რადიო "პალიტრა" 5 რეიტინგულ რადიოს შორის დასახელდა - კვირის პალიტრა

რადიო "პალიტრა" 5 რეიტინგულ რადიოს შორის დასახელდა

რომელ რადიოს ენდობა მსმენელი და დროის რა მონაკვეთში უსმენენ რადიოსაშუალებებს ყველაზე ხშირად, ამასთან, რა კატეგორიის მსმენელი ჰყავს აღნიშნულ მედიასაშუალებას? - ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ანალიტიკურმა ცენტრმა IP Research-მა თბილისში კვლევა ჩაატარა, რომლის დეტალებზეც "კვირის პალიტრასთან" ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მღებრიშვილი საუბრობს:

- მაისში კვლევით-ანალიტიკურმა ცენტრმა IP Research-მა თბილისში რადიოაუდიტორიის კვლევა ჩაატარა. კერძოდ, 9-დან 31 მაისის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ათას რესპონდენტთან სატელეფონო გამოკითხვა ჩავატარეთ. მოქალაქეებს დაახლოებით თხუთმეტამდე სხვადასხვა შინაარსისა და მიმართულების კითხვა დავუსვით, რათა როგორც რადიომსმენელების სეგმენტი, ისე ყველაზე პოპულარული რადიო მაქსიმალური სიზუსტით გამოგვეკვეთა. აღსანიშნავია, რომ კვლევის ცდომილების ზღვარი 4%-ია. რაც შეეხება კონკრეტულად რესპონდენტების განწყობებს, კითხვაზე: რომელ რადიოს უსმენდით ბოლო ერთი თვის განმავლობაში? - გამოკითხულთა პასუხების მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: "არ დაიდარდო" - 25,9%, "ფორტუნა" - 14,6%; "ფორტუნა პლუსი" - 14,3%, "პალიტრა" - 13,1%, "დარდიმანდი" - 12,9%.

გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმაციას სწორედ რადიოს საშუალებით იღებს. გამოკითხულთა 11,7%-მა აღნიშნა, რომ საინფორმაციო საშუალებებს რადიო "მაესტროზე" უსმენს, 8,6% კი, რადიო "პალიტრის" ინფორმაციას ენდობა. მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა "იმედი" 8,3%-ით, "ფორტუნამ" და "ობიექტივმა" კი, თანაბარი - 2,8% მიიღეს.

- კვლევისას თუ დაინტერესდით, ძირითადად, სად უსმენენ მოქალაქეები რადიოს - ტრანსპორტში თუ სახლში?

- როგორც გაირკვა, მსმენელები რადიოს, ძირითადად, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საკუთარ ავტომობილებში უსმენენ, თუმცა არც ისე დაბალია იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც რადიოს შინ უსმენს. რესპონდენტთა უმრავლესობამ, 26,7%-მა, აღნიშნა, რომ რადიოს უმეტესად შუადღისას უსმენს, შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დილის საათებშიც - 17,2%, საღამოს კი რადიოს აუდიტორია 15,9%-ს შეადგენს. ისანი-სამგორის რაიონში "პალიტრას" 9,6% უსმენს, გლდანი-ნაძალადევში - 14,2%, მთაწმინდა-კრწანისში - 8,1%, დიდუბე-ჩუღურეთში - 13,7%, ვაკე-საბურთალოში - 16,3% - ამ რაიონში ის ყველა რადიოს უსწრებს წინ.

- ისიც საინტერესოა, მსმენელთა რა სეგმენტი უსმენს რადიოს?

- რადიო მსმენელებისთვის დროის დაზოგვის პრინციპის გამო განსაკუთრებით მიმზიდველი მედიასაშუალებაა. უმრავლესობის თქმით, დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ბევრს ტელევიზორის ყურების ან გაზეთების თუ საინფორმაციო სააგენტოების მასალების გაცნობის დრო, ფაქტობრივად, არა აქვს. შესაბამისად, გადაადგილების პარალელურად, საინფორმაციო საშუალებების მოსმენა მათთვის განსაკუთრებით კომფორტულია, თანაც, როგორც წესი, რადიო მსმენელებს შესაძლებლობას აძლევს, კონკრეტული ინფორმაცია მაქსიმალურად მცირე დროში მიიღონ. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის მიხედვით, რადიო "პალიტრის" მსმენელთა 42,6% დასაქმებულია, მატერიალური მდგომარეობის მიხედვით კი, რადიო "პალიტრას", ძირითადად, მაღალშემოსავლიანი მსმენელი ჰყავს.

ვახტანგ მძინარაშვილი, რადიო "პალიტრის" მარკეტინგის მენეჯერი: "სასიხარულოა, რომ რადიო "პალიტრა" ბოლო კვლევების მიხედვით ლიდერების პოზიციაზეა. ამ შედეგს გუნდმა თავდაუზოგავი შრომით მიაღწია. ასევე, თავისი წვლილი მიუძღვის იმ ცვლილებებსაც, რომლებიც რადიოში განხორციელდა: შეიცვალა ლოგოს ფერი და სტილი, რადიო გახდა უფრო თანამედროვე, მეტი ყურადღება დაეთმო მუსიკას, დაემატა სხვადასხვა მუსიკალური რუბრიკა: "ქართული მუსიკის პალიტრა", "კინომუსიკა"- "ოქროს ჰიტები". ამასთან, რადიო "პალიტრა", როგორც ყოველთვის, დღესაც აშუქებს აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ მოვლენებს.

ჩვენს მსმენელთა რიცხვს მიეკუთვნებიან საქმიანი, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები და მათი ანალიზი.

მსმენელებს საშუალებას ვაძლევთ, ოპერატიულად მიიღონ სანდო, მიუკერძოებელი ინფორმაცია, გაიგონ მთავარი, პირდაპირ ეთერში მოუსმინონ და კითხვები დაუსვან ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჩვენი პოლიტიკური ტოქშოუების საშუალებით, რომელთა წამყვანებიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან. მამუკა არეშიძე - "კავკასიური პალიტრა", ნათია გამცემლიძე -"მეხუთე სართულზე" და კობა ბენდელიანი - "პოლიტიკური დეტექტორი". რადიო "პალიტრის" მსმენელს ასევე საშუალება აქვს, გაეცნოს მისთვის საინტერესო კონკრეტული დარგის სიახლეებსა და მიიღოს რჩევები ექსპერტებისგან ჯანდაცვის, ეკონომიკის, ბიზნესის, ეკოლოგიისა თუ სხვა დარგში. მსმენელთათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია სტაბილურობა, სწორედ ეს მახასიათებელია, რაც უმთავრესად განსაზღვრავს რადიო "პალიტრის" დღევანდელ შედეგს.

8 წლის განმავლობაში რადიო "პალიტრა" სტაბილურად ვითარდებოდა მთავარი მისიის შესასრულებლად - საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაცია. მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებისა, რადიო "პალიტრამ" შეინარჩუნა მთავარი ფასეულობები: მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, სანდოობა და ოპერატიულობა.

რუსუდან შელია