მუცოს "აღდგომა"
20-06-2016
მუცოს "აღდგომა"
ნუგზარ დაიაური: "დიდხანს ვოცნებობდი მუცოს აღდგენაზე. ისიც კი მიფიქრია, თუნდაც ვინმე გადამთიელმა მაინც აღადგინოს ჩვენი წინაპრების დიდებულების სიმბოლო-მეთქი"

2007 წელს პირველად ვესტუმრე პირიქითა ხევსურეთს. მაშინ "კვირის­ პალიტრამ" შატილიონთა და მუცოელების პრობლემების გახმაურება დაიწყო - ხევსურებს წინაპართა მიწაზე დაბრუნება სურდათ, მაგრამ უგზოობის, უშუქობის, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობის გამო მთებში ვერ მიდიოდნენ. გზა დიდი სულაც არ არის, მაგრამ ისევე, როგორც წლების წინ, ამჯერადაც მძიმეა - იმას, რასაც შატილამდე და შემდეგ მუცომდე მიჰყვები,
სამანქანო გზას ვერ დაარქმევ. ქარაფებზე გაჭრილ ოღროჩოღროში ავტომობილი ისე დახტუნაობს, თუ მაგარი გული არა გაქვს, შესაძლოა, ნაპრალებში გადაფრენის შიშით გაგისკდეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მეორე წელია მუცოს რეაბილიტაცია დაიწყო. 2017 წლის ბოლომდე საქმეს უნდა მოვრჩეთ და 2018 წლიდან ტურისტებმა სრულიად განახლებული მუცო უნდა ნახონო,
- ამბობენ სააგენტოს წარმომადგენლები.
გზად თორღვას ციხეა, მუცოს ციხესიმაგრეთა შემადგენელი ნაწილი, კლდის­ ქარაფზე ცისკენ ამაყად აღმართული თითქოს ღრუბლებს დაჰყურებს. მუცოც ორ ნაბიჯშია. ამინდმა არ გამიმართლა. წვიმაში კიდევ უფრო საშიშია აღმართებში საცალფეხო ბილიკებზე ასვლა. სველი ფილაქანი ფეხქვეშ სრიალებს. საშენი მასალის ასაზიდად საბაგიროები გაუჭიმავთ, დროებითი მოაჯირები დაუმაგრებიათ, მათზე დაკიდებული, ფაქტობრივად, ჰაერში მივაბიჯებ.

პაატა გაფრინდაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე:
- მუცოს დასახლების ქვედა ნაწილი, ფაქტობრივად, რეაბილიტირებულია, მესამე ეტაპზე ზედა ნაწილში ექვსი შენობის აღდგენას ვგეგმავთ. შენობები უმეტესად მთლიანად ან ნაწილობრივ დაშლილია. ზოგიერთის თავიდან აშენება გვიწევს. ვმუშაობთ ტრადიციული მასალით - ფიქლის, თიხნარისა და ხის გამოყენებით.
2018 წელს მუცო სრულად აღდგება. მოეწყობა ტურისტული ბილიკები, ინფრასტრუქტურა, რათა ციხე-კოშკებთან ასვლა გაიოლდეს. რეაბილიტაცია არ კმარა, მას ცოცხალი ორგანიზმივით სჭირდება მოვლა. აქ ადამიანი მუდმივად უნდა ტრიალებდეს. მუზეუმ-ნაკრძალი რომ შევქმენით, მუცოში არავინ ცხოვრობდა. ჯერ ნუგზარ დაიაურის ოჯახი დაბრუნდა, მისი ძმის ოჯახიც აპირებს გადმობარგებას, კიდევ ერთიც დაბრუნების მოსურნეაო... ნუგზარი ამ მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელია. ორი წლის წინ სახელმწიფოს დაფინანსებით გაკეთდა მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც და ორი ეტაპიც საბიუჯეტო სახსრებით ჩატარდა, მაგრამ მესამე ეტაპიდან მუცოს განახლება საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა "ქართუმ" იკისრა."
უძველესი ციხის კომპლექსის აღდგენით სამუშაოზე ქართული კომპანია "არქიტექსი" მუშაობს.

მამუკა პატარქალიშვილი, კომპანიის არქიტექტორი:
- ძველად დიდოელი ლეკები იყვნენ ციხე-კოშკების საუკეთესო მშენებლები, თუშეთსა და ხევსურეთში სწორედ მათ ავალებდნენ ამ მნიშვნელოვან საქმეს. ამჯერადაც ვცდილობთ დაღესტნელ ოსტატებს დავუკავშირდეთ და თუნდაც საბრძოლო კოშკის აღდგენაზე მათ იმუშაონ. თუშეთში რამდენიმე წელია დართლოს პროექტს ქართველები აკეთებენ. აქაც ჯერ საკუთარი ძალებით ვმუშაობთ.
საოცარია მუცო, არა მხოლოდ როგორც მიუვალი და აუღებელი ციხე, არამედ როგორც არქიტექტურული ნაგებობა. მუცოში იოლად ვერ ახვალ, აქაურობა ერთი შთამბეჭდავი ლაბირინთია მტრის თავგზის ასარევად..."

ციხე-კოშკების დასათვალიერებლად მეგზურობას მუცოს მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელი, ნუგზარ დაიაური მიწევს.­ კოშკებიდან მარცხნივ, მთის ფერდობზე შეფენილი უძველესი აკლდამები ჩანს. ისევე, როგორც ანატორის აკლდამებში, აქაც ჭირიანობის დროს დასნებოვნებული ადამიანები თავისი ფეხით მიდიოდნენ და მარტოობაში იხოცებოდნენ. მუცოდანაც გაჰყოლია ჭირით შეპყრობილ ჩვილს დედა. მომაკვდავი შვილით აკვანაკიდებული გასდგომია სიკვდილის გზას. ნუგზარი ამბობს, რომ დღემდე დარაჯობს იმ ხის აკვანს, ბავშვის ნეშტი დიდი ხნის წინათ გამქრალა, დედის ჩონჩხი კი აკვანთან ჩაშლილა. ძვირფასეულობის მაძიებლები იპარებოდნენ უძველეს სამარხებში, ძვლებიანად მიჰქონდათ ძვირფასეულობაო, წუხს ჩემი მეგზური. ის ახლა 52 წლის არის. ხუთი წლის წინ, 8 წლის ვაჟთან, შვიდი თვის გოგონასა და მეუღლესთან ერთად დამკვიდრდა წინაპართა მიწაზე. ჯერჯერობით ნათესავის სახლში ცხოვრობს. თავისას იშენებს, დიდი პაპის, აბულეთის, დანატოვარ მიწაზე."

აქ ზამთარი უმკაცრესი იცის. მოთოვს,­ გზა ჩაიკეტება და შატილამდეც ვერ მიხვალ. ახლა მიკროჰესი აშენდა მუცოს რეაბილიტაციის პროექტით და ელექტროენერგია ექნებათ, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ექიმი დასჭირდათ და თოვლიც დიდი იქნა, ღვთის ანაბარად მოუწევთ ყოფნა. ნუგზარ დაიაურის ვაჟი, აბულეთი, უკვე 13 წლის არის, შატილის სკოლა-ინტერნატში დადის. გოგონა, ქეთი, მალე სასკოლო ასაკის გახდება. მასაც შატილში მოუწევს გადაბარგება. და-ძმას მხოლოდ პარასკევ საღამოს ექნება შინ დაბრუნების შესაძლებლობა. აქ არც ტელეფონი მუშაობს. ძნელია მუცოში ცხოვრება, მაგრამ ნუგზარი ამბობს, რახან ოჯახმა ერთად იკისრა მუცოს მცველობა, სიძნელეებს ეჩვევიანო.

ნუგზარ დაიაური:
- მუცო კულტურული საგანძურია, რომელიც მთელ ერს ეკუთვნის. დიდხანს ვოცნებობდი მის აღდგენაზე. ისიც კი მიფიქრია, თუნდაც ვინმე გადამთიელმა მაინც აღადგინოს ჩვენი წინაპრების დიდებულების სიმბოლო-მეთქი. თუ ახლოს აღარავინ მიმიშვებდა, შორიდან ხომ მაინც დავინახავდი, როგორ გაცოცხლდებოდა ჩემი წინაპრების ხატება...

P.S. წინათ ბროლისკალოზე უხუცესები ბჭობდნენ პირიქითა ხევსურეთის უკეთ დაცვაზე, რაც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კარიბჭის დაცვას ნიშნავდა. სულ განაპირას რომ კოშკია, იმას დღეს ტელეფონს ეძახიან. ძველად მუცოელები მტერს რომ შეამჩნევდნენ, კოშკში დანთებული ცეცხლის კვამლით სხვა საგუშაგოებს ატყობინებდნენ. მუცოს ისევ სჭირდება უხუცესთა ბჭობა იმაზე, როგორ დაბრუნდნენ ძველი მეომრების მემკვიდრეები შინ, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კარიბჭე კვლავაც საიმედოდ დაიცვან.

საკრალური სკამი...

მუცოელებისთვის ერთ-ერთი საარაკო გმირია თორღვა ძაგანი, რომელზეც ამბობენ, როგორც ღვთის რჩეულს, ბეჭებზე ჯვრის, მზისა და მთვარის გამოსახულება ჰქონდაო. ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, თორღვა ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო ძე ყოფილა, მეფის ურჩი გამოქცეულა და მუცოსთვის შეუფარებია თავი. თითქოს მას შემოეტანოს პირიქითა ხევსურეთში ქრისტიანობა. ლეგენდების მიხედვით, მის დროს აშენებულია უძველესი ეკლესიაც, რომელიც ახლახან ნახეს, ორი სამარხით, მიცვალებულთა ძვლებ­შემორჩენილი. არსებობს ვერსია, რომ ძაგანი XIII საუკუნეში მცხოვრები კახელი თავადის, თორღვა პანკელის შვილი და ძაგანისძეთა სახლის წარმომადგენელი იყო. ვისი ნაშიერიც უნდა ყოფილიყო, დიდებული კვალი კი დაუტოვებია. ბროლისკალოზე დღესაც დგას მისი ქვის სკამი, რომელზეც ხევსურები არათუ სტუმარს, საკუთარ თავსაც კი არ აძლევდნენ დაჯდომის უფლებას.

ეკა ლომიძე
anuki
04 ივლისი 2016 01:16
მისტიკური და ულამაზესი ხევსურეთი, რამდენჯერმე ვარ ნამყოფი მაგრამ კიდევ წავიდოდი სიამოვნებით
maka
30 ივნისი 2016 15:08
ღმერთოო მომეცი ძალა დიდი ხნის ოცნების ახდენისა და ფეხდაფეხ შემომატარე ეს ულამაზესი მხარეე.
shoda
25 ივნისი 2016 15:29
აღფრთოვანებული ვარ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

რედაქტორის რჩევით