"აბეზიანნიკში" რომ გადამიყვანეს, იქ მღვდლებიც დავინახე" - რატომ არ შეუშვეს აღდგომას ქართველი პილიგრიმები ისრაელში?! - კვირის პალიტრა

"აბეზიანნიკში" რომ გადამიყვანეს, იქ მღვდლებიც დავინახე" - რატომ არ შეუშვეს აღდგომას ქართველი პილიგრიმები ისრაელში?!

წლების განმავლობაში ისრაელ-საქართველოს შორის სავიზო მომოსვლა იყო და 2013 წელს ისრაელის სახელმწიფომ სავიზო რეჟიმი მოგვიხსნა. ქართველებს მეტი რა გვინდოდა და მივაშურეთ ამ წმინდა მიწას სასწავლებლად, სამკურნალოდ, დასათვალიერებლად და ზოგმაც - დასარჩენად...

ა.წ. 27 აპრილს, წინასააღდგომოდ, საქართველოდან პილიგრიმების დიდი ნაკადი წავიდა. მგზავრების ინფორმაციით, ისრაელში ჩასულებს, მათ შორის სასულიერო პირებსაც, საბაჟო გამშვებ პუნქტზე გასვლის უფლება არ მისცეს, მოჰკიდეს ხელი და იქვე "აბეზიანნიკებში" ამოაყოფინეს თავი. მხოლოდ ამ რეისიდან 100 კაცი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გამოაბრუნეს და თან 5-10-წლიანი დეპორტიც მოაყოლეს!

ბუნებრივია, "კვირის პალიტრა" ამ ფაქტით დაინტერესდა და ერთ-ერთ მგზავრსაც გაესაუბრა:

- 27 აპრილს ჩარტერული რეისით - თბილისი-სტამბოლი-თელ-ავივი - ჩავფრინდი. როდესაც გამშვებ პუნქტზე შევედით, გაიგეს თუ არა, რომ საქართველოდან ვიყავი, ირონიულად მითხრეს, საქართველო "ნოუ-მუშაო" და მაშინვე "აბეზიანნიკში" გადამიყვანეს. ყველა საბუთი წესრიგში მქონდა, სასტუმროც დაჯავშნილი, ორივე მიმართულების ბილეთიც ხელში მეჭირა, პლასტიკურ ბარათზე საკმარისი თანხაც მქონდა, მაგრამ ამით არავინ დაინტერესებულა.

- ტურისტული სააგენტოთი წახვედით?

- დიახ, აღდგომის დღესასწაულზე იერუსალიმში ექვსი დღით მინდოდა დარჩენა. "აბეზიანნიკში" რომ გადამიყვანეს, იქ ის მღვდლებიც დავინახე, ჩვენი თვითმფრინავით რომ მგზავრობდნენ. დაახლოებით 100 კაცი უკან გამოგვაბრუნეს. იქ დღე-ნახევარი დავყავით, მერე ჩვენი ბილეთები საქართველოსკენ მომავალ პირველივე რეისზე გადაგვიცვალეს და გამოგვიშვეს, თან დეპორტიც ჩაგვირტყეს. როგორც ნახირი, ისე ჩაგვყარეს თვითმფრინავში და გამოგვიშვეს.

- საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ მიმართეთ, ან ტურისტულ სააგენტოს, თუნდაც თანხის ანაზღაურების მიზნით?

- საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი იცის, ჩემი თქმა არ სჭირდებათ! რაც შეეხება ტურისტულ სააგენტოს, ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ საბაჟოზე ან საკონსულოსთან შექმნილ პრობლემებზე პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებათ!

- მაშ, რად გინდოდათ ტურისტული სააგენტო, თუ მაინც ასე ალალბედზე მოგიწევდათ წასვლა?

- ბევრმა მითხრა, რომ ისრაელში წასვლა გართულებული იყო და მირჩიეს, ტურისტული საგზურით წავსულიყავი, რომ პრობლემა არ შემქმნოდა. ვიღაც მებაჟის ხუშტურებზე ვართ დამოკიდებული! აქამდე, თუ საელჩოში ვიზას ჩაგირტყამდნენ, იცოდი, რომ დაუბრკოლებლად მიდიოდი, ან ზარალს მაინც არ ნახავდი, დეპორტსა და პასპორტის გაფუჭებაზე რომ აღარაფერი ვთქვა! ასეთი რამ ისრაელის მოქალაქეებისთვის რომ გაგვეკეთებინა, ალბათ, მთელი ქვეყანა ფეხზე დადგებოდა!

- როგორც ისრაელის მხარე ამბობს, ეს იმან განაპირობა, რომ წინა წელს ვინც კი წავიდა, ბევრი მათგანი ქვეყანაში არალეგალურად დარჩა...

- გასაგებია. მე ჩემსას ვჩივი. ამდენი ტურისტული სააგენტო რომ არის და პასუხისმგებლობა არავის ეკისრება, ეს იმის ბრალია! დაუწესონ ლიცენზიები და თითოეულ მგზავრზე აგონ პასუხი! ან სამუშაო ვიზები მოაწესრიგონ სახელმწიფოებმა! ჩვენ ინფორმაცია ტუროპერატორებთანაც შევამოწმეთ და ყველასგან, ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ: "სამწუხაროდ, ყველაფერი მებაჟეზეა დამოკიდებული. როცა სავიზო რეჟიმი იყო, გვყავდა ჩვენი ხალხი და გარანტირებულადაც ვიძლეოდით ვიზებს".

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თავმჯდომარე იციკ მოშე ქართულ ტურისტულ სააგენტოებს შეხვდა და დაჰპირდა, რომ ეცდებოდა, ისრაელის ტურიზმის დეპარტამენტსა და ქართულ მხარეს შორის მედიატორის როლი შეესრულებინა. "ისრაელის სახლის" მეთაურობით 27 მაისს მედიასთან შეხვედრაც გაიმართა... მოწვეული იყო ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი ჰილიკ ბარიც. ჩვენ მას გავესაუბრეთ:

- ბატონო ჰილიკ, ალბათ, იცით, რომ ბოლო დროს ისრაელის მხარე ქართველ ტურისტებს არ სწყალობს. რა არის ამის მიზეზი?

- ისრაელი უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებს მიმართავს და ეს ამით არის განპირობებული. ამასთან, ბევრი ტურისტი, საბოლოოდ, არალეგალი მუშახელი ხდება. ამის გამო საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად შევთავაზეთ, რომ ქართველები სამუშაო ვიზებით წავიყვანოთ ისრაელში. საწყის ეტაპზე ალბათ, 500 მშენებელსა და რიგით მუშას წავიყვანთ. შესაძლოა მათი რიცხვი 1000-მდეც გაიზარდოს.

- ეს ძალიან კარგია, თუმცა 27 აპრილს დაახლოებით 100 კაცი მოაბრუნეს, მათ შორის - მღვდლებიც, თანაც - დეპორტით.

- ამიტომაც გადავწყვიტეთ, ყველაფერი იყოს ლეგალური და აღარ მოხდეს ქართველების არალეგალებად შემოდინება.

- რა კრიტერიუმებით მოხდება მათი შერჩევა?

- ეს ორმხრივი მოლაპარაკების თემაა. რაც შეხეება სამუშაო ვიზებს, იციკ მოშე დაგვპირდა, რომ დამქირავებელ კომპანიებს ჩამოიყვანს საქართველოში, აქვე გააფორმებენ კონტრაქტებს და დაქირავებული პირები დამქირავებელი კომპანიების ხარჯით გაემგზავრებიან ისრაელში.

მებაჟეებს დიდი ყურები და დიდი თვალები აქვთ!

რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ მებაჟეები ტურისტებთან ურთიერთობისას? უპირველესად ყურადღება ექცევა ბარგის წონას, ადამიანის გამომეტყველებას, ქცევას და ა.შ. თუ მიემგზავრებით ზაფხულში და თქვენს ბარგში ზამთრის ტანსაცმელი აღმოჩნდა, ბუნებრივი, ეჭვს აჩენთ... ამასთან, თუ მაგალითად, მიდიხართ ერთი კვირით და ამ პერიოდისთვის შეუსაბამოდ ბევრი ტანსაცმელი თუ სხვა ნივთი მიგაქვთ, ესეც საეჭვოა... ასე რომ, ტურისტებო, გაითვალისწინეთ - მებაჟეებს დიდი ყურები და დიდი თვალები აქვთ!

თეა ღვანია