"სტუმრებს მოსვლის ეშინიათ, შხამიანი გველები ოთახიდან ოთახში თავისუფლად დაძვრებიანო" - კვირის პალიტრა

"სტუმრებს მოსვლის ეშინიათ, შხამიანი გველები ოთახიდან ოთახში თავისუფლად დაძვრებიანო"

"სახელი "თორნიკე" ძალიან მომწონს, ჰოდა ჩემს სამხრეთამერიკელ მახრჩობელას ამიტომაც დავარქვი"

თეკლა კვაჭაძე: "კარგი ზნისანი არიან ჩემი ავსტრალიელი აგამები - "სულიკო" და "მარია-ანტუანეტა"

თორნიკე, სულიკო და მარია-ანტუანეტა - ეს იმ ქვეწარმავლების სახელების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თეკლა კვაჭაძის სახლში ბინადრობენ. ამბობს, რომ ბავშვობაში, თანატოლებისგან განსხვავებით, ჯამბაზების ეშინოდა, ყველაზე ლამაზ არსებებად კი გველები მიაჩნდა.

- 2 წლის ვიყავი, დედამ კუ რომ მომიყვანა და დაიწყო ჩემი რეპტილიებისადმი სიყვარული. მყავდა ხვლიკები, ბაყაყები, ხოჭოები, პეპლები. ჩემმა გატაცებამ სერიოზული სახე 16 წლის ასაკიდან მიიღო, როცა ზოოპარკში მოხალისედ დავიწყე მუშაობა. მალე ჰობი პროფესიად მექცა.

ეს ჩიტიჭამია ტარანტული სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში ბინადრობს

- რომელი ცხოველები ბინადრობენ თქვენს ოჯახში?

- მყავს 11 გველი, მათ შორის სიმინდის მცურავები, არიზონული სამზოლიანი სამეფო გველი და მახრჩობელები, 2 აგამა, 4 გეკონი, ტარანტულები და დიდი ზომის შხამიანი ობობები, მაგრამ მათი შხამი არ ვნებს ადამიანს. ერთი ჩალისფერი ლაბრადორიც მყავს.

- სახელები ოჯახის ყველა ბინადარს აქვს?

- რა თქმა უნდა, მაგალითად ლაბრადორს "ოდრი" იმიტომ დავარქვი, რომ ოდრი ჰეპბერნივით ლამაზია. სახელი "თორნიკე" ძალიან მომწონს, ჰოდა, ჩემს სამხრეთამერიკელ მახრჩობელას ამიტომაც დავარქვი, მისი ნათესავები მდინარე ამაზონის კალაპოტში ბინადრობენ და 4 მეტრამდე იზრდებიან. "თორნიკე" 7 წლისაა და სიგრძით 2 მეტრზე მეტია.

- გველის მოვლა არ გიჭირთ?

- არა. კვირაში ერთხელ ვაჭმევ, ერთხელ ვასუფთავებ და ორჯერ წყალს ვუცვლი. სულ ესაა. ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღიურად ვუყურებ ყველაზე ლამაზ არსებებს დედამიწაზე.

- ამ ლამაზ არსებებს ოდესმე თუ უკბენიათ თქვენთვის?

- მხოლოდ ჩემი დაუდევრობის გამო. ერთხელ ცხვირრქოსანმა გველგესლამ მიკბინა - რამდენიმე დღე გული მერეოდა და სიცხე მქონდა. მორიელმაც დამგესლა... ყოველი კბენის შემდეგ უფრო ფრთხილი ვხდები. კარგი ზნისანი არიან ჩემი ავსტრალიელი აგამები - "სულიკო" და "მარია-ანტუანეტა". წლისანი არიან და 30 სანტიმეტრი სიგრძისა. ისე, 60 სანტიმეტრამდე იზრდებიან. იკვებებიან ხილით, ბოსტნეულით და მწერებით. "სულიკოს" განსაკუთრებით სალათის ფურცლები უყვარს, "მარია-ანტუანეტას" კი - ბანანი. სულიკო ისეთი პატარა მომიყვანეს, რომ ვერ ვარკვევდი, დედალი იყო თუ მამალი. ამიტომ ისეთი სახელი დავარქვი, რომელიც მამაკაცსაც შეეფერება და ქალსაც. მარია-ანტუანეტა მეგობრის სახლიდან წამოვიყვანე, არც კი ვიცი, რატომ დაარქვეს ამ აგამას მარია-ანტუანეტა.

დედალ-მამალი ჩხირულები

ობობებიდან ყველაზე უფროსი 4 წლისაა - ჩიტიჭამია ტარანტული, რომელიც სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში ბინადრობს, უმცროსი - 5 თვის. კოსტარიკული ტარაკანა სამხრეთ ამერიკიდანაა. გიგანტური ზომისაა - სიგრძით 8 სანტიმეტრია. იკვებება ხილით, ბოსტნეულით და ფოთლებით. კალიები - მაყვლის ფოთლებს მიირთმევენ. 15 სანტიმეტრამდე იზრდებიან. წყნარები, მშვიდები და იოლად მოსავლელები არიან.

- ოჯახის წევრები როგორ უყურებენ თქვენს გატაცებას?

- მოსწონთ. დედაჩემს სულ აინტერესებს, კიდევ რომელ ქვეწარმავალს მივიყვან. ძმაც სულ კითხულობს, როგორ გრძნობენ თავს ჩემი ბინადრები. სტუმრები - ვისაც ქვეწარმავლების არ ეშინიათ, სიამოვნებით მოდიან. მშიშრები ცოტა აბუქებენ, - შინ შხამიანი გველები ჰყავს და ქვეწარმავლები ოთახიდან ოთახში თავისუფლად დაძვრებიანო. ეს სიცრუეა. ყველა მათგანს თავისი ტერარიუმი აქვს.

- დღეს რას საქმიანობთ?

- ზოოპარკში ვმუშაობ ეგზოტარიუმის მომვლელად. დილას სამსახურში ვუვლი და ვეფერები ჩემს ცხოველებსა და ქვეწარმავლებს, საღამოს - შინ.

- როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ?

- მინდა კერძო სახლი მქონდეს, დიდი ეზოთი, სადაც უამრავ ცხოველთან და ქვეწარმავალთან ერთად ვიცხოვრებ.

ეკა სალაღაია