"შეყვარებულის დედამ დამიწუნა, ეგ გოგო კინოში გადაიღეს და რძლად არ მინდაო" - კვირის პალიტრა

"შეყვარებულის დედამ დამიწუნა, ეგ გოგო კინოში გადაიღეს და რძლად არ მინდაო"

"იცით, რატომ არ მინდოდა არტისტობა? არტისტი რეჟისორზე ხარ დამოკიდებული, რეჟისორი კი ან აგიყვანს როლზე, ან არა"

60 წლის წინ თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებულმა ფილმმა "მაგდანას ლურჯა" კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიმსახურა პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის. ფილმის გამოსვლის დროს ჩვენი რესპონდენტი, სოფოს როლის შემსრულებელი ლიანა მოისწრაფიშვილი, 16 წლის იყო.

- 13-14 წლის ვიყავი. მუსიკალურ სკოლაში თეორიის მასწავლებელი გავაბრაზე, იმანაც კლასიდან გამაძევა. ამ დროს კაბინეტიდან, ორ ახალგაზრდასთან ერთად, მუსიკალური სკოლის დირექტორი გამოდის. მან ჩემს დანახვაზე, აი, ეს ალქაჯი გამოგადგებათო, წამოიძახა. ის ორნი გამესაუბრნენ, გინდა კინოში გადაღებაო? არ ვიცი, დედაჩემს ვკითხავ-მეთქი. ორი დღის შემდეგ დედამ კინოსტუდიაში სოფოს როლის სინჯებზე წამიყვანა. სცენა უნდა გამეთამაშებინა: მაგდანა მეუბნება, შვილო, ლურჯას პატრონი გამოუჩნდაო. ამ დროს ფილმისგან განსხვავებით, სინჯებზე მაწონს ვსვამდი. მთელი დღე იღებდნენ ამ სცენას და მსახიობი ხომ არ ვიყავი, რომ ვითომ ჭამა გამეთამაშებინა, მართლა ვჭამდი. შინ რომ დავბრუნდი, ისე ცუდად ვიყავი, გამოვაცხადე, მორჩა, იქ აღარ წავალ-მეთქი. 2-3 თვის შემდეგ, დედაჩემმა მომახარა, ლიანა, როლზე დაგამტკიცესო.

ფილმის გადაღება დიდი ხნის დაწყებული არც ჰქონდათ, რომ კინოსტუდიის უფროსმა თაობამ მოსკოვში იჩივლა: ახალგაზრდები ვერ აკეთებენ ფილმს, გადახარჯვა გვაქვს, მოგვეცით უფლება, მათზე შეფობა ავიღოთო. 6 თვით შეწყდა გადაღება. შემდეგ მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, გიორგი ლეონიძისა და გალაკტიონ ტაბიძის მეთაურობით, კინოსტუდიაში მოვიდნენ და მოითხოვეს ეჩვენებინათ გადაღებული მასალა. ძალიან მოეწონათ და განაცხადეს, - მშვენიერი ფილმი გამოდის და მიაყვანინეთ ბოლომდეო.

გადაღების ნაწილი უფლისციხეში მიმდინარეობდა. გაუსაძლისი სიცხე და უწყლობა იყო, ამიტომ ყველანი მტკვრის წყალს ვსვამდით. გადაღებისას ცხელ ქვიშაზე ფეხშიშველს უნდა გვევლო. ვწუწუნებდი, ფეხები მეწვის, ეკლები შემერჭო-მეთქი და მიხოსა და ნანის ვიყოლიებდი. აკაკი კვანტალიანი მენახშირე მიტუას როლს თამაშობდა. ღამის გადაღებებზე ჩვენთან ერთად ათენებდა, შინ დღე ეძინა, რომ საღამოს სპექტაკლი ეთამაშა. თურმე შვილები რომ ახმაურდებოდნენ, ცოლი აჩუმებდა, არ გრცხვენიათ, მამათქვენი მთელი დღე ვირზე ზის, რომ ლუკმაპური მოგიტანოთო... ფილმში არის სცენა, სადაც მიხო კატოს თმას ქაჩავს და ნანიმ უნდა იტიროს. ერთხელაც მიხომ მაგრად მოქაჩა და ნანიც გაიბუტა, აღარ მინდა გადაღებაო. ეხვეწება რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ცოტაც გაუძელიო. არაო, კატომ, სანამ ცოცხალ თევზს არ მომიყვანთ, არ გადავიღებო. გაგზავნეს ბიჭები მტკვარზე და დაიჭირეს შემოსარიგებლად თევზები.

- ფილმი რომ გამოვიდა, რა რეაქცია გქონდათ?

- დიდად არ გავგიჟებულვარ, სანამ კინოში გადამიღებდნენ, მანამდეც სულ სცენაზე ვიდექი, ვდირიჟორობდი 400-კაციან გუნდს. გარდა ამისა, დიდად არ მხიბლავდა ქუჩაში რომ მცნობდნენ და სოფო, სოფოო, მიძახდნენ.

- ამიტომ არ ისურვეთ მსახიობობა?

- მერჩივნა, ინსტრუმენტთან ვმჯდარიყავი... კიდევ, იცით, რატომ? არტისტი რეჟისორზე ხარ დამოკიდებული, რეჟისორი კი ან აგიყვანს როლზე, ან არა.

- პირად ცხოვრებაზე მიამბეთ.

- მე და ერთი ყმაწვილი მუსიკალურში ერთად ვსწავლობდით. ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ დედამისმა თქვა, ეგ გოგო კინოში გადაიღეს და არ მინდა რძლადო. ასე დასრულდა ეს ამბავი... შემდეგ არაჩვეულებრივ ადამიანს კარლო ჯანჯღავას გავყევი ცოლად. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ორი შვილი გავზარდე. ორივე ჩემსავით მუსიკოსები არიან. სიძეც მუსიკოსი მყავს და ერთად ვეწევით ჭაპანს.

"საუკეთესო ფილმი გამოგონილი სიუჟეტით"

1956 წელს რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის პედაგოგმა, სერგეი იუტკევიჩმა, ფილმი "მაგდანას ლურჯა" კანის ფესტივალზე წაიღო. თავდაპირველად ის შესვენებაზე უჩვენებიათ, ხოლო საღამოს 7 საათზე ჟიურის მოთხოვნით ხელმეორედ უნახავთ ფილმი და მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილებაც მოუხდენია. საბოლოოდ "მაგდანას ლურჯას" ერგო პრიზი "საუკეთესო ფილმი გამოგონილი სიუჟეტით". ამ გამარჯვების შესახებ რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ მოგვიანებით შეიტყვეს რადიოს საშუალებით. რაც შეეხება პრიზს, ის საქართველოში არ ჩამოსულა. დღეს მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

ეკა სალაღაია