"სანდრო, მოდი, პატარა სანდრო გაიყვანეო" - სტიქიას გადარჩენილი ერთი ოჯახის ისტორია და პატარა სანდროს მაშველები - კვირის პალიტრა

"სანდრო, მოდი, პატარა სანდრო გაიყვანეო" - სტიქიას გადარჩენილი ერთი ოჯახის ისტორია და პატარა სანდროს მაშველები

"წყალი კატასტროფული სიჩქარით იმატებდა... კელაპტრები რომ მეჭირა, ირაკლი ჩვენამდე ამ შუქმა მოიყვანა"

წყნეთის ქუჩა #60 ერთ დროს ქარდავების ოჯახის მისამართი იყო.  2015 წლის 13ივნისს ეს ოჯახი განსაცდელში უკვე მეორედ აღმოჩნდა. წლების წინ, როცა აფხაზეთიდან დევნილებად იქცნენ, ბინა ამ ქუჩაზე დაიდეს, სახლი ააშენეს, ხილი და ვაზი გააშენეს...

გულნაზი ქარდავა:

- 13 ივნისამდე 1 კვირით ადრე, მდინარე ვერე ადიდდა. ჩვენი რამდენიმე მეზობელი გაიყვანეს და ბინა დაუქირავეს, რადგან მათი საცხოვრებლები დაიტბორა. მაშინ ჩვენს სახლში წყალი არ შემოსულა და მთელი სამეზობლო შევიფარეთ. 13 ივნისს საღამოს ძლიერი წვიმა რომ დაიწყო, ჩემმა რძალმა თქვა, - ბავშვი ხომ არ გავიყვანოო? მაგრამ სანდროს ეძინა და გარეთ გაყვანაც გაჭირდა. უეცრად წყალი ისე მოვარდა, ვეღარსად წავიდოდით. უკვე წყალი კი არა, ლაფი მოდიოდა, ხეები მოჰქონდა. სახლს ხე დაეჯახა, ფანჯარა ჩატეხა და პირველ სართულზე წყალი ერთიანად შემოვარდა. ყველანი მეორე სართულზე ავედით. ყოველ წუთას სამაშველო სამსახურში ვრეკავდით, განსაკუთრებით იმის გამო ვნერვიულობდით, რომ სახლში პატარა გვყავდა. მოგვიანებით ვიპოვეთ საათი, რომელიც 2-ის წუთებზე იყო გაჩერებული; იმ დროს გაჩერდა, როცა წყალში ჩავარდა.

მეორე სართულზე ავედით, მაგრამ ვხედავდით, კიბეზე როგორ იწევდა წყლის დონე. საშინელი ხმა იყო. წინ ყველაფერი ოკეანესავით ჩანდა და წყლის გარდა ვერსად ვერაფერს ვხედავდით.

ჩემი ძმა გვამხნევებდა, - ეს სახლი იმდენად მყარად არის ნაშენები, ისეთი ძლიერი საძირკველი აქვს, ნუ გეშინიათ, არ დაინგრევაო. ჩვენ კი ვხედავდით, როგორ მიჰქონდა ნიაღვარს ჩვენი მეზობლების სახლები.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავით, იმედი წუთითაც არ დამიკარგავს, სასოწარკვეთა არ მქონია. მალე წყალმა მკერდამდე მოაღწია. ბავშვი სხვენში ავიყვანეთ. სინათლე გაითიშა. გულში ვლოცულობდი, 2 კელაპტარი ვიპოვე, ავანთე და ერთი წუთით არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ვერ გადავრჩებოდით. ამ დროს მაშველების 5-კაციანი ჯგუფიც მოვიდა, რომლის ხელმძღვანელი ირაკლი მაისურაძე იყო. ის ფანჯარასთან მოცურდა. თურმე, ლაფი თვალში ჩასხმია და ვეღარ ხედავდა. თქვა, - საკუთარ თავს შემოვუძახე და მაინც მოვედიო. კელაპტრები რომ მეჭირა, ირაკლი ჩვენამდე ამ შუქმა მოიყვანა. ისეთი ძლიერი ბიჭები იყვნენ, მათი წყალობით გადავრჩით. ირაკლიმ გაგვამხნევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაგიყვანოთ, არ შეშინდეთო. თავდაპირველად ნავებს ელოდებოდა, მაგრამ რომ დაინახა, წყალი კატასტროფული სიჩქარით იმატებდა, სახლს კარი ჩამოგლიჯა და წაიღო, სხვა მაშველებს დაუძახა, - თოკები გამოჭიმეთო. სახლში მარმარილოს სვეტი იყო, ცალ მხარეს თოკი იმ სვეტს მოაბა, მერე მაშველს დაუძახა: სანდრო, მოდი, პატარა სანდრო გაიყვანეო. მაშინ გავიფიქრე, - სანდრომ სანდრო გადაარჩინა-მეთქი. ეს სიტყვები გონებაში ჩამებეჭდა.

სამშვიდობოს პირველი ბავშვი გაიყვანეს, მერე - ოჯახის დანარჩენი წევრები. ორგანიზებულად, ძალიან სწრაფად მოქმედებდნენ. სახლში ძაღლი გვყავდა და ისიც კი გამოიყვანეს, არ დატოვეს. ძაღლი ძალიან შეშინებული იყო.

- როგორც ვიცი, შემდეგ თქვენი გადამრჩენელი მაშველები მოძებნეთ და გაიცანით.

- დიახ. იმ დღეებში ისეთ შოკში ვიყავით, არაფერი მახსოვდა. არც მაშველის სახელი და სახე. რამდენიმე დღის შემდეგ აღვიდგინე კადრები და გამახსენდა, ირაკლი როგორ მოვიდა, როგორ გაგვეცნო, გაგვამხნევა. როგორ დაუძახა სანდროს და კიდევ უამრავი დეტალი.

- შემდეგ სად დაგაბინავეს?

- სასტუმროში გადაგვიყვანეს. ვამბობდი, - ჯოჯოხეთიდან სამოთხეში მოვხვდით-მეთქი.

- ახლა სად ცხოვრობთ?

- ჩვენი სახლი, მიუხედავად იმისა, რომ მყარად იყო ნაშენები, გარემონტებული და კეთილმოწყობილი, სპეციალისტებმა რომ შეამოწმეს, ცხოვრების უფლება არ მოგვცეს. მერიისგან კომპენსაცია მივიღეთ და ბინა შევიძინეთ. ეზოში ბევრი ხილი გვქონდა. კიდევ კარგი, მამა ამ განსაცდელს არ მოესწრო. ნოემბერში გარდაიცვალა. ის ალბათ, მეორე დევნილობას ისედაც ვეღარ გადაიტანდა. ლექსებს ვწერ. ჩემი ნაწერები წყალმა გამინადგურა და გული დამწყდა, მაგრამ რადგან გადავრჩით, ეს სალაპარაკო აღარ არის. როგორი ბედი მაქვს, სოხუმში რაც მქონდა, ყველაფერი ცეცხლმა დამიწვა და თბილისში წყალმა წამართვა.

იხილეთ ასევე: "ჯერ ბავშვი უნდა გადაგვერჩინა..." - სტიქია, ადამიანები, გმირები

იხილეთ ფოტოგალერეა

სტატია იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 10 ივნისის ნომერში