"ჰიუსტონი თუ ჩამოვა, მაშინ უანდერი აღარ გვინდა"
ალბათ, ყველას გახსოვთ სტივი უანდერის ცნობილი ჰიტის მისამღერი: "I just called to say I love you" (მე მხოლოდ იმისთვის დაგირეკე, რომ მეთქვა, მიყვარხარ). ეს ჩემი ღრმა ბავშვობის დროინდელი სიმღერაა. მაშინ ბავშვები ამ მისამღერს ასე გამოვთქვამდით: "აჯესკო ჯუსეი ალავიუ".

ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაშინ ბავშვი უკვე აღარ იქნებოდა და ინგლისურიც კარგად ეცოდინებოდა, ამიტომ ტექსტს, ალბათ, ასე არ დაამახინჯებდა, მაგრამ ფაქტია, სტივ უანდერს მასზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ვერ მოუხდენია.

"იმედის" ცნობილი
სკანდალის შემდეგ, როდესაც რურუა-სააკაშვილის სატელეფონო ჩანაწერი გამოქვეყნდა, ყველამ იმაზე დაიწყო მსჯელობა, რას ამბობდა სააკაშვილი მოდელირებულ "ქრონიკაზე". არადა, იმ საუბარში სხვა არანაკლებ საინტერესო დეტალებიცაა. გახსოვთ, ალბათ, როგორ ეკითხება რურუას პრეზიდენტი: რა ხდება, უანდერი ჩამოდისო? რურუა პასუხობს,  სავარაუდოდ, ჩამოდისო. ჰიუსტონიო? - ისევ ეკითხება პრეზიდენტი. "ჰიუსტონი თუ ჩამოვა,
მაშინ უანდერი აღარ გვინდა", - ამთავრებს საუბარს სააკაშვილი.

მოკლედ, ამ საუბრიდან ვიგებთ, რომ: 1) საქართველოში ან სტივ უანდერი ჩამოვა, ან უიტნი ჰიუსტონი; 2) ეს ამბავი პრეზიდენტის დონეზე წყდება და პრეზიდენტი ჩამოსაყვანი მომღერლების შერჩევით პირადადაა დაკავებული; 3) მისთვის მომღერლების ჩამოყვანა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა; 4) კიდევ რამდენიმე ათეულ ათასი (ან იქნებ ასიც?) ჩაჩხრიალდება უცხოელი მომღერლის ჯიბეში საქართველოს ბიუჯეტიდან; 5) პრეზიდენტს უიტნი ჰიუსტონი უფრო  მოსწონს, ვიდრე სტივ უანდერი (ერთმა ჩემმა კოლეგამ გამოთქვა აზრი, ალბათ, იმიტომ, რომ ქალიაო). ვერ ვიგებთ, როდის ჩამოდის ან ერთი, ან მეორე (სავარაუდოდ, ეს არჩევნების წინ მოხდება; მაგალითად, 26 მაისს).

ისე, რა მაგის პასუხია და თუ საქართველოს ბიუჯეტის ფული უნდა დაიხარჯოს, მომღერალს პრეზიდენტის გემოვნებით რატომ არჩევენ? იქნებ ჩვენ უანდერი უფრო მოგვწონს? მე, მაგალითად, ბავშვობას გამახსენებს. თუ მომღერლების ჩამოყვანა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამ საქმით პირადად პრეზიდენტია დაკავებული, მინდა ერთი იდეა მივაწოდო: ჩავატაროთ სმს-გამოკითხვა და ისე გავარკვიოთ, ქართველ ხალხს ჰიუსტონის მოსმენა ურჩევნია თუ უანდერის. რა წესია, მუსიკასაც იმას უნდა ვუსმინოთ, რომელიც პრეზიდენტს მოსწონს?

ხუმრობა იქით იყოს და, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის ტონი იყო, რომლითაც სააკაშვილმა წარმოთქვა სიტყვები: "მაშინ უანდერი აღარ გვინდა". გეგონებოდა, სტივ უანდერი ჰიუსტონს ხურდაში მოჰყვებოდა. თუ ჰიუსტონი ჩამოსვლას დათანხმდა, ალბათ, საქართველოდან უანდერის აგენტს დაურეკავენ და ეტყვიან: "ჩვენ მხოლოდ იმისთვის დაგირეკეთ, რომ გითხრათ: აღარაფერში გვჭირდებით".

KvirisPalitra.Geსპორტი, ხელოვნება და პოლიტიკა

თავიდანვე ვიტყვი, რომ არ ვეთანხმები გოგა ხაინდრავას, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის მორაგბეთა მატჩს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სპორტული თვალსაზრისით შეიძლება არ ჰქონდა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ არსად არ შეიძლება იყოს რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება უმნიშვნელო.

ძალიან ხშირად გაიგებთ, რომ სპორტში პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს, ან ხელოვნება პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს. ხშირად ამბობენ ამას ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც რუსეთში თამაშობენ, ან ჩვენი მომღერლები, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ. აქ გარკვევით და ხაზგასმით მინდა ვთქვა, - ის, რაც დღეს რუსეთ-საქართველოს შორის ხდება, პოლიტიკა არ არის! რაც რუსეთ-საქართველოს შორის ხდება, დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ პოლიტიკა ვერ იქნება, რადგან ეს ომია, სამშობლოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. მეტიც, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. რა შუაშია აქ პოლიტიკა?! ეს ყველა ჩვენგანს ეხება. როდესაც გორში რუსული ბომბები ცვიოდა, მსროლელებს არ გაურჩევიათ, ვინ იყო პოლიტიკაში გარეული და ვინ - არა.

ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ჩვენს მორაგბეებს არც კი უცდიათ ამ მატჩის ეგრეთ წოდებული პოლიტიკისგან დისტანცირება. კი იმეორებდა ზოგიერთი ჩინოვნიკი, სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეაო, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ტრაპიზონში წასული ქართველი გულშემატკივრებისთვის ცივილიზებულად მოქცევისკენ მოეწოდებინა და სტადიონზე გინება და მით უმეტეს, ჩხუბი, თავიდან აეცილებინა. ის კი არა, მატჩის შემდეგ ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ ისიც განაცხადა,  ამ გამარჯვებას რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ბიჭებს ვუძღვნიო. ეს ჭეშმარიტად ამაღელვებელი სიტყვები იყო, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც - ჩვენი ხელისუფლების ნიჭი, ყველაფერი გააფუჭოს.

დიახ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს ნიჭი გადამეტებული პროპაგანდითა და პიარით ყველაფერი გააფუჭოს. დიახაც, რუსეთ-საქართველოს მატჩს ჰქონდა განსაკუთრებული დატვირთვა და ეს ქართველ გულშემატკივარსაც და მორაგბეებსაც კარგად ესმოდათ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი ნაკრები დღეს რუსეთის ნაკრებზე გაცილებით ძლიერია და წინასწარ ვიცოდით, რომ საქართველოს გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა, ხელისუფლებამ ამ მატჩისა და გამარჯვების პაირკამპანიისთვის გამოყენება გადაწყვიტა.

ისე წარმოაჩინეს, თითქოს ეს ზოგადად რუსეთზე გამარჯვება იყო, თითქოს ამ გამარჯვებით ჩვენ შეგვეძლო იმ ჭრილობის მოშუშება, რაც რუსეთ-საქართველოს ომში დამარცხებამ მოგვაყენა. ხელისუფლებამ ამ მატჩის გამო ისეთი აჟიოტაჟი ატეხა (კონტროლირებადი ტელევიზიებისა და არა მარტო ტელევიზიების საშუალებით), რომ მე  და გოგა ხაინდრავას გარდა, სხვა მოქალაქეებიც გააღიზიანა. არ იყო საჭირო ამ მატჩის არც მნიშვნელობის დაკნინება და არც მისი მნიშვნელობის უსასრულობამდე გაზრდა, რადგან ყველანაირი უკიდურესობა უკუშედეგს იწვევს.

ამიტომ ვამბობ, ხელისუფლებას აქვს საოცარი ნიჭი, ყველაფერი გააფუჭოს და პატარა გამარჯვებით მოპოვებული პატარა სიხარულიც კი ჩაგვამწაროს.

ერთით ნული ხელისუფლების სასარგებლოდ
წლევანდელი ნოვრუზ-ბაირამი გამორჩეული გამოვიდა. უპირველესად იმიტომ, რომ სააკაშვილმა საერთო-სახალხო დღესასწაულად (ეროვნული დღესასწაულიც კი წამოსცდა) გამოაცხადა. ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების პატივისცემაში, სიმართლე გითხრათ, კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. გაუგებრობა მხოლოდ იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ საქართველოში სხვა რელიგიური ჯგუფებიც არიან, მაგალითად, ებრაელები, და ბუნებრივია, ყველას დაებადა კითხვა: თუ სახელმწიფო პოლიტიკა ყველა რელიგიური ჯგუფის მაქსიმალურად თანაბარ პირობებში ჩაყენებაა, მაშინ რომელიმე ებრაული დღესასწაულიც რატომ არ ცხადდება საერთო-სახალხოდ? ებრაელებმა რა დააშავეს, ან კათოლიკეებმა? თუ მათი ხმები არჩევნებზე გადამწყვეტი არ არის? მაჰმადიანებს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი დღესასწაულებიც აქვთ, ისინიც გამოვაცხადოთ საერთო-სახლხოდ? ყურბან-ბაირამმა რა დააშავა? ეს კითხვები, ბუნებრივია, ლეგიტიმურია.

ეს გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკაა თუ წინასაარჩევნო პოპულიზმი? თუ წინასაარჩევნო პოპულიზმი იყო, მაშინ ხელისუფლებამ ოპოზიციას ნამდვილად აჯობა. ერთ-ერთმა მთავარმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ სწორედ ამ დღეს დაუშვა კურიოზული შეცდომა, რომელმაც მას შეიძლება აზერბაიჯანელების ხმები დააკარგვინოს. თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან მისულს შეეშალა და ნოვრუზ-ბაირამის ნაცვლად  ყურბან-ბაირამი მიულოცა.

ამას აზერბაიჯანელი სტუდენტების პროტესტი მოჰყვა: ჯერ კარგად გაერკვეს ჩვენს დღესასწაულებში და მერე მოგვილოცოსო. მინდა აზერბაიჯანელ სტუდენტებს დავეთანხმო: პოლიტიკოსი ზერელედ არაფერს არ უნდა ეკიდებოდეს. ასეთი სააკაშვილიც გვეყოფა. თუმცა ამჯერად პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით აზერბაიჯანელების გული ნამდვილად მოიგო, ოპოზიციამ კი მათ მხოლოდ კურიოზი შესთავაზა.
ნანა
14 თებერვალი 2011 18:24
მერაბ, მეგობრობის დღიურში რომ ჩანაწერებს ვაკეთებდით ბავშვობაში, ისე უნდა დაგიწეროთ შესაბამისი სახეცვლილებით:

ძალიან მომწონს თქვენი ბლოგები :))))
kaxa
03 აპრილი 2010 18:39
შენადაა - რაგბში, რომ რუსებს მოვუგეთ ამაში ხელისუფლებსი წვლილი რამდენი პროცენტია? :))) - ისე, კი უნდა მივულოცო მაგათ 15 აპრილს სიყვარულის დღე :) რაგბისტებს რაგბისტებს :)
merab metreveli
03 აპრილი 2010 14:10
sofo - მერაბ, "გზა"ში რომ "პროვოკატორია", ისიც თქვენ ხართ, ხო? ძალიან მაგარია.

არა, სოფო, სამწუხაროდ, მე არა ვარ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები