მამუკა ღლონტი: "ხელისუფლებამ ახლაც გამოიყენა ქორიძე" - კვირის პალიტრა

მამუკა ღლონტი: "ხელისუფლებამ ახლაც გამოიყენა ქორიძე"

"ქალწული ჟურნალისტივით ვერ მოვიქცევი"

ზვიად ქორიძე: "რატომ შეზღუდეს სადისკუსიო სივრცე წინასაარჩევნო პერიოდში"

ბოლო დროს ჩვენი ტელევიზიების წყალობით სკანდალები არ გვაკლია. ჯერ იყო და, "იმედმა" იმიტირებული ომი გამოგვიცხადა და გული გაგვიხეთქა, შემდეგ კი აურზაური "მაესტროზეც" ატყდა.…ცნობილმა ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ საზოგადოებას აუწყა, ამ წინასაარჩევნო "ცხელების" დროს პროექტ "უცნობი კავკასიის" დახურვა მხოლოდ ხელისუფლებას აძლევდა ხელსო… და დღის წესრიგში მაშინვე დადგა "მაესტროს" დაფინანსების საკითხიც.

მოიძია თუ არა ეროსი კიწმარიშვილმა ტელევიზიისთვის საჭირო სახსრები  ნოღაიდელის, ბურჯანაძის ან თუნდაც ხელისუფლების გავლენიანი პირების დახმარებით? - ამ კითხვაზე პასუხი თავისუფალი ტელევიზიის შექმნის მომლოდინე საზოგადოებას დიდი ხანია აინტერესებს.

"კვირის პალიტრა" შეეცადა, გაერკვია, რა ხდებოდა გასულ კვირას "მაესტროში" და რატომ დაიხურა "უცნობი კავკასია".

ზვიად ქორიძე: - "უცნობი კავკასია" რადიო "უცნობისა" და ტელეკომპანია "მაესტროს" ერთობლივი პროექტი იყო. რადიო "უცნობის" ხელმძღვანელობასთან  ინტენსიური კონტაქტი მქონდა, "მაესტროს" გენერალურ დირექტორთან შეხვედრის აუცილებლობას  კი ვერ ვხედავდი.

გასული კვირის ოთხშაბათს გავიგე, რომ ტელეკომპანია გადაცემას ხურავდა. "მაესტროს" თანამშრომლებმა ერთადერთხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ კახა ბექაურს ჩემთან შეხვედრა უნდოდა. 18 მარტს უნდა შევხვედროდი, მაგრამ 17-ში საღამოს გავიგე, რომ გადაცემა იხურებოდა, ამიტომ ბექაურთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა, ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილი იყო.

როგორც ტელევიზიის ხელმძღვანელობამ განმარტა, "უცნობი კავკასიის" დახურვა ახალი პროგრამების მომზადებისთვის დასჭირდათ. ამ გადაცემის რამდენიმე წამყვანი, ალბათ, ახალი გადაცემის წამყვანი გახდება. ბექაურმა კი თქვა, უხერხული იქნება, გადაცემის დღევანდელმა წამყვანმა ხვალ უცბად მეორე გადაცემა რომ წაიყვანოს, "აუცილებელია წყვეტაო". რასაკვირველია, ასეთ არგუმენტებს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მეც მაქვს უფლება ვთქვა, რომ სადისკუსიო სივრცის შეზღუდვა საზოგადოებრივი პროცესების ნორმალურად განვითარებას ხელს არ შეუწყობს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩემი ერთადერთი სურვილია "მაესტრო" იყოს  ძლიერი და ობიექტური ტელეარხი. თუ ამას ეროსი კიწმარიშვილი და კახა ბექაური შეძლებენ, მაშინ არც ამ გადაცემის დახურვა გაახსენდება ვინმეს და სასაყვედუროც აღარაფერი იქნება. თუ ზემოხსენებული პერსონები "მაესტროს" ძლიერ ტელევიზიად ვერ ჩამოაყალიბებენ, მაშინ იმაზეც მოუწევთ პასუხის გაცემა, რატომ შეზღუდეს სადისკუსიო სივრცე წინასაარჩევნო პერიოდში.

- როგორ ფიქრობთ, "უცნობი კავკასიის" დახურვას მამუკა ღლონტმა ვეტო რატომ არ დაადო (ამის უფლება მმართველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით მამუკა ღლონტს აქვს. - ავტ.)?

- ეს მამუკა ღლონტს ჰკითხეთ.

- სად გააგრძელებთ საქმიანობას?

- ისევ წავიკითხავ ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში, გავაკეთებ  რადიოგადაცემასაც. ვეცდები, ვიმუშაო ჩემს მეგობრებთან სხვა ელექტრონულ მედიაში.…

კახა ბექაური, "მაესტროს" გენერალური დირექტორი: - "უცნობი კავკასია" დაიხურა. მის წამყვანებს ახალი გადაცემების წაყვანა შევთავაზეთ, მიმდინარეობს არხის რეორგანიზაცია და ასეთ დროს მსგავსი მოვლენები სავსებით ბუნებრივია. "პროფესია ჟურნალისტი" ფონდი "ღია საზოგადოების" ფინანსური მხარდაჭერით  გადის ეთერში. აპრილის ბოლოსთვის მას დაფინანსება ეწურება, შესაბამისად, ისიც დაიხურება, მაგრამ ამ გადაცემის სხვა ფორმით შენარჩუნებას ვგეგმავთ.

- "უცნობი კავკასიის" სხვა წამყვანებისგან განსხვავებით ზვიად ქორიძეს რატომ არ შესთავაზეთ ახალი გადაცემა?

- მინდოდა, შემეთავაზებინა, მაგრამ ვერაფრით შევხვდი. ქალბატონმა თამარ რუხაძემ დაურეკა, სთხოვა, შემხვედროდა, მაგრამ არ შემხვდა. ახლახან ტელეკომპანია "კავკასიამ" მიმიწვია გადაცემა "ბარიერში", რომელსაც ნინო ჯანგირაშვილი უძღვებოდა. ზვიად ქორიძეც დაპატიჟეს. როგორც კი უთქვამთ, რომ მიწვეულთაგან ერთ-ერთი მე ვიქნებოდი, უარი განუცხადებია მონაწილეობაზე. არადა, მზად ვიყავი,  პირდაპირ ეთერში შემეთავაზებინა მისთვის გადაცემის წამყვანობა.

- იქნებ საზოგადოებას აუხსნათ, სად მოიძიეთ არხის რეორგანიზაციისთვის სახსრები?

- არსებობს ტელევიზიის დაფინანსების ორი წყარო: სარეკლამო შემოსავალი და საერთაშორისო გრანტები. "მაესტროს" საკმარისი რაოდენობის რეკლამა არ ჰქონდა. ამიტომ მთლიანი სარეკლამო დრო გადავეცით "მაესტროს" მმართველ კომპანიას, რომლის დამფუძნებელიც ეროსი კიწმარიშვილია.

შესაბამისად, ის იხდის სარეკლამო დროის ღირებულებას. ეს ინვესტირება იმედს გვაძლევს, განახლებულ "მაესტროს"  ბევრი რეკლამა ექნება. რამდენადაც ვიცი, მმართველი კომპანია ჯერჯერობით თავისი სახსრებითა და სესხებით გვაფინანსებს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში უკვე შეტანილი გვაქვს რამდენიმე საპროექტო განაცხადი 300 ათასი დოლარის ოდენობის გრანტზე. "მაესტრო" ამ თანხას უახლოეს პერიოდში ელოდება.

გარდა ამისა, ვმუშაობთ "იუვესაისის" 13-მილიონიანი გრანტის მოსაპოვებლად. "პროფესია ჟურნალისტი" არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ახალი ბადით ისევ გავა ეთერში. ძალიან მალე საინტერესო ტოქშოუები  გვექნება.

- ერთ-ერთ ტოქშოუს მართლა თქვენი მეუღლე ეკა ბერიძე გაუძღვება?

- ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

რა თქმა უნდა, "კვირის პალიტრას" იმის გარკვევაც სურდა, რა მიზეზით აარიდა ზვიად ქორიძემ გადაცემა "ბარიერში" მონაწილეობას თავი. ამ მიზნით  ცნობილ ჟურნალისტს კვლავ დავუკავშირდით, მაგრამ მან აზრის გამოთქმა აღარ ისურვა. იმითაც დავინტერესდით, რატომ არ ადებს "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ვეტოს გადაცემების დახურვის თაობაზე გადაწყვეტილებებს.

მამუკა ღლონტი: - გადაცემა "უცნობი კავკასია" არ დახურულა, ის ტრანსფორმირებულია! ვინც ამ თემაზე ისტერიას თესავს, ხელისუფლების თამაშსაც ის თამაშობს. თქვენი აზრით, ძველ, გაჭიანურებულ გადაცემებს არ სჯობია განახლებული "მაესტრო" არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გავიდეს ეთერში? ყველა წამყვანს თავისი გადაცემა ექნება. მაგალითად, "უცნობი კავკასიის" ერთ-ერთი წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი კვირის ანალიტიკურ პროგრამას მოამზადებს, ნათია გამცემლიძე კი ეგვიპტეშია, როცა ჩამოვა, ახალი გადაცემის წაყვანას მასაც შევთავაზებთ.

ასე რომ, საგანგაშო არაფერია. რატომ ატყდა ეს აჟიოტაჟი? ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მე ან უნდა დამეწყო "ქალწული ჟურნალისტივით" პოპულიზმის თამაში, ან მეკეთებინა საქმე.

- შეიძლებოდა არ დახურულიყო "უცნობი კავკასია" განახლებული "მაესტროს" ეთერში გასვლამდე?

- ეს შეუძლებელი იყო. მაგალითად, ნინო ჟიჟილაშვილი ვერ შეძლებდა ყოველდღიური ეთერის მომზადების პარალელურად ანალიტიკურ პროგრამაზე მუშაობას.

- მაგრამ, არსებობდა სხვა წამყვანიც - ზვიად ქორიძე, რომელსაც "უცნობი კავკასია" დაუხურეთ, ახალ გადაცემაზე მუშაობა კი არ შეგითავაზებიათ.

- ზვიად ქორიძესაც შევთავაზებდით, მაგრამ კეთილი უნდა ენება და დალაპარაკებოდა მენეჯერებს. მან კი "მაესტროზე" ისევ აუწონ-დაუწონავი განცხადებები გააკეთა.

თავის დროზე მან ჩვენი ტელევიზიის საბჭო დატოვა იმ მოტივით, თითქოს "მაესტრო" ნოღაიდელს აძლევდა საკონტროლო პაკეტს. სახელისუფლებო არხების ჟურნალისტებმა კარგად გამოიყენეს მისი გამონათქვამები "მაესტროზე" და ჭორები გაავრცელეს, თურმე ხან ნოღაიდელი გვაფინანსებდა, ხან ბურჯანაძე და ჩვენ კი არაფერი ვიცოდით(?!). ხელისუფლებამ ახლაც გამოიყენა ქორიძე. ორი დღეა, "მაესტროს" ოფისს სახელისუფლებო არხის გადამღები ჯგუფები დარაჯობენ.

როგორ გგონიათ, მათ გადაცემა "უცნობი კავკასიის" დახურვა აღელვებთ? ცხადია, იმ ხელისუფლების დავალებას ასრულებენ, რომლის მიზანი "მაესტროს" დისკრედიტაციაა.

- "მაესტროს" დაფინანსების საკითხი გამჭვირვალე რომ იყოს, ჭორები ვეღარ გავრცელდებოდა.

- გითხარით, რომ ჯერჯერობით ეროსი კიწმარიშვილი ხარჯავს თავის ფულს, რომელსაც მერე ამოიღებს რეკლამით. თუ ვერ ამოიღებს, თავად დაზარალდება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ "მაესტრო" გააფორმებს რომელიმე პოლიტიკოსთან ხელშეკრულებას, ბატონი ეროსის კომპანია მიიღებს ჩემგან წერილს კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე.