"კლიმატის ცვლილების სცენარი არასახარბიელოა"
20-06-2016
"კლიმატის ცვლილების სცენარი არასახარბიელოა"
"წყალდიდობები აშკარად გახშირდა"

"დათბობას, ძირითადად, დიდი ოდენობით სათბურის ეფექტის მქონე გაზების გაფრქვევა იწვევს. თუ ზომები არ იქნა მიღებული, შესაძლებელია, საუკუნის ბოლოსთვის ტემპერატურამ 2,5-3 გრადუსით აიწიოს"


თუ ადრე ამინდზე საუბარს უხერხული­ სიჩუმის დასარღვევად წამოიწყებდნენ ხოლმე, ახლა ეს თემა ზეაქტუალურია. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც წყალდიდობა, წყალმოვარდნა და სეტყვა არცთუ იშვიათ მოვლენად იქცა.

რამაზ ჭითანავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსი: - კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე შეინიშნება­
რეგიონული მასშტაბის ცვლილებები. ლაპარაკია დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის დაახლოებით 0,7-0,8 მეათედი გრადუსით გაზრდაზე. თითქოს ეს არც ისე დიდი მაჩვენებელია, თუმცა ამის შედეგად აშკარაა­ ათასობით წლის განმავლობაში დედამიწაზე ჩამოყალიბებული კლიმატური სისტემის დარღვევა. თითქმის ყველგან თავი იჩინა არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი გეოლოგიური სახის მოვლენის (მაგ. მეწყერი)
გახშირებამ. წყალდიდობები ადრეც ყოფილა, თუმცა ახლა აშკარად გახშირდა. დათბობას, ძირითადად, დიდი ოდენობით სათბურის ეფექტის მქონე გაზების გაფრქვევა იწვევს. მაგ.: C2 და სხვა. თუ ზომები არ იქნა მიღებული, როგორც ამბობენ, შესაძლებელია, საუკუნის ბოლ­ოსთვის ტემპერატურამ 2,5-3 გრადუსით აიწიოს.

გორში მოსულმა სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა

- რა კეთდება ამის თავიდან ასაცილებლად?

- მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ და გაეროს გარემოს დაცვითმა პროგრამამ ერთობლივად დააფუძნეს საერთაშორისო ორგანიზაცია IPCC (კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა საბჭო). მას ევალება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის შესწავლა და შესარბილებელი ღონისძიებების დასახვა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რა სამუშაოებიც უნდა ჩატარდეს, კლიმატი გარკვეული დოზით მაინც შეიცვლება, ამის გამო კი გლობალური ცვლილებებია მოს­ალოდნელი: განსაკუთრებით, ზღვის დონის აწევა,­ წყალდიდობა, წყალმოვარდნების გახშირება და ა. შ. შარშან პარიზში ჩატ­არდა კლიმატის სამიტი, რომლის დროსაც მიიღეს­ კონცეფცია, რომელიც პირ­ველი რიგის ქვეყნებს ავა­ლ­დებულებს, დაიცვან გარკვეული ნორმები და ლიმიტები, რამდენი გაზის გაფრქვევაა შესაძლებელი.

- თუ ლიმიტს ყველა ქვეყანა დაიცავს,­ მაშინ დაიწევს დათბობის ნიშნული დედამიწაზე?

- დაწევაზე არც არის ლაპარაკი, ლაპ­არაკია იმაზე, რომ 2 გრადუსს არ ასცდეს.

ლია მეგრელიძე, კლიმატოლოგიისა­ და მეტეოროლოგიის სამმართველოს უფროსი: - საქართველოზე თავისებურად აისახება გლობალური დათბობა. გლობალური დათბობის ფონზე სხვადასხვა ქვეყნის ფარგლებში მიმდინარეობს რეგიონული დათბობის ცვლილებების შესწავლა. კვლევები ჩატარებულია საქართველოსთვ­ისაც. გამოვლენილია, რომ ტემპერატურა­ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მომატ­ებულია. ტემპერატურა უფრო მეტად დამთბარია საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიებზე. დასავლეთში აღინიშნება ნალექების მატება, იქ ისედაც ჭარბი ნალექია, აღმოსავლეთში კი შეინიშნება შემცირების ტენდენცია, განსაკუთრებით, ზაფხულში, რაც ასევე უარყოფ­ითად აისახება სხვადასხვა სექტორზე, სადაც ისედაც გვაქვს წყლის ნაკლებობა. ანუ ეს კონტრასტები მწვავდება, რაც იწვევს გვალვების გახშირებას და გახანგრძლივებას, ისევე როგორც სხვა რეგიონებში ჭარბი ან ექსტრემალური ნალექების შემ­თხვევებს.

ადიგენში გადაუღებელმა წვიმებმა საცხოვრებელი სახლები დატბორა

- პროგნოზი როგორია?

- არასახარბიელო. არსებობს ე.წ. კლიმატის ცვლილების სცენარები. თუ მსოფლიო განვითარდება ისე, რომ პრიორიტეტი მიენიჭება გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას, მაშინ გვექნება კლიმატის ცვლილების შედარებით შერბილებული ტენდენცია. თუ მსოფლიო წავა ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით, შეიძლება უფრო უარესი შედეგი მივიღოთ. ყველაზე რბილი სცენარის შემთხვევაშიც, საუკუნის ბოლოს მაინც არასახარბიელო სიტუაცია გვექნება. ზომიერი სცენარის პირობებში 3-4 გრადუსით ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
ტემპერატურის მატება აისახება მყინვარების დნობაზე, ასევე წყლის დონის აწევასა და ექსტრემალური მოვლენების გახშირებაზე, მაგალითად, როგორიცაა უხვი ნალექი, გვალვა, სეტყვა და ა.შ.

ამ პროცესების შერბილებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტის სფეროში, გარემოსადმი "მეგობრული" ტექნოლოგიების" დანერგვა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა შემარბილებელი ღონისძიების დაგეგმვის პროცესში გადაწყვეტილებების მიმღებთა, დაინტერესებულ მხარეთა და მომხმარებელთა ჩართულობა.
ხათუნა ქოქოსაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი­ პროგნოზების სამმართველოს უფროსი: - უახლოესი 10 დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამის ან საღამოს საათებში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა. აღარ დაფიქსირდება გაბმული წვიმები. ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს.

- როგორი ზაფხული გველის?

- საშუალო მრავალწლიურ ნიშნულზე ცოტა ცხელი. ცხელი პერიოდი დაიწყება­ ივლისის შუა რიცხვებიდან და გასტანს აგვისტოს ჩათვლით. ნალექი ნორმის ფარგლებში იქნება, პერიოდულად ხანმ­ოკლე წვიმებს უნდა ველოდოთ, მეტწილად, აჭარაში. წელს საქართველოში ანომალიური სიცხეები არ გველის, თუმცა ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურა ზოგიერთ რაიონში 40 გრადუსამდეც ავიდეს.

ეკა სალაღაია


ლაშა
27 ივნისი 2016 14:12
მარტო ლაპარაკი არაფერს შველის. პირველ რიგში გარემოს დაცვას და სატყეოს მოეკითხება პასუხი. ჩვენს თვალწინ იჩეხება და ნადგურდება მწვანე მასა. თბილისის მერიამ კი ელემენტარულად ხის დარგვაც არ იცის ნორმალურად, ნახევარზე მეტი ისევ გახმა მოუვლელობის გამო

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები