ქართული "ფესვები" ამერიკაში - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ამერიკული დღიურები - კვირის პალიტრა

ქართული "ფესვები" ამერიკაში - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ამერიკული დღიურები

"რაც დრო გადის, ბავშვები ქართული ენის შესწავლის დიდ ინტერესს იჩენენ და ეს ძალიან მახარებს"

ერთი კვირა ოცნებების ახდენის ქვეყანაში ვიცხოვრე. თითქმის ავუწყვე ფეხი იქაური ცხოვრების რიტმს და რვასაათიანი სხვაობის მიუხედავად, სულაც არ მიჭირდა ამერიკული დროით დაძინება და დილით ადრე ადგომა.

ერთ-ერთმა ემიგრანტმა მანჰეტენზე, კლუბ The Iridim-ში Narada Band-ის კონცერტზე დაგვპატიჟა. ამ ბენდის დრამერი წლების განმავლობაში ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის ბენდში უკრავდა. ის ორი საათი, რაც კონცერტზე გავატარე, მართლაც შთამბეჭდავი იყო. მერე ახალგაცნობილ ქართველებთან ერთად მანჰეტენს გავუყევი. ღამის სამ საათზე ამერიკული ჰოთ-დოგებიც მივირთვით. გული მწყდებოდა, რომ ოცნებების ქვეყანაში დრო იმაზე ჩქარა გადიოდა, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადგილას...

სტუდიაში დღის ორ საათზე მელოდებოდნენ. იატაკზე მოკალათებული პატარები: ნინო, ანა, თამუნა, გიორგი და კიდევ დანარჩენები გაკვეთილის დაწყებას ელოდნენ. ამ ბავშვების უმეტესობამ ოკეანის გადმოღმა სამშობლო გასულ წელს გასტროლების დროს პირველად ნახა.

ანსამბლი 15 წლის წინ დაარსდა. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელები კი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ვანო გოდერძიშვილი და შორენა ბარბაქაძე არიან.

შორენა ბარბაქაძე: - 18 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობთ. ყოველ წელიწადს ვაპირებდით საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდით. ემიგრაციაში დაბადებული ბავშვები ქართულად თითქმის აღარ ლაპარაკობდნენ. სწორედ ამის გამო 2001 წელს გადავწყვიტეთ ანსამბლის შექმნა არა მარტო ჩვენი შვილისთვის, არამედ იმ ქართველი ბავშვებისთვის, რომლებიც ნელ-ნელა ემატებოდა ქართულ ემიგრაციას.

- მანამდე ნიუ-იორკში მსგავსი ანსამბლი არ არსებობდა?

- ემიგრაცია, ძირითადად, 90-იანი წლების მიწურულიდან გაიზარდა. 2000 წელს, როდესაც ჩემი პირველი შვილი დაიბადა, აქ მხოლოდ ორი ქართველი ბავშვი იყო. ანსამბლს პირველად "ფრესკა" დავარქვით, შემდეგ კი,"ფესვები".

- აპირებთ დაბრუნებას?

- აუცილებლად და ეს ჩემმა შვილებმაც კარგად იციან. ისინი ყოველ წელს ჩადიან საქართველოში.

შორენა და მისი მეუღლე ახლა ანსამბლის მეოთხე თაობას ზრდიან. მათი თქმით, ამ პატარებისთვის ცეკვის სწავლაზე მთავარი ქართველებთან ურთიერთობაა. ანსამბლი გასულ წელს პირველად ჩავიდა საქართველოში და გრიბოედოვის თეატრში გამართული კონცერტიდან შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადარიცხეს.

შორენა ბარბაქაძე: - არა აქვს მნიშვნელობა, ბავშვს რიტმის გრძნობა აქვს თუ არა, მთავარია ქართულ გარემოში იგრძნოს თავი. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სტუდიაში ქართულად ილაპარაკონ...

გასულ წელს, როცა საქართველოში ჩავედით, ბევრმა ემიგრანტმა ბავშვმა სწორედ მაშინ ნახა პირველად სამშობლო და ნათესავები. წარმოიდგინეთ ბავშები, რომლებმაც პირველად ნახეს ბებია-ბაბუა. ძალიან ლამაზი დღეები გაატარეს საქართველოში. წელსაც უნდოდათ ჩამოსვლა, თუმცა ვეღარ მოვახერხეთ, რადგან ეს ყველაფერი დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული.

ხშირად ყოფილა, მეუღლისთვის მითქვამს, მოდი, დავხუროთ ანსამბლი და წავიდეთ საქართველოში-მეთქი. თუმცა მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მხარში გვედგნენ და ახლაც გვეხმარებიან ქართული საქმის კეთებაში. ბევრი არაქართველი და ქართველი ემიგრანტის წყალობით ვაკეთებთ ამ ყველაფერს.

მაკა წულაია, მშობელი: "ექვსი წელია ამერიკაში ვცხოვრობ. მართალია, უცხო მიწაზე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებს ქართულად ვზრდი და მათ ქართველი მეგობრები ჰყავთ. დიდ საქმეს აკეთებს ქართული კულტურის ცენტრი "ფესვები" ქართველი ემიგრანტებისთვის. ბავშვებისთვის ეს დიდი ოჯახია, სადაც ქართულ ცეკვას, სიმღერასა და ხალხურ საკრავებზე დაკვრას ეუფლებიან. ანსამბლი ხშირად მონაწილეობს კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში. ხშირად იწვევენ სხვადასხვა შტატში. ახლაც მთელი წლის გეგმა გაწერილია".

ამჟამად ანსამბლში 120 მოსწავლეა. ცეკვის პარალელურად, ქართულის ენის გაკვეთილი მიმდინარეობს. ხუთი წელია პატარებს ქართულ ენასა და ლიტერატურას რუსუდან გალდავა ასწავლის:

"პროფესიით პედაგოგი ვარ. მეცხრე წელია აქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. დღეს "ფესვებში" ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმეს. რაც დრო გადის, მით უფრო დიდ ინტერესს იჩენენ ბავშვები და ეს ძალიან მახარებს".

მეორე ოთახში მოზარდები ხატვას ეუფლებიან, მუსიკის ოთახში გოგონათა ტრიო ვოკალში მეცადინეობს, დარბაზში მოცეკვავეები ვარჯიშობენ.

ვანო გოდერძიშვილი: "მე და ჩემი მეუღლე, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე ვმუშაობთ. გზა, რომელიც "ფესვებმა" გამოიარა, ადვილი არ ყოფილა, ვამაყობთ, რომ ქართულ საქმეს ვაკეთებთ. ის პირველი თაობა, რომელიც ჩვენმა ანსამბლმა აღზარდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი ქართველები არიან".

შორენა და ვანო მალე მეოთხე შვილის მშობლები გახდებიან, ისიც ამერიკის მოქალაქე იქნება, საქართველოში დაბრუნებამდე შტატებში გაიზრდება და იმედია, ადრე თუ გვიან, ისიც ქართულ ფესვებს დაუბრუნდება.

თორნიკე ყაჯრიშვილი