"წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, იმას ნატრობ, რომ შენი მიცვალებული იყოს" - წარღვნისას დაკარგულები... - კვირის პალიტრა

"წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, იმას ნატრობ, რომ შენი მიცვალებული იყოს" - წარღვნისას დაკარგულები...

"მაინც არ კარგავ იმედს, მაინც სულ ეძებ"

ერთი წელი გავიდა თბილისში, სვანიძის ქუჩაზე, 13 ივნისს მომხდარი შემზარავი სტიქიიდან, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, სამწუხაროდ, დღემდე ვერ პოულობენ ორ ახალგაზრდას, ბექა ბუთურიშვილს და სერგი კაპანაძეს. ენითაუღწერელია მათი ახლობლების ტკივილი.

ლაშა ბუთურიშვილი, ბექას ძმა:

- მძიმეა გაუძლო ამ ტკივილს. ენითაუღწერელია და ვერ გადმოგცემთ ჩვენთვის როგორ გაიარა ამ ერთმა წელიწადმა. ისევ მოლოდინში ხარ, მაინც არ კარგავ იმედს, მაინც სულ ეძებ. მწარე რეალობაა, ბექა აღარ გვყავს, ცოცხალი რომ ყოფილიყო, გამოჩნდებოდა, მიჭირს ამ დეტალებზე ლაპარაკი. ყველა სამძებრო სამუშაო ჩატარდა, პრაქტიკულად ამოვწურეთ ყველა გზა. უნახავი და შეუმოწმებელი არაფერი დარჩენილა, ყველამ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ეს ყველაფერი თითქოს ვიცი, მაგრამ დროდადრო მაინც შემომიტევს ხოლმე ფიქრი, - სადმე რამე ხომ არ გამომრჩა - მეთქი...

მტკვარში წყლის დონე 5 ჯერ დავწიეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. უკვე აღარ ვიცით სად ვეძებოთ. ერთადერთი ღმერთის სასწაულის იმედი მაქვს. იმასთან შეგუება ძნელია, რომ ბექა არ არის. ჩვენს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მისი საფლავიც არ გვაქვს. ჩემი მშობლები საშინელ მდგომარეობაში არიან, განადგურებულები, ძნელია როცა საფლავზეც ვერ მიდიხარ. იქნებ, გაგვიმართლოს, რომ ისინი გამოჩნდნენ, როგორც ეს სექტემბერში მოხდა. მაშინ შემთხვევით, გარდაბნის ტერიტორიაზე იპოვეს კიდევ ერთი დაკარგულის, ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი.

როცა ის იპოვეს, სამივე დაკარგულის ოჯახი დაგვიბარეს, ჩავაბარეთ დნმ-ის ანალიზები, ეს იყო ძალიან მძიმე წუთები, წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, იმას ნატრობ, რომ შენი მიცვალებული იყოს. 2 თვე ველოდით პასუხს, დადასტურდა, რომ ელიზბარ ბაღაშვილი იყო. მისი ცხედრის გამოჩენის შემდეგ ვფიქრობ, ალბათ მასავით დანაწევრდა ცხედრები და ამის გამო გაგვიჭირდა მათი პოვნა.

წელიწადნახევარი იყო ჩვენ შორის სხვაობა, საოცარი ძმობა გვქონდა. სულ ერთად ვიყავით, საერთო სამეგობრო გვყავდა. ბექა რკინიგზის ხაზით ერთ-ერთ კერძო საექსპედიტორო, ტვირთების გადამზიდავ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა. მშვიდი იყო, ცოლ-შვილი არ ჰყოლია.

კახეთში მივდიოდი დასასვენებლად. წინა დღეს, 12-ში მანქანაში ბარგი ჩავალაგე, არ დაგვეტია. ბექას ვუთხარი, მოდი, შენც წამოდი შენი მანქანით-მეთქი. დამეთანხმა, ჩავალაგეთ მის მანქანაშიც ნივთები, წასასვლელად გამზადებულები ვიყავით, როდესაც ჩვენმა მეგობარმა  დაგვირეკა, რადგან მისთვსაც ნათქვამი მქონდა - ბარგი არ მეტევა -მეთქი... მითხრა, ახლა ვბრუნდები კახეთში, რაზე უნდა აწვალო ბექა, მე წავიღებ იმ ბარგსო... მოვიდა და ბექას მანქანაში ჩალაგებული ნივთები იქ გადავიტანეთ, ეს იყო ალბათ ბედისწერა, თორემ ისიც ჩვენს გვერდით იქნებოდა კახეთში.

ბექას მანქანა მოვლენების ეპიცენტრშია ნაპოვნი. დედას 23 საათზე ესაუბრა, უთხრა, - მოვალო. მერე მოჰყვა იმ უბედურებაში. ბოლო კონტაქტი მეგობართან ჰქონდა. 00 საათსა და 28 წუთზე მეგობარს უთხრა, რომ ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე იყო და 15 წუთში მასთან იქნებოდა. სოლოლაკში ვცხოვრობთ ჩვენც და ბექას მეგობარიც. მეორედ მეგობარმა 00:42 წუთზე დარეკა, თუმცა მისი ტელეფონი უკვე გათიშული იყო... ბექას მანქანა მე ვიპოვე, 15 ივნისს, დილის 6-ის ნახევარზე. დილაუთენია ოჯახის წევრები, 4 მამაკაცი იმ ტერიტორიაზე გაგიჟებულები დავდიოდით. უშუალოდ მდინარე ვერეს კალაპოტში წავაწყდი მანქანას, სხეულში სისხლი გამეყინა, დაჩეჩქვილი იყო მანქანა... გვეგონა მანქანაში იქნებოდა, შიგნით არ აღმოჩნდა. ამ გზებზე პერიოდულად ისევ დავდივარ, ვუყურებ ტერიტორიებს, ეს საშინელებაა.

უმძიმეს მდგომარეობაში არიან სერგი კაპანაძის ოჯახის წევრებიც. სერგის ძმა ტატო და მამა დღე და ღამეს იქ ატარებდნენ და გამწარებულები თავიანთი ძალებითაც ეძებდნენ დაკარგულს, თუმცა უშედეგოდ. იმ საბედისწერო დღეს სერგი მეგობრებთან შესახვედრად სახლიდან საღამოს 10 საათზე გავიდა. ის დებთან ლიზი და ინდირა ზარანდიებთან ერთად იყო კაფეში, იქიდან ბრუნდებოდნენ ტაქსით და ამ ღვარცოფში აღმოჩნდნენ, სამწუხაროდ, სამივე დაიღუპა. გოგონები იპოვეს, სერგე - ვერა...

მედეა კაპანაძე, სერგის და:

- საოცარი და-ძმობა გვქონდა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ხალისიანი, ალალი და მიმდობი ბიჭი იყო. საოცრად ნიჭიერი. ფერაძის უნივერსიტეტში ბიზნესის და მართვის ფაკულტეტი დაამთავრა, მერე ამერიკულ აკადემიაში სწავლობდა. მამას სუპერმარკეტის ბიზნესი ჰქონდა საქართველოში და სულ მამასთან ერთად მუშაობდა. ძალიან ჩართული იყო ბიზნესში. მერე მამას პრობლემები შეექმნა და სერგიმ თავისი პატარა მაღაზია გახსნა, მეგობრებთან ერთად პეროვსკაიაზე პატარა ბარიც ჰქონდა. სულ ცდილობდა თავისი შრომით ჰქონოდა შემოსავალი.

სულ სიახლის ძებნაში იყო. სერგი ჩემი ნახევარძმაა, წლინახევრის იყო დედა რომ გარდაეცვალა. 4 წლის მერე შეირთო მამამ მეორე მეუღლე, ორი და და ორი ძმა ვიყავით. სერგი ქუთაისში, დედის ძმასთან, ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა... 16 წლის იყო, ჩვენთან რომ წამოვიყვანეთ... გაბრაზებული ვარ ამქვეყნად ყველაფერზე, რა იქნება ცხედარი მაინც გამოჩნდეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ასე თუ გავიწირებოდით და ცხედარს ვერ ვიპოვიდით, არ მეგონა. რა ბედნიერია ის ოჯახები, ვინც ცხედარი მაინც ნახა.

3 თვის შემდეგ იპოვეს მაშველებმა კიდევ ერთი დაკარგული, ელიზბარ ბაღაშვილი. ელიზბარი ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა, წინა დღეს ჩამოვიდა თბილისში. იმ საღამოს მეგობრებთან ერთად რესტორანში ივახშმა და სახლში ტაქსით ბრუნდებოდა. სიკვდილამდე მეგობართან დარეკვა შეძლო: პაატა მიშველე, ბიჭო, მგონი, ვიღუპები, წყალში ვიხრჩობიო... პაატა საშველად მაშინვე გაიქცა, სხვა მეგობარს - ირაკლისაც შეატყობინა და იმ მიმართულებით წავიდა, სადაც მეგობარი ეგულებოდა. სამწუხაროდ, იქამდე მისვლა ვეღარ შეძლო, მალე თვითონაც წელამდე წყალში აღმოჩნდა, ღვარცოფიც წამოვიდა, ნაშალი მოჰქონდა. პაატა დიდ ხეს ჩაებღაუჭა, ამ დროს ისევ დაურეკა ელიზბარმა, - მგონი მართლა ვიღუპებიო"!... მერე ტელეფონიც გაითიშა, ხეზე ამძვრალი პაატა ღვარცოფმა გაიტაცა, კარგა მანძილზე წაიღო, ბოლოს ნაპირს მიახეთქა. ის სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, ტალახში ამოსვრილი მოგვიანებით ნახეს...

ელიზბარ ბაღაშვილი პროფესიით არქიტექტორი იყო, სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული. ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. მას მეუღლე და ქალ-ვაჟი დარჩა. მისი ცხედარი გასული წლის სექტემბერში გარდაბნის ტერიტორიაზე, მტკვრის კალაპოტში დანაწევრებული იპოვეს, ჯერ თავის ქალა, მერე სხვა ნაწილები, ყველაფერი 20 მეტრის რადიუსში იყო ჩაფლული, დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ის ნამდვილად ელიზბარის ცხედარი იყო...

იხილეთ ფოტოგალერეა

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)