"ნამზეური ისე მომწონს, სასაფლაოზეც კი გავრუჯულვარ" - კვირის პალიტრა

"ნამზეური ისე მომწონს, სასაფლაოზეც კი გავრუჯულვარ"

"გოგოს სილამაზე რუჯით არ განისაზღვრება"

გარუჯული სხეული რომ განსაკუთრებით მიმზიდველია, უდავოა. შესაბამისად, გოგონები ბიჭების ყურადღებას ოქროსფერი რუჯით იპყრობენ. თუმცა, მათ არც ბიჭები ჩამორჩებიან და ნამზეურით იწონებენ თავს.

ნოდიკო ტატიშვილმა ბოლო დროს სოლარიუმს უარი უთხრა, მკვეთრი რუჯიც აღარ მოსწონს და პლაჟზე დიდხანს ყოფნითაც არ იწუხებს თავს.

ნოდიკო ტატიშვილი: - აღარ ვარ რუჯის მოყვარული, ადრე ინტენსიურად დავდიოდი სოლარიუმში, მაგრამ რამდენიმე წელია, აღარ ვყოფილვარ. მივხვდი, რომ მეტისმეტი მომდიოდა, ძალიან მკვეთრ ფერს ვიღებდი... აუზზე ან ზღვაზე გარუჯვა მირჩევნია. რუჯის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ როცა ზღვაზე ვარ, პლაჟზე მეტ დროს ვატარებ, ვიდრე წყალში. მზეზე არ ვიწვები, მომენტალურად იწყებს ჩემი კანი ფერის შეცვლას. ერთადერთხელ დავიწვი მდინარეზე, როცა პატარა ვიყავი და მთელი ღამე გავათენე.

რაც შეეხება გარუჯულ გოგონებს, მიმაჩნია, რომ რუჯით ქალის სილამაზე არ განისაზღვრება. რუჯის გარეშეც შეიძლება მომეწონოს გოგო ზაფხულში.

"გადაშავებული ფერი არავის უხდება"

30 წლის ბიზნესმენსა და უკრაინული რეალითი შოუს - "უცოლო" მეექვსე სეზონის გმირს, ირაკლი მაქაცარიას გარუჯვა ცხოვრების წესად ექცა, თუმცა ზომიერებას ყოველთვის იცავს.

ირაკლი მაქაცარია: - გარუჯვის პროცესს დიდი სიფრთხილით ვეკიდები - დილის საათებში ან საღამოს 5 საათის შემდეგ გავდივარ მზეზე. დღისით არასდროს ვჩერდები პლაჟზე. ადრე უფრო დიდ დროს ვატარებდი მზეზე და დღისითაც ვრჩებოდი პლაჟზე. ძალიან ძლიერი დამწვრობაც მქონია, მაგრამ ბოლო დროს სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს... დამცავ საშუალებას ყოველთვის ვიყენებ. რუჯი ყველას უხდება და ჯანმრთელ იერსაც სძენს, მაგრამ მთავარია ზომიერება. გადაშავებული ფერი არც ჯანმრთელობისთვის არის კარგი და არც არავის უხდება. ხორბლისფერი რუჯი კი ძალიან ლამაზია. წლის განმავლობაში რუჯი სულ მაქვს. სოლარიუმში თვეში ერთხელ დავდივარ და ფერს ვინარჩუნებ. ზამთარში კი მთის რუჯი მაქვს.

"სანამ არ გავირუჯები, მოკლე ქვედაკაბას არ ვიცვამ"

TV პირველის მაყურებელი კარგად იცნობს ახალი ამბების ულამაზეს წამყვანს, ეთუნა ინწკირველს. უყურებ ქერა და ცისფერთვალება ეთუნას და ფიქრობ, რომ ასეთი სილამაზე შეიძლება მხოლოდ პლასტიკური ქირურგების დამსახურება იყოს, მაგრამ ცდებით. მასთან პლასტიკურ ქირურგებს არაფერი ესაქმებათ. მეტი მომხიბვლელობისთვის, ეთუნა მზის აბაზანებს იღებს. თვლის, რომ მის ქერა თმასა და ღია ფერის კანს ნამზეური ძალიან უხდება.

ეთუნა ინწკირველი: - რუჯი ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით ველოდები ზაფხულს, რადგან სოლარიუმში არ დავდივარ. ძალიან თეთრი კანი მაქვს და ცოტა რთულად ვირუჯები, მაგრამ საბოლოოდ ლამაზ ფერს ვიღებ. ყველას უხდება რუჯი ზაფხულში. ვცდილობ, წესები დავიცვა და ექიმების რჩევებიც გავითვალისწინო - შუადღის მზეს არ მივეფიცხო. ერთი კვირის ინტენსიური გარუჯვის შემდეგ, უკვე მაქვს კარგი ნამზეური. ზაფხულში სანამ არ გავირუჯები, ვცდილობ, მოკლე ქვედაკაბა არ ჩავიცვა. გარუჯულ კანს ძალიან უხდება ფერადი სამოსი.

"მზე დადებითი ენერგიით მავსებს"

გასარუჯად ზაფხულის დადგომას არ ელოდება ტატა ხვედელიანი. ის მთელი წლის განმავლობაში შოკოლადისფერია. ზამთარში - მთაში, ზაფხულში კი ზღვაზე იღებს მზის აბაზანებს. ბევრისგან განსხვავებით, მისთვის გარუჯვის პროცესი სულაც არ არის მტანჯველი...

ტატა ხვედელიანი, პიარმენეჯერი: - მთელი წელი ვირუჯები. ვიცი, რომ გადამეტებულად მზის სხივები მავნებელია, მაგრამ იმდენად მიყვარს, რომ არ მეშინია. ზამთარშიც კი, გამოანათებს თუ არა, მაშინვე ვცდილობ, მივეფიცხო, რადგან მზე დადებითი ენერგიით მავსებს. შემიძლია, დილიდან საღამომდე პლაჟზე ვიყო და ვირუჯებოდე. ადრე სოლარიუმსაც ხშირად ვსტუმრობდი, მაგრამ ახლა, 30 წლიდან თანდათან შევამცირე. თუმცა ყოველთვის ვიცავ წესებს - 10 წუთზე მეტხანს არ ვჩერდები.

სასაცილოა, მაგრამ სასაფლაოზეც კი გავრუჯულვარ. აღდგომას ვიყავი ჩემს მეგობართან ფასანაურში. იქ ბებია-ბაბუა ჰყავს დასაფლავებული და სასაფლაოზე წავედით. კარგი ამინდი იყო, თან აპრილი დაემთხვა და ძალიან თბილოდა. მივედით სასაფლაოზე და ვხედავ, იქვე მდინარე ჩამოდის. დავჯექი მდინარესთან და საათ-ნახევარი ვირუჯებოდი. თბილისში შოკოლადისფერი დავბრუნდი...

ერთხელ გუდაურში საშინლად დავიწვი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა. თუ სადმე მივდივარ, კანს წინასწარ ვაჩვევ და სოლარიუმში ვირუჯები.

"გაგიჟებული ნამდვილად არ ვარ მზის აბაზანებზე"

მოდელებს მზეზე ყოფნის ლიმიტი აქვთ, თუმცა ნანუკა გოგიჩაიშვილი სამოდელო სააგენტოს რეკომენდაციის გარეშეც ძალიან ფრთხილობს. ამერიკიდან დაბრუნებული ნანუკა შვებულებას საქართველოში ატარებს.

ნანუკა გოგიჩაიშვილი: - მე სეზონური რუჯი მიყვარს, სოლარიუმში არასდროს ვყოფილვარ. გარუჯვისას სახეს ვმალავ ან მზეს სულ 15 წუთით ვეფიცხები. პლაჟზე ძალიან ადრე გავდივარ და შუადღის 4 საათამდე ვცდილობ, არ გავიდე მზეზე. ჩემი წესებით ვიღებ რუჯს, ყოველთვის დანიშნული მაქვს დრო, რამდენი საათი უნდა ვიყო მზეზე. ზოგადად, არ მიყვარს მკვეთრი ცვლილება გარეგნობაში. დამცავი კრემით ვირუჯები და გაგიჟებული ნამდვილად არ ვარ მზის აბაზანებზე. მოდელი თუ ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაქვს გარუჯვის უფლება, თუმცა, მე მაიამიში მქონდა კონტრაქტი და იქ არ აქვთ ეს მოთხოვნა, პლაჟზეა გადაღებები და გარუჯვა სასურველიც კი არის. სამოდელო სააგენტოები კრძალავენ, რაღაც ცვლილება შეიტანო გარეგნობაში, აქედან გამომდინარე, თავის შეკავება გიწევს. თუმცა ახლა ზაფხულია, ყველა თავისუფალია, ვისვენებთ და გარუჯვაც ნებადართულია...

ნინო წიფურია