"აქ, ამ ჯოჯოხეთში, სრული შეგრძნება გაქვს, რომ ქალაქს პატრონი არ ჰყავს"
11-07-2016
"აქ, ამ ჯოჯოხეთში, სრული შეგრძნება გაქვს, რომ ქალაქს პატრონი არ ჰყავს"
"როდესაც ამხელა უბანს მთელი ღამე გაუსაძლისი ხმაურით აწუხებ - უნდა გრცხვენოდეს... აი, ეს განსხვავებაა ევროპასა და საქართველოს შორის, აქ არაფრის რცხვენიათ"

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურების გამო თბილისი საცხოვრებლად მსოფლიოში ერთ-ერთი საშიში ქალაქია. სამწუხაროდ, დედაქალაქში არა მხოლოდ ჰაერი, ხმაურიც კლავს, ნერვებს ანადგურებს, იწვევს უამრავ დაავადებას. რამდენიმე წლის წინ მეგობარმა ძველ თბილისში იყიდა ბინა, დიდი ხნის ოცნება აისრულა, მაგრამ ასრულებული ოცნება მალე ჯოჯოხეთად ექცა, შარდენის და მიმდებარე ქუჩებიდან ღამის კლუბ-ბარებიდან
წამოსული ხმაური არ აძინებდა. თეთრად გათენებული ღამეების გამო გახდა, თვალები ჩაუცვივდა. ის სახლი გავაყიდინეთ და დროებით დაქირავებულ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. დამშვიდდა, ისევ გალამაზდა, გონს მოვიდა და ერთ დღესაც საერთოდ წავიდა საქართველოდან - ადამიანის მიმართ უპატივცემლობას გაექცა. ელენეს არ შეეძლო შარდენზე, ბამბის რიგში, ერეკლეს ქუჩაზე და
მათ ახლომახლო განლაგებულ კაფე-ბარებსა და კლუბ-რესტორნებს მიდგომოდა, ყელი გამოეწია, მუხლებში ჩავარდნოდა მეპატრონეებს და ეთქვა, - დაუწიეთ მუსიკას, რომ დავიძინოო. თუნდაც ეთხოვა, რამე შეიცვლებოდა?

უცხოელი ქალბატონი საქმიანი მივლინებით ჩამოვიდა საქართველოში. მასპინძელმა პატივი სცა - სასტუმრო ქალაქის ლამაზ, ძველ უბანში შეურჩია, შარდენის ქუჩის ახლოს. ქალბატონმა პირველი ღამე თეთრად გაათია, მაგრამ მეორე დღეს საქმიან შეხვედრაზე ევროპელისთვის დამახასიათებელი თავდაჭერილობით ცდილობდა არ შეემჩნია. მესამე დღეს ნერვებმა უმტყუნა. სასტუმროს ადმინისტრაციამ რომ ვერაფრით უშველა, პოლიცია იხმო. ისიც ვერაფერს გახდა. მეტიც, ერთ-ერთი ღამის კლუბიდან თურმე უცხოელ სტუმარს ქართულად შეუთვალეს, - გოიმო, ამ დროს უნდა ერთობოდეო!

ახლობლის ოჯახში ნანატრი ჩვილი დაიბადა. მას რომ ეძინა, ყველა ფეხაკრეფით დადიოდა, ხარობდნენ, თან ჰყვებოდნენ. ერთ ღამეს, უფრო სწორად, შუა ღამით, ქვემო სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა დაბადების დღის აღსანიშნად ფეიერვერკის ზალპი გაუშვა აივნიდან, ჩვილი შიშით კრუნჩხვებში ჩავარდა და მერე კარგა ხანს მკურნალობდნენ. ხმაურით ადამიანების დაზარალების უამრავი მაგალითით ჩანს, კანონი ხმაურის შესახებ, რომელიც ხმაურით მიიღეს... ჩაახშეს.

თბილისში ღამით აუტანელი ხმაურის გამო კარგა ხანია ჩივის მწერალი პაატა ქურდაძე, რომელიც საფრანგეთიდან დროდადრო მარტო ან შვილებთან ერთად სამშობლოში ჩამოდის და ძველ თბილისში საკუთარ სახლში ცხოვრობს. ხმაურმა კინაღამ სამშობლოში ჩამოსვლაზე ააღებინოს ხელი. ჩივის, პოლიციას იძახებს, - დამეხმარეთ, როგორმე სიმშვიდის მოპოვება შევძლოო. პაატა ქურდაძის უძილობას სოციალურ ქსელში ვადევნებ თვალს. ვფიქრობ, იმაზე უკეთ ვერც შეაფასებ მდგომარეობას, ვიდრე ის განცდილის მიხედვით წერს:

"დილის 3 საათი და 15 წუთია. ისევ პოლიცია იყო ჩემთან. ვიღაც ჩემი უბნელი ქალისგან მოვიდნენ. გერმანიიდან, ქმართან ერთად ორი კვირით არის ჩამოსული - თქვენსავით გაგიჟებულიაო... ძალიან შეწუხებულები იყვნენ პოლიციელები, - კლუბების მენეჯერები დაგვცინიანო. მეც ვიცი, რომ დასცინიან, მაგრამ ვრეკავ იმიტომ, რომ მარტო მე არ ვიყო დამცირებული. "ასა კლუბს" აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდია პოლიციაც და, მით უმეტეს, ჩვენ - ყველა... ჩემი თინა (შვილი) გაოცებული მიყურებს, ეს მისი ქართული არდადეგების პირველი ღამეა. ერთადერთი რამ მითხრა, - ეს ხომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევააო. კი-მეთქი... აღარ მითქვამს, რომ ეს უფლებები არა მარტო "ასა კლუბს", ხელისუფლებას და პოლიციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ამ კლუბების ღვთისმოშიშ მაჯაზე სკვნილებდახვეულ მეპატრონეებს, მეტიც, თვით უფლებადამცველებსაც კი ფეხებზე ჰკიდიათ, რომ ისინი ადამიანის უფლებებს მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციების ინსტრუმენტად აღიქვამენ...

ბოლოს, ამ ჯოჯოხეთის კონტექსტისთვის ყველაზე მოულოდნელი და უცნაური კითხვა დამისვა - არ რცხვენიათო? ვის-მეთქი და, იმ კლუბის პატრონებსო...
ვინც ჩემსავით დაიბენით და უცებ ვერ მიხვდით, გეტყვით: თინას აზრით, როდესაც ამხელა უბანს აწუხებ მთელი ღამე - უნდა გრცხვენოდეს... აი, ეს განსხვავებაა ევროპასა და საქართველოს შორის, აქ არაფრის რცხვენიათ. მერე მკითხა, - ხალხი რატომ არ ჩივისო... უცებ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და - იმიტომ, რომ საბჭოთა მენტალიტეტი აქვს-მეთქი, ეგ რაღა არისო.

ჰაერის დაბინძურების გარდა, დარწმუნებული ვარ, თბილისი მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდოდა ღამე ხმაურითა და კაკაფონიით, რაც ისეთივე საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც გამონაბოლქვი - გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკას, გულ-სისხლძარღვთა სისტემას და სხვ.
მე მართლა არ მესის, რატომ უნდა მოუნდეს ტურისტს თბილისში ჩამოსვლა ზაფხულში, წინასწარ რომ იცოდეს, რა ელოდება? ჯანმრთელობის გასანადგურებლად? ან იქნებ თვითმკვლელთა ტურიზმი განვავითაროთ - ორიგინალური მაინც იქნება!

უყურეთ პრიალა პრომოკლიპებს ძველი თბილისის ხედებით და იხარეთ, თითქოს არ იცოდეთ, რომ ამ ტურისტულ თბილისში არც ჰაერია და არც ძილის შესაძლებლობა. კიდევ მინდა გითხრათ, რომ ეს ქალაქი ღამე ყველაზე უკულტურო ქალაქი ხდება და ამ უკულტურობისა და უნამუსობის მექა შარდენის უბანი და მისი კლუბ-დუქნებია. აქ, ამ ჯოჯოხეთში, სრული შეგრძნება გაქვს, რომ ქალაქს პატრონი არ ჰყავს."

კანონი ხმაურის შესახებ კაფე-ბარების, რესტორნებისა და კლუბების პატრონებს ავალდებულებს, რომ მათი დაწესებულებებიდან გამავალმა ხმაურმა არავინ უნდა შეაწუხოს. შესაბამისად, თუ ხმაურობენ, დამახშობლების უქონლობის გამო უნდა დააჯარიმო, თუ არ აჯარიმებ, ე.ი. რაღაცაზე ხუჭავ თვალს.
დავიჯერო, ამ გასართობ ბუნაგებ­სა"და ფეიერვერკების ბიზნესს, როგორც ამბობენ, მართლა ისეთი მფარველები ჰყავთ, რომ სამართალდამცველებს მათ შეწუხებას ჩვენი ტანჯვა უჯობთ? იქნებ მართლა კოლექტიური საჩივარი ან პროტესტის ფორმაა გამოსავალი?!

ეკა ლომიძე
alfa
20 ივლისი 2016 18:12
მერე რა მოგარბენინებთ ღრუზიაში? აქედან გამაღწევინეთ და სამარადჟამოდ ვემსახურები ვინც მაგ მადლს მოიღებს

რედაქტორის რჩევით