"ცოტ-ცოტა საქმეს ქვე აკეთებს ჩვენი მთავრობა" - კვირის პალიტრა

"ცოტ-ცოტა საქმეს ქვე აკეთებს ჩვენი მთავრობა"

"ადრე ამბროლაურში რო გაგევლო, ქვე მოიტეხავდი კისერს. შარშან შავ ყურძენში 5 ლარიც გადაგვიხადეს, მარა, ეს რო ზღვაში წვეთია?!"

"ძლივას გამოჩნდა სამუშაო და იმის მაგივრად, ჩვენი ხალხი ემუშავებინათ, უცხოები მოიყვანეს"

ბოლო დროს კომპლექსი გამიჩნდა - როცა ჩემს ქვეყანაზე კარგის თქმას დავაპირებ, აქეთ-იქით ვიხედები, ვინმე პირში არ შემებას, - სხვები ჩვენზე უკეთესები არიან, მაგრამ ლაქლაქის ნაცვლად საქმეს აკეთებენო! მაგრამ მთლად ვერ გავჩუმდები - რაჭაში ვიყავი და იქაურობამ მართლა მომაჯადოვა... ნეტა გამაგებინა, დედამიწის ზურგზე კიდევ თუა ქვეყანა, რომელიც ასეთ სილამაზეს ჩვენსავით უქმად აცდენს?! მე პირიქით ვიცი: უამრავი უმიწო ხალხი გოჯობით ართმევს მიწას ზღვებსა Yთუ უდაბნოებს... მჯერა, ის დროც მალე დადგება, როცა ამ მთებში ცხოვრება სანატრელი გახდება.

რაჭა დღეს გმირების ხელშია, მათ ხელში, აქედან წასვლა რომ ვერავინ და ვერაფერმა აიძულა. ეს ხალხი ცოტაა, მაგრამ ძლიერი! ამ ძლიერი ხალხის გასაცნობად დილის 7 საათზე გამოვედი ამბროლაურის ქუჩებში. ქალაქის ერთადერთ მოედანზე,…უზარმაზარი საათის ქვეშ, რაჭველ კაცს დიდის ამბით მივესალმე. მანაც ხელი გამომიწოდა, - დათო კენჭაძე ვარ, ჩემო ბატონოო. ამ დილაადრიან სამუშაოზე მიბრძანდებით-მეთქი? რაღა დროსია, ვამთავრებ, მოედნის ობიექტის დაცვაში ვმუშაობო. მერე ხიდის ბოლოსკენ მიმითითა, - ამ ქალაქში ყველაზე ადრე ე, ისინი იწყებენ მუშაობას, ვინც ბაზარში ვაჭრობსო. გვარიანად აქაფებულ რიონზე ხიდი ძირფესვიანად არის აყრილი და შევშინდი - ხომ ჩავვარდი და წამიღო რიონმა-მეთქი! დინჯად მიპასუხა, - რას ამბობ, მაგ ხიდის რემონტზე აზერბაიჯანელები მუშაობენ და ჯერ ფარსაგი არც ერთს არ მოსვლია! მეც ხიდი დაიმედებულმა გადავიარე და შემხვედრ აზერბაიჯანელ მუშებსაც მივესალმე. მათ ჩემი სალმისა ვერაფერი გაიგეს, მაგრამ ზრდილობიანად გამიღიმეს. შემდეგ ამბროლაურის ბაზარში ჩავედი. ახალნაწვიმარზე წყალმა ისეთი ჭყაპაჭყუპი ატეხა ფეხსაცმელებში, რომ ადრიანად გამოსულ მოვაჭრეებს შევეცოდე!

- ბაზრის მოწესრიგებას არავინ აპირებს?

- ჩვენ არაფერი გაგვიგია და აბა, რა ვთქვათ! - გამომეპასუხა ბებო და მწვანილი დახლზე გაშალა, - ცოტ-ცოტა საქმეს ქვე აკეთებს ჩვენი მთავრობა... ადრე ამბროლაურში რო გაგევლო, ქვე მოიტეხავდი კისერს. შარშან შავ ყურძენში 5 ლარიც გადაგვიხადეს, მარა, ეს რო ზღვაში წვეთია?! აგერ, ძლივას გამოჩნდა სამუშაო ამბროლაურში და იმის მაგივრად, ჩვენი ხალხი ემუშავებინათ, უცხოები მოიყვანეს. იმათ ამუშავებენ და ჩვენ ქვე გვაყურებიებენ, არადა, ხალხს გროში არ უგდია ჯიბეში. ჩამოევლოთ და ეკითხათ, ხალხი მუშაობაზე თუ იტყოდა უარს! ვერ გამოუვიდათ ეგ კაი საქმე!

- ალბათ, ამბროლაურის ხიდის შეკეთების ტენდერში აზერბაიჯანულმა კომპანიამ გაიმარჯვა და სამუშაოც მათ ჩააბარეს.

- ეგ რავარი კანონია, რომ სხვა ამუშაო და შენიანი უმუშევარი დატოვო?! ღობეები დაგვილპა, ეზო-კარი მოგვიტიალდა და ტყეში ღობის წნელი ვერ მოგვიჭრია - კანონით აკრძალულიაო! კაცს სამუშაოს რომ გამოაგლეჯ და ეზო-კარის შემოღობვას დაუშლი, გაიქცევა დასაკარგავში, აბა, რა იქნება! ამ წელიწადს რატო 70 მკვდარი არ გავასვენეთ, ქორწილი კი სულ ორი გადავიხადეთ! ახლა იმის საფიქრალში ვართ, ნეტა, ეს ახალდაქორწინებულიც არ გაგვექცეს. სანამ ცოცხლები ვართ, ბოვშები გვინდა დევინახოთ, მაგიტომ ვწვალობთ! ამასობაში ბაზარში ეკალაც შემოიტანეს და იქითკენ წავედი - ხასხასა ფერი ჰქონდა, ეტყობოდა, ახალი დაკრეფილი იყო.

- ამ დილაადრიან ამდენი ეკალას დაკრეფა როდის მოასწარით?

- აქვე დავკრიფე, - მიპასუხა ეკალას პატრონმა და ხელი მახლობელი გორაკისკენ გაიშვირა, - დილის 5 საათზე მივდივარ დასაკრეფად, მოვკრეფ, შევკონავ, ბაზარში მოვიტან და გავყიდი. ათიოდე ლარს მაინც ვშოულობ! ეგეც საქმეა.

- ათიოდე ლარი რა არის ამხელა შრომისთვის?

- სულ რომ არაფერი ვიშოვო, უკეთესი იქნება?! ნახე, აბა, რა ეკალაა! - მხიარულად მითხრა და ეკალას კონები ხელში ისე შეათამაშა, რამდენსაც ვფიქრობდი, იმაზე მეტი მაყიდვინა! ეკალასთან ერთად კი იმედიც გამომატანა, - ეკალა რაჭაშიც შემოსავალია, მისი ფულით შაქარს, მარილს, საპონს და ამისთანებს ვიყიდი, ხორცი კი ისედაც არ მაკლია, - რაჭველ კაცს ღორი და ძროხა რომ არ მყავდეს, თავი სად უნდა გამოვყოო!

- ესე იგი, თქვენთან ღორის ჭირმა ვერ შემოაღწია და რაჭული ლორისთვის ღორები შეგრჩათ?

- აბა, უყურე ამ მთებს! - მითხრა და შემოჯარული მწვერვალები ხელით შემოხაზა, - ესენი არ უშვებენ ჭირსა და უბედურებას ჩვენთან; უვარგისი თუ არ არის, ჩვენ სოფლებში ღორი ყველას ყავს.

ამ დროს გოჭის ჭყივილი მომესმა - გასაყიდად გამოყვანილი ისე ჭყიოდა, ყურთასმენა არ იყო. მივედი და პატრონს თავზე დავადექი. რა კარგია, რომ ამბროლაურში რაჭულ ლორს საფრთხე არ ემუქრება-მეთქი. რას ლაპარაკობთ, ეგ ღმერთმა ნუ ქნას, თუ გნებავთ, ახლავე მეწვიეთ ოჯახში და მოგართმევთო. გულაჩუყებულმა შევხედე - სხვანაირად თბილი და ტკბილია რაჭა და სხვანაირი მოვლაც სჭირდება...

ეთერ ერაძე