მიწისქვეშა წარმოდგენები და მათხოვრობის მარტივი არითმეტიკა - კვირის პალიტრა

მიწისქვეშა წარმოდგენები და მათხოვრობის მარტივი არითმეტიკა

მეტროს მოხუცი მათხოვრები თავიანთ არჩეულ ადგილებზე არავის აჭაჭანებენ. მათ შორის გამოირჩევა კიბეზე ჩამომჯდარი ფეხშეხვეული ქალი, რომელიც ამ ფეხის წყალობით კარგა ბლომად ფულს შოულობს. თავად შევესწარი, "მოტეხილი" ფეხით კიბეზე ჩამოჯდომის მსურველს როგორ გაუსწორდა...

ერთმა მამაკაცმა ეპილეფსიით დაავადებული ისე ოსტატურად ითამაშა, რომ ფულის ჩუქებისაგან მეც კი ვერ შევიკავე თავი. ვაგონიდან გასულმა კი კარს დაკეტვა არ აცალა, რომ წელში გამართულმა ჯეირანივით გაიარა!

წელიწადია, თითქმის ყოველდღე მეტროთი ვმგზავრობ, რამაც ჩემი წარმოდგენა "უპოვართა" შესახებ თავდაყირა დააყენა - ისინი ნელ-ნელა იქცნენ ფულის გამომძალველთა არმიად, რომელიც მგზავრების ჯიბეებთან ბრძოლაში ულაპარაკოდ იმარჯვებს!

ამას წინათ როცა ახლობელმა მითხრა, - მგონი, ქუჩაში მათხოვრები დაცოტავდნენ, დავიჯერო, ასე გაგვიუმჯობესდა ცხოვრებაო, გამწარებულმა მივახალე, - ყველანი მეტროში ჩავიდნენ, ახლა ჯოჯოხეთი იქ ტრიალებს-მეთქი. არც ქუჩებშია სამოთხე, მაგრამ ქუჩა მაინც ღიაა და არა მეტროს ვაგონებივით ჩაკეტილი, სადაც ფიქრებში წასულს კაბის კალთაზე ჩამოგეკონწიალებიან და სანამ ფულს არ მისცემ, ვერ მოიშორებ, ვერც ვერსად გაექცევი... არ მისცემ და კიდევ უარესი - ერთი შეხედვით უწყინარმა ბიჭმა შეიძლება შეგაფურთხოს კიდეც. ამას წინათ ხუჭუჭა ბიჭმა წიხლის ამორტყმა დამიპირა და ჯანიანმა კაცებმა ძლივს მიაბრძანეს ვაგონიდან. მატარებლიდან ჩამოსული შიშით უკან ვიხედებოდი - არ წამომეწიოს და თავში რამე არ ჩამარტყას-მეთქი!

აგრესიით ბავშვებს არც ქალები ჩამოუვარდებიან, განსაკუთრებით ჩვილბავშვიანები - მუდმივად ჩაძინებულ ჩვილებთან ერთად (არავინ იცის, საცოდავებს ფსიქოტროპულ საშუალებებს რა დოზით ასმევენ) საკვირველი ოსტატობით დააბიჯებენ გაქანებულ ვაგონებში და მოწყალებას ითხოვენ(?!). ჩვილბავშვიანების შემდეგ მეტროში ე.წ. ყუთიანი მათხოვრები ბატონობენ - სოციალური ქსელიდან მოპარული ბავშვების ფოტოებით. ისიც შესაძლებელია, ყუთზე ავადმყოფის პოზაში რომელიმე მათიანი იყოს გამოსახული... დაახლოებით 2 წლის წინ ერთმა ქალბატონმა, მეტროში ავადმყოფი შვილის სამედიცინო დოკუმენტები მაჩვენა. ბავშვს საზღვარგარეთ ოპერაციისთვის 80.000 დოლარი სჭირდებოდა. მითხრა, - მათხოვრობით უკვე 70.000 შევაგროვე, 10.000-საც ვიშოვი და შვილს გადავარჩენო. წელს ვეღარ მიცნო და - ამდენი წელია, ვმათხოვრობ და მომაკვდავი შვილის ოპერაციისთვის 30.000 დოლარს ძლივს მოვუყარე თავიო. ამის გაგონებაზე ისე შემრცხვა, ვეღარაფერი ვკითხე...

მოკლედ, მეტროში წარმოდგენები იმართება. ჭუჭყიანი, შიშველ-ტიტველი ბავშვების მეტროს იატაკზე დაჩოქება და თავის რახუნი, კანკალი, წელში მოკუნტვა და ა.შ. - ამ ბიზნესს მსახიობის ნიჭი სჭირდება. ერთმა მამაკაცმა ეპილეფსიით დაავადებული ისე ოსტატურად ითამაშა, რომ ფულის ჩუქებისაგან მეც კი ვერ შევიკავე თავი. ვაგონიდან გასულმა კი კარს დაკეტვა არ აცალა, რომ წელში გამართულმა ჯეირანივით გაიარა!

სხვათა შორის, ჩვენი "აბორიგენი" მათხოვრების მიბაძვით თავის მოკატუნებას ბოლო წლებში აზერბაიჯანიდან (ამ ქვეყანაში მათხოვრობა წლების წინ აიკრძალა, რის გამოც ირანიდან აზერბაიჯანში შესულმა ქურთულმა ტომებმა სახელმწიფო დატოვეს და ჩვენს ქვეყანაში შემობარგდნენ!) თბილისში შემოსული მათხოვართა კასტაც მიეჩვია. ისინი სამგორის მეტროს მახლობლად დასახლდნენ ნაქირავებ უწყლო-უგაზო-უტუალეტო ბარაკებში და არცთუ ცოტას იხდიან - თითო სული თვეში 100 ლარამდე. ბარაკში დაახლოებით 10 სული მაინც ბინადრობს, ასე რომ, ბარაკების მეპატრონეებსაც გაუმართლათ... ამ ტომის მათხოვრები, მათ შორის, 3-4 წლის ბავშვები, "სამსახურის" შემდეგ სადგურ "დიდუბეში" იყრიან თავს და ფულს სუფთად ჩაცმულ ადამიანს აბარებენ, სავარაუდოდ, კასტის უფროსს.

ყველაზე შთამბეჭდავები მაინც მეტროს მოხუცი მათხოვრები არიან. თავიანთ არჩეულ ადგილებზე სხვას არ აჭაჭანებენ. მათ შორის გამოირჩევა საბურთალოს გადასასვლელ ხაზზე, კიბეზე ჩამომჯდარი ფეხშეხვეული ქალი, რომელიც ამ ფეხის წყალობით პირველ ხანებში კარგა ბლომად ფულს შოულობდა. ჩიოდა, - ახლახან დავეცი, ფეხი მოვიტეხე და წამლის ფული არ მაქვსო. შეწუხებული მგზავრები კი დაუფიქრებლად ასაჩუქრებდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ მისმა შემოსავალმა იკლო და ქალმაც ტექსტი საჭიროებისამებრ შეცვალა. ამის მიუხედავად, ბედს აშკარად არ უჩივის, ადგილს დილაადრიანად ისაკუთრებს და მხოლოდ მეტროს დაკეტვისას მიდის შინ. მისი იქ ყოფნისას არც ერთ მათხოვარს არ აქვს უფლება, კიბეზე ჩამოჯდეს - თავად შევესწარი, "მოტეხილი" ფეხით ამის მსურველს როგორ გაუსწორდა.

დაბოლოს, ამ "არმიაში" არიან ის "ჯარისკაცებიც", რომელთაც ღირსეული ქვეყანა ხელის გაწვდენას არ უნდა აკადრებდეს... ამას წინათ, მეტრო "რუსთაველზე" ერთი უსინათლო ქალი შემოვიდა ვაგონში ფანდურითა და სკამით. სკამი წინ დაიდგა, ზედ ხურდების ჩასაყრელი კონსერვის ქილა შემოდო და ფანდურზე ჩამოკრა. შევხედე და გული მომიკვდა, - ის უსინათლო მომღერალი იყო, 9 აპრილის ბნელ ღამეს თავისი სიმღერით რომ უნათებდა ქართველებს!

მინდა სინათლე ახლაც გამოჩნდეს, თუნდაც გვირაბის ბოლოს, მაგრამ სანამ მათხოვრებად ვიქნებით ქცეული, რა გამოაჩენს!..

"უმოწყალო" ბიზნესი

შარშან ჩემებური გამოკვლევა ჩავატარე - მეტროში სამგორიდან საბურთალომდე (პოლიტექნიკური ინსტიტუტი), შაბათ-კვირის გარდა, მთელი წელი ვიარე. ამ ხაზზე მხოლოდ ერთი, დიდუბის მიმართულებით 10 მეტროსადგური უნდა გამევლო (რასაც 25 წუთი სჭირდებოდა). ყოველ გაჩერებაზე თითო, ანუ სულ 10 მათხოვარი შემოდიოდა. თითოეულს საშუალოდ, 10 მგზავრი მაინც აძლევდა ფულს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს მათხოვრისთვის 10 და, მით უმეტეს, 5-თეთრიანის მიწოდება შეურაცხმყოფელია (ხშირად უკანვე გადმოგიგდებენ) და ხალხი ძირითადად, 20 (ხშირად 50) თეთრს გაიღებს, გამოდის, რომ მეტროს მხოლოდ ერთ ვაგონში ერთი მათხოვარი საშუალოდ 5 წუთის მანძილზე (დაახლოებით ამდენი დრო სჭირდება მატარებელს ერთი სადგურიდან მეორეში მისასვლელად), დაახლოებით 2 ლარს შოულობს (10 მათხოვარი - 20 ლარს). შემდგომ კი იმდენჯერ 2 ლარს, რამდენ ვაგონშიც შეაბიჯებს! ანუ მარტივი არითმეტიკით - თუკი თითოეული მათხოვარი 25 ვაგონში მაინც შევა, 125 წუთში იშოვის დაახლოებით 50 ლარს! როგორი არითმეტიკაა?! დამეთანხმებით, მეტად მომხიბლავი ბიზნესია, რომელსაც ვაგონ-ვაგონ სიარულისა და თეატრალიზებული წარმოდგენის გარდა დიდი არაფერი სჭირდება!

ეთერ ერაძე