"ტაო-კლარჯეთში აღმოჩენილი სამარხი ქართველი მეფისა უნდა იყოს" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ტაო-კლარჯეთში აღმოჩენილი სამარხი ქართველი მეფისა უნდა იყოს" (ექსკლუზივი)

"არ არის სოფელი, რომელსაც საკუთარი ტაძარი და სალოცავი არა აქვს. რასაკვირველია, უმეტესობიდან ნანგრევები, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვის რიგია დარჩენილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჯერ კიდევ არსებობს და მისი უძველესი სახელწოდებაც ცოცხლობს"…

4 საუკუნის მიტაცებული ტაო-კლარჯეთი მხოლოდ ერთხელ "დაუბრუნდა" საქართველოს და ისიც 3 წლით - 1918-21 წლებში. სწორედ 1921 წელს მოახერხა აქ ეროვნული საგანძურის აღრიცხვა ექვთიმე თაყაიშვილმა (მას თან 2-3 ქართველი მეცნიერი ახლდა). შემდეგ ქართველებმა აქაურობასთან მიახლოების უფლება დავკარგეთ ერთი ქართველის გარდა - ის მეორე მსოფლიო ომის ტყვე ვახტანგ ჯობაძე გახლდათ, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, მან ისტორიული საქართველოს ამ განუყოფელ ნაწილში 300 ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი აღრიცხა.

"ჯგუფმა 10-წლიანი დაუღალავი შრომა-ძიებით რამდენიმე ასეული სრულიად უცნობი ქართული ძეგლი იპოვა. ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი 1000-ს მიაღწევს"

ბოლო დროს არაერთ ქართველ მეცნიერს მიეცა ტაო-კლარჯეთის კვლევის უფლება. მათ შორის არის ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელია თემურ ხუციშვილი. ამ ჯგუფმა 10-წლიანი დაუღალავი შრომა-ძიებით რამდენიმე ასეული სრულიად უცნობი ქართული ძეგლი იპოვა. ვარაუდობენ, რომ ექსპედიციის დასრულებისას ეს ციფრი 1000-ს მიაღწევს. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან წიქარიშვილმა მოიპოვა იშხნის ტაძრის წარწერა, რომელსაც უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

- თითქმის 20 წელია, ტაო-კლარჯეთს იკვლევს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ხუციშვილი. ხანძთის სანახავად წავედი და ტაძრის გუმბათის ფოტოები გადავიღე. რამდენიმე დღეში გავიგე, ხანძთას გუმბათი ჩამოენგრაო! აი, ამ გუმბათის ფოტოებით მივედი ბატონ თემურთან და ვისაუბრეთ. ასე მოვხვდი მის ექსპედიციაში... ისტორიული ტაო-კლარჯეთის რუკებით ვეძებთ ქართულ ეკლესია-მონასტრებს - მოვნიშნავთ საკვლევ ადგილებს, ქართულ სოფლებს, რომლებიც ამ ადგილებში იყო, სოფელ-სოფელ დავდივართ, იქაურებს ვეუბნებით, ჩვენ მკვლევრები ვართ და გთხოვთ გაიხსენოთ, ახლომახლო რომელიმე ადგილი გურჯისტანს ხომ არ უკავშირდებაო. საზღვრისპირა სოფლებში ბევრი თურქი ცხოვრობს, მაგრამ გურჯისტანთან დაკავშირებული სახელები მათაც იციან - ყველაზე ხანგრძლივად ეთნოგრაფიული სახელები ცოცხლობს, ქართველებმა ხომ თავისთავად იციან - მიგასწავლიან კიდეც და მიგაცილებენ ციხე-ტაძრებამდე თუ უკვე ნატაძრალებამდე. ხანდახან რამდენიმე დღითაც კი ხდებიან ჩვენი მეგზურები.

- რომელი რუკებით სარგებლობთ?

- საბედნიეროდ, არსებობს ტაო-კლარჯეთის ზუსტი რუკები, როგორც ქართული, ასევე თურქეთის იმპერიის დროს შედგენილი, სადაც ყველა სოფელია აღნიშნული. თურქეთი აღწერდა დაპყრობილ ტერიტორიას გადასახადების დაკისრების მიზნით და სწორედ ამ დავთრებს ახლავს რუკები. 1595 წელს შედგენილი გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, თურქების მიერ დაპყრობილი სამხრეთი საქართველო 8 ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფა: ახალციხის, ხერთვისის, ახალქალაქის, ჩილდირის, ფოცხოვის, პეტრას, ფანაკისა და დიდი არტაანის ვილაიეთები, სადაც 1160 დასახლებული პუნქტი, ანუ სოფელია. ყველა მათგანს ამ რუკაზე იმდენად ქართული სახელები აქვს, რომ სამუდამოდ გამახსოვრდება. რომელი ერთი ჩამოვთვალო. მაგალითად, მინდაშენი, ახალშენი, წისქვილისხევი, ალუბალა, სამოთხე... ამ ტერიტორიაზე 1000-მდე ასეთი სოფელი და ნასოფლარი მოვიარეთ. ფაქტობრივად, არ არის სოფელი, რომელსაც საკუთარი ტაძარი და სალოცავი არა აქვს. რასაკვირველია, უმეტესობისგან ნანგრევები, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვის რიგია დარჩენილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჯერ კიდევ არსებობს და მისი უძველესი სახელწოდებაც ცოცხლობს.…ყველა ასეთი ძეგლის ნახვისას გეუფლება სიხარული, რომ შენი წინაპრის დანატოვარი იპოვე, თან სევდა გიპყრობს, რომ განადგურებული დაგხვდა. თუმცა ამ ძეგლებს შორის ბევრს კვლავ აქვს თავისი დიდებულება შერჩენილი. მათ შორის მნიშვნელოვანია ბოლოდროინდელი აღმოჩენები: სოფელ ჯუღოსთან, მაღალი კლდიდან გადმოსცქერის მიდამოს ჯუღოს ციხის 10-მეტრიანი გალავანი, საოცრად ლამაზია ხანძთის მონასტრის ახლოს, მიუვალ მთაში, ძნელად მისადგომი ხანძთის ციხე. ციხე უკეთ არის შენახული, მაგრამ ციხის შიგნით მდებარე სამლოცველოსგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. ულამაზესია ესბეკის კომპლექსი, მისი ციხე და ეკლესია. ეს ქართული ხელოვნების მწვერვალია.

ეს ციხეც და სამლოცველოც, ალბათ ხანძთელი ბერების აშენებულია.

- რა თქმა უნდა, მტრის შემოსევისას თავი რომ შეეფარებინათ და იქვე ელოცათ. მყარად ნაგები, ძლიერი ციხეა, რომელიც მტრის შემოტევას დიდხანს გაუძლებდა. ბოლო დროს მივაგენით ულამაზეს ახოთის მონასტერსაც - მისი საკურთხეველი ქვისა და აგურის შერწყმით არის აშენებული, რაც ქართული ტაძრების არქიტექტურაში იშვიათობაა...

სამარხი დაახლოებით 1,5 მეტრი სიღრმისა და 2 მეტრზე მეტი სიგრძისაა, რომლის ოთხივე კედელზე წითელი საღებავით შესრულებული ჯვრები და წარწერებია. ასევე, ქართული წარწერების გარდა, სამარხში ბერძნული და სომხური წარწერებიცაა და, რაც მთავარია, ახლავს შესრულების თარიღიც: "ქორონიკონსა სკთ". ჩვენი წინაპრები რიცხვებს ხომ ანბანით აღნიშნავდნენ, ასე რომ, "სკთ" 1009 წელს ნიშნავს. ამ წელს ტაოში გამეფდება გურგენ II მაგისტროსის შვილი, ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ IV

- ამ ციხე-ტაძრებში არქეოლოგიური გათხრების შესაძლებლობა რომ გვქონდეს, რამდენ საინტერესოს აღმოვაჩენდით...

- ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. პრობლემა სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს. მოლაპარაკებები დიდი ხანია, მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ნაყოფი ვერ გამოიღო. თუმცა, თუკი ეს საკითხი გადაწყდება, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ უკვე ბევრი რამ დაკარგული გვაქვს. როგორც წესი, ტაო-კლარჯეთში თითქმის არ არის სოფელი, სადაც ოქროსმაძიებელი არ იყოს. ისინი ქართული ეკლესია-მონასტრების სამარხებში ოქროს საუკუნეების მანძილზე ეძებენ - აქ ყველამ კარგად იცის, რომ ქართულ სამარხებში ოქროს პოვნა შეიძლება - ჩვენ ხომ ოდითგან ვატანდით ძვირფასეულობას მიცვალებულებს, მით უფრო წარჩინებული გვარის შვილებს. ამის მიუხედავად, თუკი არქეოლოგიური გათხრები დაიწყება, პროფესიონალი არქეოლოგები ჩვენს ისტორიას მაინც გაამდიდრებენ აღმოჩენებით - როგორ შეიძლება, რომ ასეთი მდიდარი ხუროთმოძღვრების მხარეში უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები არ გამოჩნდეს!

რაც შეეხება იშხანს, ის VII საუკუნის ძეგლია, რომელიც შემდგომ არაბებმა გაანადგურეს, IX საუკუნეში კი გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ და დეიდაშვილმა საბა იშხნელმა განაახლა. ტაძარი მთელი დიდებულებით 1032 წელს, ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, გაბრწყინდა და განახლდა. დღეს საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებით შესაძლებელი გახდა, მისი რესტავრაცია ოშკის აღდგენასთან ერთად დაწყებულიყო. რესტავრაციას თურქული მხარე აკეთებს და ტაძარში შეღწევა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ბედად, იშხანში ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოგზაურობისას მოვიპოვე ინფორმაცია საკურთხევლის გვერდით მდებარე პატარა სამლოცველოში არსებული სამარხის შესახებ. სამარხი დაახლოებით 1,5 მეტრი სიღრმისა და 2 მეტრზე მეტი სიგრძისაა, რომლის ოთხივე კედელზე წითელი საღებავით შესრულებული ჯვრები და წარწერებია. ასევე, ქართული წარწერების გარდა სამარხში ბერძნული და სომხური წარწერებიცაა და, რაც მთავარია, ახლავს შესრულების თარიღიც: "ქორონიკონსა სკთ". ჩვენი წინაპრები რიცხვებს ხომ ანბანით აღნიშნავდნენ, ასე რომ, "სკთ" 1009 წელს ნიშნავს. ამ წელს ტაოში გამეფდება გურგენ II მაგისტროსის შვილი, ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III.

- ალბათ ამიტომ ივარაუდა ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ, რომ აქ შეიძლება იყოს მეფე გურგენის სამარხი.

- ეს ალბათ წარწერების გაშიფვრის შემდეგ გაირკვევა. ამ ჯერზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ სამარხი ტაძრის იმდენად გამორჩეულ ნაწილშია, რომ საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი პირისა უნდა იყოს, ვთქვათ, მეფის ან ეპისკოპოსისა. სამარხი იმგვარად ერწყმის ტაძრის სივრცეს, რომ იქმნება შთაბეჭდილება - სამლოცველო წინასწარ არის მოწყობილი სამარხისთვის.

- მეტად საინტერესოა სამარხის ფორმა და წარწერა - ქართულ სამარხებში ანალოგი თითქმის არ მოიძებნება. წარწერაც ახალივით არის შენახული.

- მსგავსის პოვნა მართლაც ძნელია და ეს ცალკე შესწავლის საგანია. წარწერები შესრულებულია ქართული ბუნებრივი საღებავით, სინგურით, რომელიც ერთ-ერთი მინერალისგან მზადდებოდა და მართლაც უკვდავი ფერი ჰქონდა.

სინგურით შესრულებული მრავალსაუკუნოვანი წარწერები არათუ სამარხში, არამედ საუკუნოვანი ტაძრების გარე კედლებზეც არ არის წაშლილი. ამ წარწერების გაშიფვრის შემდეგ ალბათ, იშხნის ტაძრის თურქ რესტავრატორებთან ისაუბრებენ ქართველი მეცნიერები - საინტერესოა, რა მდგომარეობაში იყო მათი მუშაობის დაწყებამდე ეს სამარხი, როგორ იპოვეს იგი. ყველა შემთხვევაში ის ჩვენს იმ წინაპარს ეკუთვნის, რომელსაც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ტვირთი და წილი ედო მხრებზე და ძნელბედობათა მიუხედავად, მან ეს ისტორია და თავისი არსებობა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ აღმოჩენით.

ეთერ ერაძე