მეუფე ანდრია: "პოლიტიკის შემოტანა საეკლესიო სივრცეში არ შეიძლება" - კვირის პალიტრა

მეუფე ანდრია: "პოლიტიკის შემოტანა საეკლესიო სივრცეში არ შეიძლება"

"ჩვენ არა გვაქვს 14 ეკლესიის თანხმობა წმინდა და დიდი კრების მოწვევაზე, არა გვაქვს წმინდა და დიდი კრების საყოველთაოდ აღიარებული მუშაობის რეგლამენტი და არც კონსენსუსი დღის წესრიგთან დაკავშირებით"

ჩვენი ეკლესიის დაუსწრებლობა სრულიად მართლმადიდებელთა საეკლესიო კრებაზე, საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. დიდი და წმინდა კრება კუნძულ კრეტაზე 18-26 ივნისს გაიმართა. უკვე ვწერდით, რომ უთანხმოების მიზეზი 3 დოკუმენტი გახდა:

1."მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან, 2. მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში და 3. ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილებით, სამივე ეს დოკუმენტი სერიოზულ ცდომილებებს შეიცავს და გადამუშავებას საჭიროებს. კრეტაზე გამართულ დიდ და წმინდა კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ანტიოქიის, ბულგარეთისა და რუსეთის ეკლესიებმაც. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შეფასება "კვირის პალიტრამ" გორისა და ატენის მიტროპოლიტს, მეუფე ანდრიას სთხოვა:

მეუფე ანდრია: - წმინდა და დიდი კრება საკმაოდ დიდხანს მზადდებოდა და მისი ჩატარება უმნიშვნელოვანესი იყო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში კრებისთვის ინტენსიური მზადება მიმდინარეობდა. საკითხების ნაწილი, რომლებიც კრების წინა შეხვედრებზე განიხილებოდა, 1980-1990-იან წლებში იყო მიღებული. ზოგიერთი დოკუმენტი 2009 წელს მიიღეს. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტებს დამუშავება სჭირდებოდა, რომ ისინი შესაბამისი ყოფილიყო დღევანდელობისა და ეკლესიის დოგმატური სწავლებისა. ამ პროცესში საქართველოს ეკლესიაც აქტიურად იყო ჩართული.

- ესე იგი, ჩვენი ეკლესიის შენიშვნებიც გაითვალისწინეს?

- სამუშაო კომისიის შეხვედრებში ჩვენი დელეგაციაც მონაწილეობდა. საქართველოს ეკლესიის მიერ გამოთქმული ბევრი შენიშვნა აისახა კრების დოკუმენტებში, თუმცა ბევრი, საკვანძო მნიშვნელობის საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა. საერთოდ, მსოფლიო კრებას იწვევს მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებთან შეთანხმებით. ფაქტია, რომ ამჟამად ეს შეთანხმება ვერ მოხერხდა და კონსენსუსის პრინციპიც დაირღვა. დოკუმენტებზე, რომლებიც საჯარო გახდა 2016 წლის იანვრის შეხვედრის შემდგომ, სასულიერო პირებმა, მრევლმა, ღვთისმეტყველებმა საკმაოდ ბევრი შენიშვნა გამოთქვეს. საქართველოს ეკლესია მიიჩნევს, რომ ყველა ეს შენიშვნა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ამის თაობაზე საქართველოს ეკლესიამ იმსჯელა და თავისი მოსაზრება გადაუგზავნა მსოფლიო საპატრიარქოს და დანარჩენ ეკლესიებს. საქართველოს ეკლესიის დელეგაციაც იყო ჩასული კონსტანტინოპოლში სადავო საკითხების მოსაგვარებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკითხები ვერ გადაწყდა.

- კრების გადაწევაზეც ვერ შეთანხმდნენ?

- ვადის გადაწევის თაობაზე, მსგავსად სხვა ეკლესიებისა, საქართველოს ეკლესიამაც მიმართა მსოფლიო საპატრიარქოს. სამწუხაროდ, ვერც ეს მოხერხდა და ვერც მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური და კანონიკური სწავლებისათვის შეუსაბამო შინაარსის მქონე დოკუმენტების გასწორება. კრების რეგლამენტი ამის საშუალებას მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურად იძლეოდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საქართველოს ეკლესიამ, არ წასულიყო წმინდა და დიდ კრებაზე, სადაც მხოლოდ ათი ეკლესია იყო წარმოდგენილი. რაღა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ საერთო-მართლმადიდებლური კრება, რადგან მას ოთხი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია არ ესწრება.

- კრების მონაწილეებმა ხომ მოუწოდეს ამ ეკლესიებს, მათაც მიეღოთ მონაწილეობა წმინდა და დიდი კრების მუშაობაში.

- ჩვენ ეს მასმედიის საშუალებით შევიტყვეთ, ამიტომ უწმინდესმა კიდევ ერთხელ მიმართა წერილით მსოფლიო პატრიარქს და დანარჩენ ეკლესიათა წინამძღოლებს, უსურვა მათ დღეგრძელობა და შეახსენა მიზეზები, რის გამოც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კრებაზე დასწრება შეუძლებლად მიიჩნია.

- ჩვენი პატრიარქის წერილში ნათქვამია, რომ ამ მოვლენების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორია. რატომ გახდა საჭირო ამის ხაზგასმა?

- სამწუხაროა, რომ საეკლესიო კრებას პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებენ და ცდილობენ, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის წინააღმდეგობა წარმოაჩინონ. გავიმეორებ: ეს ძალზე სამწუხაროა, რადგან პოლიტიკის შემოტანა საეკლესიო სივრცეში არ შეიძლება.

ჩვენ ნათლად აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ეკლესია კრებაში არ მონაწილეობს არასწორი სწავლების დამკვიდრების საფრთხის გამო. ასე რომ, საუბარი ეკლესიაზე პოლიტიკის თუ ვიღაცის ზეგავლენაზე სრულიად არაკორექტულია, მით უმეტეს, სასულიერო პირებისაგან.

ეს შეიძლება მიზანმიმართულადაც ხდებოდეს, რათა შეინიღბოს მიზეზები, რის გამოც საქართველოს ეკლესიამ კრებაში მონაწილეობა არ მიიღო. ნებისმიერ შემთხვევაში სასულიერო პირები არ უნდა მსჯელობდნენ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ სარჩულს არ უნდა უძებნიდნენ ამა თუ იმ ეკლესიის გადაწყვეტილებას.

- უთანხმოების მიზეზი ძირითადად სამი დოკუმენტი გახდა, რომელსაც არც სხვა ეკლესიებმა მოაწერეს ხელი...

- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია დოკუმენტი ქორწინებისა და ჯვრისწერის შესახებ, ასევე გარკვეული ცვლილებებია შესატანი დოკუმენტებში, სადაც განხილულია მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან და მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში. ანტიოქიის ეკლესიამაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს ჯვრისწერის შესახებ, არ დაეთანხმა წმინდა და დიდი კრების სამუშაო რეგლამენტს და, რაც მთავარია, ხელი არ მოაწერა გადაწყვეტილებას დიდი და წმინდა კრების მოწვევის შესახებ. ასე რომ, ჩვენ არა გვაქვს 14 ეკლესიის თანხმობა წმინდა და დიდი კრების მოწვევაზე, არა გვაქვს წმინდა და დიდი კრების საყოველთაოდ აღიარებული მუშაობის რეგლამენტი და არც კონსენსუსი დღის წესრიგთან დაკავშირებით. ბულგარეთის და რუსეთის ეკლესიებს ხელი მოწერილი აქვთ ყველა დოკუმენტზე, მაგრამ მათი პოზიცია მთლიანად ეთანხმება საქართველოს ეკლესიის პოზიციას: საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის ეკლესიის სისავსეს ანუ იერარქებს, სასულიერო პირებს და მორწმუნე მრევლს. კრების გადაწყვეტილება არ ნიშნავს ამა თუ იმ საკითხზე საბოლოო წერტილის დასმას.

- მთავარია, მკითხველს ავუხსნათ, რომ ეს არ ნიშნავს მართლმადიდებელთა გაყოფას.

- ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს ეკლესია ემიჯნება მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობას. ჩვენ ვართ ერთი ეკლესია, ვაგრძელებთ თანამშრომლობას და სადავო საკითხებზე მუშაობას. ისტორიას ახსოვს, როდესაც ესა თუ ის ეკლესია არ იმყოფებოდა ამა თუ იმ კრებაზე, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ჩვენ კრების გადაწყვეტილებებს გავეცნობით, მერე მოხდება მათი შეფასება ეკლესიის სისავსის მიერ და ამის შემდგომ შეიძლება დასკვნის გამოტანა.

კრება 26 ივნისს დასრულდა. რთულია შეფასება, მაგრამ ეს უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, მიუხედავად იმისა, რომ ის არ შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთო-მართლმადიდებლური კრება. აჯობებდა, ყველას შენიშვნები გაეთვალისწინებინათ, აღმდგარიყო ევქარისტიული კავშირი დაპირისპირებულ ეკლესიათა შორის და ამ კრებას ყველანი ერთობით დავსწრებოდით.

ხათუნა ჩიგოგიძე