დევდარაკი ისევ გაავდა
27-06-2016
დევდარაკი ისევ გაავდა
"დარიალის ხეობაში ტრაგედია აგვცდა... სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - რომ არა წინასწარი სიგნალი, ძალიან დიდი მსხვერპლი იქნებოდა. როგორც ვიცი, რისკის ზონიდან 180-მდე ადამიანი გამოიყვანეს..."

23 ივნისს დარიალის ხეობაში ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ მსხვერპლის თავიდან აცილება 2014 წლის 17 მაისსაც შეიძლებოდა. ხეობაში მაშინაც რომ ემუშავა­ 24-საათიანი მონიტორინგის სამსახურს, ტრაგედიამდე 10 წუთით ადრე ატეხილი განგაში საკმარისი იქნებოდა, რომ ადამიან­ები არ დაღუპულიყვნენ და ნაკლები ზარალი გვენახა. სამწუხაროდ, მომხდარს აღარაფერი ეშველება, ამჯერად
კი მოსალოდნელი საფრთხე თავიდან ავიცილეთ.

თამარ ბაგრატია, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: - ხეობაში, თანაც მაქსიმალურად სიღრმეში, 24-საათიანი მონიტორინგი ხორციელდება. სპეციალისტები მუდმივად აკვირდებიან პროცესებს. მათ დაინახეს, რომ 16 საათსა­ და 45 წუთზე მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, რომელიც 15-18 წუთს გაგრძე­ლდა, ხეობაში დევდარაკიდან ორი წლის წინ ჩამოშლილი მასა
დაძრა და ღვარცოფი­ წამ­ოვიდა. ხეობაში­ დარჩა მასის ნაწილი და კვლავ საფრთხეს ქმნის. ეს ტერიტორია შარ­შანაც სახიფ­ათო იყო, წელსაც ასეა და ყველაფერს ვაკეთებთ საფრთხის გასანეიტრალებლად.

- როგორ აკონტროლებთ პროცესებს, წინასწარი შეტყობინების ტექნოლოგიებს იყენებთ?

- მუშაობს ორკაციანი ჯგუფი, რომელიც ყოველ მეხუთე დღეს იცვლება. ისინი­ სიღრმეში არიან. უფრო დაბლაც გავხსენით ერთი საგუშაგო და ახალი ჯგუფი მუდმივად იმოძრავებს სახიფათო ზონებში. 23 ივნისს დიდი ნალექი რომ მოვიდა და ღვარცოფი მოვარდა, მყისიერად შეატყობინეს პატრულს, რომ გზა გადაეკეტათ და ხალხი გაეყ­ვა­ნათ. ნაპირსამაგრ სამუშაოებზე მომუშავე ტექნიკის გამოყვანაც კი მოვასწარით. მატერიალური ზარალი ვერ ავიცილეთ, მაგრამ ადამიანები გადავარჩინეთ. მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგმა შესანიშნავი შედეგი გამოიღო, შვეიცარიელ ექსპერტებთან ერთად ჩატარებული კვლევის საფუძველზე ულტრათანამედროვე სენსორებიან სისტემასაც ვნერგავთ, რათა მომავალში ზარალი შევამციროთ. მისი ინსტალირება აგვისტოში­ დასრულდება. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მსგავსი პროცესების კონტროლის გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომ სანამ სრულფასოვნად შევძლებთ მის მართვას, ახალი დანადგარი საპილოტე რეჟიმში იმუშავებს. ამასთან, სპეციალისტთა ჯგუფი უფრო მაღლა იქნება, ვიდრე ეს ხელსაწყო და მათ უფრო ადრე შეეძლებათ საფრთხის შეტყობინება.

- დიდი ხანია, დევდარაკის ხეობა­ ­რუსი სპეციალისტების ინტერესის საგანია.­ ბოლო დროსაც გაავრცელეს ინფორმაცია,­ რომ მყი­ნვარის კედელი მიწიდან მოწოლილი ლავის გამო ლხვება და არა მხოლოდ ჩამოშლის, ვულკანის ამოფრქვევის შანსიც დიდია.
- ნალექის შედეგად მყინვარის ჩამოშლის ან უკვე ჩამონაშალის დაძვრის რისკი არის, მაგრამ ვულკანის შესახებ მოსაზრება გადაჭარბებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მეცნ­იერი ასე ფიქრობს, კვლევები­ ვულკანის საფრთხეს არ ადასტურებს.­ ხეობაში დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელ ინსტიტუტს დამონტაჟებული აქვს სეისმოგრაფები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში ბიძგები არ დაუფიქსირებია. მყი­ნვარი რომ ბიძგების შედეგად არ ჩამოშლილა და მეტიც, ამჯერად საერთოდ არ ჩამოშლილა, დაადასტურა 23 ივნისის­ ღვარცოფის შემდეგ ხეობაში შესულმა სპეციალისტთა ჯგუფმაც. ვიმეორებ, მყინვარის ნაშალის ძველი მასა დაიძრა. გლობალური დათბობის გამო მყინვ­ა­რების უკან დახევა, ლხობა დაჩქარდა. დევდარაკი რომ ვულკანურია, ეს ჰიპოთეზაა, მაგრამ რა საფრთხეც უნდა გაჩნდეს, ისეთი­ საკონტროლო პუნქტი გვაქვს, 10 წუთით ადრე დავინახავთ ნეგატ­იურ­ პროცესს და ზომებს მივიღებთ.

- დარიალის ხეობაში რამდენიმე წლის წინ აშენებულ ჰესს მუდმივად ღვარცოფული­ მასის დარტყმის საფრთხე ემუქრება. გამართლებულია მისი აქ არსებობა?

- არ ვიცი, თავის დროზე როგორი ნებართვა გაიცა ამ ჰესის ასაშენებლად, მაგრამ შესაძლოა, კომპანია, რომელიც მართავს ჰესს, ადრე თუ გვიან მიხვდეს, რომ ეს ადგილი ბიზნესისთვის იდეალური არ იყო. ვიცი, რომ სალექარები ამჯერადაც ამოივსო ნაშალი მასალით, თუმცა მატერიალურად რა ზიანი მიადგათ, არ ვიცი. ერთი-ორმა ჟურნალისტმა კვლავ იკითხა, ხეობაში­ ღვარცოფები ჰესმა ხომ არ გამოიწვიაო. ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავთ, პირიქით, შესაძლოა, ამ პროცესებმა მოახდინოს გავლენა ჰესის მუშაობაზე. ჰესები დიდი ნაგებობებია, რომლებიც გავლენას ახდენს გარემოზე. თუმცა, არ შეიძლება­ იმის თქმა, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს. უნდა გაითვალოს ყველა რისკი, რომელიც ამ ჰესის მშენებლობას შეიძლება ახლდეს.­ მე მომხრე ვარ, რომ რისკების მინიმალიზ­აცია მოხდეს და თუ ყველა რისკი არ იქნ­ება გათვლილი,­ არ დაიშვას ჰესის მშენ­ებლობა, რადგან ჰესის მშენებლობის დროს ელემენტარულმა შეცდომამაც კი, შესაძლოა, დიდი ზარალი და მსხვერპლი გამოიწვიოს. საბედნიეროდ,­ ახლა დარიალის ხეობაში ტრაგედია აგვცდა, რისთვისაც მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესებს და მიიღეს სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - რომ არა წინასწარი სიგნალი, ძალიან დიდი მსხვერპლი იქნებოდა. როგორც ვიცი, რისკის ზონიდან 180-მდე ადამიანი გამოიყვანეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით