"გაიღვიძეთ, ქართველებო, ძილის დრო დამთავრდა!.."
"თქვენ სხვის იმედად ცხოვრობთ და არ ცდილობთ, სხვამ იცხოვროს თქვენს იმედად"

"გამაგებინეთ, რისთვის აცდენთ ამ მიწას?"


"თუ გემრიელ პურს აცხობ, მაგრამ ხორბალი არ მოგყავს, ერთ დღეს აუცილებლად დარჩები მშიერი, რადგან ცუდი მოსავლის შემთხვევაში, ის, ვინც ხორბლით გამარაგებდა, იძულებული გახდება მარაგი თავისთვის დაიტოვოს ან ძალიან ძვირად გაყიდოს.

თუ თვითონ მოგყავს საუკეთესო ხორბალი და შენს ბეღლებში ყოველთვის ინახება რეზერვი, ნებისმიერ კრიზისს გაუძლებ. რადგან არც ერთი კრიზისი არ გრძელდება დაუსრულებლად. ეკონომიკური კრიზისის დროს
კი ყველაზე მეტად ზარალდება ის, ვინც ნედლეულს კი არ აწარმოებს, არამედ სხვისგან ყიდულობს.

ამიტომაც უჭირს საქართველოს, რომ ის არის არა ნედლეულის მწარმოებელი, არამედ ნედლეულის იმპორტზე მომუშავე სახელმწიფო. არადა, ამ ქვეყანას ისეთი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რომ ბევრ ძლიერ სახელმწიფოს ჩამოიტოვებდა უკან. თქვენი მთავარი მტერი არის წარსულის
გამოცდილებების დავიწყება და სიზარმაცე.

ქართველები იოლ ფულს ეძებთ და ეს აგდებს სახელმწიფოს მძიმე მდგომარეობაში", - ასე აფასებს საქართველოში არსებულ მდგომარეობას წარმოშობით ქართველი, თურქი ბიზნესმენი ილმაზ ქირდარ მიქელაძე. იგი ქართულ ბიზნესში სხვადასხვა მიმართულებით აპირებს ინვესტიციების ჩადებას, თუმცა, ამბობს, რომ თუ ქართველები არ მიეჩვევიან სწორად ბიზნესაზროვნებას, შრომას და წესრიგს, მხოლოდ უცხოური ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკას მუხლებზეც ვერ წამოაყენებს.

ილმაზ ქირდარ მიქელაძე საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის "რეცეპტსაც" სთავაზობს:

- თუ კრიზისის დროს არ შეჩერდები, შეგიძლია გაჭირვებაც კი მოგების წყაროდ აქციო. ყველაფერი მარტივია, რთული კი ის არის, რომ ზოგჯერ, შესაძლოა ხშირადაც საქმის მოგვარების მარტივ გზებს კი ვხედავთ, მაგრამ გვგონია, რომ ასე იოლად საქმე არ მოგვარდება და რთულ მიმართულებას ვირჩევთ. სწორედ ასეთი პოზიციაა წამგებიანი. თურქეთის მთავრობამ სწორად გათვალა, რომ არ უნდა შევჩერებულიყავით, მეტიც, ახალი ბაზრების ათვისებაზე იმაზე უფრო აქტიურად უნდა გვეზრუნა, ვიდრე ნორმალური ეკონომიკის პირობებში.

- საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს როგორ აფასებთ?
-  ჩემი კომპანია 25 ქვეყნის ბაზარზე შედის. საქართველოც ბაზრის კიდევ უფრო გაფართოების თვალსაზრისით არის საინტერესო. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს არც იმას, რომ აქ კრიზისია. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, კრიზისი აქაც გაივლის და იმპორტიორი წაგებას თითქმის არ ნახავს. თუმცა, რამდენადაც დაუჯერებელი უნდა იყოს, მე, როგორც წარმოშობით ქართველს და თქვენს თანამემამულეს, ის უფრო მაინტერესებს, საქართველოში ადგილობრივი ნედლეულის წარმოება განვითარდეს. საქართველო არ არის მხოლოდ ღვინო და მინერალური წყლები.

ადგილობრივი მეურნეობა უნდა განვითარდეს. ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლამდე მაოცებდა უამრავი დაუმუშავებელი სახნავ-სათესი მიწა. გამაგებინეთ, რისთვის აცდენთ ამ მიწას? დასავლეთ საქართველო გაუქმებულ ჩაის პლანტაციებს მიაქვს, ციტრუსების პლანტაციებიც აღარ მუშაობს, ხილი და ბოსტნეული თითქმის არ იწარმოება თქვენთან. დიახ, იმას, რაც რიგით გლეხს მოჰყავს, წარმოება არ ჰქვია.

არადა, საქართველოს იმხელა სამეურნეო პოტენციალი აქვს, მისი სრულად ამოქმედების შემთხვევაში უზარმაზარ კონკურენციას გასწევდა სხვადასხვა ბაზარზე. თქვენ კი მგონია, რომ ყოველთვის უფრო სხვის იმედად ცხოვრობთ და არ ცდილობთ სხვამ იცხოვროს თქვენს იმედად.

სანამ თურქეთში დღევანდელი ხელისუფლება მოვიდოდა, თითქმის ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან პრობლემები გვქონდა. ახალმა ხელისუფლებამ კი მეზობლებთან კავშირი გაამყარა, სავიზო რეჟიმი გაუქმდა ან გამარტივდა და ბაზრებზე იოლად შესვლის საშუალება მოგვეცა. რუსეთთან  კარგი ურთიერთობის დროს ექსპორტისთვის დიდი ბაზარი ჰქონდა საქართველოს, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობების გაფუჭებამ ყველაფერი გააფუჭა.

ჩემი აზრით, საუკეთესო პოლიტიკა ის არის, როდესაც პოლიტიკა ვერ ერევა ბიზნესს. ქვეყნის შიდა ურთიერთობებში აუცილებელია ბალანსი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის, მაგრამ საგარეო პოლიტიკაშიც ბიზნესი უნდა ასრულებდეს უმნიშვნელოვანეს როლს. ქართველებმა ორგანიზებული შრომა უნდა ისწავლონ და მეზობლებთან კარგი ურთიერთობა დაამყარონ. სახელმწიფო უნდა იცავდეს თავის ბიზნესმენს ყველგან, ისევე, როგორც უნდა იცავდეს თავის ყველა მოქალაქეს, სადაც უნდა იყოს ის. თურქმა ბიზნესმენმა იცის, რომ მის უკან თურქეთი დგას და მას სახელმწიფო დაიცავს.

გუშინ საღამოს ჩემს მასპინძელს და პარტნიორს ვეკითხები, დილით რა დროს ვიწყებთ მუშაობას? 11 საათზეო, მიპასუხა. გამიკვირდა, თურქეთში დილის 5 საათზე უკვე ფეხზე ვარ და ამ დროისთვის ნახევარი დღის საქმე მაქვს მოთავებული. ისევ საბჭოთა კავშირის დროით აზროვნებთ, მაშინდელი ჩვევები გაქვთ შემორჩენილი.

არ მომწონს, რომ ქართველები ფულის შოვნის იოლ გზებს ეძებენ. ჩემს საწარმოში მუშაობს ერთი ქალბატონი. მისი ქმარი სხვა ქვეყანაში მუშაობს. ასე დაფანტულები არიან და მათი ოჯახი თითქმის არ არსებობს. მეცოდება ეს ოჯახი და სულ ვფიქრობ, ნუთუ არ შეიძლება საქართველოში იშრომონ ერთად? არადა, დღეს თბილისის ქუჩები სავსეა ძვირფასი მანქანებით. როცა ფული არა გაქვს,  მანქანაც არ უნდა გყავდეს, თანაც ძვირფასი. რა გამოდის, ფული აქვთ და მალავენ? რისთვის? ჩადონ ინვესტიცია.

მართლა უცნაურია საქართველოს მდგომარეობა დღეს. უამრავ მდინარეს აცდენთ და იმის ნაცვლად, ელექტროენერგიას ექსპორტზე ყიდდეთ, თურქეთისგან ყიდულობთ. დროა, გამოიღვიძოთ. მე თქვენიანი ვარ და ამიტომაც ვერ ვაძლევ უფლებას თავს, გავჩუმდე. მართლა ბედნიერება იქნება, თუ სიტყვითაც და საქმითაც მოვემსახურები ჩემს ხალხს, მაგრამ თქვენც მოინდომეთ და ხელი გაანძრიეთ, ძილის დრო დამთავრდა.
nino
31 მარტი 2010 00:40
ერთხელ,რომან გოცირიძესთან საუბრისას,ასეთი რამ Iთქვა,საქართველოში შემოსული გრანტები და ფულადი დახმარებები დროებით მოცოდებულ ჟანგბადს გავსო,ჩემი აზრით საკუთარი წარმოება რომ არ ექნება ქვეყანას,თავის საპონსაც კი რომ აწარმებს,ვერანაირ დამოუკიდებლობას ვე რმოიპოვებს მსოფლიო მარკეტზე,ანუ უუნაროა ფასის დარეგულირებისას საქონელზე,კრიზისს ის ქვეყნები განიცდიან,სადაც ადგილობრივი ცარმოების საქონლითაა შიდა ბაზარი გაჯერებული,ჩვენ ან რითი ვართ?ან რა გველის?ზალიან მიკვირს დოლარის კურსი რომ არ იზრდება,ეს დიდი შეღავათია ქვეყნისთვისრომელიც იმპორტით აჯერებს საკუთარ ბაზარს
tamada
30 მარტი 2010 02:09
ასპროცენტიანი მართალია ეს ადამიანი,მაგრამ გლეხს,ვინც ნაშრომს და მოწეულს ვერ უკეთებს რეალიზაციას,ეკარგება შრომის ხალისი.რომ ატეხა ჩვენმა მიშამ წიოკი-არიქა,ტრაქტორები დავარიგეთო.სადაა ეს ტეხნიკა.თუ საწვავი არ ექნა გლეხს,ხელით როგორ მოხნავს,როგორ მოკრეფს,როგორ გაიტანს და გაყიდის,მაგრამ ეს ყველაფერი რომ სწორეთ გააკეთოს მიშიკომ,მერე ხომ ვერ შემოიტანენ ამ უგემურ და უვარგისს უცხოეთიდან და მამასისხლათ ხომ ვერ მიაყიდიან თავის ხალხს.ნიორი გააქვთ საქართველოდან,ცხვარი,ეხლა კალმახის მადაზეც მოსულან უცხოელები.ყველაფერი სხვაზე გემრიელი და სასარგებლო გვაქვს.თუნდაც წყალი ავიღოთ.ჭკვიანი და ქართული მთავრობა მარტო ამით ასარგებლებდა ქვეყანას,მაგრამ მერე თავიანთ ამოუვსებ სტომაქებს ხომ დააკლდებათ.
irma
29 მარტი 2010 13:29
რას ერჩი კაცს რა ტყუილს ამბობს რამეს? მაგრამ საქმე ისაა რომ ეგ ჩვენც ვიცით და მაინც იგივეს ვაკეთებთ და როდემდე გავძლებთ აი ეს კი არ ვიცით. მოკლედ გვირაბის ბოლოს შუქს ვერ ვხედავთ და თუ ასე გავაგრძელეთ ვერც დავინახავთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები