"მიკვირს, ამდენი წლის შემდეგაც რომ ვახსოვვარ ხალხს" - გოგონა სპექტაკლიდან "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" - კვირის პალიტრა

"მიკვირს, ამდენი წლის შემდეგაც რომ ვახსოვვარ ხალხს" - გოგონა სპექტაკლიდან "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

"მძღოლს გაზეთიდან ამოჭრილი ჩემი სურათი ჰქონდა მიკრული სარკესთან, სტალინის ფოტოს გვერდით"

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეული როლი აქვს განსახიერებული თეატრსა თუ კინოში, დღეს მისი სახელის გაგონებაზე ყველას ნინიკო ახსენდება სპექტაკლიდან "დარაბებს მიღმა გაზაფხულია". მაშინ ეკა ქუთათელაძე 21 წლის იყო. როგორ გრძელდება მსახიობის ცხოვრება სპექტაკლის პრემიერიდან ზუსტად 39 გაზაფხულის შემდეგ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

- თეატრალურ ოჯახში დავიბადე, - მამა, ანზორ ქუთათელაძე, რეჟისორი იყო. 10 წლის ვიყავი, როცა "ოიდიპოს მეფე" დადგა სოხუმის თეატრში, სადაც მთავარ რეჟისორად გადაიყვანეს. ბებია და ბაბუა - მამას მშობლები - სოხუმში ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი რეპეტიციისას მამამ მკითხა: გინდა სცენაზე გამოსვლაო? როგორ არა-მეთქი, ჰოდა, "ოიდიპოს მეფეში" პატარა ანტიგონე ვითამაშე. შემდეგ ამ სპექტაკლით ოდესაში გავემგზავრეთ გასტროლზე გემით. თავი სიზმარში მეგონა. სპექტაკლის შემდეგ ყვავილები რომ მომართვეს, ბედნიერებისგან ვბრწყინავდი. როდესაც წამოვიზარდე, მამა უკვე მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. ხან რეპეტიციებზე ვხვდებოდი მსახიობებს, ხან ჩვენს ოჯახში, ვახშამზე.

- ალბათ, პროფესიის არჩევის დრო როდესაც დადგა, ბევრი არც გიფიქრიათ, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყავით.

- ერთხანს ხატვამ გამიტაცა და აკადემიისკენ გამექცა ფიქრი, მაგრამ ერთმა გარემოებამ განაპირობა ჩემი არჩევანი - მარჯანიშვილის თეატრი "ძველი ვოდევილებით" მოსკოვში გაემგზავრა გასტროლებზე. მახსოვს, ქანდარაზე ვიჯექი გადაძეძგილ დარბაზში. ვასო გოძიაშვილი გამოდიოდა სცენაზე, ლენა ყიფშიძე, მარინა თბილელი... სპექტაკლის შემდეგ ტაშის ისეთი გრიალი იყო, ლამის დაინგრა დარბაზი. ოცდაორჯერ დაიხურა და გაიხსნა ფარდა. მაშინ მივხვდი, რომ ამ ემოციისთვის ღირდა ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მამა სასტიკი წინააღმდეგი იყო, საბუთები მაინც თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანე. გაბრაზებულმა გამოცდის წინ გამაფრთხილა: არ თქვა, რომ ჩემი შვილი ხარო! ვისთვის არ უნდა მეთქვა, კომისიაში ვინც ისხდნენ, ყველას ვიცნობდი: დოდო ალექსიძეს, ეთერ გუგუშვილს, ვასო კიკნაძეს, გიზო ჟორდანიას...

გამოცდაზე ჩავამთავრე ჩემი საჩვენებელი პროგრამა თუ არა, ბატონმა დოდომ მკითხა: უკაცრავად, თქვენ ანზორ ქუთათელაძეს ხომ არ იცნობთო? არა, მხოლოდ მოგვარეები ვართ-მეთქი. ამაზე ბევრი იცინეს. ინსტიტუტში გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოვხვდი, ჩვენი მეტყველების პედაგოგი კი ლეილა კაპანაძე გახლდათ. ამ ადამიანებთან ერთად 4 წელი გავატარე.

- სპექტაკლში, "დარაბებს მიღმა გაზაფხულია", 18 წლის გოგონა განასახიერეთ. ეს როლი თქვენს სავიზიტო ბარათად იქცა.

- ამ სპექტაკლის დადგმამდე, ცოტა ადრე რუსთავის თეატრი გაიყო და მარჯანიშვილის თეატრში ისევ დაბრუნდნენ ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, გივი ბერიკაშვილი.... რუსთავის თეატრი მცირე შემადგენლობით დარჩა. ჩვენ მაშინ მეოთხეკურსელები ვიყავით და მთელი ჯგუფი რუსთავის თეატრში მივედით. მამა ამ თეატრის მთავარ რეჟისორად და დირექტორად დანიშნეს. სწორედ ამ დროს, თეატრში მიშა ბუკია მოვიდა. მას ახალგაზრდული სპექტაკლის დადგმა სურდა ("დარაბებს მიღმა გაზაფხულია" მისი მეორე სპექტაკლი იყო), ჰოდა, შეუდგა მუშაობას. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდით, რომ სპექტაკლს ასეთი აღიარება ერგებოდა. მიშამ თავდაპირველად უკუღმა დადგა, თითქოს ყველაფერი მომხდარია და მთავარი პერსონაჟი იგონებს ამ ამბებს. ლაშა თაბუკაშვილი რომ მოვიდა და ნახა, წამოხტა, ეს არ არის ჩემი პიესაო. ისიც ახალგაზრდა იყო იმხანად, თითქმის ჩვენხელა. მამამ დაამშვიდა, ერთ კვირაში მოდიო. ერთ კვირაში ყველაფერი გადაკეთებული გვქონდა და ლაშასაც მოეწონა. დიდხანს ვთამაშობდით ამ სპექტაკლს. არ დარჩენილა საქართველოს არც ერთი კუთხე, ეს სპექტაკლი რომ არ გვეთამაშოს. ერთხელ რუსთავის შრომა-გასწორების კოლონიაშიც ვითამაშეთ. დაახლოებით 10 ნაბიჯი გვაშორებდა მაყურებელს. პატიმრების თვალები დღემდე არ მავიწყდება. არ ვიცი, ვინ რას იხსენებდა იმ წუთებში, მაგრამ ცრემლით ჰქონდათ თვალები სავსე.

ბევრი სასაცილო ამბავიც მაკავშირებს ამ სპექტაკლთან. ერთხელ ზამთარში სამარშრუტო ტაქსიში ქუდჩამოფხატული ავედი, თავი ქურქის საყელოში მქონდა ჩამალული. ვხედავ, მძღოლს გაზეთიდან ამოჭრილი ჩემი სურათი აქვს მიკრული სარკესთან, სტალინის სურათის გვერდით. გავიტრუნე, ქუდი მთლად ჩამოვიფხატე. ჩასვლის დროს რომ ვუთხარი, გამიჩერეთ-მეთქი, ეტყობა, ხმაზე მიცნო და დაიწყო: თქვენა ხართ? ესა ხართ? - სურათზე უთითებდა, ხალხო, უყურეთ, ეს იცით, ვინ არისო? ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, ყველა მე მიყურებდა. რა თქმა უნდა, მგზავრობის საფასური არ გადამახდევინა და დიდი მოწიწებით დამემშვიდობა. ასე წამოვედი დარცხვენილ-ნასიამოვნები. რამდენჯერ ბაზარში ვუცნივარ მოვაჭრეებს. მიკვირს, ამდენი წლის შემდეგაც რომ ვახსოვვარ ხალხს. 23 წელია, თეატრისა და კინოს ინსტიტუტში სასცენო მეტყველებას ვასწავლი. ერთხელ სტუდენტი გამომიტყდა, ისე მომწონდა "ნინიკო"და რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი პედაგოგი გახდებოდაო.

- კინოში როდის მოხვდით?

- სადიპლომო სპექტაკლი გადაიღო ნოდარ ომიაძემ, "მოქცევა" ერქვა, სადაც შროშანას, დედოფალ ნანას მოახლეს ვასახიერებდი. მერე იყო "მევლუდი", სადაც მევლუდის ცოლი შევასრულე. იყო ბევრი როლი, ხშირად მიწვევდნენ მოსფილმი, ლენფილმი, თურქმენფილმიც კი, უამრავი გასვლა მქონდა.

- როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება?

- ჩემი მეუღლე მსახიობი ვაჟა მინდიაშვილი იყო. ერთად ვსწავლობდით და თეატრშიც ერთად ვმუშაობდით. 9 აპრილის მოვლენების შემდეგ მან სხვა გზა აირჩია, - მღვდელი გახდა, მამა ნიკოლოზი. ამაღლების ტაძრის პირველი წინამძღვარი იყო და იქვეა დაკრძალული - ეზოში. მყავს 3 შვილი, 2 დაოჯახებულია, - უკვე 8 შვილიშვილის ბებია ვარ. წარმოიდგინეთ, რვავე რომ მეწვევა - მე, 8 შვილიშვილი და 2 ძაღლი... მხიარული ოჯახი გვაქვს. მაისში 60 წლის გავხდი და ჩემმა შვილებმა დღესასწაული მომიწყვეს. ყველა ახლობელი დამიპატიჟეს და ბედნიერი დღე მაჩუქეს.

"მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, ახლა დიდი ბაბუა ვარ"

ლაშა თაბუკაშვილი: - რამდენიმე თვის წინ ფეხი მოვიტეხე, ახლა წავკისში ვარ და ჯოხის გადაგდებას ვცდილობ, თან პიესის დამთავრებას ვლამობ, რომელზეც რამდენიმე წელიწადია ვმუშაობ. როდესაც პიესა "დარაბებს მიღმა გაზაფხულია""დავწერე, პატარა ბიჭი ვიყავი - 25 წლის. ახლა უკვე დიდი ბაბუა ვარ - 65 წლის. ეკა არაჩვეულებრივი იყო ნინიკოს როლში. საოცრად მიყვარს ამ სპექტაკლში დაკავებული მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. მისტიკური შეგრძნებაა, როდესაც რაღაცას დაწერ და იმის განსხეულება ხდება ასე ლამაზად და მაღალ დონეზე.

ეკა ქუთათელაძე მეუღლესთან, ვაჟა მინდიაშვილთან ერთად

"ვაჟა, "მაკოცე", არ გინდა?"

ეკა ქუთათელაძემ მომავალი მეუღლე პირველ კურსზე გაიცნო. "ერთხელ, ჩვენთან სახლში, მეცადინეობისას, შინ მამა და კოტე მახარაძე მოვიდნენ. დედამ ნამცხვარი "მაკოცე" გამოაცხო. მე ჯერ მამას მივართვი, მერე ბატონ კოტეს და ბოლოს კი ვაჟას მივუბრუნდი და ეშმაკურად ვკითხე: ვაჟა, "მაკოცე" არ გინდა? ვაჟა უხერხულად შეიშმუშნა".

იმავე ზამთარს ვაჟამ ეკას ხელსახოცში გახვეული მარწყვი მიართვა და სიყვარული აუხსნა. 8 მარტს იქორწინეს. ეკა 17 წლის იყო, ვაჟა - თვრამეტის. ქორწილში კოტე მახარაძე იყო თამადა.

ვაჟა მინდიაშვილმა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა. სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, მღვდლად ეკურთხა და მამა ნიკოლოზი გახდა. ეკამ და მამა ნიკოლოზმა (ერისკაცობაში ვაჟა მინდიაშვილმა) ერთად 30 წელი იცხოვრეს. 9 აპრილს რუსი ჯარისკაცის მიერ ზურგში ჩარტყმული ნიჩაბი გახდა მამა ნიკოლოზის გარდაცვალების მიზეზი. ხერხემალზე 3-ჯერ გაკეთებული ოპერაციის მიუხედავად, მაინც ვერ დაამარცხა სიკვდილი.

ეკა სალაღაია