...ეს ამერიკაა! - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ამერიკული დღიურები
27-06-2016
...ეს ამერიკაა! - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ამერიკული დღიურები
ვხვდები, რომ კისერი მტკივა ცათამბჯენების ყურებაში. გზად "შანელის", "დოლჩე და გაბანას", "ვალენტინოს", "ვიქტორია სეკრეტის", "ვერსაჩესა" და კიდევ უამრავი ცნობილი დიზაინერის მაღაზიას ფოტოებს ვუღებ და ახლა უკვე აქეთ-იქით ყურებისგან მეტკინა კისერი. ქუჩაში უამრავი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი დადის...

ნიუ-იორკში "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი დადის, უკანა საქარე მინაზე ქართული ასოებით "ქართული ჭიდაობის სკოლა" აწერია. მისი მეპატრონე, დავით ფრანგიშვილი, პატარებს სპორტსმენებად ზრდის. ისინი უცხო მიწაზე ამარცხებენ მოწინააღმდეგეს საქართველოს სახელით


მესამე დღეა, რაც ბრუკლინში ვარ. ქართველ
მასპინძელს მე და ლაშა-გიორგი­ (ოპერატორი) მანჰეტენზე მივყავართ. ბრუკლინიდან დაახლოებით ერთი საათის სავალი გზაა.

"მოკითხვას გიგზავნით, ჩემო ქართველებო"

ცათამბჯენების სანახავად მეტროთი მივდივართ. ვაგონში სკამებზე მოვკალათდით. ჩართული კამერით ვცდილობთ, ყველაფერი დავაფიქსიროთ. გაჩერებაზე უამრავი მგზავრი შემოვიდა: ინდოელები, შავკანიანები, იაპონელები და, რაღა თქმა უნდა, ქართველებიც... ჩვენს მოპირდაპირედ ოცდაათიოდე წლის
ახალგაზრდა დაჯდა, იერზე ეტყობა, რომ ქართველი უნდა იყოს. საუბრის ინიციატივა არ გამოუჩენია, აღარც ჩვენ გამოვცნაურებივართ. ასე მდუმარედ მივუყვებით გზას მანჰეტენისკენ. ისევ უცხო სახეებს ვაკვირდები.
შემდეგ გაჩერებაზე, უამრავ მგზავრს შორის, 50 წელს გადაცილებული ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდნენ, შორიახლოს მოკალათდნენ და ქართულად დაიწყეს ლაპარაკი. ქალმა საუბარი არ ისურვა, ახალგაზრდა კი თბილისელი ჯანო წამალაიძე აღმოჩნდა.
ჯანო წამალაიძე: -"ამერიკის მოქალაქე ვარ. სატრანსპორტო კომპანია მაქვს. ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო. იქ მშობლები, ახლობლები და ნათესავები მელოდებიან. წელს აუცილებლად წავალ. ამ შვიდი წლის განმავლობაში, რაც ნიუ-იორკში ვარ, ვერ ვიტყვი, რომ ბევრს მივაღწიე. ყველაფერი დიდ შრომას მოითხოვს, ამასობაში კი ძალიან ბევრ წელს კარგავ.

ქართული კომპანიის სარეკლამო გზავნილი ამერიკაში

ვაგონში დამონტაჟებულ ეკრანს ვაკვირდები და ვითვლი, რამდენი გაჩერება დარჩა მანჰეტენამდე. ტელეფონზე მოსულმა მესიჯმა გამომაფხიზლა. გამიკვირდა, რადგან"როუმინგი არ მქონდა ჩართული. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ჩემს ტელეფონზე ერთ-ერთი ქართული კომპანიის სარეკლამო გზავნილმა ნამდვილად გამაოცა. ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით საოჯახო ტექნიკაზე 30%-იან ფასდაკლებას მთავაზობდა. აქაც? - გავიფიქრე და გამეღიმა. ფანჯრიდან უკვე მანჰეტენი მოჩანს. ცათამბჯენების დანახვაზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი გამახსენდა.

მანჰეტენის ფილტვები, ცათამბჯენები, ბროდვეი...

რამდენიმე წუთი და მანჰეტენზე ვართ. სენტრალ-პარკთან" ვჩერდებით და ხედებით ვტკბებით. საოცარი სანახაობაა. უზარმაზარ ცათამბჯენებს შორის დიდი მწვანე ტერიტორიაა, რომელსაც აქაურები მანჰეტენის ფილტვებს უწოდებენ. იქვე ახლოს ულამაზეს ცხენებში შებმული ფაეტონები დგანან ტურისტებისთვის. "ბროდვეიზე მალე ვიქნებით?" - ვეკითხები მასპინძელს. "სამი ავენიუ კიდევ გვაქვს გასავლელი", - მპასუხობს იგი. ცნობილ წითელ კიბემდე ჯერ დიდი გზაა, მაგრამ ვხვდები, რომ კისერი მტკივა ცათამბჯენების ყურებაში. გზად "შანელის", "დოლჩე და გაბანას", "ვალენტინოს", "ვიქტორია სეკრეტის", "ვერსაჩესა" და კიდევ უამრავი ცნობილი დიზაინერის მაღაზიას ფოტოებს ვუღებ. ქუჩაში უამრავი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი დადის. ერთმანეთის მიჯრით ჰოთდოგის ჯიხურები დგას. ერთ-ერთთან ვჩერდებით. თითქოს არაფრით განსხვავებულ ჰოთდოგს მაინც სხვანაირი გემო აქვს, ნამდვილი ამერიკული და გემრიელი.
უკვე ბროდვეიზე ვართ. აქ თითქმის ყველა შენობას უზარმაზარი მონიტორი ამშვენებს. სხვადასხვა რეკლამით აჭრელებული ეკრანები საოცარ სურათს ქმნის. აი, აქ ხვდები, რომ ნამდვილ ამერიკაში ხარ, ეს ამერიკაა! კიბეზე დაჯდომის უამრავი მსურველი ერთმანეთს ადგილს უთმობს. მასპინძელი გვიხსნის, რომ აქ ყოველთვის ასეთი ხალხმრავლობაა. კარგა ხანს გავჩერდით. მთელი დღე რომ იჯდე ამ ადგილას, არ მოგწყინდება. ისევ ნანახი ფილმების ამ ადგილას გადაღებული კადრები ცოცხლდება. კამერით შეიარაღებულები ვცდილობთ, ყველაფერი დავაფიქსიროთ. კიდევ ბევრი ვიარეთ. 11 სექტემბრის ეროვნულ მემორიალთან უამრავი ხალხი ირევა. ეს ის ადგილია, სადაც ტყუპი შენობა იდგა. მემორიალი ტერორისტული აქტიდან 10 წლის შემდეგ, 2011 წლის 11 სექტემბერს გაიხსნა. მასზე ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი წერია, რომლებიც დაიღუპნენ.

7 საათი ხდება, ქუჩაში უამრავი ადამიანია, ყველას სადღაც მიეჩქარება. აქ დრო იმაზე სწრაფად გადის, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადგილას. მეტროში ჩავდივართ, უკან ვბრუნდებით... დღე ძალიან საინტერესო და დამღლელი აღმოჩნდა. სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ იმ დღეს მანჰეტენზე 957 ფოტო გადამიღია, მეღიმება და მეორე დღის განრიგს ვგეგმავთ...

"უფალს ვთხოვ, ამ მიწაზე არ მოვკვდე"

ოთხშაბათი. დილის 11 საათი. სიგარეტის მოსაწევად ეზოში ჩავდივარ. აქ სიგარეტს შენობაში არავინ ეწევა. ეზოში ჩვენი ქართველი მეზობელი, დავით ფრანგიშვილი მხვდება. ბათუმელი კაცია, ნამდვილი ქართველი და გულიანი. ამერიკაში 2001 წლიდან ცხოვრობს. როგორც აქაური ემიგრანტების უმრავლესობა, ისიც მშენებელ-რესტავრატორად მუშაობს. ნიუ-იორკში მეუღლესთან, ორ შვილთან, დედასა და სიმამრთან ერთად ცხოვრობს. უმცროსი შვილი, ნიკოლოზი, აქ დაიბადა. როცა სამშობლო ენატრება, ოკეანის სანაპიროზე გადის და ჰორიზონტს გაჰყურებს.

დავით ფრანგიშვილი: - ჩვენს ზღვა­სთან შედარებით ოკეანის წყალი ცივია. სანაპიროზე თითქმის ყოველდღიურად გავდივარ, აქ ვიკლავ სამშობლოს მონატრებას. ქვიშა ურეკს მაგონებს... მენატრება ჩვენი მიწა-წყალი, ქართული პურმარილი და ღვინო, ჩემი დიდი ოჯახი... ამერიკა ვერასოდეს გახდება ჩემი ქვეყანა, აუცილებლად დავბრუნდები, ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ როდის, ეს ბუნდოვანია... უფალს ვთხოვ, ამ მიწაზე არ მოვკვდე. აუცილებლად უნდა დავბრუნდე, მაგრამ წელგამართული...

ნიკოლოზს ქართულად საუბარი უჭირს... აქ გაიზარდა, ქართველ თანატოლებთან ინგლისურად ლაპარაკობს. კარგი იქნებოდა, ქართული ენის წრე რომ გვქონდესო, - მეუბნება...

ქართული ჭიდაობის კლუბი ამერიკაში

დავით ფრანგიშვილს შუაგულ ამერიკაში, ქართული ჭიდაობის კლუბი გაუხსნია. მე და ლაშაც რამდენიმე საათში ქართული ნექ-როუდის დასახლებაში (ბრუკლინში), ჭიდაობის კლუბში ვიყავით. კიმონოში გამოწყობილი უამრავი ბავშვი, მოზრდილი და ზრდასრული ქართველი ემიგრანტი დაგვხვდა. აქ რამდენიმე სხვადასხვა ეროვნების მოზარდიც ვარჯიშობს. ბატონი დავითი ამბობს, რომ კლუბის გახსნის­ იდეა ექვსი წლის წინ გაჩნდა.

