წიგნი-ალბომი, რომელიც მონეტებით მოგიყვებათ საქართველოს ისტორიას - კვირის პალიტრა

წიგნი-ალბომი, რომელიც მონეტებით მოგიყვებათ საქართველოს ისტორიას

პროექტის, "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", პრეზენტაციას სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და ცნობილი სახეები დაესწრნენ

"წიგნ-ალბომში თავმოყრილი მონეტები არის მოდელი იმ მონეტებისა, რომლებიც ისტორიის მუზეუმშია დაცული"

23 ივნისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა უნიკალური პროექტის, "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, "გამომცემლობა "პალიტრა L"-ისა და "კვირის პალიტრის" მიერ. წიგნ-ალბომზე მუშაობდა ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი.

პროექტი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს წიგნ-ალბომის მფლობელი და თვეში ერთხელ პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა. 24 განსხვავებული მონეტა საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.

სტუმრებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენა, რომელიც სპეციალურად ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა. თითოეულმა საჩუქრად მიიღო პირველი მონეტის ასლი. მომავალში ერთგულ მომხმარებელს, რომელიც უნიკალური კოლექციის შეგროვებას გააგრძელებს, ექნება შანსი, გახდეს ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი.

პრეზენტაციას დაესწრნენ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და ცნობილი სახეები.

მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი: "დღეს ეროვნულ მუზეუმში ძალიან საინტერესო და მე ვიტყოდი, ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია გვაქვს - წიგნი-ალბომი, რომელიც შეიქმნა ეროვნული მუზეუმისა და "პალიტრა L"-ის თანამშრომლობით. ყველას საშუალება ექნება, ჰქონდეს ეს წიგნი-ალბომი და თვეში ერთხელ პირადი კოლექციისთვის ერთი მონეტით შეავსოს. ნუმიზმატიკის ისტორიის შესწავლა წარმოდგენას შეგვიქმნის ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, მისი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაზე, ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ მდგომარეობაზე და საერთაშორისო პრიორიტეტებზეც კი. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი-ალბომი ძალიან საინტერესო იქნება ფართო მომხმარებლისთვის. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა პროექტის ავტორებს და წარმატება ვუსურვო მათ".

დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი: "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული ეს წიგნი არის შესანიშნავი საჩუქარი ყველასთვის. ის, ერთი მხრივ, ასახავს ნამდვილ მეცნიერებას, მეორე მხრივ კი, არის განსაზღვრული ფართო საზოგადოებისთვის და პირველ რიგში, მომავლისთვის. ეროვნული მუზეუმისთვის დიდი პატივია ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა.

ამ პროექტს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ეროვნული მემკვიდრეობა არ უნდა იყოს შენახული, ის ფართო საზოგადოებისთვის მუდამ უნდა იყოს ხელმისაწვდომი".

გიორგი მელაშვილი, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: "ძალიან საინტერესო პროექტია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეროვნულ მუზეუმსა და პროექტის ორგანიზატორებს მისი რეალიზაციისთვის. ეს პროექტი ხელს უწყობს ქართული ფულის ისტორიისა და ჩვენი კულტურის წარმოჩინებას".

გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: "ეს პროექტი არის ქართული კულტურის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ნაწილი, დამადასტურებელი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი წარსული, ისტორია.

ვფიქრობ, ჩვენ ამ კულტურული თვითმყოფადობით დავიმკვიდრებთ ადგილს ევროკავშირში, საითკენაც მივისწრაფვით".

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი: "მრავალმხრივ მნიშვნელოვანი პროექტია, განსაკუთრებით 2 ასპექტი მინდა გამოვყო: ერთი მხრივ, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასტური, რომ ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო და ჰქონდა თავისი ფული და, მეორე მხრივ, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ფულის განვითარების ისტორიას, რომელიც, ბუნებრივია, ვიზუალსაც გულისხმობს და ამ მონეტებზე გამოსახულ მასალებს, რომლებიც, ცხადია, საინტერესოა ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ეს არ არის ვიწრო ჯგუფისთვის მიწოდებული წიგნი-ალბომი".

მარიკა დარჩია, "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი: "ეს არის პალიტრა L"-ის პროექტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", რომელზეც ჩვენ, ეროვნულ მუზეუმთან ერთად, 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. წიგნ-ალბომში თავმოყრილი მონეტები არის მოდელი იმ მონეტებისა, რომლებიც ისტორიის მუზეუმშია დაცული. ნუმიზმატებმა აგვარჩევინეს უამრავი ფასეული მონეტიდან 24 ნიმუში - პერიოდის, ფორმის, ისტორიის მიხედვით. ეს წიგნი-ალბომი მონეტებით მოგიყვებათ საქართველოს ისტორიას. ყოველთვე გაზეთ "კვირის პალიტრას" 1 მონეტა მოჰყვება; იყავით ყურადღებით და შეაგროვეთ ეს დიდი განძი".

ბახვა ბრეგვაძე, მსახიობი: "აქამდე ქართულ სინამდვილეში არ გვქონია მსგავსი პროექტი, არ არსებობდა ისეთი წიგნი-ალბომი, რომელიც მონეტების მეშვეობით გვიამბობდა საქართველოს ისტორიას. ის ყველა ქართველის ოჯახში უნდა იყოს. ვულოცავ ორგანიზატორებს. მე აუცილებლად შევიძენ ამ ინოვაციურ გამოცემას".

სალომე კიპაროიძე, ჟურნალისტი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, დილის გადაცემა): "საინტერესო პროექტის პრეზენტაციაზე ვიმყოფებით. ჩემი აზრით, ამ მონეტების კოლექციის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უფროსი ასაკის მკითხველისთვის, ასევე პატარებისთვისაც. მე უკვე ვარ ერთ-ერთი მონეტის მფლობელი, რომელსაც აუცილებლად გადავცემ ჩემს პატარა ნათლულს და მივცემ საშუალებას, შემდეგში "კვირის პალიტრასთან" ერთად შეაგროვოს ახალ-ახალი მონეტები, რათა მონეტების მეშვეობით გაეცნოს და შეიყვაროს საქართველოს ისტორია".

"ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" პირველი მონეტა 27 ივნისიდან გაიყიდება და მისი ფასი 3,50 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი 5 ლარი.

ეკა სალაღაია