"ვეფხისტყაოსანი" არა მარტო ყველა ქართველის, არამედ ჩემი სიამაყეცაა" - რუსთაველის კორეელი მთარგმნელი - კვირის პალიტრა

"ვეფხისტყაოსანი" არა მარტო ყველა ქართველის, არამედ ჩემი სიამაყეცაა" - რუსთაველის კორეელი მთარგმნელი

ჩო ჯუ-კვანი: "ვეფხისტყაოსნის" თარგმნას 10 წელი მოვანდომე"

საქართველოში შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის - "ვეფხისტყაოსნის" კორეულ ენაზე მთარგმნელი, პროფესორი ჩო ჯუ-კვანი იმყოფებოდა. მას კორეის რესპუბლიკის საელჩოში შევხვდით.

- "ვეფხისტყაოსანი" არა მარტო ყველა ქართველის, არამედ ჩემი სიამაყეცაა.

- "ვეფხისტყაოსნით" როდის დაინტერესდით?

- რუსმა კოლეგებმა მირჩიეს, გავცნობოდი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანს". მანამდე საქართველოს შესახებ რუსი კლასიკოსების ნაწარმოებებიდან ვიცოდი. პუშკინი, ლერმონტოვი ბევრს წერდნენ თქვენს ქვეყანაზე. რუსულ ენაზე ნათარგმნი "ვეფხისტყაოსანი" შევიძინე. შემდეგ ინგლისურ თარგმანს გავეცანი. იაპონიაში ყოფნისას "ვეფხისტყაოსნის იაპონური თარგმანიც ვიყიდე. პოემა ვრცელი და რთული მეჩვენა, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან საინტერესო. მოვიხიბლე, როდესაც "ვეფხისტყაოსნის" ფრაგმენტები ქართულ ენაზე მოვისმინე.

- "ვეფხისტყაოსნის" მცირე კოლექციაც შეგიგროვებიათ.

- თარგმნას საკუთარი ინიციატივით შევუდექი და ამ საქმეს 10 წელი მოვანდომე. მუშაობის პროცესში აღმოსავლეთმცოდნე პროფესორი გურამ ჩიქოვანი და სეულის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრანტი რუსუდან ფირცხალავა მეხმარებოდნენ. მისი გამოცემა გაგვიჭირდა, ბოლოს საქართველოს საელჩო დაგვეხმარა და წიგნიც გამოიცა.

ჩვენი კულტურა იმდენად განსხვავებულია, თავდაპირველად ვერ ვიგებდი ისეთ სიყვარულს, როგორიც პოემაშია აღწერილი. ვფიქრობ, ქართველებს უფრო ძლიერი და ამაღლებული სიყვარული შეუძლიათ.

- ალბათ, ქართველ ერზე თქვენი აზრიც შეგექმნათ. დაემთხვა თუ არა თქვენი წარმოდგენა რეალობას?

- საქართველო დიდი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყანაა. უპირველესად მომხიბლა საქართველოს ბუნებამ. განსაკუთრებით დათოვლილი უშგული ჩამრჩა მეხსიერებაში. სტუმართმოყვარე და ძალიან თბილი ხალხი ხართ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ახალი ჩამოსული ვარ, თავს უცხოდ მაინც არ ვგრძნობ.

- თამარ მეფის პორტრეტი თუ ნახეთ?

- "ვეფხისტყაოსნის" პირველად წაკითხვისთანავე ინტერნეტით მოვძებნე თამარის პორტრეტი. სამწუხაროდ, ვარძიაში ვერ მოვახერხე ჩასვლა მისი ფრესკის სანახავად. უკვე ვიყავი და დავათვალიერე სვანეთი, აჭარა, გორი... ქართული სამზარეულოც მომეწონა. ყველაფერი გემრიელია, თუმცა ხინკალსა და ხაჭაპურს არაფერი შეედრება.

- რომ გთხოვოთ, დაასახელოთ ყველაზე ცნობილი ქართველი, პირველად ვინ გაგახსენდებათ?

- რა თქმა უნდა, შოთა რუსთაველი, ჩემთვის ის პირველი ქართველია.

- როგორ დაუხასიათებთ საქართველოს იმ ადამიანებს, ვინც ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში?

- ვეტყვი, რომ ეს არის ღვთის ქვეყანა. უნივერსიტეტში მითოლოგიას ვუკითხავ სტუდენტებს და ხშირად ვესაუბრები საქართველოზე. აქედან ძალიან ბევრი ფოტო მიმაქვს, რომ ახლობლებს ეს ქვეყანა დავათვალიერებინო და მათაც ისევე შევაყვარო, როგორც მე მიყვარს.

ეკა სალაღაია