"დე ნიროს გადასაღებ მოედანზე შევუვარდი" - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ამერიკული დღიურები - კვირის პალიტრა

"დე ნიროს გადასაღებ მოედანზე შევუვარდი" - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ამერიკული დღიურები

ევას ობიექტივში არაერთი ცნობილი სახე მოხვედრილა. ერთხელ ქუჩაში ფილმის გადაღებას შეესწრო - რობერტ დე ნირო თამაშობდა! ლეგენდარული არტისტი ევამ სწორედ გადასაღებ მოედანზე აღბეჭდა კადრზე

ევა კაპანაძე მეგობრის ქორწილში შემთხვევით შეხვდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს. ეს სამახსოვრო ფოტოც სწორედ მაშინ

გადაიღეს

ბრუკლინის ერთ უბანში, პარკ სლოუპზე ერთი ქართველი გოგონა ცხოვრობს დიდი გეგმებითა და სურვილებით. მის სახელსა და გვარს, როგორც ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველისა, მომავალში ალბათ კიდევ ბევრჯერ გაიგონებთ. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა მეგობრებისთვის, - მეუბნება და შინ მეპატიჟება. ჩემი მასპინძელი ნიუ-იორკში წარმატებული ქართველი ფოტოგრაფია. 35 წლის ევა კაპანაძემ ახალი ცხოვრების დასაწყებად 13 წლის წინ დატოვა საქართველო.

"მარტო დარჩენილს ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა"

ევა კაპანაძე: - 8 წლის ვიყავი, დედა სიმსივნით რომ გარდაიცვალა. პატარაობისას მის დაკარგვას მთელი სიმძაფრით ვერ აღვიქვამდი, ახლა უფრო ვგრძნობ უმისობას. მე და ჩემი ძმა მამამ აღგვზარდა. ისე უყვარდა დედა, აღარც უფიქრია მეორე ოჯახის შექმნა... მერე ჩემი ძმა, სულხანი, გიორგობას დაიღუპა. მაშინ 19 წლის ვიყავი, სულხანი ოთხი წლით პატარა იყო. წაღვერში მამიდა ცხოვრობს. მამიდაშვილმა გამოგვიარა და სოფელში დაგვპატიჟა... ბიჭებმა მანქანის გასაღები მოიპარეს - გასეირნება უნდოდათ. მანქანაში ახალგაზრდები ისხდნენ, მხოლოდ ჩემი ძმა დაიღუპა. მამამ შვილის დაკარგვა ვერ გადაიტანა და ერთ წელიწადში გარდაიცვალა...

მარტო დარჩენილს ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა. ამერიკაში მცხოვრებმა ნათლიამ ჩემი წაყვანა გადაწყვიტა... მთელი სიცოცხლე მისი მადლიერი ვიქნები. წარმოიდგინეთ, 90-იანი წლების საქართველოს შემდეგ ამერიკა... ყველაფერი თავიდან დავიწყე. ბევრი ემიგრანტის მსგავსად, ერთ ოჯახში ვმსახურობდი. ინგლისური არ ვიცოდი, მერე ვისწავლე. ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება. დღეს კი ბედნიერი ვარ არა იმით, რომ ამერიკაში ვცხოვრობ, არამედ იმით, რომ მაქვს საშუალება, ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს...

ტანსაცმლის ხაზი

ცოტა ხნის წინ ამერიკაში მოღვაწე ქართველ დიზაინერთან, ანა კუტიბაშვილთან ერთად საკუთარი ტანსაცმლის ხაზი გააკეთა.

- ანა მოდელიც არის. ერთხელ ისე მელაპარაკა თავის სამოდელო გეგმებზე, გადავწყვიტე, ბედი მეცადა დიზაინის სფეროში. ზაფხულის კოლექცია გავიტანეთ რამდენიმე მაღაზიაში, საიდანაც სარეალიზაციოდ შემოგვთავაზეს კოსტიუმების შეტანა. ამის შემდეგ უკვე გავახმაურებთ ჩვენს ბრენდს ENIV (ენივ). სამოსზე ნახავთ ქართულ დეტალებს. ჩვენს ერთობლივ მუშაობას ამარტივებს ის, რომ ანა დიზაინერი და მოდელია, მე კი - დიზაინერი და ფოტოგრაფი....

თოჯინების სერია

თავიდან გრაფიკული დიზაინი იზიდავდა. გაიარა ვებდიზაინის კურსი. ფოტოგრაფიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისივე შექმნილ თოჯინებს ფოტოები გადაუღო. მერე პროფესიონალურად მიუდგა ამ საქმეს და Fashion Institute Of Technology-ს სამოდელო ფოტოგრაფია და სამოდელო სტილის კურსები გაიარა. ორიგინალური თოჯინების სერიას, რომ იტყვიან, არაფრისგან ქმნის.

ბავშვობიდან მიყვარდა ქაღალდის თოჯინების გამოჭრა და ფერადი ქაღალდებისგან ტანსაცმლის კეთება. ერთხელ გადმოვალაგე ფურცლები და საქმეს შევუდექი. მერე ერთგვარ ტრადიციად მექცა მეგობრებისთვის ჩემი შექმნილი დეკორაციების ჩუქება. ერთხელ ერთმა ოჯახმა ქორწილისთვის შემიკვეთა დეკორაციები. ეს იყო ძალიან დიდი სტიმული. მოგვიანებით გრაფიკული დიზაინით დავინტერესდი. შემდეგ ფოტოგრაფია შევისწავლე და ამ საქმეს მოვკიდე ხელი.

ევას ობიექტივში

ერთხელ ქუჩაში ფილმის გადაღებას შეესწრო - რობერტ დე ნირო თამაშობდა! ლეგენდარული არტისტი ევამ სწორედ გადასაღებ მოედანზე აღბეჭდა.

- მანჰეტენზე ვსეირნობდი და გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი. უცებ დავინახე რობერტ დე ნირო და გადასაღებ მოედანზე შევუვარდი - ეს ფოტოც მაშინ გადავიღე. ნიუ-იორკი ის ქალაქია, სადაც ერთ დღეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სრულიად შემთხვევით გავიცანი დები დიკენსონი, ვუთხარი, ფოტოგრაფი ვარ-მეთქი. ცოტა ხანში დამირეკა და ცნობილ გამომცემლობასთან თანამშრომლობა შემომთავაზა. შარშან, ერთ-ერთი გამომცემლობის მენეჯერს ჩემი ნამუშევრები აშშ-ში, ფეშენ ვიკზე უნახავს. მკითხა, თუ გსურს, შენს ფოტოებს დავბეჭდავთო, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

მოდის ინდუსტრიაში კონკურენცია ძალიან დიდია და შემოთავაზებებიც მაქვს. აშშ-ში ყოველწლიურად იმართება კონკურსი Art For Art, ამ კონკურსშიც ვიღებ მონაწილეობას. წიგნიც გამოვიდა ჯაზმენების შესახებ და ჩემი ფოტოები იქაც შევიდა.

"კლინტონმა მითხრა, ბევრი ვეცადე, რომ შენი ქვეყნისთვის მეგობრული ვყოფილიყავიო"

ცოტა ხნის წინ მეგობრის ქორწილში შემთხვევით შეხვდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს. ეს სამახსოვრო ფოტოც სწორედ მაშინ გადაიღეს.

- ბევრი ვისაუბრეთ. ამერიკის ექსპრეზიდენტმა მითხრა, ბევრი ვეცადე, რომ შენი ქვეყნისთვის მეგობრული ვყოფილიყავიო...

P.S. ევა საქართველოში ბოლოს ორი წლის წინ იყო ჩამოსული. ერთ-ერთ მუსიკალურ კაფეში ფოტოგამოფენა მოაწყო. შემოსული თანხა კი ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლს გადასცა. გაისადაც აპირებს ჩამოსვლას, რომ კიდევ რაიმე საქველმოქმედო ღონისძიება მოაწყოს..."

თორნიკე ყაჯრიშვილი