ოპერაცია დასრულდა - "ერთი დღეც და, პაპა თავისი ფეხით წავა შინ" - კვირის პალიტრა

ოპერაცია დასრულდა - "ერთი დღეც და, პაპა თავისი ფეხით წავა შინ"

ადგილი, სადაც სიცოცხლის გადასარჩენად საათობით იბრძვიან ნეიროქირურგები

ტრეპანაციას ქირურგის დამხმარე ჯგუფი იწყებს. პაციენტის ყურს უკან, ფრთხილად ხსნიან თავის ქალის იმ ნაწილს, საიდანაც სამწვერა ნერვამდე უნდა მიაღწიონ. პაციენტის სხეულის თითქმის ყველა ნაწილი დაფარულია. თავზეც მხოლოდ საოპერაციო ღრუ ჩანს

სფერო, საიდანაც დახურულ კარს მიღმა რეპორტაჟს გთავაზობთ, ბევრს აფრთხობს. გულის ოპერაციაზე, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთაზე, ფიზიოლოგიურ და საკეისრო კვეთით მშობიარობაზე დასწრების შემდეგ პროფესიული ინტერესის დაკმაყოფილება ნეიროქირურგიულ ოპერაციაზე ვცადე. ყოველთვის მინდოდა, მენახა თავის ქალის ტრეპანაცია, მუშაობა ადამიანის ტვინზე, ნეიროქირურგის ფილიგრანული ოსტატობით მოქმედება უწვრილესი ნერვებისა და სისხლძარღვების ქსელში. ერთ-ერთი კლინიკა სიამოვნებით დაგვთანხმდა "კვირის პალიტრისთვის" საოპერაციო ბლოკი გაეხსნა და ჩვენი თვალით გვენახა, რა ხდება იქ, სადაც ზოგჯერ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საათობით იბრძვიან ნეიროქირურგები.

სამედიცინო პერსონალის გასახდელში უნიფორმით, სპეციალური ჩაჩითა და ფაჩუჩებით მმოსავენ. მათგან განსხვავებით, მხოლოდ სტერილიზებული ხელთათმანები არ მაცვია, რადგან ჩემი იარაღი ამ შემთხვევაშიც ხმის ჩამწერი და ფოტოაპარატია.

საოპერაციო ბლოკში გადაადგილება ფრთხილად და სპეციალური ზონების დაცვით მევალება. აქ ყველა და ყველაფერი სტერილიზებულია და ვინმესთან ან რაიმესთან შეხებაც კი სასტიკად მეკრძალება. პაციენტი საოპერაციოდ მოამზადეს, ნარკოზი გაუკეთეს და დააძინეს. მას სამწვერა ნერვი აქვს დაზიანებული, რაც საშინელ ტკივილს იწვევს. ამ ტიპის ოპერაციას ნეიროქირურგიაში ურთულესად და დახვეწილად მიიჩნევენ, რადგან საქმე ტვინთან გვაქვს, უფაქიზეს ორგანოსთან, რომელზეც მიკროსკოპში უწვრილესი ხელსაწყოებით მოქმედებ. საკმარისია, ერთი არასწორი მოძრაობა და პრობლემას პრობლემა დაემატება, ოპერაციის დრო გახანგრძლივდება. მეტიც, შესაძლოა, პაციენტს სრულიად სხვა ნერვი დაუზიანო.

ბლოკში სრული სიმშვიდეა. ტრეპანაციას ქირურგის დამხმარე ჯგუფი იწყებს. პაციენტის ყურს უკან, ფრთხილად ხსნიან თავის ქალის იმ ნაწილს, საიდანაც სამწვერა ნერვამდე უნდა მიაღწიონ. პაციენტის სხეულის თითქმის ყველა ნაწილი დაფარულია. თავზეც მხოლოდ საოპერაციო ღრუ ჩანს.

ოპერაციას ცნობილი და ყველაზე "მელოდიური" ნეიროქირურგი, მუსიკალური ჯგუფის, შოფტ-ეჯეცტ-ის ყოფილი წევრი, ირაკლი ჭელიშვილი, მეტსახელად, პეჩო ატარებს. ის, რაც, ფაქტობრივად, რამდენიმე წინადადებით უნდა გადმოგცეთ, ხანგრძლივად მიმდინარეობს. ქირურგი და მისი ასისტენტი ფაქიზად, ელექტროასპირატორით, ბიპოლარული კოაგულაციის პინცეტითა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით მოქმედებენ. ფრთხილი დაწოლით ტვინიდან სითხის გამოშვების შემდეგ, ის იჩუტება, დაბლა იწევს და ძვლის გასწვრივ გზას ათავისუფლებს სამწვერა ნერვისკენ. იმას, რასაც ქირურგი მიკროსკოპში აკეთებს, მე მონიტორში ვაკვირდები, აი, სამიზნე ნერვიც გამოჩნდა, სისხლძარღვის მარყუჟის ტყვეობაშია. ქირურგი წამიერად სწყდება პროცესს და მეუბნება, რომ ქირურგის შეცდომა არა მხოლოდ პაციენტს, ექიმსაც კლავს. სხვა ექიმებისგანაც მსმენია, მარცხი, რომელიც შეცდომით მოსდით, მათ ფსიქოლოგიურად კლავს, ანადგურებს პროფესიულ იმიჯს და არასრულფასოვნების განცდას იწვევს. განაღმვა, ანუ ნერვისა და სისხლძარღვის დაცალკევება წარმატებით დასრულდა. ახლა მათ შორის სპეციალურ "ტიხარს" აკეთებენ - ასე დავარქვი ბამბის მსგავს ნაჭერს, ტეფლონს, რომელიც პაციენტს დაიცავს ტკივილისგან. თუმცა, თუ "ტიხრის" ჩადების ხელოვნება არ იცი და ტეფლონს ისე ვერ დაამაგრებ ნერვსა და სისხლძარღვს შორის, რომ მოძრაობა არ შეეძლოს, ერთხელაც პულსაციის შედეგად გამოვარდება და პაციენტი ხელახლა გახდება საოპერაციო.

დაავადება, რომელიც ჩემ თვალწინ განიკურნა, ძირითადად, ასაკოვნებს ემართებათ. ეს პაციენტიც 80 წლის არის. საოპერაციო ბლოკში ჩემი სამედიცინო გიდი, ანესთეზიოლოგი გიორგი წიქვაძე, მიამბობს:

"ოპერაციის დროს რისკფაქტორები იმის მიხედვით იზომება, პაციენტს სომატური დაავადებები აქვს თუ არა. ამას ემატება სუბიექტური ფაქტორებიც, რომლებიც, შესაძლოა, წინასწარ ვერ გაითვალისწინო. ამიტომაც პაციენტებს ოპერაციამდე ნარკოზისგან მოსალოდნელ რისკებს უხსნიან, რომ არჩევანი გააკეთოს, რა უჯობს, დაიტანჯოს სამწვერა ნერვის ტკივილისგან თუ გარისკოს.

ერთი კვირის წინ 90 წლის პაციენტიც გვყავდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბედნიერი წავიდა შინ. ყველა აფრთხილებდა, ძალიან მოხუცი ხარ, ნარკოზს ვერ გადაიტან, მოკვდებიო. ამ ტკივილს სიკვდილი მირჩევნიაო, გარისკა და მოიგო.

ამ პაციენტსაც, გარდა იმისა, რომ ასაკოვანია, 40 წელია დიაბეტი აქვს, გულის კუნთიც ოდნავ სუსტი, მაგრამ მუდმივად აკონტროლებს ორგანიზმში შაქარს, დიეტით არეგულირებს და ამიტომაც რისკი, რომელიც მან გასწია, მხოლოდ მესამე ხარისხის არის. სულ ოთხი ხარისხის რისკი არსებობს. თუმცა, თუ პაციენტი ინფარქტით შემოდის, ამ რისკებს აღარავინ უყურებს, რადგან ოპერაციის გარეშე ყველა შემთხვევაში მოკვდება. ეს პაპა ძალიან ყოჩაღია. ამას მოწმობს ანესთეზიის აპარატი, სადაც წნევისა და სხვა მაჩვენებლები ნორმალურია.

ოპერაციის დროს პაციენტის ორგანიზმში ნარკოზი ეტაპობრივად შეგვყავს და იმდენი ხანი გრძელდება, რამდენიც სჭირდება ოპერატორს. ყველაზე ხანგრძლივი ნარკოზის გაკეთებამ ირაკლისთან მომიწია. 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით თავის ტვინის ოპერაციაზე. ორი ან ორსაათ-ნახევარი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ პროცესი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მთელი დღე-ღამე დასჭირდა ოპერაციას.

თავის ქალის გახსნა და დახურვა ურთულესი საქმეა, სისხლდენის შეჩერების უმაღლეს ტექნიკას უნდა ფლობდე, ამიტომაც ნეიროქირურგი პირველ რიგში ჰემოსტაზს შეისწავლის. ამას ემატება უმძიმესი შრომა, მუდმივად მიკროსკოპში ცქერა. წარმოიდგინეთ, გამადიდებელი სათვალე რომ არ გჭირდებათ და იძულებული ხართ, საათობით გეკეთოთ, თან ქსენონის 300 და 500-ვატიანი ნათურების შუქზე.

ზოგჯერ იმდენ ხანს გრძელდება ოპერაცია, იმდენი ხანი გიწევს გახსნილ ღრუში მუშაობა, რომ შესაძლოა, გულისრევამდეც მიხვიდე. ამიტომაც ქირურგმა დროდადრო უნდა შეისვენოს".

ყველა ოპერაციაზე, რომელთაც დავსწრებივარ, ანესთეზიოლოგები მეგზურ-ინფორმატორები არიან. ქირურგები ხუმრობენ, მაგათ მეტი საქმე არა აქვთ და თქვენ მაინც დაგელაპარაკონო. არადა, ვიდრე ქირურგი ოპერაციას ატარებს, ანესთეზიოლოგი აკონტროლებს პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს და ხშირად კრიზისულ სიტუაციებსაც კი მართავს. თუ ანესთეზიოლოგი პანიკაში ჩავარდება, ბლოკში ქაოსი დაისადგურებს და მარცხი გარდაუვალია.

ოპერაცია დასრულდა. ქირურგთან ერთად ბლოკს ვტოვებ. როგორც პეჩო მიხსნის, რეაბილიტაციას თითქმის არ სჭირდება დრო. ერთი დღეც და, პაპა თავისი ფეხით წავა შინ.

გზად შთაბეჭდილებები არ მასვენებს. მახსენდება მოსმენილი, არ შეიძლება, ნეიროქირურგს ხელი უკანკალებდეს. ძალიან მოქნილი უნდა ჰქონდეს და გონებაც უჭრიდესო. ისეთებიც ყოფილან, მხოლოდ ხელი რომ უვარგათ, ან მხოლოდ გამჭრიახობით გამოირჩევიან, ისინი მხოლოდ დუეტში მუშაობენ შესანიშნავად, მაგრამ საუკეთესო ის არის, ვინც მარტო მუშაობსო.

ვერ მოვისვენე და საოპერაციო ბლოკშივე ვიკითხე, მართალია, რომ ქირურგებს სმა გიყვართ, თურმე ასე გაურბიხართ საოპერაციო კოშმარებს-მეთქი? - ზოგჯერ ისეთი მძიმე ოპერაცია გვაქვს გასაკეთებელი, რომ ფეხები უკან გვრჩება, ან კიდევ სამი ღამე გვესიზმრება და ასეთ კოშმარს რომ თავს გაართმევ, მერე ასი გრამი რომ არ ჩაარტყა, დაჭიმულობისგან გული გაგისკდება, ეს კი სულაც არ ნიშნავს, რომ ქირურგი ლოთიაო.

ჩემი მოგზაურობა საოპერაციო ბლოკში დროებით წყდება. სანახავი კიდევ ბევრია. ვაპირებ, დავესწრო უახლესი ტექნოლოგიებით სამედიცინო ჯადოქრობას, რასაც ქართველი ექიმები ზოგჯერ უცხოელ კოლეგებზე წარმატებითაც კი ართმევენ თავს. ასეთი ფაქტები აცოცხლებს იმედს, რომ ქართული მედიცინა წარღვნის პირას არ არის. მეტიც, ოპერაციების გასაკეთებლად საქართველოში ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, რასაც უახლოეს მომავალში გიამბობთ.

ეკა ლომიძე