ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი 15 საუკუნის განმავლობაში აწყურში ინახებოდა - კვირის პალიტრა

ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი 15 საუკუნის განმავლობაში აწყურში ინახებოდა

სამხრეთ საქართველოში, აწყურში, ამ გრანდიოზული ძეგლის ნანგრევებიც კი შთამბეჭდავია და ჩამოქცეულ ჩუქურთმებსა და ლოდებშიც იკითხება ოდესღაც მის აღმშენებელ სამცხის მმართველთა, ათაბაგ-ჯაყელთა კულტურა

"მეტად საგულისხმოა შესანიშნავად შემორჩენილი ასომთავრული წარწერა: "ქრისტე, შეიწყალე გიორგი ეპისკოპოსი...." - ალბათ აწყურელი ეპისკოპოსი იგულისხმება"

სამხრეთ საქართველოში, აწყურში, უძველესი ქართული ხუროთმოძღვრული კულტურის ძეგლს, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარს აღადგენენ. ძეგლის ნანგრევებიც კი შთამბეჭდავია, ჩამოქცეულ ჩუქურთმებსა და ლოდებშიც იკითხება ოდესღაც მის აღმშენებელ სამცხის მმართველთა - ათაბაგ-ჯაყელთა კულტურა. უცნობია ტაძრის პირველად აშენების თარიღი, მაგრამ ცნობილია, რომ მიწისძვრით დანგრეული ეკლესია XIV-XV საუკუნეებში აღუდგენიათ სამცხელ დიდებულებს.

2008 წელს მომზადდა ტაძრის აღდგენის პროექტი, რომლის ხანდაზმულობის გამო დამატებითი არქეოლოგიური, გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა გახდა საჭირო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არქეოლოგიური გათხრების (სავარაუდოდ, ორ თვეს გასტანს) დასრულების შემდეგ დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრება. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო კი გაისად დაიწყება; მანამდე სააგენტო დაინტერესებულთ 3D ფორმატში მომზადებულ ვიდეორგოლს სთავაზობს იმის წარმოსადგენად, თუ როგორი იქნება აღდგენილი აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი.

არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის, ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, ტაძრის ინტერიერში გამოვლენილია ძველ შენობათა ნაშთები, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს წარმოადგენდა. აღმოჩენილი ნივთების ნაწილი ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის დროინდელია.

ვახტანგ ლიჩელი: - "ამ ეტაპზე უცნობი ტაძრის მხოლოდ მცირე ნაწილი გასუფთავდა, ცენტრამდე ჯერ არ მივსულვართ. ვფიქრობთ, ტაძარი მასშტაბური ზომის იყო. წინა წლებში მივაკვლიეთ ადრეული შუა საუკუნეების კარგად შემონახულ, აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთებს, შესანიშნავი თლილი ქვებითა და მონუმენტებით შემკულ საკათედრო ტაძრის კარიბჭეს, რომელიც XI-XII საუკუნეებში გაუუქმებიათ. ვფიქრობთ, ძველი ტაძარიც მონუმენტური ნაგებობა იყო. მეტად საგულისხმოა შესანიშნავად შემორჩენილი ასომთავრული წარწერა: "ქრისტე, შეიწყალე გიორგი ეპისკოპოსი" - ალბათ, აწყურელი ეპისკოპოსი იგულისხმება. აქვე აღმოჩენილია მრავალი სამარხი. განსაკუთრებით საყურადღებოა ტაძრის ჩრდილოეთით, კედლის გარეთ აღმოჩენილი სამარხების ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ, 1283 წლის მიწისძვრას უნდა უკავშირდებოდეს. შესაძლოა, სტიქიამ არა მხოლოდ ტაძარი დაანგრია, ხალხიც იმსხვერპლა.

აღმოჩენილი კერამიკული ფრაგმენტები ძალიან წააგავს ანდრია მოციქულის მოღვაწეობის პერიოდს.

მრავალი წლის მანძილზე ჩატარებულმა გათხრებმაც დაადასტურა, რომ აწყური ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან მოყოლებული უწყვეტად იყო ადმინისტრაციული, საკულტო და სავაჭრო ცენტრი, სადაც თავს იყრიდა იმდროინდელი ცივილიზაციის საუკეთესო ნიმუშები. აღმოჩენილია არქაული ბერძნული კერამიკა, ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში ათენში დამზადებული ნატიფი კერამიკა, ისევე, როგორც აქემენიდურ ირანში დამზადებული ნივთები და ნატიფი კერამიკა. ეს ყველაფერი მიუთითებს აწყურის მნიშვნელობაზე და ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ანდრია მოციქული სწორედ აქ მოდის და მოაქვს მარიამ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც 15 საუკუნის განმავლობაში აწყურში ინახებოდა.

ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორეს თქმით, ნაეკლესიარისა და ანტიკური ხანის ნივთების აღმოჩენა მიუთითებს, რომ აწყური ოდითგანვე იყო ქრისტიანული კულტურის ცენტრი. ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წლისთვის დასრულდება.

აწყურის ციხე

საქართველოს საფორტიფიკაციო ნაგებობებს შორის აწყურის ციხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური კომპლექსია, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებდა აშენებიდან, X- XI საუკუნეებიდან, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, XIX საუკუნემდე. მიუდგომელ კლდოვან კონცხზე წამომართული მტკვრის ხეობასა და სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ გზას აკონტროლებდა. ისევე, როგორც ღვთისმშობლის ტაძარი, აწყურის ციხეც მნიშვნელოვნად დაუზიანებია დროსა და ადამიანს. 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა ციხის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროექტი, რომლის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამხრეთის ავარიული ქონგურებიანი კედელი აღდგება, შემდგომ კი კლდის სამხრეთი მხარე გამაგრდება და გვირაბისა და ციტადელის სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდება.