"ეს ხირხალა ისეთი ოხერია, არც ამ გოგრას დატოვებდა ქეთოსთან-მეთქი" - ცალთვალა გიგოიადან ხირხალამდე - კვირის პალიტრა

"ეს ხირხალა ისეთი ოხერია, არც ამ გოგრას დატოვებდა ქეთოსთან-მეთქი" - ცალთვალა გიგოიადან ხირხალამდე

"სცენარის ავტორმა დამიწუნა, - გურული კაცი რატომ უნდა ასახიერებდეს კახელსო"

"სიბერე შემომეპარა, 78 წლისა ვარ", - მითხრა ჩემმა რესპონდენტმა, ამირან ქადეიშვილმა. მას თეატრსა და კინოში ასზე მეტი როლი აქვს განსახიერებული.

- ბავშვობა ოზურგეთში გავატარე. მამიდა კახეთში მყავდა გათხოვილი და ერთხანს, მასთან ვცხოვრობდი.

- ალბათ, ამიტომაც ასახიერებთ ასე კარგად კახელებს?

- მიხარია, თუ ასე ფიქრობენ. მსახიობობა ჩემი ბავშვობის ოცნებაც იყო და თან, შეიძლება ითქვას, ჯიშადაც მომდგამს. ბებიაჩემი ნინა, ნაკაშიძის ქალი, ოზურგეთის დრამატული თეატრის პირველი მსახიობი ქალი იყო. ჯერ სცენის მუშად დავიწყე მუშაობა, მერე ნელ-ნელა ვისწავლე ანი თუ ბანი. 150-მდე როლი მაქვს განსახიერებული თეატრის სცენაზე. თეატრალურ ინსტიტუტში არ მისწავლია, მსახიობად კარგი რეჟისორების წყალობით ჩამოვყალიბდი.

კინოში პირველი როლი სიკო დოლიძის "სემირამიდას ბაღებში" შევასრულე. ოზურგეთის თეატრში ვმუშაობდი და თეატრის მსახიობები მასობრივ სცენებში დაგვასაქმეს. ისე გამოვიჩინე თავი, რომ ჩემთვის როლი დაწერეს, ცალი თვალი ამიხვიეს და ცალთვალა გიგოია გამხადეს.

- ფეხბურთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- საყველპურო... ანუ ისეთი გადარეული არა ვარ, როგორიც ჩემი გმირი, ჭოლა, ფილმიდან "პირველი მერცხალი". სცენარში ჭოლა ოდიშარია იყო გვარად და ჩემი ახირებით გადავაკეთებინე ქადეიშვილად - ამდენი მეგრელები არიან გუნდში და არ შეიძლება მათ შორის ერთმა გურულმაც ითამაშოს-მეთქი? ცხონებული ნანა მჭედლიძე ძალიან კარგი რეჟისორი და ადამიანი იყო. გურამ ლორთქიფანიძე, დოდო აბაშიძე, გურამ ფირცხალავა... - არაჩვეულებრივი მსახიობთა ნაკრები მუშაობდა ამ ფილმზე, რომელსაც ფოთში ვიღებდით. ფეხბურთში ბორის პაიჭაძე გვავარჯიშებდა, თბილი და კეთილშობილი ადამიანი. არასდროს ხმას არ აუწევდა. შენიშვნა თუ ჰქონდა, მშვიდად, წყნარად გეტყოდა.

- სიმღერა თუ გიყვართ?

- ძალიან. ერთხანს ვმღეროდი კიდეც ანსამბლში. გაკვეთილებს ანზორ ერქომაიშვილის ბაბუა, არტემ ერქომაიშვილიც გვიტარებდა.

- ცნობილ ლოტბარ ანზორ ერქომაიშვილთან რა გაკავშირებთ, გარდა იმისა, რომ ერთი კუთხიდან ხართ?

- ანზორის სიძე ვარ, მისი დის მეუღლე. ჩემი მეუღლეც ხალხური სიმღერის პედაგოგია. ერთ ქალაქში ვიზრდებოდით, შევუღლდით და მას შემდეგ მოვდივართ ერთად ბედნიერად.

- ყველაზე დიდი პოპულარობა რომელმა როლმა მოგიტანათ?

- რა თქმა უნდა, ფილმში "სიყვარული ყველას უნდა" ხირხალას როლმა. დღემდე, სადაც გამოვჩნდები, სულ ეს სახელი ჩამესმის. ბაზარში რომ რამეს ვყიდულობ, ხირხალას ფულს როგორ გამოვართმევთო, გამყიდველები მეუბნებიან. ამ როლზე სინჯის გარეშე დამამტკიცა გიორგი შენგელაიამ. ეს რომ სცენარის ავტორს ლეილა ბეროშვილს შეუტყვია, უთქვამს, გურული კაცი რატომ უნდა ასახიერებდეს კახელსო, თუმცა, რომ შევხვდით, შეხედულება შეიცვალა.

- ამ ფილმში თქვენი ერთ-ერთი პარტნიორია ციალა გურგენიძე, რომელმაც ინტერვიუს დროს მითხრა: ჩემთან სტუმრობის სცენაში ის გოგრა არ უნდა გამეტანებინაო.

- მაგ სცენისთვის რამდენიმე დუბლი გადავიღეთ. ერთ-ერთი დუბლის დროს ბატონ გიორგის ვუთხარი: ეს ხირხალა ისეთი ოხერია, არც ამ გოგრას დატოვებდა ქეთოსთან-მეთქი. ბატონმა გიორგიმ გადაწყვეტილება მომიწონა და ბევრიც იცინა.

- როგორც ვიცი, რამდენიმე წლის წინ თქვენი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

- 2012 წელს ოზურგეთის თეატრის წინ ჩემი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ეს ჩემთვის, როგორც ყველა მსახიობისთვის, სასიხარულოა.

"პირველ მერცხალს" უამრავი პრიზი ერგო

"პირველი მერცხალი" 1975 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მის გადაღებას რეჟისორი ნანა მჭედლიძე ერთი წლით ადრე შეუდგა. მაშინ ბევრი ამბობდა, კაცი რეჟისორი დაილიაო? ქალბატონმა ნანამ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და ფილმს დიდი აღიარება ხვდა წილად: 1975 წელს ირანში, თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საუკეთესო რეჟისურისთვის ჟიურის სპეციალური პრიზი ერგო, ხოლო დოდო აბაშიძეს კი, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. 1977 წელს "პირველმა მერცხალმა" გრან-პრი და "ფიპრესის" პრიზი დაიმსახურა ობერჰაუზენის სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე.

იხილეთ ფოტოგალერეა: ბურნუთა, მაყვალა, ბოლოკა, აკიმი, ჩიორა და სხვანი - როგორ გამოიყურებიან ცნობილი კინოგმირები დღეს

ეკა სალაღაია