეტექიმი ვარ და ირაკლი ხშირად მეხმარებოდა ხოლმე ოპერაციებისას, ფაქტობრივად, ჩემს ასისტენტად ვამუშავებდი.

ამიტომ, ამ საქმეში ბევრი რამ იცოდა და, თუ დამიჯერებთ - შეიძლება, ამ პროფესიის ბევრ ადამიანზე მეტიც. თავშესაფარში, სადაც სტიქიით დაზარალებული ძაღლები მოჰყავდათ, მე, ირაკლი და რამდენიმე ადამიანი ვიდექით საოპერაციო მაგიდასთან და 4 დღე-ღამის განმავლობაში არ გამოვსულვართ იქიდან.

თეიმურაზ წიქორიძე, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების ხელმძღვანელი:

- 14 ივნისს, დილიდანვე, გზები გაიხსნა თუ არა, ძაღლების ჩვენს თავშესაფარში მოყვანა დავიწყეთ. ფორსმაჟორში აღმოვჩნდით: ძნელი სათქმელი იყო, რამდენი ცხოველი იყო დაღუპული ან რამდენს გადავარჩენდით. ხალხს ცხოველები მოჰყავდა, ძალიან ბევრი იყო ძაღლი, ზოგიერთი სასწრაფოდ შველას ითხოვდა. ამ დროს გამოჩნდნენ ირაკლი იმნაძე და ვეტერინარი ოთარ დავითიშვილი. დასახმარებლადაც ბევრი ხალხი მოდიოდა, ოღონდ ძირითად გუნდში 10-15 ადამიანი იყო.

საკმაოდ გვიან გავიგე, რომ ირაკლი ვეტერინარი არ ყოფილა. მოსვლის წუთიდან ჩაიცვა სამედიცინო ხალათი და ოთართან ერთად ცხოველების გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდა. უმძიმესი ვითარება შეიქმნა, რადგან არ ვიცოდით, ქუჩის ძაღლები მოჰყავდათ თუ - პატრონიანი, ოჯახის. იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, არადა, ხომ შეიძლებოდა, რომელიმე ცოფის მატარებელი ყოფილიყო, იქ კი ამდენი ხალხი ტრიალებდა, ამ დროს მე ვიყავი ყველაფერზე პასუხისმგებელი... თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას ვიღებდით, ვაწესრიგებდით, გადაუდებელ დახმარებას ვუწევდით, გადასხმებს ვუკეთებდით, სასწრაფო ოპერაციებს ვუტარებდით. ვიღაცებს ყუთებით მოჰქონდათ მედიკამენტები, ხელსაწყო-იარაღები. საერთოდ არ გვძინებია, არც საჭმელ-სასმელი გვახსოვდა, უმძიმესი დღეები ერთად გადავიტანეთ და ძალიან დავმეგობრდით. მაქვს ფოტოები, რომელსაც არავის ვაძლევ და 14 ივნისს ჩვენს ვებგვერდზე ვაპირებ გამოქვეყნებას. იქ ბევრი ფოტოა ირაკლი მუშაობის ამსახველიც. იმ 3-4 დღის განმავლობაში ამ პიროვნებისგან უდიდესი ადამიანობა, სითბო, ცხოველების განსაკუთრებული სიყვარული და ადამიანებთან მეგობრობის გასაოცარი უნარი ვიგრძენი. ძალიან მწყდება გული, რომ ახალგაზრდა, რომელიც ასე გულღიად მოვიდა ჩვენთან, დღეს ცოცხალი აღარ არის.

"სხვათა შორის, ერთი ფოტო გვაქვს, სადაც ყველანი ვართ - ეს ის დღეა, როდესაც ოთარსა და ირაკლის, ცხოველების გადარჩენის ოპერაციების დასრულების შემდეგ, გაცილება მოვუწყვეთ"

მისი დაღუპვის შემდეგ მე დავწერე ჩემს "ფეისბუკგვერდზე", 13 ივნისის გმირი დაიღუპა-მეთქი და მერე ასევე გაავრცელეს საინფორმაციო საშუალებებმა. ირაკლი გმირი იყო, აბა, რა?! გმირები სხვას რას აკეთებენ, თუ არა იმას, რაც ირაკლიმ იმ დღეებში გააკეთა?! სხვათა შორის, ერთი ფოტო გვაქვს, სადაც ყველანი ვართ - ეს ის დღეა, როდესაც ოთარსა და ირაკლის, ცხოველების გადარჩენის ოპერაციების დასრულების შემდეგ, გაცილება მოვუწყვეთ. დამშვიდობებისას მახსოვს ირაკლის სიტყვები: მე თქვენ ყველანი მიყვარხართ! ამ სიტყვებით წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა ჩვენთან, ოთარმა კი განაგრძო სიარული, მერე ჩვენი ორგანიზაციის წევრიც გახდა, მთავარი ვეტერინარიც და ჩემი საუკეთესო მეგობარიც. და ოთარისთვის უდიდესი ტრავმა იყო ირაკლის ამ ქვეყნიდან წასვლა... ხომ ძალიან ცუდი დღეები იყო? მაგრამ, როგორ გითხრათ - ძალიან კარგად დასამახსოვრებელიც... მესამე დღეს, ფეხზე რომ ვეღარ იდგა ირაკლი და რომ მიდიოდნენ, ერთმანეთს ტაში დავუკარით, გადავეხვიეთ, ვკოცნიდით, მერე კი მე და 2-3 ადამიანი დავრჩით აქ. მას შემდეგ სხვა აღარავინ მოსულა, ის ძაღლები კი დღესაც აქ მყავს.

ირაკლი კი... გაჭირვება გაგაცნობს ადამიანებს, მით უფრო - ცხოველებთან მიმართებაში რომ გამოსცდი კაცს! ჩვენ ერთად უდიდესი გაჭირვებას გავუძელით... ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე კაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ხშირად ვფიქრობ, ალბათ ისიც ჩვენთან რომ დარჩენილიყო ან ხშირად ევლო აქ, ამას არ გააკეთებდა...

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე წაიკითხეთ: "იმ დღეს სესხი აიღო, ფული დადო და წააგო" - 13 ივნისის სტიქიის გმირის თვითმკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები