"შიზოფრენია არის დაავადება და არა ხასიათი"
11-07-2016
"შიზოფრენია არის დაავადება და არა ხასიათი"
"საზოგადოებას ეშინია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების, მათ აგრესიით უყურებენ"

50 წელს გადაცილებული ქალი მოლბერტთან ზის და ავტოპორტრეტს ხატავს. ყველა ნახატი ერთნაირია. პაციენტი მეუბნება, რომ ხატვა მუსიკის თანხლებით ამშვიდებს


დაწესებულებაში, სადაც თითქოს ყველაზე დიდი ხმაური უნდა იყოს, უჩვეულო სიჩუმეა... ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში სტუმრის მისვლა თითქმის ყველა პაციენტმა შეამჩნია, მაგრამ ინტერესი მხოლოდ ერთმა გამოიჩინა: "საიდან ხართ?" - მეკითხება და უცნაურად მიმზერს. "გაზეთ "კვირის პალიტრიდან"," - ვპასუხობ და ვუღიმი. "თქვენს
ნომერს ჩავიწერ და თუ დამჭირდა, დაგირეკავთ".

დერეფანში რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი დადის, ზოგი ტელევიზორს უყურებს, ზოგიც ნარდს თამაშობს... ისევ კითხვა: "საიდან ხართ?" და "სიგარეტი ხომ არა გაქვთ?" თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ერთდროულად რამდენიმე პაციენტი მიახლოვდება. "იქნებ ორი ღერი მომცეთ, მერეც მოვწევ"... - სიგარტს ვუწვდი და
მომსახურე პერსონალს არტთერაპიის განყოფილებაში შევყავარ. ოთახში ბევრი ხელნაკეთი ნივთია, 50 წელს გადაცილებული ქალი მოლბერტთან ზის და ავტოპორტრეტს ხატავს. ყველა ნახატი ერთნაირია. პაციენტი მეუბნება, რომ ხატვა მუსიკის თანხლებით ამშვიდებს.

ისევ დერეფანში გამოვდივარ. მამაკაცი, რომელიც წლების წინ ამ დაწესებულების პაციენტი იყო, დღეს აქ მუშაობს - პაატა სხირტლაძე თანასწორ-განმანათლებელია:

- წლები სჭირდება იმის მიხვედრას, რომ შიზოფრენია არის დაავადება და არა ხასიათი, განწყობა ან ემოცია. 15 წლის წინ გავხდი ავად. დღეს მხოლოდ ძილის წამლები მჭირდება. თუ ძილი მოწესრიგებული მაქვს, დღის განმავლობაში კარგად ვაკონტროლებ ჩემს სიმპტომებს. 3 წელია აქ ვმუშაობ, მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე და პაციენტებს ვეხმარებოდი. თუ იურიდიული მომსახურება სჭირდებათ, თუნდაც საკუთარი უფლებების დაცვა, ვგზავნით სათანადო ორგანიზაციებში. საზოგადოებას ეშინია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების, მათ აგრესიით უყურებენ. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისათვის ეს დაწესებულება მისტიკური ადგილია, არადა, ჩვეულებრივი საავადმყოფოა, სადაც ადამიანები მკურნალობენ. "

დავით ზურაბაშვილი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე: -
დაწესებულება, რომელიც ასათიანის ქუჩაზე 60-იან წლებში აშენდა და დაახლოებით 50 წელი იმუშავა, 4 წელია, რაც ქავთარაძეზე გადავიდა. ამჟამად სტაციონარში 90 საწოლია. ჩვენ ვემსახურებით პაციენტებს 16 წლიდან ზემოთ.

- ხომ არ გაახალგაზრდავდა ფსიქიკური პრობლემები?

- სამწუხაროდ, ახალგაზრდებს უფრო აქვთ ფსიქიკური პრობლემები. ამ მხრივ მათი პირველადი მომართვიანობა უფრო ხშირია, ვიდრე იყო.
მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია ბევრად კარგ შედეგს იძლევა, ვიდრე მათი ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა. სტაციონარის გარეთ სერვისების განვითარება ერთადერთ გამოსავლად იქცა. სწორედ ამ მიზნით წლების წინ ფსიქიატრმა მანანა შარაშიძემ საერთაშორისო დონორებისა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, რომლის მიზანი იყო, საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის ეჩვენებინა, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის. "

"კვირის პალიტრა" დღის ცენტრს ესტუმრა. რომ არ მცოდნოდა, სად ვიყავი, ნამდვილად ვერ მივხვდებოდი, რომ აქ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები იყვნენ. როგორც დაწესებულების ხელმძღვანელი მეუბნება, აქ პაციენტებს უტარდებათ ოკუპაციური ანუ დასაქმებითი თერაპია, ასევე არტთერაპია, მუშაობენ სახელოსნოში ხეზე, თექაზე, ქსოვენ, ქარგავენ და ეუფლებიან ინგლისურსა და კომპიუტერს. ეს ყველაფერი პაციენტებს სოციალური ფუნქციონირების აღდგენაში ეხმარება.

მანანა შარაშიძე: -"ჩვენთან ყოველდღე 40-მდე ფსიქიკური პრობლემის მქონე პირს უტარდება ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. მათ ვეხმარებით დამოუკიდებელი ცხოვრებისა და შრომითი უნარ-ჩვევების აღდგენაში. რეაბილიტაციის საბოლოო მიზანია ასეთი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები დასაქმდნენ, მაგრამ რადგან საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სისტემა ჯერჯერობით არ არის განვითარებული, მათი დასაქმება ძალიან გვიჭირს. სამსახური, სადაც ასეთი ადამიანები იმუშავებენ, მათზე ადაპტირებული უნდა იყოს.
ახლახან გავხსენით სოციალური საწარმო, სამკერვალო, სადაც ხუთი ფსიქიკური პრობლემის მქონე პირია დასაქმებული, რომლებთან ერთადაც ჯანმრთელი ადამიანებიც მუშაობენ. ცენტრი 2004 წელს დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში სულ 500-მდე პირმა გაიარა რეაბილიტაცია. ჩვენთან მოსვლის შემდეგ მათი რემისია უფრო გახანგრძლივდა.

52 წლის მარიამ გესლაიძე ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა და ამის გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რამდენჯერმე აღმოჩნდა: "პრობლემა, რამაც ფსიქიკა შემირყია, თავის არეში მიყენებული ტრავმები გახდა. ამ ყველაფერს დაერთო ოჯახური პრობლემები. შვიდჯერ აღმოვჩნდი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ფსიქიატრიული საავადმყოფოები საკონცენტრაციო ბანაკებს ჰგავდა. ერთხელაც გადავაწყდი განცხადებას, რომელზეც ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მისამართი იყო მითითებული. აქ მეგობრები შევიძინე. ვისწავლე სიმპტომებისა და მედიკამენტების მართვა, თუნდაც როგორ მოვიქცე მარტო ყოფნისას, როდესაც დაავადება მიმწვავდება. რომ იტყვიან, ხელმეორედ დავიწყე ცხოვრება.

- დედმამიშვილები გყავთ?

- ორი და მყავს, ერთი საზღვარგარეთ არის, მეორეს თავისი ოჯახი აქვს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ახლობელმა თქვა ჩემთან ურთიერთობაზე უარი. ამაზე არც მწყდება გული. არასდროს გამჩენია პროტესტი, რატომ მაინცდამაინც მე?! შეიძლება უარესიც მომხდარიყო და ახლა ციხეში ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვყოფილიყავი, მაგრამ უფლის წყალობით დღეს ვმართავ საკუთარ დაავადებას, ვცხოვრობ დამოუკიდებლად და ვარ საზოგადოებაში ინტეგრირებული.

46 წლის თამაზ ნამგალაშვილსაც 90-იან წლებში დაეწყო ფსიქიკური პრობლემები:
- მაშინ 28 წლის ვიყავი. ახლა რეაბილიტაციის ცენტრში ვარ, რამაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. მყავს შეყვარებული, რომელსაც ასევე ფსიქიკური პრობლემები აქვს და დაოჯახებას ვაპირებთ, თუმცა იმის გამო, რომ სამსახური არა მაქვს, ჯერ ვერ მოვაბით თავი."

თამაზი მალე შექმნის ოჯახს, იმედია, დანარჩენ რესპონდენტებსაც მალე აუსრულდებათ სურვილები და დაუბრუნდებიან ცხოვრების ძველებურ რიტმს. მანამდე კი სტიგმა, რომელიც ამ ადამიანების მიმართ არსებობს, საზოგადოებამ უნდა შეცვალოს. ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ჩვენ, ყველა იმ უფლებით უნდა სარგებლობდნენ, როგორც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით