ლიხტენშტეინის პრინცესას საქართველოში ჩამოსვლა სურს - კვირის პალიტრა

ლიხტენშტეინის პრინცესას საქართველოში ჩამოსვლა სურს

"პირველი ქართველი ვარ, ვინც პრინცესამ სასახლეში მიიწვია"

"ზუსტად ისეთ სასახლეში მოვხვდი, ბავშვობაში ზღაპრებში რომ წამეკითხა"

ქართველ პიანისტს და კომპოზიტორს, მუსიკალური ხელოვნების დოქტორ გიორგი ლაცაბიძეს კარგად იცნობს მსოფლიოს მუსიკალური საზოგადოება. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, გერმანიაში საუკეთესო პიანისტთა ათეულში ელისო ვირსალაძე და გიორგი ლაცაბიძე მოხვდნენ... გიორგი ლაცაბიძე ამჯერად ლიხტენშტეინის პრინცესას პატრონაჟით ვენაში მოღვაწეობს...

- ლიხტენშტეინის პრინცესა 2007 წელს გავიცანი... ლოს-ანჯელესის დოქტორანტურაში ვსწავლობდი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ პრინცესას ჩემი გაცნობა სურდა. ძალიან გამიკვირდა. მერე ტელეფონით მელაპარაკა და მითხრა, მე თქვენ მოგისმინეთ, ძალიან კარგი პიანისტი ჩანხართ და მინდა, უფრო ახლოს გაგიცნოთო.

- სად მოგისმინათ?

- ზალცბურგში ჩემ შესახებ გადაიღეს ფილმი "გიორგი ლაცაბიძე მოცარტის ნაკვალევზე", რომელიც პრინცესას გაუგზავნეს. როგორც თვითონ თქვა, ფილმმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ჩემი, როგორც ნიჭიერი ხელოვანის, გაცნობა მოისურვა... მალე შვეიცარიაშიც მიმიწვია და ორი კონცერტი მომიწყო.

კონცერტზე პრინცესას ჩემი კომპოზიცია მივუძღვენი. როცა დაკვრა დავამთავრე, მომიახლოვდა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა კომპოზიცია. თან თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.

- კონცერტი ლიხტენშტეინის სასახლეშიც გქონდათ?

- 2011 წელს მიმიწვია. ეს ვიზიტი არასოდეს დამავიწყდება. ზუსტად ისეთ სასახლეში მოვხვდი, ბავშვობაში ზღაპრებში რომ წამეკითხა. ლიხტენშტეინი ჯუჯა სახელმწიფოა, მაგრამ უმდიდრესი ქვეყანაა, ამიტომაც პრინცესა და პრინცი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მონარქთა სიაში არიან. მათ აქვთ რუბენსის, ბოტიჩელის და რემბრანდტის ნამუშევრების ძალიან მდიდარი კოლექცია... მთელი მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში იმართება მათი კოლექციის გამოფენები. ლიხტენშტეინის პრინცს და პრინცესას ორი უზარმაზარი სასახლე აქვთ ვენაში. ეს სასახლეები უფრო დიდია, ვიდრე თავიანთ სამშობლოში აქვთ. ერთ-ერთი სასახლე ავსტრიის პარლამენტის გვერდით გახლავთ. ახლახან ავსტრიის პრესა იუწყებოდა, რომ სასახლის რესტავრაციისას 300 მილიონი ევრო დაიხარჯა. ვენაში ლიხტენშტეინის ქუჩაც არსებობს.

- როგორც ვიცი, თქვენ მიმართ პრინცესამ არაერთხელ გამოიჩინა ყურადღება...

- დიახ! მან სპონსორობის სურვილი გამოთქვა, რისთვისაც მადლობელი ვარ! ვენაში რომ ჩამოვედი, საუკეთესო როიალი მიქირავა... ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ უკვე ხანდაზმულია და იშვიათად ახერხებს ვენაში ჩამოსვლას. ყოველ ახალ წელს საოჯახო ფოტოს მიგზავნის. ხშირად უთქვამს, შენამდე ქართველს არ ვიცნობდიო. პირველი ქართველი ვარ, ვინც სასახლეში იყო მიწვეული. ჩვენ ისე დავახლოვდით, ყოველ კვირას ვწერდით ერთმანეთს... ხშირად გაგვისეირნია ერთად ლიხტენშტეინის სასახლის ტყეში, მიყვებოდა თავისი ქვეყნის ისტორიას... ვენაში რომ ჩამოდიოდა, ყოველთვის მპატიჟებდა სადილზე. პრინცესა დახვეწილი არისტოკრატია და ყოველთვის მკაცრად იცავს ეტიკეტს.

- საქართველო გააცანით?

- რასაკვირველია. ალბომი ვაჩუქე, სადაც საქართველოს ულამაზესი პეიზაჟებია. გავაცანი ხალხური ცეკვები, სიმღერები, არქეოლოგიური გათხრები, ეკლესიები, კულტურა... პრინცესა აღფრთოვანდა და მითხრა, მე და ჩემს მეუღლეს საქართველოში ჩამოსვლა გვსურსო. ბევრი ვიზიტი აქვთ დაგეგმილი, პრინცი ამერიკაში, თეთრ სახლში, წელიწადში სამჯერ დადის და გამიხარდა, რომ საქართველოს ნახვაც მოისურვეს.

პრინცესას საქართველოში ჩამოსვლაზე მოლაპარაკება კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობდა, მაგრამ ხელს გვიშლის ის, რომ საქართველოში ხშირად იცვლებიან მინისტრები. ამიტომ ცოტა დაბნეული ვარ, ვეღარ გავიგე, ვისთან დავიწყო მოლაპარაკება.

მანანა გაბრიჭიძე