- ბაბუაჩემი მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი იყო ძალოსნობაში და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ჩემი უფროსი­ ძმა (დეიდაშვილი) თენგიზ თედორაძე მსოფლიოს, ევროპისა და ბოლო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, მრავალგზის საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებული, სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი გახლდათ. მე დიდ შედეგებს ვერ მივაღწიე, მაგრამ მრავალგზის საქართველოსა და ამიერკავკასიის ჩემპიონი მაინც გავხდი... რაც შეეხება ემიგრანტულ ცხოვრებას, ჩამოსვლისთანავე ყველანი გავდივართ იმ წნეხსა და სტრესს, რასაც ჰქვია უცხო ქვეყანაში ენის არცოდნა, მეგობრების, ნათესავების, მეზობლების გარეშე ცხოვრება. დასაწყისი ძალიან რთული იყო, მაგრამ თუ შრომა გიყვარს და მიზანს დაისახავ, ყველაფერს მიაღწევ! ყველაზე სახიფათო მაინც ემიგრაციაში ჩვენი შვილებია, მათი მეგობრები და ჯანსაღი წრე! ამიტომაც სასწრაფოდ მოვძებნე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის კლუბი და ჩემი უფროსი შვილი გიორგი ძიუდოში დაოსტატებას შეუდგა.

ყოველთვის ვოცნებობდი, მეკეთებინა საყვარელი საქმე. ერთ-ერთ ვარჯიშზე გავიცანი მრავალი საერთაშორისო შეჯიბრების ოქროსა და ვერცხლის მფლობელი ზეზვა ებელაშვილი, ასევე გივი შუბითიძე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში. მას ქართული ჭიდაობის კლუბის ჩამოყალიბება შევთავაზე და სიტყვა საქმედ ვაქციეთ...

ჩვენი სახელოვანი ძიუდოისტების: დავით ნადარაიას, ივერი ჯიქურაულის, გრიგოლ მამრეკიშვილის, ლაშა სარდანაშვილისა და განსაკუთრებით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელის, მინდია ბოდაველის მხარდაჭერითა და გვერდში დგომით საპატიო ადგილი გვიჭირავს აშშ-ის ძიუდოს ფედერაციაში.

- საქართველოდან თუ გრძნობთ მხარდაჭერას?
- დახმარება კარგი საქმეა, მაგრამ ამაში დიდად არ გამოვირჩევით ქართველები. ებრაელმა ბიზნესმენმა, NetCost Market -ის გენერალურმა მენეჯერმა, ედუარდ შნაიდერმა შეგვიწყო ხელი - საწყისი თანხა მოგვცა. რამდენიმე წელია ჭაბუკთა და ახალგაზრდათა ნაციონალურ ჩემპიონატში შედეგიანად ვმონაწილეობთ, 2016 წელს 4 ოქრო და 1 ვერცხლი მოვიპოვეთ...

- თქვენს უფროს ვაჟზე რას გვეტყვით?

- გიორგი ამერიკაში პირველი ემიგრანტია, რომელიც ნაციონალურ ნაკრებთან ერთად­ 2012 წელს სამბოში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა, 2013 წელს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში ძიუდოში, 2014-2015 წლებში კი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატებში.

- როგორია უცხო მიწაზე ცხოვრება?
- აქ ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყო. ემიგრანტები არ ვირჩევთ სამსახურს, სამსახურები გვირჩევენ ჩვენ... ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაა. დასანანია, ამერიკაში უკვე გვიცნობენ, საქართველოში კი, არა.

გიორგი ფრანგიშვილი, დავით ფრანგიშვილის ვაჟი: - 6 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში ჩამოვედი ოჯახთან ერთად. სკოლაში აქ შევედი. 7 წლიდან ყოველდღე მავარჯიშებს მამა. საქართველოდან წამ­ოსვლიდან 13 წლის შემდეგ დავბრუნდი პირველად სამშობლოში. ბოლოს 2011 წელს ვიყავი. მართალი გითხრათ, ამერიკაზე მეტად საქართველოში ცხოვრება მომწონს. კარგად მახსოვს ჩემი ქართული საზაფხულო არდადეგები. ბებიამ და დეიდამ ქობულეთში წამიყვანეს. ბათუმში ის ადგილიც ვნახე, სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდით... როცა საკმარის თანხას შევაგროვებ, საქართველოში დავბრუნდები.

დარბაზში კარგა ხანს გავჩერდით. ბავშვობის ოცნება ავიხდინე, კიმონო მოვირგე და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღე. სახლში გვიან დავბრუნდით. იმ დღეს კიდევ ბევრი ემიგრანტი გავიცანი...

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით