"პოლიტიკაში საინტერესო ახალ სახეებს ვერ ვხედავ..."
04-07-2016
"პოლიტიკაში საინტერესო ახალ სახეებს ვერ ვხედავ..."
"წინასაარჩევნოდ დიდი ჭიდილია მოსალოდნელი, თუმცა მიუხედავად ამისა, მგონია, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს"

როცა "ცისფერი მთების" გადაღება დავამთავრეთ, მე და რეზო ჭეიშვილს გვეგონა, ეს ფილმი საქართველოსა და საბჭოთა კავშირზე იყო და როცა ფილმი დელის ფესტივალზე ვაჩვენეთ, მითხრეს, "ცისფერი მთები" ინდოეთზეაო, ვენის ფესტივალზე კი ავსტრიის რეალობას შეადარეს. 2014 წელს კანის 87-ე ფესტივალზე, "კანის კლასიკაში" 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა


ელდარ შენგელაიას ფილმები მრავლისმთქმელი, საინტერესო და საყვარელია ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მაყურებლისთვის.
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა რეჟისორმა ახალი ფილმის გადაღება დაასრულა. "კვირის პალიტრას" მან სწორედ ამ გადაღებების შემდეგ უმასპინძლა.

- ფილმს ჰქვია "სავარძელი" და ძალაუ­ფლებაზეა. მუდმივი თემაა ადამიანის სწრაფვა ძალაუფლებისკენ. სავარძლის დაკარგვის შიშით შეპყრობილი მთავარი გმირი, რომელსაც ნიკა თავაძე ასახიერებს, საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს,
ხვდება, რომ ცხოვრებაში სავარძელი კი არ არის მთავარი, არამედ სიყვარული.

მართალია, ფილმის გადაღება დასრულდა, თუმცა წინ ბევრი სამუშაო გველის: მონტაჟი, გახმოვანება, ფერის კორექცია, რომელიც ესპანეთში გაკეთდება, რადგან ჩვენი­ ოპერატორი - გორკა - ესპანელია. ფილმში დაკავებული არიან ნინელი ჭანკვეტაძე, ნანა შონია, ჩემი შვილიშვილი ნატალია ჯუღელი, ზუკა დარჯანია, გურამ ჯაში, ვიტალი ხაზარაძე და სხვები. ვფიქრობ, "სავარძელი"" ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

ფილმი ალეგორიული ხასიათისაა. რეზო გაბრიაძეს, რეზო ჭეიშვილსა და მე ყოველთვის გვინდოდა, გაგვეკეთებინა იგავი. საბჭოთა ეპოქაში პირდაპირ არაფრის­ თქმა არ შეიძლებოდა. როცა "ცისფერი მთების" გადაღება დავამთავრეთ, მე და რეზო ჭეიშვილს გვეგონა, ეს ფილმი საქართველოსა და საბჭოთა კავშირზე იყო და როცა დელის ფესტივალზე ვაჩვენეთ, მითხრეს, "ცისფერი მთები" ინდოეთზეაო, ვენის ფესტივალზე კი ავსტრიის რეალობას შეადარეს. 2014 წელს კანის 87-ე ფესტივალზე, "კანის კლასიკაში" 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა. ეს არც ჩემი გამარჯვება იყო, არც რეზო ჭეიშვილის, ეს ქართული ფილმის გამარჯვება გახლდათ.

- პოლიტიკაში ყოფნა სულ სხვა გამო­ცდილებას შეგძენდათ. როგორც ხელოვანი,­ მოვლენებს, ალბათ, სხვანაირად დაინახავდით.

- არასდროს მიფიქრია პოლიტიკაში მოსვლაზე. არც მინდოდა. დრომ, 9 აპრილის კომისიამ მოიტანა...

- თუმცა კარგა ხანს შემორჩით...

- კი, 2004 წლამდე და მივხვდი, რომ აღარ იყო საჭირო ჩემი პოლიტიკაში ყოფნა­. ახლა მეტ-ნაკლებად ვადევნებ თვალს პოლიტიკურ პროცესებს. ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ დიდი ჭიდილია მოსალოდნელი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მგონია, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

- თქვენი აზრით, თანამედროვე პოლიტიკაში ახალი სახეები გვაკლია?

- მაინცდამაინც საინტერესო ახალ სახეებს ვერ ვხედავ.

- ძალიან ბევრი ხელოვანი და სპორტსმენი მოვიდა პარლამენტში.

- სპორტსმენებისა და ხელოვანი ხალხის სიჭარბე არ უნდა იყოს პარლამენტში, თუმცა წარმომადგენლები უნდა იყვნენ, ისევე როგორც სხვა სფეროებიდან.

- პოლიტიკოსი, რომელთან მეგობრობითაც ამაყობთ.

- ზურაბ ჟვანია. პოლიტიკაში მოსვლის საბოლოო გადაწყვეტილება ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ მივიღე. ზურა იყო არაჩვეულებრივად განათლებული ადამიანი, მწიგნობარი, მორწმუნე, მან ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.

- რას ფიქრობთ ვიზალიბერალიზაციაზე?

- პირველი ქართული რესპუბლიკის მესვეურებს უნდოდათ, ჩვენ ვყოფილიყავით შვეიცარიის ტიპის ქვეყანა. ვფიქრობ, ყველაზე კარგი ეს მოდელია საქართველოსთვის.

ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვნახოთ საერთო ენა რუსეთთან. არც აფხაზეთის და არც სამაჩაბლოს საკითხი რუსეთის გარეშე­ არ გადაწყდება. მიღებული რეზოლუციები მხოლოდ ქაღალდებია. მეორეც, იმხელა ბაზარი, როგორიც რუსეთს აქვს, არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. საბჭოთა პერიოდში ყველაზე გაფურჩქნილი რესპუბლიკა საქართველო იყო, აქედან გადიოდა ყურძენი, ღვინო, ციტრუსი, "ბორჯომი"... დღესაც გადის, თუმცა მცირე რაოდენობით.

- ჩვენი ერთ-ერთ საუბრისას ბრძანეთ, 83 წლის ვხდები და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფილმი ("სავარძელს" გულისხმობდით) დამიფინანსონ და მისი გადაღება მოვასწროო...

- უდიდესი მადლობელი ვარ ბატონი­ ბიძინა ივანიშვილის. ეს ფილმი მან დამიფინანსა "ქართუ ჯგუფის" მეშვეობით. ბატონი ბიძინა განსაკუთრებული პიროვნებაა: ოპერა აღადგინა, სერგო ქობულაძის ცნობილი დამწვარი ფარდა გააახლა, რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილი, თუმანიშვილის თეატრი... კიდევ რა ვიცი, რამდენი რამ გააკეთა. ის არის პიროვნება, რომელიც თავის სიმდიდრეს ჩუქნის საქართველოს. ფილმის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, თუმცა იყო დრო, ჩოგბურთს ვთამაშობდი, ფეხბურთი მიყვარდა.

- ახლა რომელ გუნდს გულშემატკივრობთ?

- "ბარსელონას", ძალიან მიყვარს მესი. ახლა ესპანელები დამარცხდნენ, მესი არ თამაშობდა და იმიტომ. ისე, ჩემთვის ყველაზე დიდი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძეა.

- იცნობდით მას?

- პირველად რომ ვნახე სტადიონზე, მას შემდეგ ყველაფერი ვიცოდი მასზე, ვიცოდი, როგორი ფერის ბუცები ჰქონდა, როგორი მაისური... ერთხელ მე და დედა ვიყავით მოსკოვში. ბორიას "ზენიტთან" მატჩში ფეხი მოუტეხია. თვითმფრინავში რომ ჩავსხედით, დავინახე, წინა სავარძელზე ნატკენ ფეხგაშვერილი ბორია პაიჭაძე იჯდა. ამის დანახვაზე გული ამომიჯდა, მაშინ 12-13 წლის ვიყავი. ბორიას "პირველი მერცხალის" გადაღების დროს დავუახლოვდი.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები