"რისკის გამო გიჟივით ვაჭენებ ცხენს, მიყვარს გიტარაზე დაკვრა, მანქანით საათში 200 კილომეტრს გავდივარ" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"რისკის გამო გიჟივით ვაჭენებ ცხენს, მიყვარს გიტარაზე დაკვრა, მანქანით საათში 200 კილომეტრს გავდივარ" (ექსკლუზივი)

"ვერაფერმა შემცვალა, ჩემში ისევ ცოცხლობს ბავშვი"

წელს ლიანა ისაკაძე 70 წლის ხდება. იუბილე მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში კონცერტებით აღინიშნება. მევიოლინე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს, მართავს კონცერტებს, უტარებს მასტერკლასებს ახალგაზრდა მუსიკოსებს, აწყობს საინტერესო შემოქმედებით საღამოებს. ქალბატონი ლიანა ამჟამად მცირე ხნით საქართველოშია. მისი საიუბილეო საღამო მოგვიანებით თბილისში გაიმართEება.

- ქალბატონო ლიანა, წლები ხომ არ გაშინებთ?

- არა, სიბერე ჯერ არ მოსულა. ერთ გენიალურ მწერალს აქვს ნათქვამი: "ბავშვობა სიცოცხლის ბოლომდე რჩება ჩვენში, რადგან მას წასასვლელი არსად აქვს". მე ახლა ისე ვგრძნობ თავს, როგორც 18 წლის გოგო. ვერაფერმა შემცვალა, ვერც ჭკუის დარიგებამ, ვერც მარცხმა, დარდმა, ასაკმა, წლებმა, ჩემში ისევ ცოცხლობს ბავშვი.

- რას იტყვით თქვენს ცხოვრებაზე?

- ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, როგორც ვიცხოვრე. ღმერთს მინდობილი - ყოველთვის ღმერთს მივყავდი. მხოლოდ ერთი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა -კარგად დამეკრა. თუ ამას ვეღარ შეძლებ, მაშინ უნდა მოკვდე. მე მიყვარს ადამიანი, ყველაფერი ამქვეყნად. დოსტოევსკიმ თქვა, - თუ გინდა ადამიანი შეგიყვარდეს, უნდა გაიცნო, მაგრამ თუ გინდა გაიცნო, უნდა შეგიყვარდესო. პირველი იმპულსი სიყვარულია, შემდეგ - მოწონება. ვარ ძალიან მკაცრი, მაგრამ მხოლოდ სამუშაოს გამო.

- ერთხელ თბილისში თქვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მაშინვე თქვენთან გავჩნდი. დამინახეთ თუ არა, მითხარით, - ყველაფერი კარგად არის. მე არ ვიცი, შიგნით რა ხდება, მაგრამ მთავარია, ვიოლინო გადავარჩინეო. როდის მიხვდით, რომ ვიოლინო თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია?

- მაგაზე სულ ვფიქრობ და პასუხს ვერ ვპოულობ. დედაჩემმა მითხრა, პირველად ხმა რომ ამოიღე, იმღერეო. 3 წლის ვიყავი, რომ უკვე დავუკარი. ალბათ ასე მეწერა, მე და ვიოლინო განუყრელი უნდა ვყოფილიყავით. 7 წლისას მუსიკალურ სკოლაში კონცერტი მქონდა, ახლაც მახსოვს ის გრძნობა. კულისებში ვიდექი და ვფიქრობდი, როდის გავალ, რომ კარგად დავუკრა და ხალხს სიამოვნება მივანიჭო-მეთქი. ეს გრძნობა დღემდე მომდევს. არასოდეს ვფიქრობ, კარგი კონცერტი გამომივიდეს, შეუცდომლად დავუკრა. მთავარია, ვიყო ბუნებრივი.

- წარმატების მისაღწევად დიდი ბრძოლა დაგჭირდათ?

- კარიერაზე არასოდეს მიფიქრია, მით უფრო, არც მიბრძოლია. მგონია, რომ ვინც კარიერისთვის იბრძვის, ის მუსიკოსი არ არის. მეტიც, სამარცხვინოა, როცა ადამიანი მხოლოდ კარიერისთვის უკრავს. მე სულ სხვა ღირებულებებით მზრდიდნენ. მოსკოვში რომ გადავედი, გაოცებული ვუყურებდი, რაზე ზრუნავდა ხალხი. მე კი არაფერზე მიზრუნია, თავისით მოვიდა წარმატება. მგონი, ცნობილთაგან მე ერთადერთი ვარ, უბრძოლველად რომ დავიმკვიდრე თავი ხელოვნებაში.

ჩემთვის არავის არაფერი გაუკეთებია, არც მენეჯერი მყოლია. უბრალოდ, ხალხმა თვითონ ამიტაცა. მე სიცოცხლეში გამა და ეტიუდი არ დამიკრავს, დაუსრულებლად არ მივარჯიშია და აქამდე მოვედი. თუ გულით არ უკრავ, თუ არ გარისკე, არაფერი გამოვა.

- გიყვართ რისკი?

- ძალიან მიყვარს სცენაზეც, ცხოვრებაშიც. მუსიკოსი აუცილებლად უნდა იყოს რისკიანი. სწორედ რისკის გამო გიჟივით ვაჭენებ ცხენს, მიყვარს გიტარაზე დაკვრა, მანქანით საათში 200 კილომეტრს გავდივარ, წყალში თავით ვხტები. რისკმა ჩემი შემოქმედება ჩამოაყალიბა.

- ძალიან ბევრ ქვეყანაში გიცნობენ არა როგორც მევიოლინეს, არამედ როგორც დირიჟორს.

- ეს ღვთის საჩუქარია. არადა, დირიჟორობა არასოდეს მისწავლია. როცა მივხვდი, რომ ეს გარდაუვალი იყო, სპეციალური ლიტერატურა შევისწავლე. დირიჟორის პროფესია ურთულესია. გერმანელმა მაესტრომ, ბრუნო ვალტერმა, თქვა: "დირიჟორის მთავარი ამოცანაა, ორკესტრისთვის თავისუფლების მინიჭება". რა თქმა უნდა, ვეთანხმები, მაგრამ საჭიროა შინაგანი კავშირი მუსიკოსებსა და დირიჟორს შორის.

- ქალბატონო ლიანა, როგორ ჩანს ევროპიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენები?

- დღეს რაც ხდება, ვერ ვიტყოდი, რომ დადებითი ტენდენციებია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი უსიამოვნო ამბავი ხდება. არანაირი სურვილი არ მაქვს, პოლიტიკოსებს რაიმე მესიჯი გავუგზავნო. მე მხოლოდ ქართველ ხალხს ვეტყოდი, იყავით ოპტიმისტები, ღმერთი არ მიგატოვებთ. დღეს ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური, არამედ სულიერი დახმარება.

ქართველის სიმღერა არის მიღმიერი სამყაროს მუსიკა. ევროპის რომელ ხალხს აქვს მსგავსი? ნიჭიერი ერი ვართ და მინდა ამ ნიჭს ხელშეწყობა ჰქონდეს.

- რაზე ფიქრობთ ყველაზე ხშირად?

- მამაჩემს სურდა, შვილები მუსიკოსები გამოვსულიყავით. თვითონ ბრწყინვალედ მღეროდა. სულ ვფიქრობ და ვცდილობ, ვიოლინოზე შევძლო, ავიღო ის ნოტი, რასაც მამა მღეროდა. ჯერ ვერ მოვახერხე... ხშირად ვფიქრობ თბილისის ქუჩებზე, ჩემს რაჭაზე... მინდა ყველაფერი კარგად იყოს...

"საუკუნის დიდებული მევიოლინე"

ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა მუსიკის ენციკლოპედიაში შეყვანილია, როგორც საუკუნის საუკეთესო მევიოლინე. 16 წლისა ჩაირიცხა მოსკოვის კონსერვატორიაში, გაიმარჯვა ჟაკ ტიბოსა და მარგარეტ ლონგის (პარიზი) და იან სიბელიუსის (ჰელსინკი) კონკურსებზე, არის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის ლაურეატი, დაჯილდოებულია შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიებით. კემბრიჯის საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ცენტრის ენციკლოპედია მას XX საუკუნის 2000 საუკეთესო მუსიკოსს შორის ასახელებს. გერმანიის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა Suddeutsche Zeitung-მა "საუკუნის დიდებული მევიოლინე" უწოდა.

ნინო ცხვარაშვილი