საგანგაშო ანგარიში - შეცდნენ თუ არა ექსპერტები(?!) - კვირის პალიტრა

საგანგაშო ანგარიში - შეცდნენ თუ არა ექსპერტები(?!)

საქართველოში დიდი ჯიპებით მოძრაობა პრესტიჟულად ითვლება, არადა, რომ არაფერი ვთქვათ მათ მიერ მოხმარებულ გაცილებით ბევრ საწვავსა და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურებაში შეტანილ წვლილზე, ეს უბრალოდ მოუხერხებელია, განსაკუთრებით, თბილისის ვიწრო ქუჩებში

ჰაერის დაბინძურების 70% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის, თბილისში იგივე მაჩვენებელი - 95%-ია. ჰაერის დაბინძურებას იწვევს ისედაც მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მიმდინარე მშენებლობებიც, რაც მტვრის ნაწილაკების წყაროა და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 6,5 მილიონი კაცი იღუპება. ექსპერტების აზრით, თუ ზომები არ იქნა მიღებული, 2040 წლისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებლის დონე 1 მილიონით გაიზრდება. ამავე ანგარიშში მოყვანილი ცხრილის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა, მეორე ადგილზეა ბულგარეთი, მესამეზე - ჩინეთი.

როგორც ექსპერტი ტიმ კოვაჩი განმარტავს, საქართველოს ამ ცხრილში პირველი ადგილი სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობის გამო უკავია. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალ დონეს უწყობს ხელს, ქვეყანაში არსებული მანგანუმის ძველი მაღაროებია.

ამ ინფორმაციას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა: "ჰაერის დაბინძურების მხრივ მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაა. იმის მაგივრად, დაგვეხვეწა არსებული რეგულაციები და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა ის მახინჯი ფორმა, რომელიც არსებობდა წარსულში, საერთოდ გავაუქმეთ ტექდათვალიერება. აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. დღეს ჩვენთან ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველომ ნაკლები რეგულაციებით იამაყოს".

მოგვიანებით გარემოს დაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც საქართველოში ჰაერის დაბინძურების ასეთი მაღალი მაჩვენებელი უარყო...

"კვირის პალიტრა" გარემოს დაცვითი პოლიტიკის ექსპერტს, ხათუნა გოგალაძეს დაუკავშირდა: - დასკვნა, რომ საქართველო, დაბინძურებული ჰაერის გამო, სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, დამაჯერებლობას მოკლებულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი სახარბიელო არ არის. დაბინძურებული გარემო ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია, მაგრამ იმის დადგენას, თუ რა როლს ასრულებს ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, მრავალწლიან დაკვირვებაზე დაფუძნებული სტატისტიკური ანალიზი სჭირდება, რაც საქართველოში არ თუ ვერ ტარდება...

საქართველოში ჰაერის დაბინძურების საერთო მაჩვენებლის 70% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის, თბილისში კი იგივე მაჩვენებელი - 95%-ია. ცხადია, თბილისში, სადაც მოსახლეობის 1/3-ზე მეტი ცხოვრობს, ტრანსპორტი ჰაერის მთავარი დამბინძურებელია. ამ მხრივ 2012 წლის მონაცემები უკეთესობისკენ არ შეცვლილა. პირიქით, 2015 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მილიონზე მეტი მანქანა მოძრაობს, აქედან ავტოსატრანსპორტო პარკის 40% დედაქალაქშია კონცენტრირებული.

ჰაერის დაბინძურებას იწვევს ისედაც მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მიმდინარე მშენებლობებიც, რაც მტვრის ნაწილაკების წყაროა და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი.

ჩვენთან ყველაფერი კორპუსებშია ჩაფლული.

- რა ზომებია მისაღები, რომ დაბინძურების ხარისხი უკეთესობისკენ შეიცვალოს?

- აუცილებელია სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლა - გაუმართავი და ძველი მანქანები, საწვავის ხარისხი, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა... აღარაფერს ვამბობ მოქალაქეთა ცნობიერებაზე - საქართველოში დიდი ჯიპებით მოძრაობა პრესტიჟულად ითვლება, არადა, რომ არაფერი ვთქვათ მათ მიერ მოხმარებულ გაცილებით ბევრ საწვავსა და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურებაში შეტანილ წვლილზე, ეს უბრალოდ მოუხერხებელია, განსაკუთრებით, თბილისის ვიწრო ქუჩებში. სასწრაფოდ მოსაგვარებელია ქაოსური მშენებლობების საკითხიც...

- სამინისტრო ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების თანახმად, საგანგაშო ვითარება არ არის.

- ინდიკატორული გაზომვები ტარდება კვარტალურად, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 60 წერტილში, მათ შორის, თბილისში... უფრო უნდა გაფართოვდეს სადამკვირვებლო ქსელი, რათა გაცილებით ზუსტი მონაცემები გვქონდეს. მხოლოდ გაზომვების სტატისტიკა არ არის საკმარისი დაავადებებსა და დაბინძურებულ გარემოს შორის კორელაციის დასადგენად.

როგორ ებრძვიან პრობლემას სამეზობლოში

სომხეთში მანქანებისთვის უმეტესად ბუნებრივ აირს მოიხმარენ, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, გაცილებით ნაკლები საფრთხის შემცველია, ვიდრე ბენზინი და დიზელი.

აზერბაიჯანში უკვე მოქმედებს "ევრო 4"-ის სტანდარტი (მანქანის გამონაბოლქვის სტანდარტი) და იგეგმება მისი კიდევ უფრო გამკაცრება. ევროპაში უკვე გადასული არიან "ევრო 6" სტანდარტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ გამოდის ისეთი ავტომობილები, რომლებიც ამ სტანდარტით დადგენილზე მეტ დამაბინძურებელ ნივთიერებას გააფრქვევენ ჰაერში.

ეკა სალაღაია