უზნეობისა და ძალადობის პროპაგანდა ქართული ტელევიზიით?! - კვირის პალიტრა

უზნეობისა და ძალადობის პროპაგანდა ქართული ტელევიზიით?!

იმ ახალგაზრდებში, ვინც დიდხანს უყურებს მედიაძალადობას 18-20 წლის ასაკში, 15%-ით იზრდება კრიმინალურ შემთხვევათა რაოდენობა

მცირეწლოვანთა დაცვა მასმედიის შესაძლო მავნე ზემოქმედებისგან (ძალადობის, ნარკოტიკის მოხმარებისა და სექსუალური ურთიერთობის სცენები, ბილწსიტყვაობა) საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული ვალდებულებაა, რომელსაც ყველა სახელმწიფო უნდა ასრულებდეს. 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსი" თავისუფლების ინსტიტუტის”მიერ ისე დაიწერა, რომ ტელეკომპანიებს საქართველოში მინიმალური შეზღუდვები ჰქონოდათ მცირეწლოვანთა ფსიქიკის დაცვის თვალსაზრისით.

თავის დროზე კი, 2006 წელს გიგა ბოკერიასა და მემარჯვენეთა ინიციატივით არასრულწლოვანთა მავნე ზემოქმედებისგან დაცვის კანონის დარღვევებისთვის ევროპული ქვეყნების ანალოგიით შემოღებული ჯარიმებიც გააუქმა პარლამენტმა, რაც მასმედიის თავისუფლების დაცვის საბაბით განხორციელდა. საბოლოოდ კი ყოველივე ამან სავალალო სიტუაცია შექმნა ქართულ ტელეეკრანზე. პრაქტიკულად ყოველდღიურად ტელესივრცე გადატვირთულია ძალადობის თუ ნარკოტიკების მოხმარების, სექსუალური ურთიერთობის სცენებითა თუ ბილწსიტყვაობით.

განსაკუთრებით სასტიკი ძალადობის, სიკვდილით დასჯის, წამების სცენები ახალი "მაუწყებლთა ქცევის კოდექსით" შეზღუდულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 15 წამზე უფრო ხანგრძლივია. ასეთი პრინციპით ნებისმიერი ფილმი, რომელიც სატელევიზიო ჩვენებისთვის საზღვარგარეთ კატეგორიულად აკრძალულია, საქართველოში საბავშვო ფილმების კატეგორიაში გადის. და შედეგიც სახეზეა - საქართველოში ტელეკომპანიები უკვე ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე აჩვენებენ ძალადობით გადატვირთულ სერიალებს.

ამასთან, "მაუწყებელთა ქცევის კოდექსი" ისეა დაწერილი, კანონს ზედმიწევნით თუ არ იცნობთ, ძალადობისა თუ უზნეობის ამ ნაკადს ვერც გააპროტესტებთ, რადგან ტელეკომპანია საჩივარს უკან მოგიბრუნებთ. ხოლო თუ გააპროტესტებთ, თვე-ნახევარი მაინც უნდა ელოდოთ პასუხს, ამ დროის განმავლობაში გასაჩივრებული გადაცემის არაერთხელ გამეორებასაც მოასწრებენ და სერიალიც, რომელიც სატელევიზიო ჩვენებისთვის მხოლოდ ზრდასრულებისთვის არის განკუთვნილი, მთლიანად დღის საათებში იქნება ნაჩვენები.

ტელეკომპანია სასამართლომ ან კომუნიკაციების კომისიამ რომც დაადანაშაულოს დარღვევაში, აღარ არსებობს სანქციები, რომლებიც ამ ტელეკომპანიას შემდგომი დარღვევებისგან თავს შეაკავებინებს. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნებში დარღვევებისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმებია დაწესებული. საბერძნეთში ტელეკომპანია 200 ათასი ევროთი დააჯარიმეს, რადგან გადაცემა "სიმართლის დროში" დედამთილს ქალიშვილისა და სიძის თანდასწრებით დაუსვეს შეკითხვა,”გსურდათ თუ არა უფრო მდიდარი სიძე გყოლოდათო; ხოლო შეკითხვისთვის, -“წოლილხართ თუ არა ქალთან და მამაკაცთან ერთდროულად, - საერთოდ დახურეს გადაცემა (გადაცემა ასევე დაიხურა კოლუმბიაში მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით).

საქართველოში მსგავსი შეკითხვები ჩვეულებრივი გახდა და საზოგადოება უკვე ეგუება ფაქტობრივად გარყვნილების პროპაგანდას. ტელეკომპანია "იმედს" კი მიაჩნია, რომ ასეთი შეკითხვები ზნეობის ნორმებს არ არღვევს, გადაცემას დღის საათებში იმეორებს და სარეკლამო ანონსში ყველაზე უხამსი შეკითხვების განთავსებას განაგრძობს. ანონსი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის იმ ტელეარხის ეთერით, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და ახალგაზრდებს ცნობიერებაში მყარად უფიქსირდებათ ფინანსური ჯილდოს მიღების მიზნით ადამიანის ბუნების ყველა შესაძლო მანკიერების საჯაროდ აღიარებისა და შეწყნარების მაგალითები.

არადა, სამაუწყებლო კოდექსით დისკუსიები სქესობრივ ურთიერთობებზე 23 საათის შემდეგ უნდა გადიოდეს, ყოველ მსგავს შეკითხვას კი, როგორც წესი, განხილვაც მოჰყვება ხოლმე. სიცრუის დეტექტორი ვერ უზრუნველყოფს ობიექტურობას შემთხვევათა 15%-ში, ამასთან, შეკითხვები სრულიად განსხვავებული ფორმატისა უნდა  იყოს, რათა უზრუნველყონ ობიექტურობა. ტელეკომპანია კი აბსოლუტური ჭეშმარიტების გარანტიას იძლევა! ამდენად, შეცდომის ალბათობა გადაცემაში ძალზე იზრდება.

საზღვარგარეთ უმკაცრესი კონტროლია დაწესებული ტელევიზიაში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი სცენების დემონსტრირებისთვის. 2004 წელს აშშ-ში მკერდის ნახევრად გაშიშვლების წამით ჩვენებისთვის სატელევიზიო ქსელი 1 მლნ 400 ათას დოლარით დააჯარიმეს და სავალდებულო გახდა პირდაპირი ტრანსლაციის 7 წამით შეყოვნება მისი ცენზურისათვის. საქართველოში კი ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა და კანონის დარღვევად აღარ მიიჩნევა.

სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არც ერთი ტელეკომპანია არ აწვდის მაყურებელს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს მავნებელი მცირეწლოვანებისთვის. ბოლო წლებში ქართული კანონმდებლობა თავისუფლების ინსტიტუტმა ისე შეცვალა, რომ ის, რაც სხვა ქვეყნებში აკრძალულია, დაშვებული იყოს ჩვენთან. სხვა ქვეყნებში მშობელს შეუძლია დღის საათებში დატოვოს ბავშვი ტელევიზორთან იმის იმედით, რომ ამ დროს გადაცემები საოჯახო ჩვენებისთვისაა განკუთვნილი.

საქართველოში კი ზრდასრული მაყურებლისთვის განკუთვნილი გადაცემების წყალგამყოფი 20 საათზე გადმოიტანეს, იმისათვის, რომ ახალ ამბებში ბილწსიტყვაობა და სამსართულიანი გინება თავისუფლად გადასცენ, დახოცილთა შესახებ რეპორტაჟებიც და დასახიჩრებული გვამებიც ასევე თავისუფლად აჩვენონ.

უზნეობისა და გარყვნილების არაპირადაპირი პროპაგანდის ავანგარდში უდავოდ ტელეკომპანია "იმედია". თუ მცირეწლოვანი ბავშვი გყავთ, ეცადეთ ტელევიზორი არ იყოს ჩართული ამ ტელეკომპანიის" გადაცემებზე. შაბათ-კვირას 09.45 საათზე გადის გადაცემა "მხიარული ოჯახი". პირველ ნაწილში წამყვანს მოჰყავს სტუმრები, რომლებიც პატარებს ყველაფერს უყვებიან, რაც ენაზე მოადგებათ. მაგალითად, თუ როგორ გამოდიან "პახმელიაზე" ან როგორ წყევლის ცოლი მთვრალ ქმარს, - "შენი კუბო დავდგი".

გადაცემის მეორე ნაწილში კი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება მშობლების ნამცხვრის კრემში ამოთხვრის მუდმივი პროცედურა, ბავშვების უმეტესობას, თუ ამ გადაცემისთვის უყურებია, არ სიამოვნებს ეს, სულ მცირე, არაესთეტიკური პროცესი, რადგან მათთვის იგი საყვარელი ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებად აღიქმება. წამყვანის წაქეზება და ცინიკური დამოკიდებულება მშობლების "დასჯისადმი" პატარებში სადისტურ მისწრაფებებს აყალიბებს.

საღამოს შვიდის ნახევარზე "იმედი" "თქვენს პატარას "სამსონაძეებს" შესთავაზებს შემდეგი ლექსიკით: მეძავებისა და მარიხუანის ფასები, სტრიპტიზი, დეფლორაცია, ეროტიკული საიტი... თუმცა ეს მხოლოდ ერთი სერიის თემატიკაა, მერე რა, რომ მოგიწევთ ყველა ამ ტერმინის განმარტება შვილებისთვის. "იმედის" რედაქტორთა აზრით, ამ ტერმინოლოგიას ბავშვები ადრიდანვე უნდა შეეჩვიონ.

"იმედი" მოზარდებზეც ზრუნავს! "სიმართლის დროში" თქვენი ახლობლები "ჭეშმარიტებასთან" ერთად ეზიარებიან ტრანსსექსუალების, გეი-არტებისა და თავისუფალი სექსის მდიდარ სამყაროს. ჩვენმა შვილებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ... მალე ჩვენ ყველას გავუსწრებთ მსოფლიოში კრიმინალის მხრივ!

თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქებისას ახალ ამბებში ქართული ტელეკომპანიები არც ერთ დეტალს არ ტოვებენ თვითმკვლელთა წერილების ჩათვლით, მაშინ როდესაც კვლევა აჩვენებს, რომ ამ ფაქტის არასწორ გაშუქებას შეიძლება თვითმკვლელობის შემთხვევათა მატება მოჰყვეს.

"მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" დარღვევები ყოველდღიურია სხვა ტელეკომპანიების ეთერშიც. აჭარის ტელევიზია და REGION  TV დღის საათებში იმეორებენ სერიალს "სოპრანოს კლანი", რომელშიც არის განსაკუთრებული სისასტიკე, ნარკოტიკების მოხმარების სცენები. იმავეს ვხვდებით ამ სერიალის ანონსშიც, რაც ფაქტობრივად კრიმინალისა და ნარკოტიკების არაპირდაპირი პროპაგანდაა. სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ იმ ახალგაზრდებში, ვინც დიდხანს უყურებს მედიაძალადობას 18-20 წლის ასაკში, 15%-ით იზრდება კრიმინალურ შემთხვევათა რაოდენობა. კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ ბავშვობაში ნანახმა ძალადობის სცენებმა შეიძლება წლების შემდეგ მოხდინონ ზეგავლენა.

“"რუსთავი 2"-ის სერიალში "ჟამი ყვავილობისა", რომელიც ისეთ დროს გადიოდა, როდესაც ადრე საბავშვო გადაცემებს უჩვენებდნენ, ხშირი იყო ნარკოტიკების მოხმარებისა და ეროტიკული სცენები.

როგორც ვხედავთ, საქართველოში ტელევიზია ნაყოფიერ საფუძველს უქმნის ძალადობისა და გარყვნილების დამკვიდრებას ახალგაზრდობაში. ქართველი საზოგადოება უკვე შეგუებულია ამ ნაკადს და აღარც სურს დაუპირისპირდეს უზნეობის ასეთ მოზღვავებას. ხელისუფლებამ დიდი ხანია უარი თქვა მაუწყებლობის რეგულირებაზე და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაულოცა ეს ფუნქცია. კომისია, წესით, დამოუკიდებელი უნდა იყოს და საზოგადოებისა და ბიზნესის ინტერესებს აბალანსებდეს. ხოლო თუ რა პრიორიტეტებით ხელმძღვანელობს კომისია, ზემოთ მოყვანილი მაგალითებით შეიძლება ვიმსჯელოთ. მკითხველი თვითონაც გამოიტანს დასკვნას, თუ ქართული ტელეკომპანიების საქმიანობას დაკვირვებული თვალით გადახედავს.

განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროები ათასებს ხარჯავენ არასრულწლოვანებში დანაშაულის თუ ნარკომანიის პროფილაქტიკის საჩვენებელ პროგრამებზე. და ეს მაშინ, როდესაც ქართული ტელევიზია ყოველ წამს, ფაქტობრივად, კრიმინალის რეკლამას ეწევა.

რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედის" მოდელირებულ რეპორტაჟს, რომელმაც მოსახლეობაში პანიკა და სერიოზული ემოციური სტრესი გამოიწვია, იგი წარმოადგენს სამაუწყებლო კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევას და არის ბუნებრივი შედეგი იმ დაუსჯელობისა, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფლების ინსტიტუტისა” და ხელისუფლების ინიციატივით დამკვიდრდა მასმედიისთვის მაქსიმალური თავისუფლების მინიჭების ეგიდით.

მასმედია ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოების წინაშე. თუ ხელისუფლებაც და არასამთავრობო სექტორიც საქართველოში საზოგადოების ინტერესების ნაცვლად სამაუწყებლო ბიზნესის კომერციულ ან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს დაიცავენ, მასმედია საზოგადოებისთვის სახიფათო იარაღად გადაიქცევა.

გიორგი ყიფიანი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგე